ხათ(ქ)უნა ბებო

ხათ(ქ)უნა ბებო

დაიღალა... არა, ხორცი დაეღალა, თორემ სული ისევ ძველებურად ხათქუნობს, ორგანიზმში ისევე ბობოქრობს, როგორც 2003-ში და მანამდე ბობოქრობდა, როცა ბიოლოგიური დაამთავრა და ლაბორატორიაში ბაყაყებს კვეთდა. ბედი გინდა ამ ცხოვრებაში... სწორადაა ნათქვამი, ბედი მომეცი და მერე თუ გინდა, სანაგვეზე გადამაგდეო. რომ არა ზურაბ ჟვანია, მომავალი პრემიერ-მინისტრი, ისევ ბაყაყებთან ექნებოდა საქმე. პრინციპში, დღესაც ბაყაყებთან აქვს ურთიერთობა, მაგრამ ესენი გარეგნობით ადამიანებს ჰგვანან. სხვათა შორის, ძალიან საინტერესო პროფესია ჰქონდა, სანამ კანონების წერას და არჩევნების გაყალბებას დაიწყებდა - მოკლავდა ბაყაყს, მოვიდოდა წვიმა ან სეტყვა, არ მოკლავდა - იქნებოდა გვალვა და უბედურება. ერთი დიდი სიამოვნებაა, როცა ქვეყნის მეტეოროლოგიური სისტემა შენს ხელთაა, როცა ამინდს შენს ნებაზე ათამაშებ. ამ დროს სული ძალუმად ხათქუნობს და აშკარად გრძნობ, რომ ამინდის ქალღმერთი ხარ. აი, როგორ გითხრათ... ამ დროს თითქოს ჰერას, აფროდიტეს, ათენას, დიანას და არტემიდას დაქალი ბრძანდები. არა, არა, ეს რაღაც უფრო მეტია, ამ დროს ცერერა ხარ, მიწის, მიწათმოქმედების, წვიმის, ჟინჟღლის, თოვლის, ჭყაპისა და გრიგალის ქალღმერთი. თან არ დაგავიწყდეთ, ცერერა ჩემსავით ბებერი ქალწულია, ზევსის გაუთხოვარი და საყვარელი შვილი. ყველაზე დიდი ბედნიერებაა, როცა შენს გვერდით მიწათმოქმედების მამა, მიხეილ მაჭავარიანი დგას. თუმცა დგას რა, იდგა, ეხლა სად არის ჩაკარგული, თვით ზევსმაც არ იცის, უკვე წლები გადის, არ დაურეკავს, არ მოვუკითხივარ, ბიძინა ივანიშვილმა რა ჩასჩურჩულა ყურში, მხოლოდ მან და ბიძინამ იციან. 2012 წლის შემდეგ თვეების განმავლობაში იკავა თავი, უწია წინააღმდეგობა ოლიგარქს, მაგრამ ბოლოს მაინც იმძლავრა ჭორვილულმა ბუნებამ, იყივლა სისხლმა და მითხრა, ხათ(ქ)უნ, მე წავედი პოლიტიკიდან, მეყო, რაც ვიბაირამე, უნდა დავისვენო, ლექციებს წავიკითხავ, ჭორვილაში მამულებს მივხედავო. თუ არ გეზარება, შენც წადიო, იცოდე, არჩევნები რომ აყალბე შევარდნაძიდან მოყოლებული, არ გაპატიებენო. თავისი ჭკუით, ვითომ შემაშინა. არადა, ჩემი შემშინებელი ჯერ არ დაბადებულა, ვაყალბებდი და კიდევაც გავაყალბებ, არა, ბიჭო და... "გაზპრომის" აქციონერს დავუთმობ სამშობლოს. რაღა დაგიმალოთ და... კი შეგვეშინდა 2012-ის შემოდგომაზე ყველას, შემოვჯექით ჩემოდნებზე, მე უკრაინაში ვაპირებდი გაქუსლვას, რუსული მეხერხება, ასე თუ ისე და თავს გავიტანდი როგორმე. მერე შემოგვითვალეს, ეყარენით საქართველოში, ოპოზიცია მაინც გვჭირდება და ისევ თქვენ იყავით, სხვები არაფრისმაქნისები არიანო. დავრჩით, გავლაღდით, ისევ მოვიკეთეთ და მივხვდით, რომ ოლიგარქს სამშობლო არ უნდა დავუთმოთ. დავუთმობთ და გადათხრის ერთიანად, "კარფურებით" გაავსებს მთელ დუნიას.

ხათ(ქ)უნა ბებო კაკუნმა გამოარკვია ფიქრებიდან. გაჭირვებით წამოდგა სავარძლიდან, ბოლო დროს წელკავი აწუხებს, ექიმმა უთხრა ამას წინებზე, ეგ რადიკულიტია, დასაძინებლად რომ ჩაწვები, "გრელკაც" ჩაიწვინეო, ან აგური გააცხელე, შალის ნაჭერში გაახვიე და რომელი მხარეც გაწუხებს, იქ დაიდეო. იიიჰ... ეგღა აკლია, ახლა "გრელკა" და აგური დაიდაქალოს. მერე რა, რომ ხორცი ბერდება, სული ისევ ხათქუნობს ძალუმად, გული კი ფეთქავს 25 წლის ამორძალივით. ხათ(ქ)უნა რის ვაი-ვაგლახით მიხუნხულდა კარამდე, "გლაზოკში" გაიხედა.

- უიიიი... შენ არ მამიკვდი, ბოკუჩავა, რას დაწანწალობ ამ ქარსა და ყიამათში? - გასძახა და ურდული გააჩხაკუნა.

- დროზე გააღე, ქალო, გამეყინა ყოლიფერი! - შემოქაქანდა თინა ბოკუჩავა, ხათ(ქ)უნა ჰაერში გადაკოცნა ზრდილობის გულისთვის, ჩანთა საწოლზე მოისროლა და სავარძელში ჩაენარცხა.

- რეიზა გეგეყინა ყოლისფერი, კოტიკო არ გყამს სახლში თუ? - გადახედა ირონიულად ხათ(ქ)უნამ და დოინჯი შემოიყარა.

- არა, სახლშია, მაგრამ გადაჰყვა პარტიულ საქმეებს... იქით ტელევიზიებიო, აქეთ რადიოებიო, პრესა, გენაცვალე, მთელი ქვეყნიერება მაგას ეკითხება ჭკუას, სადღა სცალია ჩემ გასათბობად?!

- ეეეჰ... პოლიტიკა მსხვერპლს ითხოვს, დალოცვილო, აბა, როგო გინდა? აგე, მე რეიზა დავრჩი ყარაულაშვილ ქეთოსავით? რა, ქმარ-შვილში ვერ გავფუფუნდებოდი ზოგიერთი გოიმივით? არა, გენაცვალე, როცა სამშობლო ითხოვს, უნდა წახვიდე კიდევაც მსხვერპლზე!

- მივდივარ, აპა, არ მივდივარ? შენ კი იცი, ხათ(ქ)უნა ბებო, რომ მივდივარ კი არა და... ხსირად მალაყზეც გადავდივარ, ხომ ნახე, როგორ გადავედი საკრებულოს წინ პოლიციის მხრებზე? სწორედ იმ დღეს დააპატიმრეს ჩემი კოტიკო! - თქვა თინამ და ერთი ღრმად ამოიხვნეშა.

- აბა, გოგო, ღმერთმა გაძლება მოგცეს, მეც ძალიან განვიცადე კოტიკოს დაპატიმრება... თურმე ბიძინას უბრძანებია მაშინ, მარტო პატიმრობა არ აკმაროთ, ხირსაში გადაასახლეთ, სადაც თავის დროზე დეკაბრისტები ჩამოიყვანეს რუსეთიდანო. წარმოგიდგენია, რა ცივსისხლიანი არსებაა?! - მიუგო ხათ(ქ)უნამ და "ჩაინიკი" გაზზე შემოდგა.

- შენ გახარებას, ჩაი არ მინდა, რამე მაგარი დამისხი, ალკოჰოლური, - გადაატრიალა დაღლილი თვალები თინამ.

- ვისკი მაქვს, კოტიკოსავით გაგათბობს.

- ჰო, დამისხი, მაგრამ იცოდე, მე კოტიკოსავით ვერავინ გამათბობს.

- ვიცი, მაგრამ ისე გითხარი, ქარაგმულად, ალეგორიულად.

- იცი, რაზე მოვედი? საიდუმლო დავალებაა ამსტერდამიდან, - ხმას დაუწია თინამ.

- უი, მიხოდან? - შეცბა ხათ(ქ)უნა.

- ძალიან გთხოვ, სახელებსა და გვარებს ნუ ახსენებ, დღეს კედლებსაც კი ყურები აქვთ გამობმული, ბიძინა ყველას გვისმენს, - სახე აელეწა თინას.

- ჰო, კარგი, მითხარი, რაო, იმან?

- რაო, გოგო და... ხათ(ქ)უნას გადაეცით, ევროპულსაქართველოელობას შეეშვას ცოტა ხნით და მომავალ არჩევნებში მოგვეხმაროს, საპრეზიდენტოში რომ არ დავუჯერეთ, ამიტომაც წავაგეთო... არა, კი მოვიგეთ, მაგრამ ფაქტობრივად მაინც წავაგეთო.

- ისე, რაღა დაგიმალო, ჩემო თინავ და... ბოლო დროს სააკაშვილი ჭაობში მოყიყინე ბაყაყს მაგონებს... რომელიც პერიოდულად მეცოდება კიდევაც, - თქვა ხათ(ქ)უნამ და ცხვირი აიბზუა.

- რა თქვი?! - წამოხტა სავარძლიდან თინა.

- მიშა ჭაობში მოყიყინე ბაყაყს მაგონებს... ბაყაყი წყალში ყიყინებს, რა ვერ გაიგე?

- უიიი... სულ ტყუილად მოვსულვარ შენთან, რასაა, რომ კადრულობ და ვისაა, რომ ჰკადრებ ეგეთ რამეებსა? - დადგა დოინჯით თინა, რომელიც მზად იყო, ქალბატონ ხათ(ქ)უნას ზურგზე შემოხტომოდა და ერთი გემრიელად ჩაეჩქმიტ-ჩაელურჯებინა.

- რა იყო, შე ქალო, რა ვთქვი ახლა ისეთი?

- რა იყო და... მე შენს ბელად ჭუტალას ვაკრიტიკებ? კოტიკოს სული ნუ წამიწყდება, არ ვარგა ეგრე, არა... თუ ჩვენ ერთმანეთს დავჭამთ, ბიძინიე გაიხარებს და უფრო გაფუფუნდება!

- ვინ არი ჭუტალა? - მხრები აიჩეჩა ხათ(ქ)უნამ.

- იცი კარგად, ვინ არი... ცოლი რომ ჰყავს თხასავით!

- ჰო, კარგი, ნუ გწყინს, ვიხუმრე, - დათმო პოზიციები მასპინძელმა.

- აი, ეგ მომწონს შენში, როცა საჭიროა, ბოდიშის მოხდაც შეგიძლია.

- გოგო, არ დაგიმალავ და ბოლო დროს ხშირად ვხედავ სიზმარში ბაყაყებს, გეგონება სულში მიძვრებიან და ყიყინებენ. აი, ხომ ჩავბერდი პარლამენტში, ჩემზე ძველი იქ აღარავინ დაგორავს, წესით სულ კანონები უნდა მესიზმრებოდეს, მაგრამ არა, სულ ბაბაყები, ბაყაყები და ბაყაყები.

- დასვენება გჭირდება, გენაცვალე, რომ შეაკალი თავი სამშობლოს, ეგრე სად არი, ვინ დაგიფასებს? თუ გგონია, როცა მოკვდები, ოქროს კუბოში ჩაგასვენებენ, ძალიან ცდები! - დასვა წერტილი თინამ.

- კაი, დაივიწყე... რაო, რა მინდაო, მიშამ?

- რაო და... ემიგრანტები გვეხმარებიან, ძაან მოწადინებულნი არიან, 2020-მდე ბიძინა უნდა დავამხოთ და არჩევნები ჩავატაროთო. საარჩევნო შტაბი გოგორას უნდა ჩავაბაროთ, მაგან იცის ყველაფერი, მაგ საქმეში სპეცია, შევარდნაძეც კი პრეზიდენტად აკურთხაო, - ჩაიხითხითა თინამ.

- არა, გენაცვალე, სად მაქვს ახლა მეშტაბეობის თავი? რადიკულიტი მაწუხებს, დანჯღრეული "ჟიგულივით" დავდივარ უკვე, - ამოიკვნესა ხათ(ქ)უნამ.

- კარგი, რააა, მიშამ კარგად იცის შენი შესაძლებლობები, ეგეც ნუ დაგავიწყდება, რამდენჯერ შეგიყვანა პარლამენტში, კოტიკოს სული ნუ წამიწყდება.

- მაყუთზე რას ამბობს, იქნებაო?

- უი, იქნება, მა არ იქნება?

- მე ეგეთი ზოგადი ლაპარაკი არ მიყვარს, რამდენი იქნება?

- მაგაზე კოტიკო დაელაპარაკება მიშას... უფრო სწორად, თემურიკოს.

- ერთი ეგ არი კიდე, რააა... ბებერი გველკუა.

- ღმერთო ჩემო, რა დავაშავე ასეთი, რეებს კადრულობ, გოგო?! - ისევ შეხტა და შემოტრიალდა თინა.

- უი, ბოდიში... სულ დამავიწყდა, რომ ეგეც შენი ბელადია, - დაიჭყანა ხათ(ქ)უნა.

- ბელადი თორე, შენსას ვერ ჯობია, აი!

- მე არ მყვანან ბელადები, მე თვითონ ვარ ბელადი!

- ოოოჰ, აბა, დათო ვისი ბელადია, ჩემი? დაჭრილი დათვივით რომ ღმუის ხოლმე, ეგ მოგწონს?!

- კიდევ კარგი, რამე უფრო ისეთი არ თქვი და გული არ გამიხეთქე!

- კარგი, მე წავედი და სერიოზულად იფიქრე იმაზე, რაც გითხარი, ბიძინა უნდა დავამარცხოთ, რადაც არ უნდა დაგვიჯდეს, კოტიკოს სული ნუ წამიწყდება!

თინამ გაიხურა თუ არა კარი, ხათ(ქ)უნა ეგრევე მობილურს ეცა და გიგა ბოკერიას მოახსენა ყველაფერი. ბოლოს კი ისიც დაამატა, რომ ბაყაყმა თინამ მას ჭუტალა უწოდა. მეორე მხრიდან მხოლოდ ხითხითი ისმოდა. ბოკერიამ ერთი ღრმად ამოიხვნეშა და თქვა, ეგ ტელეფონზე სალაპარაკო არ არის, ოლიგარქი გვისმენსო, ხვალ მოხვალ პარტიაში და იქ გადაწყდება ყველაფერიო. ჰო, კიდევ ისაო, მიშა გენეტიკურ კვლევებს იტარებს და ნეტა მომავალი არჩევნებისთვის როგორ მოიცალაო? ერთი რა მაგის პასუხია და... ბაყაყებს ეროვნება თუ გააჩნიათო? უი, მაგაზე არ მიფიქრიაო, მიუგო ხათ(ქ)უნამ და ჩაბჟირდა, ეგ საიდანღა მოიფიქრე, შე თუქსუსოო?

პარლამენტში ჩაბერებულ გოგორას ისევ წელკავმა შემოუტია. "კრაოტთან" კვნესა-კვნესით მიგორდა და საბნის ქვემოდან შეგორდა. ნეტა ეს ქარი ვინღამ მოიგონაო? - ჰკითხა საკუთარ თავს და თავზე ხილაბანდი წაიკრა. დაახლოებით ერთი საათი იწვა და იშავდღევა, მერე კი თვალები მილულა და ბაყაყთა საამო ყიყინს დანებდა.

გელა ზედელაშვილი

"საერთო გაზეთი"