ჯადო

ჯადო

ვაკე. ყიფშიძის ქუჩა. "დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს" ოფისი. მეორე სართული. პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის, პრეზიდენტის მოვალეობის ყოფილი შემსრულებლის, ამავე პარტიის "უმფროსის" ვიწრო კაბინეტი. ნინო ბურჯანაძემ ჩანთა დაუდევრად მიაგდო სავარძელზე, სათვალე მოიხსნა, მაგიდაზე სათუთად დადო და ტელეფონს დახედა. დაურეკოს თუ არ დაურეკოს? ნეტა სირცხვილი და თავის მოჭრა ხომ არ იქნება? არადა... აუცილებელია, მეტის მოთმენა შეუძლებელია, 2012 წლის მერე სულ უკან და უკან მიდის მისი საქმე, ვერც პარლამენტში მოხვდა, ვერც საკრებულოებში გაიყვანა თავისი ხალხი, პრეზიდენტობა უნდოდა და ეგეც ჩაეშალა. არა, კი არ სჯერა ჯადოებისა, მაგრამ რაც ეს კაცი გამოჩნდა პოლიტიკაში, მას მერე ვეღარ მოითქვა სული, აშკარად ჯადო აქვს გაკეთებული.

- ალო, ჯუმბერი, ერთი გამირკვიე, სართიჭალაში მკითხავები ყოფილან, ჯადოებს ხსნიანო, იქნებ ჩამიყვანო და დაველაპარაკოთ? - გადაურეკა ნინომ პარტიის ადმინისტრაციის უფროსს.

- ისა და... როდის ინებებთ, ქალბატონო ნინო? - ცოტა არ იყოს შეცბუნებულმა ჰკითხა ჯუმბერ სიკინჭილაშვილმა.

- იყოს ამ საღამოს, ამ საკითხის გადადება აღარ შეიძლება, დავიტანჯე წარუმატებლობით!

- კი, ქალბატონო ნინო, სართიჭალაში ალიკას ვიცნობ, ჩანგოც არის, თარიფაც, ერთმანეთზე მაგრები არიან, - ჩამოთვალა ჯუმბერმა.

- შენ რომელს მირჩევ?

- მე ალიკას გირჩევთ, სერიოზული კაცია, სახელზეც ეტყობა, ალიკას ეძახიან, თორემ ოფიციალურად ალექსანდრე ჰქვია. გადავურეკავ და ამ საღამოს წავიდეთ, მოვხსნათ ეგ ჯადოა თუ ბადო, - მიუგო ჯუმბერმა.

- კარგი, გელოდები.

ნინომ მაგიდაზე სამჯერ დააკაკუნა - ფუი, ფუი, ფუიო, აღმოთქვა და სავარძელში გადაესვენა. არა, აშკარად ჯადო გაუკეთა ბიძინა ივანიშვილმა, მის მოსვლამდე უფრო აქტიური იყო, უფრო აფასებდნენ... ის კი არა, ვლადიმერ პუტინმაც კი მიიღო დიდი პატივით. მართალია, ვეებერთელა კრემლში ჩანთის დასადები ადგილიც ვერ გამოუძებნეს, მაგრამ ეს პუტინის დაბნეულობის ბრალი უფრო იყო, ვიდრე პროტოკოლისა. ბოლოს და ბოლოს, რა არის პროტოკოლი? ეს არის ქცევის წესები დიპლომატიურად, რომლის შესახებაც არაფერი იცის ივანიშვილმა. კი, ამ ჭორვილელსაც შეხვდა, მაგრამ ნეტა არ შეხვედროდა... ჯერ იყო და სკამზე ჩამოჯდომაც არ შესთავაზა, თვითონ ჩამოჯა, მერე კიდევ... აი, ყავაც არ დაალევინა. უთხრა, ესაო, ისაო, აისერიო, მისერიო და გამოუშვა. ალბათ მაშინ თუ გაუკეთა ჯადო, კი შეამჩნია, რაღაც უცნაურად იშმუშნებოდა ივანიშვილი, პერიოდულად მაგიდის ქვეშ იყურებოდა, მაგრამ რას წარმოიდგენდა, თავისებურ რიტუალს თუ ატარებდა? მოკლედ, არ არის ეს სახუმარო საქმე, აუცილებლად უნდა ჩავიდეს ალიკასთან, უნდა გაარკვიოს, რა სჭირს მის გულწრფელ დღევანდელობას და უზადო მომავალს.

ჯუმბერი შავი ჯიპით პარტიის ოფისს მიადგა. თვალი ჰკიდა, ნინო კიბეზე ჩამოდიოდა და გადარეკვა აღარ დასჭირვებია. ვაკიდან ძლივს გააღწიეს, საცობმა კინაღამ ჭკუიდან გადაიყვანა პარტიის თავმჯდომარე. ჯუმბერი მდუმარედ იჯდა, თითებს საჭეზე ათამაშებდა, ის უკვე მიეჩვია საცობებსა და გაუგებრობებს, აღარ ნერვიულობდა.

- ქალბატონო ნინო, შეიძლება, ერთი შეკითხვა დაგისვათ? - მიუბრუნდა ჯუმბერ სიკინჭილაშვილი.

- დამისვი, მაგრამ ფრთხილად, პროვოკაციული არ იყოს, - ამოღერღა ბურჯანაძემ.

- როდესაც ტელევიზორში გამოდიხართ, სულ ამტკიცებთ, რომ ხალხი შიმშილობს, ადამიანები ქუჩაში იხოცებიან, გაჭირვება მძვინვარებს. არადა, ამდენი მანქანა...

- ხომ გითხარი, პროვოკაციული შეკითხვა არ დამისვა-მეთქი? ნეტა რას ატყობ, რომ ამ მანქანებში მაძღარი ხალხი ზის? ვერ ხედავ, რა ფერი ადევთ? დიახაც, ყველა მშიერია!

- კარგი, გასაგებია.

ლილოს გასცდნენ. ბაზრობას სწრაფად ჩაუარეს. გომბორის "ტეკიც" უკან მოიტოვეს. სართიჭალის ცენტრში, სადაც სულ "შაშლიკების" სუნი დგას, ალიკა იკითხეს. შუა ხნის კაცმა ხელი აიქნია, დოსტოღრივ ივლით, მერე მარჯვნივ გადაუხვევთ, მერე მარცხნივ და იქა ხართო. კარგიო, მიუგო ჯუმბერმა და პირდაპირ დააწვა.

- ეგ ჰო, მაგრამ ეს "დოსტოღრივ" რას ნიშნავს? - მხრები აიჩეჩა ნინომ.

- ეგ ძველი ქართულია, ქალბატონო ნინო, პირდაპირ წადითო, გვითხრა იმ კაცმა, - გამხიარულდა ჯუმბერი.

ოთახში, სადაც ნინო შეიყვანეს, საკმაოდ ბნელოდა. კედელთან მაღალსაზურგიანი სავარძელი იდგა, ხისა. იატაკზე მუქი ხალიჩები დაეგოთ. კედლებზე ყავისფერი ფარდები ჩამოეფარებინათ. მაგიდაზე წყლით სავსე ჯამი დაედგათ. ნახშირი, დანა, მიწა და ყვავის ქონიც იქვე ეყარა. უფალი ალიკა მალე გეახლებათო, გამოაცხადა წელდაბალმა, შალებში გახვეულმა ქალმა და ოთახიდან ფეხაკრეფით გავიდა. ორ-სამ წუთში ჩადგმული, ჯირკვივით კაცი შემოგორდა ხვნეშით.

- ოოო... ქალბატონო ნინო, რა გაგჭირვებიათ, რამ შეგაწუხათ, რაზე მობრძანებულხართ ჩემ სამფლობელოში? რაღაზე დაგიმალოთ და... წუხელ ხილვა მქონდა, ვიცოდი, რომ დღეს ჩემი სტუმარი იქნებოდით, - თქვა ალიკამ და ნინოს ხელზე ეამბორა.

- ბატონო ალექსანდრე, ვფიქრობ, ჯადო მაქვს გაკეთებული, უნდა ამხსნათ, - მიუგო ნინომ ჩვეული ღიმილით.

- უბრალოდ ალიკა დამიძახეთ... ჰოოო, რა თქმა უნდა, აბა, ჩვენ აქ რისთვის ვართ? ოღონდ გულახდილად უნდა მითხრათ, რას განიცდით, რა გაწუხებთ, რა გტანჯავთ და გიწყალებთ გულსა?

- გულს ბევრი რამე მიწყალებს, მაგრამ ძირითადად მაინც ჩემი წარუმატებლობა მტანჯავს 2012 წლის შემდეგ, რაც ბიძინა ივანიშვილი გამოჩნდა პოლიტიკაში.

- ჰოოო... ყველაფერი გასაგებია. სხვათა შორის, თქვენ პირველი არ ხართ, ვინც ამ საკითხზე მომმართეთ, წინა კვირას შალვა ნათელაშვილი იყო ჩემთან... იმის წინ კახა კუკავა მესტუმრა, გრიგოლ ვაშაძეც, მეგი გოცირიძე, ნუგზარ წიკლაური, პაატა დავითაია, ბაჩუკი ქარდავა... რა ვიცი, ბევრი, ძალიან ბევრი. ისიც იყო, ჭუტაძე ვარო... არა, მაჭუტაძეო. ყველა ჩივის, რომ ბიძინა ივანიშვილმა მოაჯადოვა.

- კი, მაგრამ... ბატონო ალიკ, შესაძლებელია, რომ ერთმა ოლიგარქმა ამდენი პატრიოტი ერთდროულად მოაჯადოვოს? - ჩაეკითხა ნინო.

- როგორ არა, ჩემო კარგო, ბიძინა ივანიშვილი იმდენად ძლიერი პიროვნებაა, მას შეუძლია, ათასობით ადამიანი მოაჯადოვოს, მონუსხოს და გამოაშტეროს.

- როგორ, რა გამიკეთა, მაგალითად, როგორ მომნუსხა, მე ხომ ძლიერი პიროვნება ვარ?!

- თქვენ რომ მას შეხვდით, სურათი გადაიღეთ, ხომ? - მოწკურა თვალები ალიკამ.

- დიახ, გადაგვიღეს.

- აი, მაგ სურათზეა გაკეთებული ჯადო და კიდევ თქვენი ფეხის მტვერზე... როცა დარბაზში შეხვედით, იქ დარჩა თქვენი ფეხის მტვერი, ეს დამლაგებლებს მოახვეტინა ივანიშვილმა, აურია მიწის ქონში, დაამატა ყვავის დაფქული ბუმბული, ხვლიკის წვენი, დაწვა თქვენი სურათი, მოაყარა მური, გამოკრა ხილაბანდში და ჩამარხა სოლოლაკში. სხვათა შორის, ჩემმა სეხნიამ დამირეკა წუხელ, ალიკა ელისაშვილმა, პერიოდულად მაჟრიალებსო, ყოველ ღამე ივანიშვილი დამდევს და ფულს მთხოვსო, ჯადო ამხსენიო. ჰოდა, მოგიკვდეთ ჩემი თავი, თქვენც ერთ საათში გაგასუფთავებთ.

- უიმე, მართლა? ძალიან გამახარებთ... ესე იგი, ჯადოს ამხსნით და 2020 წლისთვის პარლამენტში შევალ? - შემოჰკრა ტაში ნინომ.

- მხოლოდ პარლამენტში კი არ შეხვალთ, პრეზიდენტიც გახდებით, პუტინსაც შეხვდებით! - შევიდა ეშხში ალიკა.

- უიმეეე... ვაიმეეე... ეს რა ბედნიერი დღე გამითენდააა?! -შემოჰკრა ტაში ნინომ.

- ქალბატონო ნინო, ნება მიბოძეთ, სეანსი დავიწყოთ, თორემ მთვარე ამოვა და ყველაფერი ჩაგვეშლება, - წამოდგა ალიკა.

- მთვარე რა შუაშია?

- ეეეჰ... მთვარე შეკრულია ბიძინა ივანიშვილთან, იყიდა, მოისყიდა, აბა, რა გგონიათ, ასე იოლადაა საქმე?

- ვაიმეეე... კი ვგრძნობდი, ვიცოდი, მაგრამ ვერ ვამბობდი, ვინ დამიჯერებდა? - წამოიკივლა ნინომ.

ალიკამ ხელები დაიკაპიწა. წყლით სავსე ჯამში მიწის ქონი ჩაყარა, გველიდ ტყავი ჩამოფქვა - ჩაის კოვზით ჩაამატა... ზემოდან ამოუცნობი სითხე მოასხა, რომელსაც ცეცხლი წაუკიდა და დაიწყო:

- გაქრი, გაქრი, გაქრი... ცეცხლში შთაინთქე, გაცამტვერდი, იქეც მტვრად, ტალახად, ტლაპოდ და წუმწუმად!

ჯამში ცეცხლი ნელ-ნელა მინავლდა და რაღაცნაირი სუნი ამოვიდა კვამლთან ერთად. ორიოდე წუთის განმავლობაში ალიკა უცნაურ ბგერებს გამოსცემდა, გეგონება არაამქვეყნიურ არსებას ელაპარაკებაო. მერე ხელები აღაპყრო, თვალები გადმოკარკლა და ერთი გემრიელად ამოაბოყინა. ნინო კმაყოფილი შეჰყურებდა, ბაგეზე ღიმილი დასთამაშებდა. სახეზე აშკარად ეწერა რევანშისტული განწობა - "ჰაიტ, შენი დედა კი ვატირე, ხომ მიგიხვდი და გაგანადგურე"?!

- ბატონო ალიკ, დიდი მადლობა ასეთი სერიოზული აქციის ჩატარებისთვის! - თქვა ნინომ და წამოდგა.

- ოჰ, რა ხართ ეს პოლიტიკოსები, მე აქცია კი არა, რიტუალი ჩავატარე, რომლითაც საბოლოოდ დავამარცხე თქვენი მტერი და განვდევნე თქვენივე ორგანიზმიდან. როდესაც დავაბოყინე, ეს არ იყო ჩვეულებრივი ბოყინი, თქვენიდან ჩემში გადმოსული ჯადო გარდაიქმნა აირად და ჩემი პირიდან გაიფრქვა ატმოსფეროში.

- საოცარია, დიახ, ეს საოცრებაა!

- ოღონდ, ქალბატონო ნინო, ერთი რჩევა უნდა მოგცეთ, აქედან რომ წახვალთ, აუცილებლად დაუკავშირდით გრიგოლ ვაშაძეს, შეხვდით, დაელაპარაკეთ და მასთან ერთად მიუჯექით მაგიდას. თქვენს ძარღვებში "ნაციონალური" სისხლი თუხთუხებს, ხოლო გენეტიკურად კომუნისტი ბრძანდებით. ასევე დაურეკეთ მიხეილ სააკაშვილს და მასთან ერთად შეებრძოლეთ რუს ოლიგარქს, რომელმაც ასერიგად გაგიმწარათ სიცოცხლე, - დაასრულა ალიკამ და თავი მოწიწებით დახარა.

- მაგას მეც ვფიქრობდი, სწორედ ასე მინდა, რომ მოვიქცე, მაგრამ მეშინია, ხალხი რას იტყვის? - მიუგო ნინომ.

- ხალხი ბრბოა, თავიდან ცოტა აგიგდებენ, მაგრამ მერე დარწმუნდებიან, რომ თქვენ ალალი ხართ.

- კარგი, ზუსტად ისე მოვიქცევი, როგორც მითხარით,

ნინო ეზოში მდუმარე ქალბატონმა გამოაცილა. ისეთი შეგრძნება ჰქონდა, გეგონება სამარადჟამოდ განიწმინდა. გული სულ სხვანაირად ფეთქავდა, უნდოდა, აფრენილიყო, სამყაროსთვის ზემოდან დაეხედა და ეყვირა: ჰე, ჰე, ჰეეე... მე თავისუფალი ვარ!

- ქალბატონო ნინო, დაბრძანდით, - უთხრა ჯუმბერ სიკინჭილაშვილმა და მანქანის კარი გამოაღო.

ნინო შეკრთა, თითქოს უცებ ძირს დაანარცხეს. არ ესიამოვნა ჯუმბერის ხმა, რომელმაც რეალობაში დააბრუნა. არადა, რა კარგია, როცა სამყაროს ზემოდან უყურებ. არაუშავს, ახლა მთავარი ის არის, რომ ჯადო მოხსნილია, განადგურებულია, გაცამტვერებულია და ამიერიდან წინ ვერავინ დაუდგება.

გელა ზედელაშვილი

"საერთო გაზეთი"