ჯამბაზები ტყემლის ხიდან

ჯამბაზები ტყემლის ხიდან

(დაწერილია რეალურ ფაქტებზე დაყრდნობით)

გუბაზი ხვნეშით შეგორდა აქუს სტუდიაში, სავარძელი მიითრია და ასევე ხვნეშით ჩაგორდა. აქუმ ოპერატორს ანიშნა, ჯერ არ ჩართოო. ოპერატორმა მხრები აიჩეჩა, უკვე დროა, ტაშტიდან ფეხები ამოყავი და "გრელკა" დამალეო. აქუმ ხელი ჩაიქნია, ტაშტი ისედაც არ ჩანს, თბილი წყალი მსიამოვნებს, იყოს, "გრელკას" კიდე ყვერებქვემოდან ამოვიდებო.

- ჰა, დავიწყოთ, ბატონო ჯამბაზ? - ამოიკვნესა აქუმ.

- რავი, დავიწყოთ, დავით ბატონო... ნახე, რა თქვა ბიძინამ? - ჩაიქირქილა გუბაზმა.

- კი, ეს დიდი ტრაგედიაა საბჭოთა საქართველოსთვის, ეს "ოცნების" კანტორა კიდე სასწაულ რაღაცებს შვრება... ისე, მე თუ მკითხავ, ღვედის შეკვრა საერთოდ არ არი საჭირო, აღარაფერს ვამბობ გზების დახაზვაზე და შუქნიშნებზე... რა, ღვედის შეკვრა სავალდებულო როცა არ იყო, ტროცკი, მოლოტოვი და ბუხარინი ვერ მოძრაობდნენ? რა მაგის პასუხია, ბატონო ჯამბაზ, მილიონი იშოვეთ თუ ისევ ჯიბეგახვრეტილი მომადექით აქა?

- ვერა, ვერ ვიშოვე... პრინციპში, ვიშოვე რა, არ მომცა იმან!

- ვინ იმან, ივანიშვილმა?

- ჰო, აბა, სხვა ვინ იძლევა? არა, ადრეც კი ვიცოდი, რომ წუწურაქი იყო, მაგრამ მერე უფრო დავრწმუნდი, როცა მაგის გუნდში ვიყავი. მოკლედ, კაპეიკს ვერ გააგდებინებ, რააა!

- მართლა? ნწუ, ნწუ, ნწუ! - გადააქნია აქუმ ახლად გაკრეჭილი თავი, - ეს სრული იდიოტობაა, ჯამბაზს რომ ერთი მილიონი არ ექნება ბანკში, რაღაზე უნდა ვილაპარაკო? როცა ბიძინა მოვიდა პოლიტიკაში, მეც მინდოდა, ერთი-ორი მილიონი დამეგდო ანგარიშზე, მაგრამ ტროცკივით შორს დაიჭირა თავი. ვალერი გელბახიანი მიყვებოდა წინა კვირას, ეგეთი "ჟადნი", როგორიც ბიძინაა, არ არსებობსო. არა, რააა... პირწავარდნილი ტროცკია. სხვათა შორის, სრული იდოტობაა ქუჩაშიც, წახვალ, რესტორანში დალევ, წამოხვალ წყნარად და პატრული გაჩერებს. არადა, არ აქვს უფლება, თუ ოპერატიული ინფორმაცია არ მიაწოდეს, არ უნდა გამაჩეროს. გეუბნები, იდიოტობაა-მეთქი. რაზე მაჩერებ, ჩემით ვერ მივალ სახლამდე? ვინც ეს მოიგონა, ისიც იდიოტია!

- "ვსიო", უნდა ჩავრთო! - ყვირის ოპერატორი.

- ჯერ არ ჩაგირთავს, შე იდიოტო? ამდენი ტყუილად ვილაპარაკეთ?! - აღელდა აქუ, - ჰოდა, მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლებო, დღეს ჩვენი გადაცემის სტუმარი გახლავთ ჯამბაზ სანიკიძე... მამამისი ცნობილი მწერალი იყო, მან დაწერა "ქარქაშიანი ხმლები" და "ქართველთა 309 სირცხვილი", ბატონი ლევანი ცოცხალი რომ ყოფილიყო, 409 სირცხვილზე იქნებოდა უკვე ასული. ბატონო ჯამბაზ, მოდით, ვისაუბროთ ამ თემებზე და ზოგადად შევეხოთ ღვედებსაც, აღარაფერს ვამბობ "ტეხასმოტრზე" და მეორად საბურავებზე. დღეს დილით ნავთლუღის ბაზარში ვიყავი ოხრახუშის საყიდლად, კომბოსტოსაც იქ ვყიდულობ ხოლმე, ვერ წარმოიდგენთ, რა უბედურება ხდება, 5 თეთრით არი გაძვირებული ყველაფერი!

- მოგესალმებით, მეგობრებო... აბა, რა გეგონათ, ბატონო დავით? რა იცის ახლა ბიძინამ, ვინ არი თამარ მეფე?! - ამოიგმინა გუბაზმა და ტელევიზორიდან ბუღასავით გამოიხედა.

- უი, მართლა არ იცის? - შეხტასავით აქუ და მაგიდის ქვეშ წყალი გაუჭყაპუნდა.

- არ იცის, კაცო, იქ არ ვიყავი?!

- აბა, მაგას არც ტროცკი და ბუხარინი ეცოდინება!

- არ იცის, მე მეკითხებოდა ხოლმე, მოლოტოვის კოქტეილი რა არიო? აი, ეს რომ მკითხა პირველად, მაშინ მივხვდი, რომ ჩემი ადგილი იქ არ იყო!

- და ეგრევე რატო არ წამოხვედით?

- კარგი, რა... ენას, მამულს და სარწმუნოებას უპატრონოდ ხომ არ დავტოვებდი?!

- კაი, ბატონო ჯამბაზ, ეხლა რეკლამაზე გამიშვით, თორემ დავიხოცებით შიმშილით. აი, სახლში რომ მივდივარ ხოლმე, ნინა სულ მეჩხუბება, რეკლამაზე გასვლას რეიზა აგვიანებო? ვერა და ვერ ვისწავლე, კაცო, დროულად გასვლა, შეიძლება ამის გამო ოჯახი დამენგრას, ბიძინას რომ მოეცა ორი-სამი მილიონი, ამ დღეში არ ვიქნებოდი და არც ნავთლუღში ვივლიდი ოხრახუშისა და ქინძის საყიდლად!

- ჰოდა, ეგ არი, რააა, ჩემთვის რომ მოეცა მილიონი, იქიდან რაღაცას გიწილადებდი და "ჯანგო" აღარ გაახურებდა... წამოწვებოდი მხართეძოზე და რეკლამაზე მაშინ გახვიდოდი, როცა გაგახსენდებოდა.

- ნწუ, ნწუ, ნწუ... სრული იდიოტიზმია... რეკლამაა ჩვენს ეთერში, დაგველოდეთ, ჯერ გასულებიც არ ვიქნებით, რომ ეგრევე დაგიბრუნდებით! - გამოაცხადა აქუმ და ტაშტიდან ფეხები ამოალაგა.

ოპერატორმა აქუს ფეხსახოცი მიურბენინა. ოჰ, ოჰ, ოჰ... შენ კი გაიხარე, ბარემაც გამიმშრალე, ვერ ვიხრები, ბოლო დროს წელკავი დამჩემდაო, აკვნესდა გადაცემის წამყვანი. ეგეც გაივლის, ლომებს წელკავი ვერაფერს დააკლებსო, ჩაიბურდღუნა სანიკიძემ და საკუთარ ღიპს თოთო ბავშვივით მოეფერა. ჩემო ჯამბაზ, ამას წინებზე სოსო ცინცაძემ კონიაკი მომიტანა, თითო ჭიქა ხომ არ ჩავატყათო? გადაატრიალა თვალები აქუმ. ჩავარტყათ, მაგის დედაცო, მიუგო გუბაზმა და ხელები მოიფშვნიტა, უფრო გახსნილი ინტერვიუ გამოგვივაო.

- ბიჭო, მანდ სადღაც ჭიქები უნდა იყოს, მოძებნე, სანამ ეთერში გაგვიშვებ! - გასძახა აქუმ ოპერატორს, რომელმაც ჭიქები ეგრევე მოარბენინა.

- მოდი, სადღეგრძელოს მე ვიტყვი... აქ სადღეგრძელო ვინ უნდა თქვას, თუ არა მე?! - აგუგუნდა გუბაზი.

- მეც ეგრე ვფიქრობ, ჩემო ჯამბაზ... სხვათა შორის, ვალერი გელბახიანმაც კაი სადღეგრძელოები იცის ხოლმე, როცა ეგ ლაპარაკობს, სულ მიქოიანი მახსენდება.

- ჩვენ გაგვიმარჯოს, ამ ქვეყნის ლომებს... მართალია, ბიძინა არ გვაფასებს, მაგრამ მალე დადგება ის დრო, როცა ერი დაგვაფასებს. მე პირადად მილიონს საიდან მივიღებ, სულ მკიდია... რა მაგის პასუხია და მიშამ დაგირეკა? - გადაუხვია გუბაზმა.

- დამირეკა, დამაბრუნეთ საქართველოში და თითო მილიონი ჩემზე იყოსო. ეგ არ არი პრობლემა, დავაბრუნებთ, მაგრამ ერთი ისეთი მოთხოვნა აქვს, რომელიც სრული იდიოტობა მგონია.

- რა მოთხოვნა?

- სანამ დამაბრუნებთ, გმირად მაღიარეთო, ამიხსენი, არ არის სრული იდიოტობა? სხვათა შორის, ვალერი გელბახიანმა უკვე აღიარა, ჩემ სტუდიაში გამოაცხადა, სააკაშვილში უკვე გმირს ვხედავო, - გაიხსნა ბოლომდე აქუბარდია.

- ეგ მეც მომთხოვა, მაგრამ კაი პასუხიც მიიღო, პირდაპირ ვუთხარი, მაგას ერთი მილიონი არ ეყოფა-მეთქი. ორი იყოსო, არ არი პრობლემაო, ეხლა იმაზე ვფიქრობ, როგორი ფორმით ვაღიარო გმირად. აი, ის მომწონს ძალიან, მერაბ სეფაშვილი რომ ავიდა სცენაზე და დაამღერა, ჩემი გმირი გიწოდეო. რა ვქნა, მეც ხომ არ ავიდე სცენაზე? შენ ჭკვიანი კაცი ხარ და მირჩიე რამე, - მიაჩერდა გუბაზი აქუს.

- ნუ, ეხლა... ჩვენ რომ სცენაზე ავიდეთ, იქნება სრული იდიოტიზმი... მოდი, ხეზე ავიდეთ.

- აუუუ... გითხარი, ჭკვიანი კაცი ხარ-მეთქი... ჩემო აქუ, მოდი, იმ ხეს გაუმარჯოს, ჩვენ რო ავალთ და იქ ტყემლის ნაცვლად დოლარები დაგვხვდება! - დაიგუგუნა კვლავ გუბაზმა და კონიაკი გადაჰკრა.

- ჰი, ჰი, ჰი... შენ რა გითხარი, ჩემო ჯამბაზ, რანაირად იცი ხოლმე, კაცოოო... გაუმარჯოს იმ ტყემლის ხეს, სადაც დოლარები დაგვხვდება. გვიყუროს მერე შორიდან ბიძინამ... სწორედ ჩვენზეა ნათქვამი, ისე არ ამოსწყდებიან, ჯავრი არ ჭამონ მტრისანიო! - ახიხინდა აქუც და კონიაკი გადაჰკრა.

- არცა ვჭამთ ჯავრსა... ხომ ლამაზია, ეს ჩვენი მიშა, მაგრამ ჩვენ უფრო ლამაზი გვინდა, აფეთქებული როგორც ატომი და... მოქნეული გავაზივითა!

- აუ, ეს თუ პირდაპირ ეთერში არ თქვა, შენ იყო მეგი გოცირიძე... ერთიც დავასხათ და შევიდეთ ეთერში, თორემ "ჯანგო" გამიგდებს წიხლქვეშ!

- უკაცრავად, თქვენ პირდაპირ ეთერში იყავით და ეხლაც ხართ, - ამოიკვნესა ოპერატორმა.

- ჰი, ჰი, ჰი... ვართ და ვიყოთ... ერთი პაპიროზსაც გავაბოლებ და თან ვილაპარაკოთ, - ჩაიქნია ხელი აქუმ, - ისე, მაგარი იდიოტობა გააკეთა გუგული... რა გვარია? ისა, ჰო, მაღრაძემ, სტუდიაში არ მოწიოო... მოვწევ კი არა, დაგროვებით პესიასაც დავიკიდებ ბიძინას ჯიბრზე... ეგ პენსია არ მეხება, მაგრამ მაინც დავიკიდებ და არც ღვედს გავიკეთებ, რაზე უნდა გავიკეთო, მიქოიანი იკეთებდა?!

- არც მიქოიანი იკეთებდა და არც შაჰ-აბასი, რა ფეხები მოსჭამეს? რა იცის ბიძინამ, ვინ იყო შაჰ-აბასი, საიდან უნდა იცოდეს? რა, პირადად იცნობდა თუ წიგნში ექნება წაკითხული?!

- არა, ჩემო ჯამბაზ, მაგან მარტო ფულის კითხვა იცის, რაც არის სრული იდიოტიზმი. ნუ, ეხლა, ფულის კითხვა ნინამაც იცის, მაგრამ ზომიერებას მაინც იცავს და სხვათა შორის, ჩემი პირველი ცოლის ლექსებსაც კითხულობს, ძილის წინ მეც მიკითხავს ხოლმე! - გაასავსავა ხელები აქუმ.

- აი, ეგაა განათლება... მარტო ფულის კითხვა არ არი ქვეყნის სიყვარული. თუ სამშობლო გიყვარს, როგორც თამარ მეფეს უყვარდა, წინდებიც უნდა მოქსოვო და ქვრივ-ობლებს დაურიგო, პურიც უნდა გამოაცხო საკუთარი ხელით, ნინასავით ლექსებიც უნდა იკითხო!

- ეგრეა, ჩემო ჯამბაზ, ეს ცხოვრება არის სრული იდიოტიზმი და კრეტინიზმი... როგორც მიქოიანი იტყოდა ხოლმე, რაც მოგივა დავითაო, ყველა შენი თავითაო!

- ბატონო აქუ, ეხლა დავაფიქსირე, რატომ მეძახით ჯამბაზს? - სახე აელეწა გუბაზს.

- ჰი, ჰი, ჰი... ჩემო ჯამბაზ, ჩვენ ყველანი ჯამბაზები ვართ და ვიქნებით, სანამ მიშა არ გამოგვიხსნის ბიძინას ტყვეობიდან!

- ჰო, ეგ კი, მაგრამ თუ ჩვენც არ გავანძრიეთ ტვინი, მარტო მიშა ვერ გვიხსნის... არა, მე მის უძლეველობაში სულაც არ მეპარება ეჭვი, უბრალოდ კავკასიონზე მიჯაჭვულ ამირანს მაგონებს და უნდა ავუშვათ. აი, როგორ უნდა ავუშვათ, ამაზე მელაპარაკა ჰოლანდიაში!

- როგორ უნდა ავუშვათ, გეგმა გაქვს?

- ოოო... ეგ ამ ეტაპზე საიდუმლოა!

- კარგი, მაშინ გავიდეთ ეთერიდან, მადლობა, ძალიან მიხარიხარ, რომ არსებობ და ასეთი ლომ-ნეფხვი ხარ.

- მადლობა, სამწუხაროდ, ამ ქვეყანაში ნეფხვებს პატივს არ სცემენ, კატებს აკნავლებენ!

გადაცემა დასრულდა. აქუმ "გრელკა" გამოიღო ყვერებიდან და ოპერატორს მიუგდო, ცხელი წყალი ჩაასხიო. გუბაზი მძიმედ ახვნეშდა სკამიდან და სტუდიიდან გაგორება დააპირა, მაგრამ შეყოვნდა, კართან ქუჩიდან შემოსული ძაღლი იდგა, პირდაპირ თვალებში უყურებდა. ეს საიდან? იკითხა გუბაზმა. რავი, სოლოლაკიდან ჩამოდის ხოლმე, ეჭვი მაქ, ბიძინას გამოგზავნილია, დაიკიდეო, მიუგო აქუმ.

გელა ზედელაშვილი