ჯემალ სეფიაშვილი: შემოქმედ ხალხს პატრონები გვიჩნდება!

ჯემალ სეფიაშვილი: შემოქმედ ხალხს პატრონები გვიჩნდება!

საავტორო უფლებების დაცვის ორგანიზაცია საქართველოში უკვე არსებობს, მაგრამ ქართველმა ხელოვანებმა საჭიროდ ჩათვალეს ალტერნატიული ორგანიზაციის დაფუძნება. ჰონორარების არასათანადო მონიტორინგი და საზღვარგარეთიდან გადმორიცხული თანხების დაკარგვა, ეს ის ძირითადი მიზეზებია, რის გამოც გადაწყდა ახალი ორგანიზაციის შექმნა. საინიციატივო ჯგუფის წევრებისთვის, მიუღებელია დღეს არსებული მექანიზმი, რითაც ხდება განსაზღვრა, თუ სად, როდის და რამდენჯერ გაჟღერდა კონკრეტული სიმღერა. მათ დღემდე არ იციან, როგორ ხდება თანხების დათვლა და განაწილება.

დამფუძნებლები გვპირდებიანრომ ახალი ტექნოლოგიების გამოყენებით, მოხდება კულტურის სფეროში მოღვაწე ადამიანების უფლებების დაცვა, როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ. მათი თქმით, სპეციალური მოწყობილობა გააკონტროლებს, რომელი სიმღერა სად და როდის შესრულდა და სწორედ ამის შემდეგ მოხდება ფინანსების ზუსტი გადანაწილება მომღერლებისთვის, კომპოზიტორებისთვის, არანჟირებისა და ტექსტის ავტორებისთვის.  ცნობილი გახდა, რომ არსებულმა, საავტორო უფლებების დაცვის ორგანიზაციამ უარი განაცხადა IP ტექნოლოგიების გამოყენებაზე.

კომპოზიტორი ჯემალ სეფიაშვილი მხარს უჭერს ორგანიზაციის შექმნას. ის აცხადებს, რომ ამ ორგანიზაციაში გაწევრიანების შემდეგ ხელოვანების ბიუჯეტის გაუმჯობესება მოხდება.

„ძალიან მიხარია, რომ ნელ-ნელა შემოქმედ ხალხს პატრონები გვიჩნდება! ამჯერად, საუბარია ჩვენს საავტორო უფლებებზე და ჩვენი შრომის სათანადო ანაზღაურებაზე. საზღვარგარეთ  ბევრი შემოქმედი ძალიან კარგად ცხოვრობს ამ შემოსავლებით.  მე  გაწევრიანებული ვარ უკვე არსებულ საავტორო უფლებების დაცვის ორგანიზაციაში, თუმცა იმ ორგანიზაციაში, რომელსაც ჩვენ დღეს ვაფუძნებთ, აზრები გაცილებით უფრო თანამედროვეა.  მომწონს ის იდეები, რასაც ეს ორგანიზაცია გვამცნობს. ამასთან ერთად, ისინი არავის აძალებენ უკვე არსებული ორგანიზაციის დატოვებას და ეუბნებიან, რომ მათი გადასაწყვეტია, თუ როგორ მოიქცევიან. ეს ასოციაცია აუცილებლად უნდა იყოს ისეთი, სადაც ნებისმიერი შემოქმედი სიხარულით მივა და გაიუმჯობესებს თავის ბიუჯეტს“, - აღნიშნა ჯემალ სეფიაშვილმა.