ჰიტლერიდან მიშტლერამდე

ჰიტლერიდან მიშტლერამდე

საქართველოში საინფორმაციო ომია. ეს დაიწყო 2012 წელს, მას შემდეგ, რაც "ნაციონალურმა მოძრაობამ" არჩევნები წააგო. ალბათ გახსოვთ, იმჟამინდელმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა პირდაპირ ეთერში შეკრიბა ავაზაკნი ამა ქვეყნისანი და განაცხადა, ჩვენ ისღა დაგვრჩენია, წავიდეთ ოპოზიციაშიო. მაშინ ბევრმა იფიქრა, ესენი ცოტა ხანს იშავდღევებენ და თანდათანობით გადაშენდებიანო, მაგრამ ასე არ მოხდა - სააკაშვილის ბანდამ ყველა აკრძალული მეთოდი გამოიყენა, რათა ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლება ჯერ თავის მართლების რეჟიმში ჩაეყენებინა, შემდეგ დაებნია, ბოლოს კი უნიათოდ გამოეცხადებინა. რაც მთავარია, საზოგადოებაში ჩათესა დამპალი თესლი უმადურობისა და შედეგად მივიღეთ სავალალო მდგომარეობა - დღეს თითქმის მკრეხელობად ითვლება ბიძინა ივანიშვილის ქება კი არა, უბრალოდ კარგად ხსენებაც კი. რასაკვირველია, ამავე საზოგადოებაში დარჩა მცირე, ჯანსაღი ნაწილი, რომელსაც მადლიერების გრძნობა ჯერაც არ დაუკარგავს, მაგრამ ამ ნაწილშიც უკვე ერიდებიან ივანიშვილზე ხმამაღლა ლაპარაკს.

რა მეთოდებით მიიყვანეს ქართული საზოგადოება "ნაციონალურმა მოძრაობამ" და მასთან გათანაბრებულმა პირებმა ამ მდგომარეობამდე, როგორ მოაქციეს საინფორმაციო ტერორის ქვეშ და რა ხერხებით გაუჩინეს დამაგრეველი ნიჰილიზმი? დაუკვირდით, კოლექტიურ სააკაშვილში, რომელიც 2012 წლიდან დაუპირისპირდა ახალ ხელისუფლებას, ერთი შეხედვით, თავმოყრილია დემოკრატია, თავისუფლება, ლიბერალიზმი, მაგრამ საერთო ჯამში სჭარბობს ფაშიზმი, ბოლშევიზმი, სიძულვილი და არნახული აგრესია. კოლექტიური სააკაშვილის გავლენის ქვეშ იმყოფება ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების დიდი ნაწილი, ვითომ დემოკრატიის სახელით რომ მოქმედებენ და სინამდვილეში არიან "ნაცმოძრაობის" სატელიტები გარკვეული ფინანსური უზრუნველყოფის სანაცვლოდ.

თუ სააკაშვილს ჩავთვლით (და უნდა ჩავთვალოთ) მცირემასშტაბიან ადოლფ ჰიტლერად, ისიც უნდა შევამჩნიოთ, რომ მას ჰყავს ასევე მცირემასშტაბიანი იოზეფ გებელსი, რომლის ხელწერა ერთი-ერთზე ემთხვევა ნიკოლოზ გვარამიას ხელწერას, ოღონდ ერთი განსხვავებით - ამას, ამ პატარა გებელსს არ გააჩნია სოლიდურობა და მისი შინაგანი სამყარო ძალიან ყარს. ალბათ, ეს იმის გამოცაა, რომ გვარამიას არ აქვს ძალაუფლება და სახელისუფლებო გავლენა. როცა ჰქონდა, კი "მოაყომარა" ბადრი პატარკაციშვილის საქმე პროკურორულად.

რა ხელწერა ჰქონდა ფაშისტური გერმანიის  პროპაგანდის რაიხმინისტრს (1933-1945 წლები), რომლის იდეოლოგიაც ასე ზედმიწევნით აქვს დამუშავებული კოლექტიურ სააკაშვილს? გებელსი ამბობდა: "მომეცით მასობრივი ინფორმაციის წყაროები და ნებისმიერ ერს ღორების კოლტად ვაქცევ", "გაუყალბე ადამიანებს ისტორია და ერთი თაობის შემდეგ მათგან მივიღებთ ბრბოს, ხოლო კიდევ ერთი თაობის შემდეგ მათი მანიპულირება ნახირის მართვაზე მარტივი გახდება".

ვიმეორებ, მართალია, არც მიხეილ სააკაშვილს აქვს ისეთი მასშტაბი, როგორიც ჰქონდა ადოლფ ჰიტლერს და არც ნიკა გვარამიას აქვს ისეთი მასშტაბი, როგორიც ჰქონდა იოზეფ გებელსს, მაგრამ რაც არ უნდა მცირე ერთან გვქონდეს საქმე, ყოველთვის მოიძებნება ერთი მუჭა ხროვა, რომელიც გაიზიარებს ფაშისტურ იდეებს და ყოველთვის მოიძებნება საზოგადოების ნაწილი, რომელიც გაუცნობიერებლად აჰყვება ავანტიურისტებს. მით უმეტეს, თუ ავანტიურისტებს გააჩნიათ უკანონოდ მიტაცებული საინფორმაციო საშუალება. მეტიც, თუ ქვეყანაში გამოჩნდება კიდევ რამდენიმე მედიასაშუალება, რომელიც (გარკვეული ფინანსური დაინტერესების გამო) ასევე აჰყვება ჟურნალისტიკას ამოფარებულთა პროპაგანდას.

მაგალითად, გებელსს ჰქონდა ე.წ. "ათი მცნება". მე-7 მცნებაში ვკითხულობთ: "დაარტყით ყოველ ჯერზე ნაძირლებს. ის, ვინც შელახავს თქვენს უფლებებს, გეძლევათ სრული უფლება - გაანადგუროთ იგი". ვინ ვის უფლებას ლახავდა ფაშისტური გერმანიის სახით, რა მდგომარეობაში აღმოჩნდა მთელი მსოფლიო და როგორ დამთავრდა ყველაფერი - ვიცით! იგივე იგივე გაიმეორა მინი-გებელსმა გვარამიამ საპრეზიდენტო არჩევნების პერიოდში. მისი განცხადებით, ყველა, ვინც სალომე ზურაბიშვილს ან აფინანსებდა, ან კამპანიაში სხვაგვარად ეხმარებოდა ან მხარს უჭერდა, უკიდურესად უნდა შევავიწროვოთ:

„ეს არ არის არც გამოხატვის თავისუფლების და არც პოლიტიკური გემოვნების საკითხი. ეს არის ქვეყნის ღია და დეკლარირებული მოღალატის დახმარება. დახმარება ქვეყნის ღალატში. ყველა ეს ადამიანი უნდა დავიმახსოვროთ და გვახსოვდეს, რომ მოღალატის გვერდში დამდგომი ხალხია და მათგან ყველაფერს უნდა ელოდოს ჩვენი სამშობლო. უნდა დავიმახსოვროთ და გავაძევოთ საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროდან, იქნება ეს ბიზნესი, კულტურა თუ პოლიტიკა. ქვეყნის მოღალატე და მისი მოკავშირეები საჩვენებლად უნდა დაისაჯონ! მე, პირადად, ვაპირებ ამას მივუძღვნა საკუთარი თავი უახლოესი რამდენიმე წელი. ჯერ არჩევნების წაგებაში ძალიან დავეხმარები მოღალატე სალომეს (აუცილებლად წააგებს) და მერე მივუბრუნდები მის დამხმარეებს".

როგორც ჩანს, გებელსის მოწაფეს ურჩიეს, ასე პირდაპირ არ გამოვა, ეს დემოკრატიის შელახვა იქნება, გამოდი და გააკეთე განმარტება, რომ ამ საქმეში "რუსთავი 2"-ს არ გამოიყენებო. გამოვიდა, დაგვდო პატივი, ეს ჩემი პირადი მოსაზრებაა, სადაც არ უნდა ვიმუშავო, სალომე აურაბიშვილის მომხრეებს ყოველთვის შევავიწროვებ, მაღაზიაში გამყიდველი ვიქნები - არაფერს მივყიდი, ბანკში ვიქნები - კრედიტს არ მივცემ, ცხოვრებას გავურთულებო. დაუკვირდით, ნიკა გვარამიას როგორ აქვს გებელსის მეთოდი ათვისებული - ყველა განცხადებაში უნდა ფიგურირებდეს სიტყვები: "ჩემი სამშობლო", "ჩვენი ქვეყანა", "ჩემი ხალხი". ყველა მავნე გამონათქვამი შენიღბული უნდა იყოს პატრიოტიზმით და ბრალს სდებდეს ნებისმიერს ღალატში, ვინც მისთვის მიუღებელია. გებელსი ამბობდა: „ვინც კი გაავრცელებს ახალ ამბებს, რომლებიც გერმანელი ხალხის საბრძოლო სულისკვეთებას ზიანს აყენებს, ციხეში იქნება ჩასმული და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შემთხვევაში სიკვდილით იქნება დასჯილი".

ნახეთ, როგორ წვეთი წყალივით ჰგავს ამ ორი არამზადის განცხადება ერთმანეთს: ვინც სალომე ზურაბიშვილს ემხრობა, გაძევებული იქნება ყველა სფეროდან. ვინც გერმანელი ხალხის საბრძოლო სულისკვეთებას ზიანს აყენებს, სიკვდილით იქნება დასჯილი. გვარამიას უფლება რომ ჰქონდეს, "რუსთავი 2"-საც გამოიყენებდა და გილიოტინასაც აღმართავდა რუსთაველის გამზირზე. პირველს დღესაც იყენებს საზოგადოების გარკვეული ნაწილის ტვინის გამოსარეცხად და ყველანაირ ავანტიურაზე მიდის, რათა სახელმწიფო ჩამოშალოს. ვინაიდან, ფართო მასშტაბით ქვეყნის დაქცევა, ხელისუფლების დამხობა არ გამოსდის, გამწარებული ხან წითელ წიწაკას ჭამს, ხან კიდევ დასჯით იმუქრება.

როდესაც დღევანდელი ხელისუფლების წარმომადგენლებმა თუ მომხრეებმა ნიკა გვარამიას მუქარა ფაშისტურ იდეოლოგიად შეაფასეს, მისი მომხრე არასამთავრობო ორგანიზაციების ე.წ. ლიდერები გაიყურსნენ. ეს ის ადამიანები არიან, რომლებიც კატების ჩხავილზეც კი ერთ ამბავს ტეხენ, არიქა, ქვეყანაში არნახული დისკრიმინაცია მძვინვარებსო. ქალბატონ ეკა გიგაურს ("საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო") ჟურნალისტებმა ჰკითხეს, რას ფიქრობთ გვარამიას გამონათქვამზეო? დაიბნა, უხერხულში ჩავარდა, უი, ეგ მისი პირადი აზრიაო. სულხან სალაძესაც ("ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია") ჰკითხეს იგივე - ესეც დაიბნა, მიედ-მოედო, დაყრუვდა, არ ვიცი, არ მომისმენიაო. არადა, ეს ხალხი ლამის სამეცნიერო კონფერენციებს მართავს თემაზე, თუ რატომ უწოდეს გვარამიას ფაშისტი. ამ დროს მისი განცხადება (ვითომ) არ მოუსმენიათ. რამდენნაირი სტანდარტით ცხოვრობენ ეს ადამიანები, უკვე გაუგებარია!

გებელსის შემდეგი მეთოდი: ყველა განცხადებაში უნდა იყოს სიტყვა "გამარჯვება" - "ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ", "ჩვენი მტერი უკვე დამარცხებულია", "ჩვენ უკვე გავიმარჯვეთ", "ეს გადაწყვეტილია". ძნელი შესამჩნევი არ გახლავთ, რომ მხოლოდ გვარამიას კი არა, მსგავსი გამონათქვამებით "ნაციონალებიც" ხელმძღვანელობენ, ანუ ისინი მუდმივად ამტკიცებენ, რომ აუცილებლად გაიმარჯვებენ, მიხეილ სააკაშვილი დაბრუნდება საქართველოში, ის უკვე გზაშია და ასე შემდეგ. ასეთთათვის არ არსებობს იმედგაცრუება, ჩაფლავების შემთხვევაში უცებ პოულობენ გამოსავალს და იწყებენ შექმნილი სიტუაციის თავიანთებურად "გაპრავებას". როდესაც ფაშისტური გერმანია, ანუ ადოლფ ჰიტლერის ხროვა ომს აგებდა, გებელსი მაშინაც კი გამოდიოდა ლოზუნგით: "გჯეროდეთ მომავლის და თქვენ იქნებით გამარჯვებული"!

ჩვენ არ ვიცით, ბილწსიტყვაობდა თუ არა გებელსი (ყოველ შემთხვევაში, საჯაროდ არა), მაგრამ მისი პროპაგანდის მთავარი ლაიტმოტივი მაინც იყო ინფორმაციული სიბინძურე, ანუ ცილისწამება და სიცრუე. სხვას უნდა დააბრალო ის, რაც თავად გაიარე და რაშიც დიდი გამოცდილება მიიღე. დააბრალე, გაუვრცელე სიყალბე ადამიანს (ადამიანებს), დაე, მან (მათ) იმართლოს თავი, ამტკიცოს, რომ არც აქლემია და არც იფურთხება. გვარამიამ ამ ყველაფერს დაამატა ბილწსიტყვაობა, რაც უკვე პროვოკაციის ნაყოფია - ეგებ გამოჩნდეს ვინმე, თავ-პირი დაულეწოს და მერე ირბინოს საჩივრებით პოლიციასა თუ პროკურატურაში. აი, თავად ნახეთ მისი გამონათქვამები:

"ფუჰ, საბჭოთა სკოლის მეცხრე კლასის საქართველოს ისტორიის სახელმძღვანელოა ეს ქვეყანა თავისი ცოდნით, მორალით და გამოცდილებით".

"ახლა დაგროვებითი პენსიაო და ახალი გადასახადი შემოაქვთ. არა რა, ამათ დიდი დაგროვებითი პენისით თუ არ შევუტიეთ, დაგვღუპავენ".

"საქართველოს ხელისუფლებავ, არც გაბედოთ, სააკაშვილის აქ ციხეში გამოკეტვაზე გაურიგდეთ უკრაინულ ოლიგარქიულ რეჟიმს. მიიღებთ სრულმასშტაბიან დედის ტყ..ს! თვითგადარჩენის ინსტიქტი მაინც გეყოთ, თუ ჭკუა არ გყოფნით"!

"კრიშაზე რატო ავიდა, ხო? მაგ კრიშამ ქნა ეს ყველაფერი (დრო მოიგო ხალხის შესაკრებად) და მაგ კრიშა დაამხობს დამპალ ოლიგარქს უკრაინაში, თქვე ტრაკში პერო სირისტიანებო! იღლიცინეთ ახლა “მიჰა ჰამოდი” თქვენს კლავიატურებთან, ლუზერებო. ის გენიოსი კი აზანზარებს 50-მილიონიან ქვეყანას, სადაც ნულიდან დაიწყო სულ რაღაც სამი წლის წინ".

"თავზარაშვილო, შე ძაღლიშვილო, გადადექი! ისტორიის გადაწერა დაიწყეს უკვე მოღალატე ზურაბიშვილის გასამართლებლად, ამ ნაძირლებმა"!

სალომე ზურაბიშვილზე - "ბოდიში და ეს მოღალატე, საკუთარ გვარ-სახელსაც ვერ გამოთქვამს".

"ჩემი ფეხები. არც არავინ არ მივიდა მოღალატე სალომეს ყრილობაზე, კრედიტებით გაძვალტყავებული ყიფშიძის და ყველა მთავრობის ნათრევი ლადო კახაძის გარდა. ისხდნენ მარტო ქართული ოცნების ბანდერლოგები".

კიდევ უამრავი მაგალითის მოტანა შეიძლება, მაგრამ ამჯერად ესეც საკმარისია. ამ შემთხვევაში მთავარი ის კი არ გახლავთ, როგორი ბინძურები არიან კოლექტიური სააკაშვილ-გვარამიები (ეს დიდიხანია ცნობილია), არამედ ის, თუ როგორ მოახერხა ამ კოლექტივმა საზოგადოების დიდი ნაწილის მოქცევა საინფორმაციო-ფსიქოლოგიური ტერორის ქვეშ და როგორ გაუჩინა აგრესია "ქართული ოცნების", ანუ ბიძინა ივანიშვილის მიმართ. ამ საქმეში რომ თავად "ოცნების" გარკვეულ ჯგუფებსაც მიუძღვით წვლილი, ეს ცალკე თემაა და უახლოეს ხანში ამაზეც მოგახსენებთ. ბოლო-ბოლო, რა დაუპირისპირა მმართველმა პარტიამ არაერთხელ აგორებულ ბინძურ კამპანიას? ფაქტობრივად არაფერი, გარდა 2012 წლამდელი ცხრა წლის შეხსენებისა და ესეც მხოლოდ ზოგადად. მაგალითად, როდესაც ე.წ. გაერთიანებულმა ოპოზიციამ "რუსთავი 2"-ის საშუალებით და სხვა ტელევიზიების დახმარებით საპრეზიდენტო არჩევნების პერიოდში "ოცნების" ლიდერების სასახლეები გამოფინა (ხშირ შემთხვევაში ისეთები, მათ რომ არც კი ეკუთვნოდათ), არავის გასჩენია სურვილი, ხმა ამოეღო ნაცბანდელთა სასახლეებზე და ეჩვენებინა, როგორ ფუფუნებაში ცხოვრობენ ისინი, ან რა ბიზნესებს ფლობენ საქართველოში თუ უცხოეთში, ან რა ქონება გააჩნიათ საქართველოში, უცხოეთსა თუ ოფშორულ ზონებში.

გელა ზედელაშვილი

"საერთო გაზეთი"