კახა კალაძე: ხელისუფლებაში „ქართული ოცნების“ მოსვლის დღიდან ყაზბეგში ვითარება შეიცვალა

კახა კალაძე: ხელისუფლებაში „ქართული ოცნების“ მოსვლის დღიდან ყაზბეგში ვითარება შეიცვალა

“ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ გენერალური მდივნის კახა კალაძის გამოსვლა ყაზბეგში, მცხეთის, დუშეთის, თიანეთისა და ყაზბეგის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის შალვა კერესელიძის წარდგენაზე:

ქალბატონებო და ბატონებო, მოგესალმებით!

აქ ცხოვრობენ განსაკუთრებული ადამიანები, ადამიანები, რომლებიც დარაჯობენ დარიალის კარს და საქართველოს საზღვრებს იცავენ.

სამშობლოს სიყვარულთან ერთად, აქ, ამ ხეობაში გაზრდილი ადამიანი სიყრმიდანვე ეზიარება თავისუფლებასა და ქრისტიანობას! სხვაგვარად ხომ შეუძლებელიცაა, მითუმეტეს, როცა ღრუბლების სიმაღლეზე, გერგეტის სამებიდან, საკუთარი თვალით ხედავ ამ ხეობის სილამაზეს და დიდებულებას, რითაც ვამაყობთ ამ ქვეყნის თითოეული მოქალაქე! 

თქვენ, ამაყი მოხევეები მაღალი მორალური ღირსების მატარებელი ხალხი ხართ, ადამიანები, რომელთა დასახასიათებლად მხოლოდ ის ფაქტიც კმარა, რომ სწორედ ამ კუთხის შვილია ყველასათვის საყვარელი დიდი ქართველი მწერალი ალექსანდრე ყაზბეგი!

ყველაფერთან ერთად, კარგად ვიცი, რომ ჩემს წინაშე დიდად გამრჯე ადამიანები დგანან, რომლებიც მუხლჩაუხრელად შრომობენ საკუთარი ოჯახებისა და ქვეყნის კეთილდღეობისთვის.

ბუნებრივია, ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს და მომავალშიც გააკეთებს, რათა თითოეულმა თქვენგანმა, ისევე, როგორც ჩვენი ქვეყნის თითოეულმა მოქალაქემ, მუდმივად იგრძნოთ, რომ მარტო არ ხართ და თქვენს გვერდით თქვენი მთავრობა დგას.

დარწმუნებული ვარ დამეთანხმებით, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან, ყაზბეგის მუნიციპალიტეტში ვითარება მკვეთრად შეიცვალა უკეთესობისკენ და დღეს რეგიონს ისეთი ყურადღება ექცევა, როგორც არასდროს.

ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა სახელმწიფოს მხარდაჭერითა და თანადგომით. ამასთანავე, იზრდება თვითმმართველობის ხარისხი და ადგილობრივი ბიუჯეტი, რაც მუნიციპალიტეტის განვითარებას, თქვენს წინაშე არსებული მიზნებისა და ამოცანების ეფექტიან განხორციელებას უზრუნველყოფს.

არსებული წარმატებებისა და წინსვლის მიუხედავად, ჯერ კიდევ რჩება გამოწვევები, პრობლემები, რომელსაც მოგვარება სჭირდება და დარწმუნებული ვარ, ერთიანი ძალისხმევით, მომდევნო წლების განმავლობაში ჩვენ მათ ღირსეულად ვუპასუხებთ.

დღეს ჩვენ აქ შევიკრიბეთ, რათა წარმოგიდგინოთ ადამიანი, რომელიც თქვენს ინტერესებს დაიცავს და გაატარებს საკანონმდებლო ორგანოში. რა თქმა უნდა, მხოლოდ ერთი ადამიანი ვერ მიაღწევს გამარჯვებას. ამას სჭირდება თითოეული ჩვენგანის მხარდაჭერა და თანადგომა, როგორც ეს ბოლო წლების განმავლობაში ყველა არჩევნებზე ხდებოდა. ჩვენ ჩვენი ყოველდღიური ქმედებებით, გადადგმული ნაბიჯებით უნდა შევქმნათ  წარმატებული ისტორიები, უნდა გავაძლიეროთ სოფელი, უნდა გავაძლიეროთ გლეხი, გავაძლიეროთ რაიონები, ქალაქები, იმისთვის, რომ შევქმნათ წარმატებული საქართველო.

ერთად წარმატებული საქართველოსთვის!