ირაკლი კობახიძე: „ნაცმოძრაობის" ადგილი ქართულ პოლიტიკაში არ არის

ირაკლი კობახიძე: „ნაცმოძრაობის"  ადგილი ქართულ პოლიტიკაში არ არის

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ირაკლი კობახიძე მიიჩნევს, რომ "ნაციონალური მოძრაობის" ადგილი ქართულ პოლიტიკაში არ არის და იგი სრულად იზიარებს თავდაცვის მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის მოსაზრებას ნაციონალური მოძრაობის შესაძლო  აკრძალვასთან დაკავშირებით. აღნიშნულის შესახებ პარლამენტის წევრმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში ისაუბრა.
„კონსტიტუციით არის დადგენილი პოლიტიკური პარტიის აკრძალვის საფუძვლები და სამართლებრივად ,,ნაცმოძრაობის"  აკრძალვის ყველანაირი საფუძველი არსებობს, იმდენი დანაშაული აქვთ მათ ჩადენილი საკუთარი მოქალაქეებისა და საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ. საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტმა უზარმაზარი საქმე შეკრა, სადაც გაერთიანებულია ყველა დანაშაული, რომელიც წინა ხელისუფლებას აქვს ჩადენილი. დამკვიდრებული იყო სისტემური პრაქტიკა, როგორც ადამიანის ღირსების შელახვის, წამების, ბიზნესის რეკეტი და უამრავი სხვა დანაშაული და არსებობს დანაშაულებები ქვეყნის და სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული. ეს არის ქვეყნის ტერიტორიების 20 %-ის ჩაბარება, რასაც მოსამზადებელი სამუშაოები უძღოდა წინ. ახლა საუბარი მიდის დავით გარეჯის საზღვრის მონაკვეთზე, აქ შეიძლება უფრო მეტი სენსიტიურობაა გამომდინარე იქიდან რომ ჩვენ კულტურულ და სულიერ მემკვიდრეობას ეხება საქმე, მაგრამ რა გააკეთეს 2005-2006 წლებში? მათ შემოხაზეს გაუქმებული საზღვრები იმ ოლქისა, რომელიც გააუქმა ჯერ კიდევ გამსახურდიას ხელისუფლებამ. ეს იყო სამხრეთ ოსეთის ავტონომიის საზღვრები, რითაც დამატებით ისარგებლა რუსეთის ფედერაციამ და ხელი შეუწყო, რომ მათ განეხორციელებინათ ამ რეგიონის ოკუპაცია და დღემდე ეხმარება „ბორდერიზაციის“ პროცესის წარმართვაში. ეს ხომ არის სახელმწიფოს წინააღმდეგ ჩადენილი ცხადი დანაშაული! ეს დანაშაულებები შეიძლებოდა შეკრულიყო და შეიძლებოდა გამხდარიყო ამ პარტიის აკრძალვის საფუძველი. როდესაც ყველაფრისგან განყენებულად განვიხილავთ ამ საკითხს, რა თქმა უნდა, ქვეყნისთვის უკეთესი იქნებოდა, რომ ასეთი დანაშაულებრივი რეჟიმი შეფასებულიყო და ასეთ შეფასებას მოყოლოდა შესაბამისი პოლიტიკური რეაგირებაც, რაც მოხდა, მაგალითად ნიურნბერგის პროცესზე. თავისი შინაარსით, შეიძლება მასშტაბებით ის გასაქანი არ ჰქონდათ, რაც ჰქონდა ფაშისტურ ხელისუფლებას, მაგრამ შინაარსით ნაციონალური მოძრაობა იყო ზუსტად იგივე ფაშისტური პოლიტიკური ძალა. 2012 წელს ეს რომ მომხდარიყო ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის უკეთესი იქნებოდა, მაგრამ იქ იყო სხვადასხვა ფაქტორი და შეგნებულად არ შევალ სიღრმეებში. რაც შეეხება დღევანდელ მოცემულობას - დღეს რომ ვისაუბროთ ამ პარტიის აკრძალვაზე,  ზოგადი მიდგომა შემიძლია გითხრათ თუ რა არის ევროპის ქვეყნებში. მიღებული პრაქტიკა არ არის თუნდაც უკიდურესად ექსტრემისტული პარტიების აკრძალვა, გამომდინარე იქიდან, რომ ასეთი პარტიები, ,,ნაცმოძრაობის"  მსგავსი პარტიები, როგორიცაა მაგალითად  ნეონაცისტური პარტია გერმანიაში, ავსტრიაში თუ იტალიაში, ასეთი პარტიები იატაკქვეშეთში უფრო საშიშები არიან. როდესაც ისინი არიან ღია ცის ქვეშ, უფრო განეიტრალებულია დანაშაულებრივი ზრახვები. ჩვენ, მე და ირაკლი ღარიბაშვილს,  გვაქვს ერთი დამოკიდებულება და მიდგომა ამ საკითხთან დაკავშირებით - ჩვენ მიგვაჩნია, რომ ,,ნაცმოძრაობის" ადგილი ქართულ პოლიტიკაში არ არის და ამას ჩვენ ვამბობთ არა საკუთარი სუბიქტური გადმოსახედიდან, არამედ ქვეყნის ინტერესების გადმოსახედიდან. ქართული დემოკრატიის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია, რომ ,,ნაცმოძრაობა" არ იყოს წარმოდგენილი პოლიტიკურ სპექტრში და როცა ვსაუბრობთ ,,ნაცმოძრაობაზე", იქ იგულისხმება ყველა მისი განშტოება“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.