არჩილ თალაკვაძე: მზად ვართ, აშშ-სთან მჭიდრო თანამშრომლობით განვაგრძოთ რეფორმები

არჩილ თალაკვაძე: მზად ვართ, აშშ-სთან მჭიდრო თანამშრომლობით განვაგრძოთ რეფორმები

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის ბრიფინგი

მოგესალმებით ძვირფასო თანამოქალაქეებო. ჩვენი დღევანდელი ბრიფინგი ეძღვენა ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორის ამერიკის შეერთებული შტატების  მთავრობის ანგარიშს საინვესტიციო კლიმატის შესახებ, რომელიც სახელმწიფო დეპარტამენტმა გამოაქვეყნა.

 ანგარიშში აღნიშნულია, რომ საქართველო მოწინავეა მსოფლიოში ბიზნესის კეთების სიმარტივით და დადებითად არის შეფასებული ჩვენთან არსებული ბიზნეს - გარემო.

ხაზგასმულია საქართველოს მოწინავე პოზიციები ისეთ რეიტინგებში, როგორიცაა მსოფლიო ბანკის ბიზნესის კეთების ინდექსი, საერთაშორისო გამჭვირვალობის შეფასება და ასევე კორუფციის აღქმის ინდექსი. ასევე,  დადებით კონტექსტში არის ნახსენები მთავრობის მიერ გატარებული ისეთი რეფორმები, როგორიცაა საგადასახადო კოდექსში ცვილელებები, რომელიც მოგების რეინვესტირებას უკავშირდება,  საპენსიო რეფორმა, გადახდისუუნარობის რეფორმა, საკონსტიტუციო ცვლილებები, შრომის კოდექსში მომზადებული ცვლილებები და სხვა მნიშვნელოვანი რეფორმები, რომელიც საქართველოს პარლამენტმა და ხელისუფლებამ გაატარა. დადებით კონტექსტშია ნახსენები ბიზნესის კეთების ხელშემწყობი სამთავრობო პროგრამები, მაგალითად ისეთი როგორიცაა ,,აწარმოე საქართველოში” და დადებითად  არის შეფასებული მთავრობის ნაბიჯები და გადაწყვეტილებები ეკონომიკაში ქალთა მონაწილეობის ხელშესაწყობად. ნათქვამია, რომ ქალებს დღეს ბევრად უფრო მეტ ხელმისაწვდომობა აქვთ ბიზნესის კეთების და ბიზნესის დაწყების თვალსაზრისით.

ყურადღება გამახვილებულია საქართველოში საკუთრების უფლებების დაცვის კუთხით მიღწეულ პროგრესზე და ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ სახელმწიფოს მიერ  არ ხორციელდება საკუთრების უფლებაში უკანონო ჩარევა. ანგარიშში აღნიშნულია, რომ სამწუხაროდ ასეთი ხდებოდა  წინა მთავრობის დროს, როდესაც კერძო საკუთრების  არა გამჭირვალედ და იძულებით გადაცემის შემთხვევებს ჰქონდა ადგილი.

ხაზგასმულია ანგარიშში  ამერიკის შეერთებული შტატების  მიერ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა.

ყურადღება არის გამახვილებული რუსეთი მხრიდან სამხედრო აგრესიაზე და ნათქვამია, რომ ოკუპაცია დღემდე გრძელდება თავისი ნეგატიური შედეგებით და მძიმე დარღვევებით, რომელიც ხდება ადმინისტრაციულ ხაზთან და ოკუპირებულ ტერიტორიებზე.

სტაბილურობის კუთხით სახელმწიფო  დეპარტამენტის ანგარიშში ნათქვამია, რომ ქუჩის საპროტესტო დემონსტრაციები საქართველოში ხშირი არ არის, ხოლო 2019 წლის ივნისში, როდესაც დემონსტრანტების მიერ განხორციელდა პარლამენტში შეჭრის მცდელობა, პოლიციამ კანონიერი ძალის გამოყენებით შეაჩერა დემონსტრანტები. ეს არის ის, რასაც სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში ვკითხულობთ.

ასევე აღნიშნულია, რომ საქართველოს საკანონმდებლო, მარეგულირებელი და საზედამხედველო სისტემა ფუნქციონირებს გამჭირვალედ და საერთაშორისო ნორმების დაცვით.

გასული 10 წლის მანძილზე, ანგარიშში აღნიშნულია, რომ დაფიქსირებულია  10-ზე მეტი ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქეების ჩართულობით საინვესტიციო დავები,  თუმცა აღნიშნული ისტორიის მანძილზე სახელმწიფოს მიერ არ განხორციელებულა არამართლზომიერი ქმედება უცხოელ ინვესტორთა წინააღმდეგ.

ხაზგასმულია, რომ 2018 წლის საკონსტიტუციო ცვლილებების შედეგად გაძლიერდა საპარლამენტო ზედამხედველობის როლი აღმასრულებელ ხელისუფლებაზე.

მოყვანილია საერთაშორისო სავალუტო ფონდის  2019 წლის ანგარიში, სადაც  საქართველო ერთერთი მოწინავეა რეგიონში ბიუჯეტის დაგეგმვისა და შესრულების გამჭირვალობის კუთხით.

ხაზგასმულია, ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის მიერ განხორციელებული ინვესტიციების როლი და მოყვანილია ისეთი მსხვილი საინვესტიციო პროექტები, როგორიც არის მაგალითად პეის ტერმინალისათვის და ლიბერთი ბანკისათვის გამოყოფილი დაფინანსება და ინვესტიციები.  

“ქართული ოცნების” სახელისუფლებო გუნდი მზად ვართ ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან, აშშ-თან მჭიდრო თანამშრომლობით განვაგრძოთ რეფორმები ეკონომიკის გაძლიერების და ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობის გასაუმჯობესების მიზნით. 

სამწუხაროა, რომ ჩვენი ოპონენტები საზოგადოებას მიზანმიმართულად უმტკიცებდნენ სრულიად საპირისპიროს, ვიდრე ამ ანგარიშში არის მოცემული. ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშმა მიგვაჩნია, რომ მკაფიო პასუხი გასცა იმ სპეკულაციებს და ბრალდებებს, ვითომდა საქართველოში უცხოური ინვესტიციები საფრთხეშია და ხელისუფლება ხელს უშლის თითქოს ბიზნესის განვითარებას. სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში ცალსახად აღნიშნულია, რომ  ბიზნესგარემო საქართველოში დადებითად და საიმედოდ ფასდება.