ვახტანგ მაისაია: COVID-19 არის ასიმეტრიული საფრთხე, რომლის წარმომავლობა უცნობია

ვახტანგ მაისაია: COVID-19 არის ასიმეტრიული საფრთხე, რომლის წარმომავლობა უცნობია

პროფესორი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ვახტანგ მაისაია მიიჩნევს, რომ საქართველო ჩართულია ბაქტეოროლოგიურ ომში, რომელიც ბუნებრივი საფრთხითაა გამოწვეული.  აღნიშნულის შესახებ ვახტანგ მაისაია „რეპორტიორთან“ საუბრობს:

- COVID-19 არის ცალკე მდგომი ეპიდემიოლოგიური და ბაქტერიოლოგიური ტიპის საშიში აგენტი. დღესდღეობით ჩვენ ვდგავართ გლობალური საფრთხის წინაშე, რაც არ არის ჩვეულებრივი ტიპის გამოწვევა. ამის პირველი ტალღა იყო საერთაშორისო ტერორიზმის საფრთხე, რომელმაც გლობალურ დონემდე მიიყვანა ტერორისტული აქტების განხორციელება. ეს ისეთი ასიმეტრიული საფრთხეა, რომლის პროგნოზირება და შედეგების გათვლა შეუძლებელია. შესაბამისად, ვირუსის გავრცელებას ბაქტერიოლოგიური ომის პრეცედენტი გააჩნია, რაც წარმოადგენს ბიოლოგიური აგენტის სახეობას. რუსეთის, ჩინეთისა და აშშ-ის სამხედრო სპეციალისტები და ექსპერტები ამ პანდემიას ბიოლოგიური ომის შეფასებას აძლევენ.

- არსებობს მოსაზრება, რომ ეს არის ხელოვნურად შექმნილი იარაღი ადამიანების წინააღმდეგ, არ ეთანხმებით ამ მოსაზრებას?

 - გაჩნდა ვარაუდი, რაც გარკვეულწილად, ამ ვირუსის ხელოვნურად წარმოშობაზე მიუთითებს, მაგრამ მერწმუნეთ, ეს ასე არ არის.

ბაქტერიების მოდიფიკაცია შეიძლება და ბაქტერიული იარაღის შექმნაც შესაძლებელია, მაგრამ ვირუსების ტექნოლოგიიდან გამომდინარე, მისი ხელოვნურად გამოწვევა, ფაქტობრივად, შეუძლებელია. გარდა ამისა, აბსოლუტურად ყველა ქვეყანამ მიიღო უდიდესი ზარალი, მათ შორის იმ ქვეყნებმაც, რომლისკენაც ხელს იშვერდნენ და, აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, საკუთარ თავს არავინ დააზარალებდა. ამიტომ გამოვრიცხავ, რომ ეს ხელოვნურად შექმნილი საფრთხე იყოს.

- ბატონო ვახტანგ, როგორ შეაფასებდით ჩვენი ხელისუფლების მოქმედების სტრატეგიას ამ გლობალური გამოწვევის წინააღმდეგ?

 - სხვა ქვეყნებთან შედარებით, ჩვენი ქვეყანა ამ გლობალურ პრობლემას საკმაოდ ეფექტურად მართავს. პიკი ჯერ არ დამდგარა და დიდი იმედი მაქვს, რომ არც დადგება, რადგან სწორად მართავს პროცესებს ჩვენი სახელმწიფო. პიკი დგება ხოლმე იქ, სადაც მართვის სისტემა სუსტია, ასე რომ, არ მგონია, ამ მოცემულობის წინაშე დავდგეთ. იმის მიუხედავად, რომ საზოგადოებას სრულად არ აქვს გაცნობიერებული რეალური საფრთხე, მაინც ვიტყოდი, რომ მობილიზებულები შევხვდით ამ განსაცდელს. ეს კი ალბათ იმის გამო მოხდა, რომ ჩვენი ქვეყანა ათეული წლებია მიჩვეულია ათასგვარ გამოწვევას, მათ შორის ეკონომიკურ სიდუხჭირეს. ჩვენ ერთადერთი ქვეყანა ვართ პოსტსაბჭოთა სივრცეში, რომელმაც სახელმწიფოებრიობის შენება ნგრევით დაიწყო. ხელისუფლება მუდმივად გადატრიალების შედეგად იცვლებოდა. ერთადერთი ხელისუფლება, ვინც ლეგიტიმური არჩევნების მეშვეობით მოვიდა, იყო „ქართული ოცნება“. აქედან გამომდინარე, მობილიზებული გახდა ჩვენი საზოგადოება.

გარდა ამისა, ჩვენს მთავრობას აღმოაჩნდა საოცრად კარგი მართვის უნარი, საიდანაც გამოვყოფდი ბატონი გიორგი გახარიას ფენომენს. ასევე, ჩვენ გვყავს საკმაოდ მაღალი დონის ექიმები, მაღალი ღირსებითა და პროფესიონალიზმით გამორჩეული ადამიანები და თითოეული მათგანი, ვინც პირისპირ დგას ამ უხილავ მტერთან, გმირია. გმირია განსაკუთრებით ის ოთხი ექიმი, რომელთა სახეებიც ამ რთულ ვითარებაში გამოიკვეთა.

- დღევანდელი მონაცემებით, საქართველო არის მსოფლიოში ერთ-ერთი სანიმუშო ქვეყანა, რომელიც პანდემიას წარმატებით ებრძვის...

 - ჩვენ ყოველთვის მაღალი დონის სპეციალისტები გვყავდა სამედიცინო სფეროში, მათ შორის ბიოლოგიური მიმართულებით და ასეა ახლაც. მართალია, წინა რეჟიმი შეეცადა, ყველაფერი დაენგრია, ისევე, როგორც ბოლშევიკები შეეცადნენ, წაერთმიათ ჩვენი ქვეყნისთვის რელიგია და ამოეძირკვათ ჩვენი კულტურულ-ისტორიული მეხსიერება, მაგრამ მათ ეს ვერ მოახერხეს. სწორედ ასეთი იყო სააკაშვილის რეჟიმი. მისნაირი პითეკანტროფები ცდილობდნენ, ყველაფერი დაენგრიათ და ახალი ტიპის ადამიანი შეექმნათ, მაგრამ არ გამოუვიდათ და ამ მიზნით დღესაც დესტრუქციულ ქმედებებს ახორციელებენ, დღესაც იმავეს ცდილობენ და თვალნათლივ ჩანს მათი ქმედებიდან გამომდინარე, რომ სახელმწიფოს რაც უფრო ცუდი დაემართება, მეტად გაუხარდებათ. ამ ყველაფერს ცხადად ვხედავთ თუნდაც „ნაციონალური მოძრაობის“ სააგიტაციო ტელევიზიებისა და მასმედიის წარმომადგენლების მხრიდან, რომლებსაც მე ჟურნალისტებს ვერ დავარქმევდი, ესენი არიან ბოლშევიკური სულისკვეთებით გამსჭვალული აგიტატიორები. თუმცა, მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოება აღარ ჰყვება მათ პროვოკაციულ ქმედებებს და სახელმწიფო და საზოგადოება ერთად იბრძვის ამ სენის წინააღმდეგ.

ჩვენს წარმატებულობაში გარკვეული წვლილი ლუგარის ლაბორატორიამაც შეიტანა. ლუგარის ლაბორატორია დაინერგა 2002 წელს, როცა პანკისის რეგიონში საეჭვო ტერორისტული ორგანიზაციის წარმომადგენლები გაჩნდნენ, რომლებმაც დაიწყეს მასობრივი განადგურების იარაღის ელემენტების წარმოება და ძალიან რთული სიტუაცია შეიქმნა. მაშინ ამერიკის მთავრობამ ჩვენს დასახმარებლად, რამდენიმე ღონისძიება განახორციელა. პირველი - მოხდა ჩვენი შეიარაღებული ძალების აღჭურვა და მომზადება, განხორციელდა 64 მლნ დოლარის ღირებულების პროგრამა, რამაც დიდი როლი ითამაშა მოგვიანებით კონტრტერორისტული ოპერაციის წარმატებით დასრულებაში, და მეორე - ფაქტობრივად, გლობალური ომის სტრატეგიის ფორმატში, შეიქმნა მასობრივი განადგურების გაუვრცელებლობის ტექნოლოგიური საშუალებები ლუგარის ლაბორატორიის სახით, რომელიც ჯორჯ ბუშმა-უმცროსმა გამოაცხადა 2001 წელს. ლუგარის ლაბორატორიამ საკმაოდ დადებითი ეფექტები მოუტანა ჩვენს ქვეყანას.

საამაყოა, რომ საქართველო გახდა COVID-19-თან მებრძოლი წარმატებული ქვეყანა. მალე ზაფხულიც მოვა,  მზიანი ამინდები დადგება და ეს კიდევ ერთი წინაპირობაა ვირუსის დასამარცხებლად. იმედია, ჩვენი ქვეყანა ამ ომს ბოლომდე წარმატებით გაართმევს თავს.