ბიძინა ივანიშვილი ისრაელის ახალ ელჩს რან გიდორს შეხვდა

ბიძინა ივანიშვილი ისრაელის ახალ ელჩს რან გიდორს შეხვდა

პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი საქართველოში ისრაელის ახალ ელჩს რან გიდორს შეხვდა.

შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველო-ისრაელის 26 საუკუნოვან მეგობრობას.

„ჩემთვის ძალიან სასიხარულოა, რომ ვარ დღეს ბატონი ბიძინას და მისი მეუღლის სტუმარი. თბილისში 3 კვირის წინ ჩამოვედი ისრაელის ახალი ელჩის სტატუსით. ძალიან მინდოდა, პირადად მომეხსენებინა მადლობა თქვენთვის, როგორც ისრაელის დიდი მეგობრისთვის. ვიცი, რომ რამდენიმე წლის წინ პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ყოფნის დროს, თქვენ სტუმრობდით ისრაელს. იმედი მაქვს, რომ კიდევ გვესტუმრებით. დიდ მადლობას მოგახსენებთ იმისთვის, რომ ხართ საქართველოში ებრაული სათვისტომოს დიდი მეგობარი და მხარს უჭერთ მის საქმიანობას, რასაც ჩვენ დიდად ვაფასებთ როგორც ისრაელში, ისე საქართველოში. ვსარგებლობ ამ შესაძლებლობით, თქვენს ოჯახს და ქართველ ხალხს მოგილოცოთ ახალი წელი და გისურვოთ წარმატება, კეთილდღეობა, ბედნიერება და სიხარული“ - განაცხადა ისრაელის ელჩმა.

ბიძინა ივანიშვილმა იმედი გამოთქვა, რომ საქართველოსა და ისრაელის 26 საუკუნოვანი მეგობრობა კიდევ უფრო გაღრმავდება.

„ისტორიულად იცით ჩვენი დამოკიდებულება და ჩემი პერსონალური დამოკიდებულება ამ სახელმწიფოსა და ერისადმი. საოცრად მიყვარს ებრაელი ხალხი. ორი კვირის წინ გავაცილეთ ყოფილი ელჩი შაფთაი ცური, რომელთანაც მე ვმეგობრობ და ვამაყობ მასთან მეგობრობით. დარწმუნებული ვარ, ახალი ელჩიც ისეთივე კარგი იქნება ჩვენი ქვეყნისთვის და კიდევ უფრო გავაღრმავებთ ჩვენს 26 საუკუნოვან მეგობრობას, რითაც ორივე ერი ვამაყობთ“ - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.