ბიძინა ივანიშვილის წისქვილი

ბიძინა ივანიშვილის წისქვილი

- ჩვენი უპირველესი ამოცანაა დავამარცხოთ ბიძინა ივანიშვილი. ეს არის ყველასთვის საერთო მთავარი მიზანი! - აცხადებენ ოპოზიციონერები, თუმცა ამ საერთო მიზნის მიუხედავად, ერთმანეთს მაინც ეჭვის თვალით უყურებენ და ერთმანეთს ბიძინა ივანიშვილთან ფარულ თანამშრომლობაში ადანაშაულებენ.
ამათ თუ დავუჯერებთ, ყველა ბიძინა ივანიშვილს ებრძვის და იმავე დროს ცალ-ცალკე ყველა ბიძინა ივანიშვილის წისქვილზე ასხამს წყალს.
- გიორგი ვაშაძე ბნელ მხარეს გადავიდა. რასაც ვაშაძე აკეთებს, ივანიშვილის წისქვილზე ასხამს წყალს! - აცხადებს მიხეილ სააკაშვილი და ნახტომისთვის ემზადება, რომ კიევიდან გამოქანდეს და პირდაპირ ჰავლაბრის მეტროსთან დაეშვას.
- სააკაშვილი ივანიშვილის თამაშს თამაშობს. მისი გააქტიურება არჩევნების წინ, მისი განცხადება, რომ სულ მალე ჩამოვა და ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ბრძოლას სათავეში ჩაუდგება, ხელს უწყობს ქართული ოცნების გარშემო იმ ძალების კონსოლიდაციას, რომლებისთვისაც მიუღებელია ნაცმოძრაობის დაბრუნება ხელისუფლებაში. ცხადია, სააკაშვილის პიარ-სვლები ბიძინა ივანიშვილის წისქვილზე ასხამს წყალს, - ამტკიცებენ ანალიტიკოსები და ექსპერტები”, რომლებიც ევრონაცებიდან იღებენ ინსტრუქციებს.
- სწორედ რომ ევრონაცები არიან გარიგებული ბიძინა ივანიშვილთან. ნახეთ, რა ქნეს - ფოთში, ხობსა და სენაკში მაჟორიტარობის კანდიდატად გიგა ბოკერია წამოაყენეს. გიგა ბოკერია, რომელიც ყველაზე მიუღებელი, ყველაზე არარეიტინგული, ყველაზე არაპოპულარული ფიგურაა მთელ ოპოზიციურ სპექტრში. რატომ გააკეთეს ეს? იმიტომ რომ, “ქართული ოცნების კანდიდატმა უფრო ადვილად გაიმარჯვოს. ამის შემდეგ კიდევ ვინმეს ეპარება ეჭვი, “ევროპული საქართველო ბიძინა ივანიშვილის წისქვილზე რომ ასხამს წყალს? - რიტორიკულ კითხვას სვამენ ვიღაც-ვიღაცები.
- ნაცებმა”, “ევრონაცებმა და ქართულმა ოცნებამ სამივემ ერთად იჩალიჩა, რომ 1%-იანი ბარიერი შემოეღოთ. ვის წისქვილზე ასხამს ეს წყალს? რა თქმა უნდა, ბიძინა ივანიშვილის წისქვილზე!
- ვითომ ოპოზიციური არხის დირექტორი ნიკა გვარამია სისულელეებს რომ ლაპარაკობს ბიძინა ივანიშვილზე და ასევე სისულელეებს რომ ალაპარაკებს ნაცებს და ევრონაცებს სხვადასხვა საკითხებზე, ვის წისქვილზე ასხამს ეს წყალს თუ არა ბიძინა ივანიშვილის წისქვილზე? ხომ ცხადია, რაც უფრო მეტ სულელს გამოიყვანს ეკრანზე ეს თვალთმაქცი ნიკუტა, მით უფრო კარგი ქართული ოცნებისთვის და ბიძინა ივანიშვილისთვის.
- შალვა ნათელაშვილი რომ შალვა ნათელაშვილია და ვითომ ივანიშვილის ყველაზე რადიკალურ ოპონენტად და დაუძინებელ მტრად მოაქვს თავი, იმდენ ფანტასმაგორიულ სიგიჟეს ამბობს, დამფრთხალი ადამიანები ოპოზიციური ბანაკიდან გამორბიან.
მოკლედ, რომ მოვჭრათ, შალვა რომ შალვაა, ისიც ივანიშვილის წისქვილზე ასხამს წყალს.
- 20 ივნისის ამბები ხომ გახსოვთ, “შტურმავიკებმა ოთხჯერ რომ მიიტანეს იერიში პარლამენტის შენობაზე, ამ შტურმავიკებმაც თავიანთ პოლიტხელებთან ერთად ბიძინა ივანიშვილის წისქვილზე არ დაასხეს წყალი? ხელისუფლებას საბაბს რომ მისცემ, სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის კვალიფიკაცია მისცენ შენს ქმედებებს, უბრალო ამბავი ხომ არ არის?
- ციხიდან გამოსულმა პოლიტპატიმარმა ოქრუაშვილმაც დაადასტურა, რომ აქციის მონაწილეები მიზანმიმართულად ცდილობდნენ წონასწორობიდან გამოეყვანათ პოლიცია, ოქრუაშვილმაც თავისი აღიარებითი ჩვენებით ბიძინა ივანიშვილის წისქვილზე დაასხა წყალი.
მოკლედ რომ მოვჭრათ, ამ ოპოზიციიდან, თვით ამ ოპოზიციის წარმომადგენელთა მტკიცებით, ყველა ოპოზიციონერი ფარულად ბიძინა ივანიშვილის წისქვილზე ასხამს წყალს.
კი, მაგრამ, ისეთი რა წისქვილი აქვს ამ კაცს, რომ ყველანი მის წისქვილზე ასხამენ წყალს?
- ესენი ხელისუფლებაში რომ იყვნენ, მაშინაც ასეთი იდიოტები იყვნენ თუ ოპოზიციაში გადასვლის შემდეგ გამოსულელდნენ და გამოტვინდნენ? - მკითხა ერთმა.
ესენი სულ იდიოტები იყვნენ, დაბადებიდანვე, ხელისუფლებაში ყოფნის დროსაც, უბრალოდ, მაშინ ასე მწარედ არ ემჩნეოდათ უტვინობა. ხომ გაგიგონიათ რუსული ანდაზა: “სილა ესტ, უმა ნი ნადა ჰოდა, “სილა ანუ ძალაუფლება როცა ჰქონდათ, მათ უჭკუობას და გონებაჩლუნგობას ეს ფარავდა. ახლა, ძალაუფლება რომ არა აქვთ, უცებ გაშიშვლდნენ და გაიშიფრნენ.
კოალიციური მთავრობა უნდა შევქმნათო, რომ გაიძახიან, როგორ შეიძლება ამათ კოალიციური მთავრობა შექმნან - ხომ დაჭამეს ერთმანეთი.
კი, ბატონო, დაჭამონ და დაგლიჯონ ერთმანეთი, მაგრამ ქვეყანას რომ დაანგრევენ და გააუბედურებენ, ქვეყანას რომ შეიწირავენ ეს კაციჭამია ვირთხები, ამას რა ვუყოთ?
სადაც სამართალია, არჩევნებში კი არ უნდა მონაწილეობდნენ და პარლამენტარობაზე კი არ უნდა ჰქონდეთ პრეტენზია ამ არამზადებს, საბრალდებო სკამებზე უნდა ისხდნენ და ქართველ ხალხს პასუხს უნდა სცემდნენ იმ უამრავ შემზარავ დანაშაულზე, რაც მათ საქართველოს წინაშე აქვთ ჩადენილი.
გული მიგრძნობს, ეს დროც მალე დადგება, რადგან არ შეიძლება, გამორიცხულია, შეუძლებელია საბოლოო ჯამში სიმართლემ და სამართალმა არ იზეიმოს.
მანამდე კი ასხან წყალი ბიძინა ივანიშვილის წისქვილზე ამ ენთუზიასტმა პოლიტმეთულუხჩეებმა, პარალელურად კი, ბოდიში მომითხოვია და რამდენიც უნდათ იმდენი აფსან ერთმანეთს თავზე.

ვახტანგ ხარჩილავა

„საერთო გაზეთი“