ბუბა, თენგო, ქიცი და ქიცმაცური

ბუბა, თენგო, ქიცი და ქიცმაცური

(პოლიტიკური ნოველა)

მოსამსახურე ქალმა კარი ფრთხილად შეაღო, ფეხაკრეფით შევიდა. მოხუცს ისევ ეძინა. ირგვლივ მელოდიური ხვრინვა ისმოდა: ჩიტო-გვრიტო, ჩიტო მარგალიტო დააა... დიმპიტაური, დამპიტაური, დიმპიტაური, დამპიტაური დააა...

- ბატონო ბუბა, - ჩასჩურულა ყურთან ქალმა.

მოხუცი შეიშმუშნა, გვერდი იცვალა და მელოდიური ხვრინვა განაგრძო.

- ბატონო ვახტანგ, - არ მოეშვა ქალი. თან გაიფიქრა, ნეტავ ეს ორი სახელი რაღა უბედურებაა, ერთი რომ დაერქმიათ, არ ეყოფოდაო?

მოხუცმა თვალები გაახილა, ქალს მიაშტერდა, კარგახანს უაზროდ უყურა, ბოლოს გაბრაზებულმა მიახალა:

- რა იყო?

- მიხეილი რეკავს, ბატონო ბუბა.

- აბა, მიხეილი?

- მიშა, მიხეილი, მიშიკო, უკრაინიდან.

- მიხეილი და მიშიკო? ორნი რეკავენ?

- არა, ერთია... აი, თქვენც ხომ ერთი ხართ და ორი სახელი გაქვთ?

- ააა, ჰოოო... მართალია, მეც ორი ვარ და ერთი სახელი მქვია.

- პირიქით, ბატონო ბუბა, პირიქით, - შეაპარა ქალმა.

- ჰო, პირიქით... რაო, რა თქვი, ვინ დარეკაო?

- მიშამ დარეკა, ყოფილმა პრეზიდენტმა, როცა გაიღვიძებს, გადმომირეკოსო, ძაან „ვაჟნი“ საქმე მაქვსო.

- ააა, ჩემმა პრეზიდენტმა დარეკა? - გამოცოცხლდა მოხუცი.

- დიახ, უნდა გავახაროო, სიურპრიზი მაქვსო.

- ჰმ... მიყვარს სიურპრიზები, მომიტანე ტელეფონი, ბარემ გადავურეკავ, მოვიკითხავ.

მოხუცი საწოლში წამოჯდა, სათვალე მოირგო. ქალმა ტელეფონი მოუტანა, მიხეილის ნომერი სათუთად აკრიფა.

- ალო, მიშაჯან, ბუბა ვარ.

- ხიიიიიიხხხ, როგორ ხარ, ბუბაჯან?! - გაისმა ტელეფონში ჭყვიტინა ხმა.

- ძნელი ყოფილა თურმე სიბერეეე... გულო, გაუძელ ტკივილს, წვიმა მოსულააა, არვის ეგონოოოს, გაყიდულ არღანს ვტირიიი.

- ხიიიიიიხხხ... კარქი რა, ბუბაჯან, რა დროს შენი სიბერეა?!

- რავი, მიშაჯან, მუხლები აღარ მემორჩილება.

- მოკლედ, ეხლა სერიოზულად... წუხელ ბევრი ვიფიქრე და გადავწყვიტე, რომ საარჩევნო სიაში პირველ ნომრად უნდა ჩაგწერო.

დუმილი. მოხუცი გაშტერდა. თვალთაგან ცრემლი წამოუვიდა. ასეთ დაფასებას ნამდვილად არ ელოდა. თან დაიჯერა, თან ვერა.

- მაიცა, მიშაჯან, ღადაობ, ტო?

- რას ვღადაობ? ოლიგარქი ბორია უნდა დავამარცხოთ, შენ მძიმეწონოსანი პოლიტიკოსი ხარ, ხალხს უყვარხარ!

- მაიცა, მეორე ვინ იქნება, ნანი ბრეგვაძე?

- ვნახოთ, მაგაზე ვფიქრობ.

- ისე, მე რომ შენს ადგილზე ვიყო, მესამე ნომრად თენგიზ კიტოვანს ჩავწერდი, კაი ბიჭია, მიშაჯან, დამიჯერე.

- ეგ მეც ვიფიქრე, მაგრამ ნუგზარ წიკლაურმა მითხრა, ნამეტანი იქნებაო, ზვიადისტები განგვიდგებიანო.

- ზვიადისტები ცოცხლები არიან?

- რავი, დარჩნენ ცოტანი, რააა... მოკლედ, ეგეთი საქმეა, უნდა გვასახელო.

- ბაზარი არ არი, მიშაჯან, ხო იცი, არ გიღალატებ... თენგოზე და ნანიზე მაინც იფიქრე, გადავურეკავ, გაუხარდებათ.

- ჯერ ნუ გადაურეკავ, ვიფიქრებ, თემო ძიასთან შევათანხმებ, მარტო არა ვარ.

- თემო რომელია?

- ბიძაჩემი, აღარ გახსოვს, ვახტანგურებს რომ სვამდით ხოლმე.

- ააა, თემური, კაცო? მაგას რა დამავიწყებს? მოკითხვა გადაეცი, ბიძინას თავი უნდა გამოგიგზავნო-თქო!

- შენი იმედი გვაქვს, ბუბაჯან, წავედი.

ტელეფონი გაითიშა. მოხუცი წამოდგა. ისევ ჩამოჯდა, მუხლებმა უმტყუნა. ჩაფიქრდა. თვალწინ ის დღეები დაუდგა, ორი ავტომატიც რომ ემსუბუქებოდა. ეჰ, მაგარი დრო იყო, ტალიკ-ტალიკა ბიჭებმა გადაარჩინეს სამშობლო, სისხლისმსმელ გამსახურდიას გამოსტაცეს ხელიდან. აღარ დაადგა საშველი ამ მიწა-წყალს, ცხრა წელიწადი იყო გაბრწყინებული და აჰა, ისევ ჩაღამდა, ჩაკუნაპეტდა, აქაურობას გველეშაპი დაეპატრონა. უცებ მოხუცში მეორე „მე“-მ გაიღვიძა და პასუხგაუცემელი შეკითხვების დასმა დაიწყო: შე ოჯახაშენებულო, ჯერ გამსახურდიას გადაუდექი და შევარდნაძე ჩამოიყვანე, მერე კი შევარდნაძე გაწირე და მიხეილის მხარე დაიჭირე, ასე რაფერ იცვლი შეხედულებებს? წლების განმავლობაში ივანიშვილის ჯიბიდან ხუთი ათას ლარს იღებდი, როცა პოლიტიკაში მოვიდა, აღარ მოგეწონა, ეგრევე გავარდი, ბანკიდან დაგროვილი თანხა გამოიტანე, სადღაც გადამალე, დაგებრუნებინა უკან, ასე უფრო კაცური არ იქნებოდა? მოხუცმა ხელი აიქნია, უსიამო ფიქრები განდევნა, საერთოდ აღარ სურდა ბინძური შეკითხვების გახსენება... ყველას თავისი ცხოვრება აქვს, მოხერხებულობა და მარიფათი, ფულს სუნი არ უდის, გაძლევენ? გამოართვი. გართმევენ? გაიქეცი. აეგ არი, რააა! ისე, ერთი კი დაავიწყდა, მიხეილისთვის უნდა ეკითხა, პარლამენტში ჯამაგირი რამდენი ექნება? წესით, ათი ათასამდე კი უნდა იყოს, მანქანაც დასჭირდება თავის შოფრით, ბენზინი, ჯიბის ფული... რაც მთავარია, აქტუალური გახდება, ჟურნალისტები დაუძახებენ, შეკითხვებს დაუსვამენ, ჭკუას ჰკითხავენ. თენგოს უნდა დაურეკოს, გაუხარდება. ნომერი აკრიფა, ტელეფონი ნაპირა ყურთან მიიტანა.

- ალო, თენგოჯან, რავა ხარ?

- ფშშშშშშ... ფშხხხხხ... მაიცა, რომელი რეკამ შენ მანდა?

- ბუბა ვარ, ბიჭო, მომღერალი და მსახიობი, მალე პოლიტიკოსადაც გავიჩითები!

- ფშშშხხხ... ვაახ, ბუბაჯან, სად დაიკარგე, ტოოო?!

- რავი, იქით კონცერტები, აქეთ - პოლიტიკა, ვეღარ ვიცლი.

- ფსსსსს... მაიცა, რა პოლიტიკა, შე ჩემა, შენა მე-19 საუკუნეში არ დაიბადე?

- გეშლება!

- ჰი, ჰი, ჰი!

- შენა... იცინე და ჩემ კაბინეტში დაუკაკუნებლად რო ვერ შემოხვალ, მერე ნახამ. მე კიდე მიშას ვეხვეწე, სიაში თენგოც ჩაწერე-მეთქი, „დურაკი“ არა ვარ, ჰა?!

- ფშხხხხ... რა სიაში, ტო?

- საპარლამენტოში, სხვა რა სია აქ მაგას?!

- მაიცა, „სერიოზნა“?

- მა რააა... ერთი გამახსენე, შენ რომელწლიანი ხარ?

- 1938-იანი, ტოლები ვართ, შე ჩემა!

- ჰოდა, „კაკრაზ“, შევალთ პარლამენტში და შევქმნით ფრაქციას - „ბებრისა რქანიც ეწევიან“, როგორია?

- ჰო, კაი იქნება, მაგრამ ეგ „რქანი“ არ მამწონს, უცნაურადა ჟღერს.

- ნუ დაიწყე ეხლა შენებურად, ეგ სხვა „რქებია“, მამულიშვილური, პატრიოტული და რამე!

- ფშხხხ... ჯანდაბას, რაც გინდა, ის დაარქვი, „ლიჟბი“ ჩვენი გავისწოროთ.

- თენგოჯან.

- რა იყო?

- გახსოვს, ბიჭო, რუსთაველზე რო დავრბოდით ავტომატებით? მართალია, მე დიდუბეზე ვიყავი მიმაგრებული, მაგრამ ხანდახან რუსთაველზეც შემოგივლიდით ხოლმე... კაი დრო იყო.

- ჰო, ავტომატებით რო დავრბოდით, მახსომს, მაგრამ რითვინ დავრბოდით, ეგ აღარ მახსომს.

- აუუუ, ღადაობ, ტოოო? აი, ქაშუეთის სამრეკლოდან ზარბაზანი რო ისროლე, ერთ რამედა ღირდა, რააა!

- ფშხხხ... რავი, ზარბაზანი არ მახსომს, მაგრამ ერთი კაცი რო ჩამოიდა მოსკოვიდან და „სამალიოტის“ კიბეებთან ყვავილებით დავხვდით, ბუნდოვნად ვხედამ ხოლმე სიზმარში. შენ ხო არ იცი, ეგ კაცი ვინ იყო?

- ედიკა იყო, შე ჩემა!

- აბა ედიკა?

- შევარდნაძე!

- შენა და... სად დაიკარგა?

- მოკვდა, წაიღო წერილი გაღმა!

- რა წერილი?

- რავი, მარილზე ეწერა რაღაცები.

- ჩემზე ხო არაფერი ეწერა?

- არა მგონია, მეც გადმოცემით ვიცი, ლანამ მითხრა, ღოღობერიძემ.

- ეგ რომელია?

- აი, ეგ არი, „როცა აყვავდა ნუში“ რო გადაიღო, ედიკას დაქალი, რა.

- აზრზე არა ვარ, ვერ ვიხსენებ.

- კაი, თენგოჯან, გავედი, არ მოიწყინო, ამ დღეებში გადმოგირეკავ.

მოხუცმა ტელეფონი გათიშა. ამოიხვნეშა. თავი ჩაჰკიდა. მისი გონება ისევ ფიქრმა წარიტაცა. მართლაც მაგარი იდეა მოუვიდა: თენგო, ლანა, ნანი... ეს ხალხი სჭირდება პარლამენტში, გამოცდილება აქვთ, ქიციც იციან და ქიცმაცურიც... ძაან მაგარ ფრაქციას შექმნიდა, ქვეყანას გამოიხსნიდნენ ოლიგარქისგან... ბოლოს და ბოლოს, ხუთ წელიწადში ერთხელ რევოლუცია თუ არ მოხდა, რაა მამული? დილით ავტომატის კაკანი რო გადაუვლის დედაქალაქს და ზარბაზნის გამაყრუებელი გუგუნი შესძრავს მთაწმინდას, ამაშია მთელი მუღამი. ჰი, ჰი, ჰი... ჩვენი დრო მოდის, მომავალი თაობისა... ერთხელ იყო და კიდე მოდის. აი, ბახრიბამ, ბახრიბაააამ, გოგოებო, ბიჭებოოო, თქვენ გენაცვალოოოთ, ბუბა ბიძიაააა... აი, ბახრიბამ, ბახრიბააამ, ოპაააააა!

ნოველა რეალურ ფაქტებზე დაყრდნობით დაწერა გელა ზედელაშვილმა

„საერთო გაზეთი“