გიორგი გახარია: ჩვენ ელჩს გამოვიწვევთ მხოლოდ კონსულტაციებისთვის

გიორგი გახარია: ჩვენ ელჩს გამოვიწვევთ მხოლოდ კონსულტაციებისთვის

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გიორგი გახარია:

„რა თქმა უნდა, ქართველები და უკრაინელები ვართ არა მხოლოდ სტრატეგიული პარტნიორები, არამედ ჩვენ გვაკავშირებს დიდი, ბევრი წლის თანამშრომლობის ისტორია. ჩვენ ამ სტრატეგიულ პარტნიორობასა და ჩვენს ქვეყნებს და ჩვენს ხალხებს შორის ძმობას კითხვის ნიშნის ქვეშ ცალკე აღებული უპასუხისმგებლო პოლიტიკოსების გამო არ დავაყენებთ. თუმცა, ჩვენ ელჩს გამოვიწვევთ, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ კითხვის ნიშნის ქვეშ დავაყენებთ დიპლომატიურ ურთიერთობებს ან სტრატეგიულ პარტნიორობას. ჩვენ ელჩს გამოვიწვევთ მხოლოდ და მხოლოდ იმისთვის, რომ გავიაროთ კონსულტაციები იმის თაობაზე, როგორ დავიცვათ ეს ურთიერთობები ავანტიურისტებისგან. რადგან, სხვანაირად, რა გავაკეთოთ იმისთვის, რომ დავიცვათ სტრატეგიული და ძმური ურთიერთობები უკრაინელ ხალხთან ამ ავანტიურისტი პოლიტიკოსებისგან, რომლებიც სამწუხაროდ, თავიანთი პირადი გაურკვეველი ამბიციებისა და ეგოების გამო, რისკის ქვეშ აყენებენ ჩვენი ქვეყნების ურთიერთობას. მეორე მხრივ, ჩემთვის სამწუხაროა, რომ ისეთი გამოცდილების შემდგომ, როგორიც უკრაინას გააჩნია, კიდევ ერთხელ არის ეს.

ჩვენ ეს განწყობა არ დაგვიმალავს. გაურკვეველია, როდესაც სტრატეგიული პარტნიორი სასამართლო სისტემის მიერ უკვე მსჯავრდებულ და მძიმე დანაშაულებისთვის მისჯილ ადამიანს ნიშნავს თანამდებობაზე. გასაგებია, რომ არ ინიშნება მაღალ სამთავრობო პოზიციაზე, ინიშნება რაღაც მრჩევლის თუ რაღაც საკონსულტაციო ჯგუფის ხელმძღვანელად, მაგრამ ეს არის მაინც გაურკვეველი და ჩვენი ელჩის გამოწვევა სწორედ ამიტომაა.

ჩვენ დიდი გამოცდილება გვაქვს. ოდესის შემდგომ რა ძალისხმევა დაგვჭირდა იმისთვის, რომ ამ გარკვეული ისტორიების შემდგომ, საქართველოსა და უკრაინის ურთიერთობები დაგვებრუნებინა ნორმალურ, სტრატეგიული მეკავშირეობის ფარგლებში. პირადად ვიყავი ამაში ჩართული, პირადად ვიყავი კიევში ჩასული, პირადად მქონდა შეხვედრები. ახლა ელჩს ვიწვევთ, რადგან ამ პოლიტიკურმა ავანტიურისტებმა არ შეძლონ, ჩვენს მოძმე და სტრატეგიულ პარტნიორთან ხელი შეგვიშალონ და რისკის ქვეშ დააყენონ ეს ურთიერთობა. ეს ჩვენთვის არის ყველაფერზე მნიშვნელოვანი. ამ წინადადების შემდგომ აუცილებლად, ვინც არ უნდა იყოს ეს, უნდა თქვას, რომ ასევე უზრუნველყოფს, რომ შემდგომში სხვა ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევა არ გაგრძელდეს და როგორ დააკავებენ ახლა მიხეილ სააკაშვილს იმისგან, რომ საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევისგან თავი შეიკავოს, ეს ძალიან მაინტერესებს და ამას დავაკვირდები“.