გიორგი ხანიშვილი ლუდისა და უალკოჰოლო სასმელების ქარხანაში „ზედაზენის" პროდუქციის წარმოების პროცესს გაეცნო

გიორგი ხანიშვილი ლუდისა და უალკოჰოლო სასმელების ქარხანაში „ზედაზენის" პროდუქციის წარმოების პროცესს გაეცნო

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე, გიორგი ხანიშვილი ლუდისა და უალკოჰოლო სასმელების ქარხანაში -  „ზედაზენის",  პროდუქციის წარმოების პროცესს გაეცნო.

კორონავირუსის პანდემიის პირობებში, კომპანია „ზედაზენში“ ლუდის ბრენდი „აია“ აღადგინეს და ახალი ლუდი „რავი“ შესთავაზეს მომხმარებელს.

 „ქარხანა, რომელიც აღჭურვილია ევროპული წარმოების ყველაზე თანამედროვე ტექნიკით, ქართველ და უცხოელ მომხმარებელს უმაღლესი ხარისხის პროდუქციას აწვდის. კორონავირუსის პერიოდში „ზედაზენმა“ შეძლო ლუდის ორი ახალი ბრენდი მიეწოდებინა ბაზრისთვის და 20%-მდე გაეზარდა პროდუქციის ექსპორტი, რაც კრიზისული სიტუაციის დროს სწორი მენეჯმენტის შედეგია“, - განაცხადა გიორგი ხანიშვილმა.

კომპანია „ზედაზენის“ დამფუძნებელმა, ცეზარ ჩოჩელმა ხაზი გაუსვა კორონავირუსის პანდემიის პირობებში გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წვლილს პროდუქციის წარმოების უწყვეტობის შენარჩუნებაში.

„ვფიქრობ, ბევრი რამ გაკეთდა იმისთვის, რომ კორონავირუსის პანდემიის პერიოდი მაქსიმალურად უმტკივნეულოდ გაგვევლო, თავიდან აგვერიდებინა კადრების დათხოვნა, წარმოების შეჩერება და ბაზრიდან გასვლა. სოფლის მეურნეობის სამინისტროს დამსახურებაა, რომ შევძელით პრიორიტეტების და საკუთარი რესურსების სწორად და ოპტიმალურად მოკლე დროში გადალაგება. დღეისათვის, ჩვენს ბიზნესს აქვს ერთადერთი საზრუნავი - კრიზისის შემდეგ, რაც შეიძლება სწრაფად და ეფექტიანად მოხდეს ზრდის ეტაპზე გადასვლა“, - აღნიშნა ს.ს. „ქართული ლუდის კომპანიის“  დამფუძნებელმა, ცეზარ ჩოჩელმა.

 „ზედაზენის“ ქარხანამ წარმოება 2012 წელს დაიწყო და დღესდღეობით წარმოებაში 400-ზე მეტი ადამიანია დასაქმებული. დაფუძნებიდან დღემდე, კომპანიამ წარმოებაში 120 მლნ. ევროზე მეტი ინვესტიცია განახორციელა.