დავით სონღულაშვილი: სიღნაღელებს განსაკუთრებულად შეუძლიათ ერთობით იშრომონ მუნიციპალიტეტის, თავისი მხარის წარმატებაზე, ამის ძალიან დიდი პოტენციალი და ტრადიციაა

დავით სონღულაშვილი: სიღნაღელებს განსაკუთრებულად შეუძლიათ ერთობით იშრომონ მუნიციპალიტეტის, თავისი მხარის წარმატებაზე, ამის ძალიან დიდი პოტენციალი და ტრადიციაა

„სიღნაღელებს განსაკუთრებულად შეუძლიათ ერთობით იშრომონ მუნიციპალიტეტის, თავისი მხარის წარმატებაზე, ამის ძალიან დიდი პოტენციალი და ტრადიციაა - განაცხადა „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ გურჯაანის, საგარეჯოს, სიღნაღის და დედოფლისწყაროს  მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა დავით სონღულაშვილმა სიღნაღში, წარდგენაზე სიტყვით გამოსვლისას.

როგორც დეპუტატობის კანდიდატმა განაცხადა, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პერიოდში მუნიციპალიტეტებში ბევრი რამ შეიცვალა, თუმცა გამოწვევები კვლავ რჩება და  წინ ბევრი საქმეა.

„მეამაყება და რა თქმა უნდა, ვღელავ, რადგან წარვსდექი ამაყი ქიზიყელების წინაშე. ამ პერიოდის განმავლობაში შესაძლებლობა მქონდა ფაქტობრივად ყველა სოფელში, ყველა უბანში მივსულიყავი, გავცნობოდი იმ საჭიროებებს, რომელიც  მუნიციპალიტეტს გააჩნია და მოსახლეობასთან ერთად დაგვეგეგმა შემდგომი ოთხი წლის სამოქმედო გეგმა, რითიც ნაბიჯ–ნაბიჯ შევუდგებით  ამ გამოწვევების და არსებული პრობლემების გადაჭრას. 

ზუსტად ვიცი რა საჭიროებები აქვს მუნიციპალიტეტს. სიღნაღელებთან ერთად დავიწყეთ მსჯელობა, როგორ შეიძლება, სიღნაღს დაუბრუნდეს ისტორიული ფუნქცია. წნორელებთან ერთად ვგეგმავთ, როგორ შეიძლება წნორი იყოს აგროსამრეწველო ცენტრი. თითოეულ სოფელს აუცილებლად უნდა ჰქონდეს ფუნქცია. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ უახლოეს მომავალში გაიხსნება ბოდბისხევის ტრადიციული ბაზარი, რომელიც საუკუნეზე მეტი ტრადიციის არის.

„ქართული ოცნების“ ხელისუფლების პერიოდში მუნიციპალიტეტებში ბევრი რამ შეიცვალა. რომ დავდივარ სოფლებში ვხვდები ძალიან ბევრ სკოლებს, ბაღებს, საზოგადოებრივ ცენტრებს, რომლებიც ახალი გაკეთებულია. თითქმის სრულად გაზიფიცირდა ყველა სოფელი. ცალკე აღსანიშნია თვითონ წნორის მასშტაბური პროექტი, რომელიც 24 საათიან წყალმომარაგებას გულისხმობს. უკვე დაწყებულია დამატებით 13 სოფლის წყალმომარაგების საკითხის გადაწყვეტა, რომელიც, ალბათ, საბოლოო ჯამში უნდა იყოს ჩვენი მიზანი, რომ მაქსიმალურად მოკლე დროში გვქონდეს შესაძლებლობა 24 საათიანი წყალმომარაგების უზრუნველყოფის.

ამ ყველაფერთან ერთად არ მინდა გავექცე იმ გამოწვევებს, რომელიც მუნიციპალიტეტის წინაშე დგას და პრობლემებს, რომელიც განსაკუთრებულად გამოიყო. ეს არის საცხოვრებლისა და მიწების რეგისტრაციის პრობლემები, აუცილებლად ვიზრუნებ ამ საკითხზე, რომ დავაყენო შესაბამისი საკანონმდებლო ინიციატივები როგორც კი პარლამენტში შევალთ, რათა პრობლემა ერთხელ და სამუდამოდ უნდა გადაწყდეს. აქტიურად უნდა ვიმუშაოთ მელიორაციის საკითხებზე, რომელშიც ცალსახად ვიქნები ჩართული, რომ ეს პროცესები სწრაფად წავიდეს“.

როგორც  პრემიერმა ბრძანა, ცალკე აღსანიშნავია ტურიზმი, რომელიც ალბათ პანდემიის შედეგად ერთ-ერთი დაზიანებული სექტორია და ერთად უნდა ვეძებოთ აქედან სწორი გამოსავალი, რომ ამ სექტორმა მალე შეძლოს რეაბილიტაცია რადგან ეს ერთ-ერთი წამყვანი მიმართულება იყო სიღნაღისთვის.

აუცილებლად უნდა გაგრძელდეს შემნახველი და გადამამუშავებელი პროექტების დაფინანსება სახელმწიფოსგან  და მე, დავით სონღულაშვილმა მინდა გითხრათ თითოეულ მოქალაქეს,  მზად ვარ ვისაც ექნება სურვილი, მივყვე ბოლომდე, რომ მაქსიმალურად შეძლონ ჩაერთონ სახელმწიფო პროგრამებში.

ჩემო ქიზიყელებო ბევრი საქმე გველის წინ, რათა ვუპასუხოთ უკლებლივ ყველა იმ გამოწვევას რომელიც ჩვენს წინაშე დგას. გპირდებით რომ არ დავზოგავ არც ჩემს დროს და არც ენერგიას იმისთვის, რომ აუცილებლად მივაღწიოთ ერთად დაგეგმილ მიზანს.

ბატონო პრემიერო, თქვენ წინა გამოსვლაში ბრძანეთ, რომ აქტიური მაჟორიტარი ვიყავი და არ მოგასვენებთ ამ პერიოდის განმავლობაში. ადრე ერთი მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი ვიყავი და ეხლა ოთხის ვარ, შესაბამისად უფრო უნდა გავაქტიურდე, სხვა უფლება არ მაქვს. სიღნაღში ბევრი რამ არის უნიკალური და გასაზიარებელი. ეს გალავანი, რომელსაც გადავხედავთ და 28 კოშკისგან შედგება,  სიღნაღელების აშენებულია. ცალკე აღსანიშნავია ქვემო მაჩხაანის თეატრი, რომელიც მოსახლეობის შემოწირულობებით არის აშენებული მე-19 საუკუნეში.

სიღნაღელებს განსაკუთრებულად შეუძლიათ ერთობით იშრომონ მუნიციპალიტეტის, თავისი მხარის წარმატებაზე ამის ძალიან დიდი პოტენციალი და ტრადიციაა. მჯერა რომ თქვენთან ერთად, ჩემო სიღნაღელებო, შევძლებთ სიღნაღის წინსვლას. მჯერა, რომ ერთად შევძლებთ ვიზრუნოთ  თითოეული ოჯახის კეთილდღეობაზე. ერთად საქართველოს წარმატებისთვის,"- განაცხადა დავით სონღულაშვილმა.