დამოუკიდებელ საქართველოს თავდაცვის ასეთი მინისტრი არ ჰყოლია!

დამოუკიდებელ საქართველოს თავდაცვის ასეთი მინისტრი არ ჰყოლია!

დაკარგული ღირსების დაბრუნება

1991 წლის 2 იანვრის შემდეგ, დამოუკიდებელ საქართველოს ჰყავს თავდაცვის მე-18 მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი.

ჩვიდმეტთა შორის იყვნენ ღირსეულნიც და უღირსნიც, ერთგულნიც და მოღალატენიც, მაგრამ ამჟამინდელისგან განსხვავებით, ლეგენდებს არც ერთზე არ ჰყვებიან.

ლეგენდებიც არის და ლეგენდებიც... როგორც ჯარისკაცები და ოფიცრები ამბობენ, მათ 2019 წლის 8 სექტემბრის შემდეგ სრულად დაიბრუნეს 2008 წლის აგვისტოში დაკარგული ღირსება და ეს მოხდა ირაკლი ღარიბაშვილის მეცადინეობით: მნიშვნელოვნად გაიზარდა სამხედრო მოსამსახურეთა ხელფასები, დაიწყო მათი ოჯახებისთვის ბინების მშენებლობა, გაუმჯობესდა კვება, ჩაცმა, დახურვა, პირობები, შეიცვალა მიდგომები - 2020 წლის ბოლომდე ყველა ბაზაზე არსებული ყაზარმა იქნება გარემონტებული ისე, როგორც შეესაბამება ნატოს სტანდარტებს. განსაკუთრებით მადლიერნი არიან სამხედრო ვეტერანები. თავადვე აღიარებენ, რომ ასეთი დაფასება და ყურადღება არც ერთი მინისტრის პერიოდში არ ღირსებიათ.

ირაკლი ღარიბაშვილის გეგმა

თავდაცვის ახალი მინისტრი საზოგადოების წინაშე წარსდგა სიტყვებით: „მე ვარ უაღრესად მოტივირებული, რომ ბოლომდე დავიხარჯო, პრემიერ-მინისტრობის დროს სამინისტროსთვის და ჯარისკაცებისთვის ვერ გავაკეთე იმდენი, რამდენიც მქონდა მოაზრებული. ჯარის თემა უნდა შევიდეს ყველა ოჯახში, ჯარის პოპულარიზაციის თემა უნდა დავიწყოთ ბაღიდან, სკოლებიდან, მაქსიმალურად უნდა შევძლოთ ეროვნული, პატრიოტული სულისკვეთების ამოწევა. ჩვენ გვაქვს უდიდესი გამოწვევა, ეს არის ქვეყნის ოკუპაცია, ჩვენი ტერიტორიის 20% არის ოკუპირებული. ამ ფონზე ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ ჩვენი ჯარი იყოს ძლიერი... მე, რა თქმა უნდა, არ ვგულისხმობ იმას, რომ ჩვენი ჯარის გაძლიერება ვინმეს ან რაიმეს წინააღმდეგ არის მიმართული. ჩემი მინისტრობის დროს ჯერ კიდევ და შემდეგ, პრემიერობის დროს, ერთ-ერთი მთავარი პროექტი, რაც მქონდა, ეს იყო ტყვიის საწარმოს მშენებლობა საქართველოში. ჩვენ ვაგრძელებთ ალიანსის წინაშე აღებული ვალდებულებებისა და რეკომენდაციების ზედმიწევნით შესრულებას პრინციპით - მეტი ნატო საქართველოში და მეტი საქართველო ნატოში. ამერიკასთან, ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან ერთად, რა თქმა უნდა, გავაგრძელებთ საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის განხორციელებას, რომლის ფარგლებშიც 2020 წლის ჩათვლით მომზადდება და აღიჭურვება თავდაცვის ძალების ქვეითი ბატალიონები“.

ამ თემაზე, ანუ ირაკლი ღარიბაშვილისა და თავდაცვის სამინისტროს გეგმებზე უსასრულოდ შეიძლება საუბარი, მაგრამ ამჯერად ამით დავკმაყოფილდეთ, მშრალი ფაქტებით და ციფრებით აღარ გადაგღლით.

ვინ არის ირაკლი ღარიბაშვილი?

დაიბადა და გაიზარდა დედოფლისწყაროში, ჩვეულებრივ ოჯახში. 1999-2004 წლებში სწავლობდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე. შემდეგ სწავლობდა სორბონის (პარიზი, საფრანგეთი) უნივერსიტეტში პოლიტიკური მეცნიერებების ფაკულტეტზე, საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალობით. საქართველოში დაბრუნების შემდეგ, 2005 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიიღო საერთაშორისო ურთიერთობების მაგისტრის ხარისხი. როგორც ხედავთ, ურიგო განათლება არ მიუღია. რაც შეეხება სამუშაო გამოცდილებას, 2005-2008 წლებში იყო სააქციო საზოგადოება „ქართუ ჯგუფის“ პრეზიდენტის თანაშემწე. 2006 წლიდან 2012 წლის 14 თებერვლამდე იყო საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდ „ქართუს“ გამგეობის თავმჯდომარე. სწორედ ამ პერიოდში განხორციელდა მრავალი მნიშვნელოვანი ჰუმანიტარული პროექტი და პროგრამა კულტურის, განათლების, სოფლის მეურნეობის, სპორტის, ჯანდაცვისა და სოციალურ სფეროებში.

2011 წლის 11 ოქტომბერს ე.წ. სამართალდამცველებმა მიხეილ სააკაშვილის ბრძანებით დააპატიმრეს პოლიციის გენერალი თამაზ თამაზაშვილი, რომელსაც ბრალდებად წაუყენეს იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარება. გენერალი თამაზაშვილი გახლავთ ირაკლი ღარიბაშვილის სიმამრი, მისი დაკავება მოხდა მას შემდეგ, რაც ბიძინა ივანიშვილმა გამოაქვეყნა პირველი წერილი (2011 წლის 7 ოქტომბერს) და პოლიტიკაში მოსვლის თაობაზე განაცხადა. სააკაშვილის ბანდიტურმა დაჯგუფებამ, რომელიც იმხანად ხელისუფლებად იწოდებოდა, ათასნაირი სიბინძურე ააგორეს თამაზაშვილის წინააღმდეგ, სახელისუფლებო ტელევიზიებმა დაიწყეს დაუსაბუთებელი, ცილისმწამებლური გადაცემების მომზადება. პოლიციის გენერალი დადანაშაულებულ იქნა ნარკოვაჭრობის ხელშეწყობასა და მონაწილეობაში, ადამიანების გატაცებაში, პანკისის ხეობაში გამაგრებულ კრიმინალებთან თანამშრომლობაში. ასევე, მის სახელს დაუკავშირდა ყოველგვარი უსამართლობა, რაც ე.წ „გაი“-ში (საგზაო პოლიციაში) ხდებოდა 1996-2001 წლებში. შავი პიარის მიზანი კი იყო მხოლოდ ერთი - ირაკლი ღარიბაშვილი როგორმე უნდა მოეშორებინათ ბიძინა ივანიშვილის გარემოცვიდან, როგორც ერთგული, საიმედო და ენერგიული ადამიანი. მას შეუთვალეს კიდეც, ყველაფერი რიგზე იქნება, შენს სიმამრს გავათავისუფლებთ, თუკი ივანიშვილს ახლოს აღარ გაეკარებიო. შანტაჟმა არ გაჭრა, ჯერ ერთი, თავად თამაზაშვილმა შემოუთვალა ციხიდან, სადამდეც საჭირო იქნება, მანამდე ვიჯდები კამერაში, არც ერთი ნაბიჯით არ დაიხიო უკანო და მეორეც - თვით ირაკლი ღარიბაშვილსაც არ უფიქრია ივანიშვილის მიტოვება.

2012 წლის შემოდგომაზე სატანისტურ-ნაციონალური მოძრაობა დამარცხდა. საპარლამენტო არჩევნებამდე ირაკლი ღარიბაშვილი აქტიურად იყო ჩართული პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ საქმიანობაში. იყო პარტიის დამფუძნებელი, წევრი და  სარევიზიო კომისიის ხელმძღვანელი. საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ გახდა პარლამენტის წევრი, პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ პროპორციული სიით. თუმცა საკანონმდებლო ორგანოში არ შესულა, ის დაინიშნა შინაგან საქმეთა მინისტრად. ამ პერიოდში გამოცხადდა ფართომასშტაბიანი ამნისტია - საპატიმრო დაწესებულებები დატოვა 16 ათასამდე მსჯავრდებულმა, გათავისუფლდა 200-მდე მოქალაქე, რომლებიც პოლიტიკური ნიშნით იყვნენ დევნილნი და დაპატიმრებულნი. ირაკლი ღარიბაშვილის მინისტრობის პერიოდში განხორციელდა შინაგან საქმეთა სამინისტროს დეპოლიტიზება და რესტრუქტურიზაცია. რეფორმის ფარგლებში გაუქმდა კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის (კუდი) და სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის (სოდი), რომლებიც სინამდვილეში გახლდათ არაკანონიერი სადამსჯელო დანაყოფები. მისი მინისტრობის პერიოდს უკავშირდება უკანონო თვალთვალის დასრულება საქართველოში. 2013 წლის 5 სექტემბერს, უშუალოდ ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, საჯაროდ განადგურდა 110 კომპაქტური დისკი, რომლებიც დაახლოებით 181 საათის ხანგრძლივობის უკანონო თვალთვალის გზით მოპოვებული პირადი ცხოვრების ამსახველი აუდიო და ვიდეო ჩანაწერების 144 ფაილს შეიცავდა. ეს ჩანაწერები პოლიტიკოსების, ჟურნალისტების, დიპლომატების, მათ შორის, უცხოელი დიპლომატების, სასულიერო პირების შანტაჟსა და დაშინებას ემსახურებოდა.

31 წლის ირაკლი ღარიბაშვილი 2013 წლის 2 ნოემბერს პრემიერ-მინისტრად დასახელდა. მან ამ თანამდებობაზე ბიძინა ივანიშვილი შეცვალა. რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაშიც შეიძლება უსასრულოდ საუბარი იმაზე, რაც ირაკლის პრემიერობის დროს გაკეთდა ქვეყანაში, მაგრამ დავასახელებთ მხოლოდ ორს, რომლის გამოც მას ნამდვილად ეკუთვნის აპლოდისმენტები: პირველი - ხელი მოაწერა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას; მეორე - მისი ძალისხმევით შეიქმნა პროგრამა „აწარმოე საქართველოში“, რომელიც დიდი შვება აღმოჩნდა ქართული სოფლისთვის, მეწარმეებისთვის, ფერმერებისთვის და საერთოდ, მუშა ადამიანებისთვის.

ბაღლინჯოები ირაკლი ღარიბაშვილის წინააღმდეგ

ბაღლინჯოებმა, 2012 წლის შემოდგომაზე რომ გაიფანტნენ და ნეხვის გროვებს შეაფარეს თავები, ცოტაოდენი დროის გასვლის შემდეგ თავები მაინც წამოყვეს. დიახ, ისინი ნელ-ნელა გამოძვრნენ, მიიხედ-მოიხედეს, სუფთა ჰაერი ჩაყლაპეს, დაინახეს რა, ციხეებში ჩალპობას არ უპირებდნენ, უცებ გათავხედდნენ და დაიწყეს კიდევაც შეტევები ირაკლი ღარიბაშვილის წინააღმდეგ. ბაღლინჯოებს ჯერ გაუჩნდათ იდეა - ახალგაზრდა პრემიერი დაასახელეს „კახური კლანის“ მეთაურად. ზღაპარი იყო ასეთი: ჩაიგდო რა ღარიბაშვილმა ძალაუფლება ხელში, შეკრიბა ნათესავები დედის მხრიდან, მამის მხრიდან, ყველა მხრიდან და გამოუცხადა, ეხლა ჩვენი დროა, აბა, ჰე, შევესიოთ ბიუჯეტსო. ამათაც, ამ ნათესავებს მეტი რა უნდოდათ? მხოლოდ ბიუჯეტი არ იკმარეს, შეესივნენ მთელ საქართველოს.

სხვათა შორის, ირაკლი ღარიბაშვილმა ერთ-ერთ ინტერვიუში აღიარა, ზოგიერთი ნათესავი ჩემთან სახლში ვეღარ მოდისო, იყო რაღაც გადაცდომებიო. სამწუხაროდ, საქართველოში ხშირად ვერ აცნობიერებენ, რომ თუ ახლობელი უმაღლესი თანამდებობის პირი გახდება, კი არ უნდა გათავხედდნენ, პირიქით, უფრო მეტი სიფრთხილე და პასუხისმგებლობაა საჭირო. ამ ქვეყანაში შენს სახელს ისე გამოიყენებენ (ბევრმა გამოიყენა ღარიბაშვილის სახელიც და ივანიშვილის სახელიც) და გასვრიან, შეიძლება ამის შესახებ ვერასოდეს გაიგო.

არ ყოფილა არავითარი „კახური კლანი“, არ ყოფილა არანაირი სანათესაო, იყო ერთი-ორი, ვისაც ჰქონდა რაღაც მცდელობები. თუმცა ბაღლინჯოებს არ გასჭირვებიათ, ბუზი სპილოდ ექციათ და ღარიბაშვილისთვის ათასნაირი სიბინძურე დაებრალებინათ. ბევრი უტრიალეს მის ქონებას, სახლ-კარს, მაგრამ ისეთი ვერაფერი აღმოუჩინეს. ვერც მილიონები უპოვეს შვეიცარიის ბანკში და ვერც ბიზნესები მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეებში.

თუმცა... სიტუაცია იმდენად აუტანელი გახდა, ეს ენერგიული, ქვეყნის მოყვარული კაცი გადადგა. 2015 წლის 23 დეკემბერს მან ასეთი განცხადება გააკეთა:

„ძვირფასო თანამემამულენო, ყველა ადამიანს აქვს არჩევანის საშუალება. დღემდე ჩემი თითოეული ნაბიჯი გამომდინარეობდა იმ პასუხისმგებლობიდან, რასაც არჩევანი მაკისრებდა, როცა ვიღებდი გადწყვეტილებას, იქნებოდა ეს ოჯახის შექმნა თუ კარიერის არჩევა. ჩვენი ბრძოლა 2012 წელს ჩვენი ხალხის გამარჯვებით დასრულდა. მეამაყება, რომ წილად მხვდა პატივი, ამეღო უდიდესი პასუხიმგებლობა ერის წინაშე. ჩემი პრემიერ-მინისტრობის დროს ჩვენს ქვეყანაში დამკვიდრდა მშვიდობა და სტაბილურობა. მოქალაქეებს დავუბრუნეთ ყველაზე მთავარი - თავისუფლება და ღირსება. ჩვენი მასშტაბური რეფორმებით შევქმენით მყარი საფუძვლები ეკონომიკური და სოციალური კეთლდღეობისთვის. მივაღწიეთ ისტორიულ შედეგებს - გავაფორმეთ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება და დავიწყეთ თავისუფალი ვაჭრობა. მივიღეთ ვიზალიბერალიზაცია, რითაც შეუქცევადი გახდა ჩვენი ინტეგრაცია ევროპულ ოჯახში“.

რა თქმა უნდა, ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომას მოჰყვა დიდი მითქმა-მოთქმა. იმწამსვე ყველა გახდა ექსპერტი და დაიწყეს იმის დადგენა, ის პრემიერობიდან გადააყენეს თუ თვითონ გადადგა, ბიძინა ივანიშვილმა გადააყენა თუ აშშ-ის ელჩის ზეწოლით მოხდა ყოველივე. სხვათა შორის, 2020 წლის აპრილში ბოღმით გულგასიებულმა დავით ბერძენიშვილმა აღიარა, მაშინ ბიძინა ივანიშვილი ჩვენ შევაშინეთ, დავაშანტაჟეთ, ირაკლი ღარიბაშვილი გადავაყენებინეთ, თანაც ისე, ღარიბაშვილმა არაფერი იცოდა და თავდაცვის მინისტრად თინა ხიდაშელი დავანიშნინეთო. ეს ის თინაა, ჯარისკაცების წინაშე „ბუშლატით“ და „ჩუსტებით“ რომ წარსდგებოდა ხოლმე და ყველას არცხვენდა. რა უნდა ჰქონოდათ ბერძენიშვილებსა თუ უსუფა-ხიდაშელებს ისეთი, ივანიშვილი რომ დაეშანტაშებინათ, ანუ შეეშინებინათ? ალბათ არაფერი, უბრალოდ დაიწყებდნენ პრანჭვა-გრეხვას, კოალიციიდან გავალთ, აშშ-ის ელჩს ამბავს მივუტანთ, რომ არაფორმალური მმართველი ბრძანდებითო და ასე შემდეგ. ბიძინა ივანიშვილის შეშინება, მით უფრო დაშანტაჟება ასეთი იოლი არ არის, შეიძლება რაღაც ეტაპზე დათმო, მაგრამ როგორც ვხედავთ, შემდგომში სიტუაცია თავისებურად დაალაგა და დღეს არის ის სურათი, რაც არის - ირაკლი ღარიბაშვილი ისევ მინისტრია, ხოლო ბერძენიშვილები, უსუფაშვილები და ხიდაშელები ისევ პოლიტიკურ სანაგვეში იქექებიან. ისე, რაღა დაგიმალოთ და... სასაცილოა ამათი საქციელი, ერთს ამბობენ და ავიწყდებათ მეორე, თუკი ივანიშვილი შეაშინეს და ღარიბაშვილი გადააყანებინეს, მაშინ რაღა შუაშია „კახური კლანი“, ან კიდევ ნათესაური კავშირები?

ერთი სიტყვით, ბევრი რომ აღარ გავაგრძელოთ, პრემიერ-მინისტრი აგორებულ სიბინძურეს გაეცალა, სამი წლით გაუჩინარდა. ის აღმოჩნდა ერთადერთი ადამიანი, რომელსაც გადადგომის შემდეგ „ქართული ოცნება“ და ბიძინა ივანიშვილი არ უგინებია. საქართველოში წესად არის ქცეული, ძალიან ბევრს უნდოდა, ძალიან ბევრს ჰქონდა სურვილი, ბიძინა ივანიშვილისთვის მუხლები დაეკოცნა, ბევრმა დეპუტატის მანდატიც მიიღო, თანამდებობაც, მაგრამ როცა მომდევნო მოწვევის სიაში აღარ ჩასვეს, ან თანამდებობიდან გადააყენეს, ეგრევე შეუტრიალდნენ და ათასი უბედურება დააბრალეს.

ირაკლი ღარიბაშვილმა მსგავსი არაფერი იკადრა, ის დარჩა ერთგულ ჯარისკაცად და კერძო სექტორში გააგრძელა საქმიანობა. თუმცა, ბაღლინჯოები მაინც არ ისვენებდნენ, ხლართავდნენ და ხლართავდნენ ინტრიგებს, რაღას არ იგონებდნენ, რაღას არ თითხნიდნენ... ისაო, „კახური კლანი“ პოლიტიკური პარტიის შექმნას გეგმავსო... არ არის გამორიცხული ამ პარტიაში მინდია ჯანელიძე და ალექსანდრე ჭიკაიძეც ვიხილოთო... ჩვენ ვიცითო, ნაღდი კულუარული ინფორმაცია გვაქვსო - „კახურ კლანს“  პოლიტიკური პარტიის შექმნა იმისათვის სჭირდება, რომ  ხმაურიან დაჭერებს ასცდნენ საპარლამენტო არჩევნებამდე მაინცო... ისინი ფიქრობენ, რომ თუკი იქნებიან პოლიტიკური ქოლგის ქვეშ, მათი დაკავებები არ იქნებაო.

როგორც ხედავთ, ეს იყო ბინძური კამპანია ბაღლინჯოთაგან აგორებული, არც ერთი „ბრალდება“ თუ ე.წ. კულუარული ინფორმაცია არ გამართლებულა და ვერც გამართლდებოდა, რადგან ყოველივე იყო მტკნარი სიცრუე.

ირაკლი ღარიბაშვილის დაბრუნება

სამწლიანი პაუზის შემდეგ, ირაკლი დაბრუნდა თავდაცვის მინისტრის თანამდებობაზე, დაბრუნდა ღირსეულად და ყველა ჯარისკაცსა თუ ოფიცერს, ყველა ვეტერანს დაუბრუნა ღირსება. ჯარისთვის ღირსების დაბრუნება ნიშნავს ნებისმიერი ქართველის დაფასებას.

თუმცა ისევ წამოყვეს (ეს მოსალოდნელიც იყო) თავები ბაღლინჯოებმა და დაიწყეს, ღარიბაშვილს ნახევარმილიონიანი საათი უკეთიაო, ჯარში კორუფციააო... აგერ ჯარისკაცებსა და ოფიცრებს საათები უყიდაო, ძვირადღირებული „ბათინკები“ ჩააცვაო, ამ ყველაფერში ფული „მოტეხაო“. ე.წ. (ჟ)ოპოზიციონრები ისეთ რაღაცებს ჰყვებიან, რასაც თვითონ აკეთებდნენ 9 წლის განმავლობაში. ირაკლი ღარიბაშვილის პასუხი ამ „ბრალდებებზე“ ასეთია:

ბოლო პერიოდში გააქტიურდა და პრაქტიკულად უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს თავდაცვის სამინისტროს, როგორც უსაფრთხოების სექტორის ერთ-ერთი ფუნდამენტური უწყების დისკრედიტირების მცდელობის კამპანია, მასში ჩართული ძალები არ ერიდებიან მდარე ხარისხის დეზინფორმაციის ტირაჟირებას, რიგ შემთხვევაში დეზინფორმაციის კამპანია უხამს ფორმასაც იძენს - სამხედრო ფეხსაცმლის, კვების, ფორმის, ჩოხების, საათების თუ სადეზინფექციო ხსნარის შეძენის საკითხით მანიპულირებენ“.

„საერთო გაზეთის“ რედაქცია წარმატებებს უსურვებს ირაკლი ღარიბაშვილს და ქართულ ჯარს. ბაღლინჯოთა მიზანი ყოველთვის იყო, არის და იქნება საქმის მკეთებელთა იმიჯის შელახვა და გაკეთებული საქმეების დაკნინება. თუმცა, ეს მიზანიც ისევე ჩაფლავდება, როგორც ბევრი ჩაფლავებულა აქამომდე.