დიდი ღალატის ანატომია სამ ნაწილად და რამდენიმე ეპიზოდად

დიდი ღალატის ანატომია სამ ნაწილად და რამდენიმე ეპიზოდად

მოგმართავთ თქვენ, ვისაც მტკიცედ გჯერათ, რომ „ნაცმოძრაობა“ და მისი ბელადი 3500 ჰექტარი ქართული მიწის და დავით გარეჯის კომპლექსის (მისი ერთი ნაწილის) გასხვისებას არ იკადრებდა!
იცით, რა გითხრათ, პატივცემულებო - თუ კოდორის ხეობის და სამაჩაბლოს გაყიდვა იკადრეს, რაღაც 3500 ჰექტარის გაყიდვას რატომ არ იკადრებდნენ - სინდისი შეუშლიდათ ხელს თუ პატრიოტული გრძნობები არ მისცემდა ამის გაკეთების საშუალებას.
ცხადია, უკიდურესად აღმაშფოთებელი და საგანგაშო ფაქტია ის, რასაც საქართველო-აზერბაიჯანის სასაზღვრო ზოლის თემასთან დაკავშირებით ვისმენთ და რაზეც საქართველოს პროკურატურამ გამოძიება დაიწყო, თუმცა აქვე ისმის კითხვა: რატომ არ არის საგანგაშო და აღმაშფოთებელი ის ფაქტი, რასაც საქართველოს ტერიტორიის 20%-ის დაკარგვა მოჰყვა?
თუ ჰექტრობით გავზომავთ, ეს 20%-ი 3500 ჰექტარზე გაცილებით მეტია, რამდენჯერმე მეტი და თავისი მნიშვნელობითაც არანაკლებ მნიშვნელოვანი, ვიდრე აზერბაიჯანის საზღვრის მონაკვეთი.
მაშ რატომ დარჩა ეს საკითხი ყურადღების მიღმა და რატომ არავის აუტეხია განგაში ერთ-ერთ ყველაზე შემზარავ ღალატზე, რომელსაც თავისი ცინიზმით და უტიფრობით საქართველოს არსებობის მანძილზე ანალოგი არ მოეძებნება.
აზერბაიჯანის სასაზღვრო ზოლთან და დავით გარეჯთან დაკავშირებული ისტორია ნაწილია, ფრაგმენტია იმ ისტორიისა, რომელსაც დიდი ღალატის ისტორია ჰქვია და რომელსაც შეეწირა კოდორის ხეობა, სამაჩაბლო, რასაც აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად გამოცხადება მოჰყვა.
ეს ერთი ისტორიაა, ეს ღალატისა და გამყიდველობის ერთი ჯაჭვია.
დრო მოვა, დღეს ფრაგმენტებად დანაწევრებული ეს დანაშაულებრივი ფაქტები ერთ საქმედ გაერთიანდება და ერთ საერთო საბრალდებო დასკვნად დაიდება, რომელშიც ბოლომდე იქნება მხილებული ის დანაშაულებრივი ჯგუფი, რომელიც, ბედის ირონიით, დროის რაღაც მონაკვეთში სახელმწიფოს მართვის სათავეებთან მოექცა და უდიდესი ზიანი მიაყენა ქართულ სახელმწიფოს.
ახლა კი გთავაზობთ ფრაგმენტებს წერილიდან „დიდი ღალატის ანატომია“ („სგ.“ N30-31. 2017 წ).

ვახტანგ ხარჩილავა:

სააკაშვილი და „ნაცმოძრაობის“ სხვა ლიდერები ხშირად იმეორებენ, რომ 2008 წლის აგვისტოში რუსეთმა პროვოკაციაზე წამოაგო საქართველოს ხელისუფლება და აიძულა ის ომში ჩართულიყო, მაგრამ იმ ნაბიჯებს თუ გავიხსენებთ, რასაც საქართველოს ხელისუფლება ომის დაწყებამდე დაახლოებით წელიწადნახევრის განმავლობაში დგამდა, ჩნდება საფუძვლიანი ეჭვი, რომ ეს პროვოკაცია გაცილებით ადრე დაიგეგმა და მის განხორციელებასა და აღსრულებაში მთავარი როლი სწორედ `ნაცმოძრაობამ~, ანუ საქართველოს ხელისუფლებამ ითამაშა.

2006 წლის შემოდგომიდან საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ცდილობს კოდორის ხეობას სახელი შეეცვალოს და ეწოდოს ზემო აფხაზეთი, ხოლო ე. წ. სამხრეთ ოსეთს, ასევე ხაზგასმულად, ყოველგვარი ეგრეთ წოდებულის გარეშე, სისტემატურად მოიხსენიებს სამხრეთ ოსეთად, მიუხედავად იმისა, რომ ზვიად გამსახურდიას დროინდელი უზენაესი საბჭოს მიერ სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი უკვე 17 წელია გაუქმებულია და ის, როგორც ადმინისტრაციული ერთეული, ქართულ სახელმწიფოში საერთოდ არ არსებობს.
მიხეილ სააკაშვილმა თითქოს არც იცის ეს ამბავი და წარამარა იმეორებს სახელწოდებას – სამხრეთ ოსეთი.
პარალელურად გრძელდება კოდორის (დალის ხეობის) ზემო აფხაზეთად მოხსენიება, თუმცა ამ ხეობას საქართველოს ისტორიის არც ერთ მონაკვეთში ზემო აფხაზეთი არ რქმევია.
მიხეილ სააკაშვილი ყოველგვარი ახსნა-განმარტების, ყოველგვარი დასაბუთების და მოტივაციის გარეშე ჯიუტად აგრძელებს სამაჩაბლოს სამხრეთ ოსეთად და კოდორის ხეობის ზემო აფხაზეთად სახელწოდებების დასახელებას, რითაც მიზანმიმართულად ცდილობს, საზოგადოებას ყური გაუხედნოს ამ ახალი ტერმინებით.
არსებობს უამრავი საარქივო მასალა – მიხეილ სააკაშვილის სატელევიზიო გამოსვლები, ინტერვიუები, სააკაშვილის განცხადებები სამთავრობო სხდომებზე და ასე შემდეგ, რომლებშიც დოკუმენტურად არის ასახული და დაფიქსირებული ის, რაც ზემოთ ვთქვით.
სამწუხაროდ, ამ აშკარად საეჭვო, აშკარად ანტისახელმწიფოებრივი ხასიათის პიარ-კამპანიას არც საზოგადოების მხრიდან მოჰყოლია დიდი პროტესტი და არც პოლიტიკური წრეებიდან.
ცხადი იყო, სააკაშვილს რაღაც სერიოზული ჩანაფიქრი ჰქონდა, მაგრამ არც მას აუხსნია და არც სხვები ჩაძიებიან, რას ემსახურებოდა ეს ჩანაფიქრი, რა იყო ამ ჩანაფიქრის მთავარი დედააზრი და რით იყო ის სასარგებლო და აუცილებელი ქართული სახელმწიფოსთვის?!
ამ კითხვებზე პასუხი, რაც არ უნდა უცნაურად მოგეჩვენოთ ეს, მხოლოდ 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ გაიცა, როცა „ნაციონალების“ მიერ წინასწარ მომზადებული იურიდიული დოკუმენტაციის საფუძველზე, ფაქტობრივად, მოიხსნა ყველანაირი სამართლებრივი ბარიერი, რაც მანამდე აფხაზეთის და ე. წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად ცნობას ხელს უშლიდა.

2007 წლის 10 მაისის დადგენილებით, რომელსაც ხელს მიხეილ სააკაშვილი აწერს და რომელიც შემდეგ საქართველოს პარლამენტმა დაამტკიცა, შეიქმნა სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაცია, სადაც სულ მალე არჩევნები ჩატარდა და ამ ახლად მოვლენილი სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტად, არა ხელმძღვანელად, არა ადმინისტრაციის უფროსად, არამედ, ხაზს ვუსვამ, პრეზიდენტად, არჩეული იქნა დიმიტრი სანაკოევი.
თუმცა დაგვავიწყდა გვეთქვა, რომ სანამ ქართველთმოძულეობაში ეჭვმიტანილი დიმა პრეზიდენტი გახდებოდა, მანამდე, ზემოთნახსენები დადგენილებით, სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციაში შეყვანილი იქნა ახალგორის რაიონიც.
ახალგორთან დაკავშირებით კიდევ ერთ, უაღრესად საინტერესო და საყურადღებო დეტალს გაგახსენებთ.
გასული საუკუნის 90-იან წლებში, როცა საბჭოთა კავშირი ჯერ კიდევ არსებობდა, ხოლო საქართველოს ცეკას მდივანი გივი გუმბარიძე იყო, ეროვნული მოძრაობისა და ახალგორის რაიონის ქართველობის დაჟინებული მოთხოვნით ახალგორი სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქს გამოეყო, ანუ ახალგორი ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დროს უკვე აღარ შედიოდა სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში, რომელიც, როგორც ზემოთ ვთქვით, მოგვიანებით საერთოდ გააუქმა საქართველოს უზენაესმა საბჭომ.
აი, ასეთი ისტორიის მქონე რეგიონი, ახალგორი, თავის ქსნის ხეობიანად, რომელიც მთლიანად ქართველებით იყო დასახლებული, „ნაციონალურმა მოძრაობამ“, საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მეთაურობით და საქართველოს პარლამენტის მხარდაჭერით, აიღო და მათ მიერვე შეკოწიწებული სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციაში წიხლებით შეტენა, პრეზიდენტად კი ათას ავტომატზე გადამხტარი დიმა დაასვა თავზე!
საქართველოს ხელისუფლება, საქართველოს პრეზიდენტი, საქართველოს პარლამენტიო, კი ვთქვით, მაგრამ რამდენად გამართლებულია ამის ჩამდენი ადამიანები საქართველოს ხელისუფლებად, საქართველოს პრეზიდენტად ან საქართველოს პარლამენტის წევრებად მოვიხსენიოთ?
იქნებ, ვინმემ მითხრას, იქნებ, ვინმემ ამიხსნას, რა მიზნებს, რა სახელმწიფოებრივ ინტერესებს ემსახურებოდა სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის შექმნა და ახალგორის რაიონის ამ ადმინისტრაციის საზღვრებში შეყვანა, რითაც ე. წ. სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის საზღვრები სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის იმ საზღვრების მონახაზში ჩაჯდა, რაც ამ ოლქს საბჭოთა კავშირის დროს ჰქონდა?
შემთხვევით, არა საბჭოთა კავშირის დროინდელ, არამედ „ნაცმოძრაობის“ ხელისუფლების და მისი ლიდერის სააკაშვილის მიერ „დახატულ“ ახალ რუკას ხომ არ გვიფრიალებენ რუსები ცხვირწინ, სადაც ნათლად და მკვეთრად ჩანს ის საზღვრები, რომლითაც ე. წ. სამხრეთ ოსეთი ნამდვილ და რეალურ სამხრეთ ოსეთად აქცია საქართველოს ხელისუფლებამ.
ერთმა ფრანგმა დიპლომატმა ახალგორის მოსახლეობას ასეთი რამ უთხრა: ევროპა და ევროკავშირი რით და როგორ უნდა დაგეხმარონ, როცა თქვენს ხელისუფლებას დოკუმენტურად, იურიდიული ნორმების სრული დაცვით უღიარებია სამხრეთ ოსეთის არსებობაო?!
კიდევ ერთხელ ვსვამ კითხვას: „ნაცმოძრაობამ“ შიდა ქართლის ეს უძველესი ქართული ტერიტორიები ოფიციალურად სამხრეთ ოსეთად რომ გადანათლა, რა ჰქვია ყოველივე ამას, თუ არა ღალატი?
ტერმინ სამხრეთ ოსეთის ოფიციალურად დაკანონების პარალელურად იმაზეც იზრუნეს, რომ წილკნის ეპარქია ცხინვალის ეპარქიას გადასცემოდა.
თითქმის იდენტური მეთოდებით იმუშავა ნაცების ხელისუფლებამ კოდორის ხეობასთან მიმართებაში – კოდორის ხეობას სახელი გადაარქვა, მას ზემო აფხაზეთი უწოდა, ადგილობრივი მოსახლეობა კი, რომელიც წლების განმავლობაში გმირულად იცავდა ხეობას, განაიარაღა, რის შემდეგაც 2008 წელის ამ აუღებელი, სტრატეგიულად ურთულესი ხეობის აღება მტერმა თითქმის უბრძოლველად, ყოველგვარი დანაკარგების გარეშე შეძლეს.
გავრცელებულ ხმებს თუ დავუჯერებთ, კოდორის ხეობის უბრძოლველად გადაცემაში ქართულმა მხარემ დიდი ფული აიღო. სახელდებოდა ციფრი – 50 მილიონი დოლარი, სახელდებოდნენ პირები, რომლებიც ამ ფინანსურ გარიგებაში მონაწილეობდნენ, სახელდებოდნენ შუამავლები და ა. შ. თუმცა ეს ყველაფერი არც მაშინ და არც შემდეგ, სათანადო გამოძიების საგანი არ გამხდარა.
სანამ 2008 წლის აგვისტოს ომი მოხდებოდა, „ნაცმოძრაობის“ ხელისუფლებამ, აბსოლუტურად გაუგებარი და ლოგიკას მოკლებული ქმედებებით, პოზიციები განუმტკიცა არა ქართულ სახელმწიფოს, არამედ აფხაზ და ოს სეპარატისტებს.
იქმნება შთაბეჭდილება, რომ „ნაცმოძრაობა“ სეპარატისტული რეგიონებისთვის წინასწარ ქმნის ისეთ დოკუმენტებს, რომლებიც მათ დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარებას გააადვილებს.
საქართველოს ხელისუფლების თავდადებული მეცადინეობით, სამხრეთ ოსეთი ქაღალდზე უკვე არსებობს, ზედ ქართული სახელმწიფოს ბეჭედი აქვს დასმული და პრეზიდენტის ხელმოწერაც ამშვენებს, კოდორის ხეობას უკვე ზემო აფხაზეთი ჰქვია და ესეც სათანადოდ არის დამოწმებულ-დაკანონებული, ახლა საჭიროა ერთი პატარა, ლოკალური ხასიათის ომი, რომ ეს ტერიტორიები მოწინააღმდეგე მხარემ გადაიბაროს და გადაიფორმოს.
დოკუმენტები უკვე მზად არის. ახლა ომი უნდა მოხდეს!..
და ეს ომიც მოხდება…

***
მიუხედავად იმისა, რომ საქართველოსთვის, თითქმის 25 წელიწადია, მთავარი ამოცანა, მთავარი დევიზი, მთავარი მიზანი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაა, იმ დოკუმენტებით, რომლებიც „ნაცმოძრაობამ“ შექმნა, ტერიტორიული მთლიანობა აღიდგინა არა საქართველომ, არამედ ტერიტორიული მთლიანობა თავიანთი ყოფილი ადმინისტრაციული საზღვრების ფარგლებში აღიდგინეს სეპარატისტულმა რეგიონებმა – აფხაზეთმა და ე. წ. სამხრეთ ოსეთმა!
არ არის ეს გამაოგნებელი პარადოქსი, როცა „ნაცმოძრაობა“, გარე ოკუპანტის გამოჩენამდე, თვითონ მოგვევლინა შიდა ოკუპანტის როლში და შიდა ქართლი სამხრეთ ოსეთად გამოაცხადა, კოდორის ზეობა – ზემო აფხაზეთად და ეს ყველაფერი ოფიციალურად გააფორმა.
ნაციონალებო, სახელშეცვლილო ნაციონალებო, ნაციონალების ბიძაშვილ-მამიდაშვილო პარტიებო, დღეს მავთულხლართების გასწვრივ რომ დაბორიალობთ და პატრიოტობანას თამაშობთ, სად იყავით მაშინ და რატომ არ იღებდით ხმას, როცა აგვისტოს ომამდე გაცილებით ადრე „ნაცმოძრაობის“ ხელისუფლება და მისი ბელადი ქაღალდზე ავლებდა საზღვრების აღმნიშვნელ ხაზებს, რომლებსაც მოგვიანებით აუცილებლად გამოჰყვებოდა ნამდვილი საზღვარი – თავისი მავთულხლართებით, ბანერებით, მესაზღვრეებით, სამხედრო ტექნიკით.
ნაციონალებო, სახელშეცვლილო ნაციონალებო, ნაციონალების ბიძაშვილ-მამიდაშვილო პარტიებო, გიფიქრიათ თქვენ ოდესმე, რატომ არ აღიარა რუსეთმა აფხაზეთი და ე. წ. სამხრეთ ოსეთი დამოუკიდებელ სახელმწიფოებად 2008 წლის აგვისტოს ომამდე და რატომ აღიარა მაინცდამაინც ამ ომის შემდეგ?
რატომ და იმიტომ, რომ ამ ომამდე საქართველო აკონტროლებდა ამ სეპარატისტული რეგიონების ტერიტორიების ნაწილს, ომის შემდეგ კი ამ რეგიონებმა აღიდგინეს ტერიტორიული მთლიანობა თავიანთი ადმინისტრაციული საზღვრების ფარგლებში, ამ საზღვრების დაფიქსირებასა და დაკანონებაში კი, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს ეს, მათ საქართველოს ხელისუფლება ჯერ იურიდიული დოკუმენტაციის მომზადებით, მოგვიანებით კი დამარცხებისთვის განწირულ ომში ჩაბმით დაეხმარა, რომლის შედეგებიც ნებისმიერმა ოდნავ გონიერმა ადამიანმა წინასწარ იცოდა, ოღონდ, რატომღაც არ იცოდა საქართველოს ხელისუფლებამ.
ნაცები დღეს ნიანგის ცრემლებს აღვარღვარებენ აგვისტოს ომში დაღუპული ქართველი ჯარისკაცების საფლავებზე და მრისხანედ შემართული მუშტებით ოკუპაციას აპროტესტებენ.
კი, მაგრამ, თქვენ თვითონ არ ხართ ამ ოკუპაციის თანაავტორები და ოკუპანტების ბიზნესპარტნიორები?
თქვენ არ ხართ ის ადამიანები, რომლებმაც აგვისტოს ომის დაწყებამდე ერთი წლით ადრე ახალი `სამხრეთ ოსეთი~ რომ შექმენით, შიგ ახალგორი და ქართველებით დასახლებული ქართული სოფლები რომ შეტენეთ, კოდორის ხეობას ზემო აფხაზეთი დაარქვით, ყველაფერი ეს იურიდიულად და სამართლებრივად რომ გააფორმეთ და ოს და აფხაზ სეპარატისტებს საქართველოს პარლამენტის მიერ დამოწმებულ-დაკანონებული დოკუმენტების სახით რომ დაულაგეთ წინ?
რა მნიშვნელობა აქვს, რატომ გააკეთეთ ეს – სიბრიყვის გამო, პარანოიკული ხილვების მოძალების გამო, დიდი ფულის გამო, თუ იმის გამო, რომ თქვენი სულმდაბლური და მოღალატური ბუნების წყალობით ჩუმად და მალულად მუდამ იმათ ემსახურებოდით, ვისაც ვითომ ებრძოდით?
რაც თქვენ გააკეთეთ, ნაციონალებო, სამშობლოს ღალატია ეს და, წესით და რიგით, ბევრი თქვენგანი, თქვენი ბელადის მეთაურობით, ზუსტად ამ ბრდალდებით უნდა იხდიდეს სასჯელს, თქვენ კი კვლავ პარლამენტში ზიხართ, სახელმწიფო სტრუქტურებში მიძვრებით, ქართველ ხალხს ახალ-ახალი დაპირებებით ურეცხავთ ტვინს და, რაც მთავარია, იმდენად უტიფრები და სინდისგარეცხილები ხართ, ყოველივე იმის შემდეგ, რაც გააკეთეთ –კვლავ ხელისუფლებაში აპირებთ დაბრუნებას.
რა იყო, კიდევ დარჩა რაიმე ამ თქვენგან გაუბედურებულ ქვეყანაში გასაფუჭებელი, გასათახსირებელი, გადასაფორმებელი და ამიტომ ცდილობთ უკან მობრუნებას?

***
ნაციონალები უკიდურესად ღიზიანდებიან, როცა 2008 წლის აგვისტოს ომის და იმ მოვლენების შესახებ საუბარი, რომლებიც ამ ომს წინ უძღოდა, იმ სტერეოტიპული კლიშეებით და იმ კალაპოტით არ მიდის, რომლებიც მათ დაამკვიდრეს.
მათ ხელს არ აძლევთ ამ ტრაგიკული მოვლენების პირუთვნელი და მიუკერძოებელი ანალიზი, არა იმიტომ, რომ საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს სახელს უფრთხილდებიან, არამედ იმიტომ, რომ პირველ ყოვლისა, საკუთარი თავი ედარდებათ, რადგან იციან, ამგვარი დეტალური ანალიზის შემთხვევაში აუცილებლად გამოიჩხრიკება ის ცოდვები და ის დანაშაულობანი, რომლებიც მათ ქართველი ხალხის წინაშე ჩაიდინეს.
– მიხეილ სააკაშვილი სამხედრო დამნაშავე და სამშობლოს მორალატეა! – მსგავსი შეფასება ბევრჯერ გაჟღერებულა მავანთა და მავანთაგან, თუმცა ამ შეფასებებს რეაგირება არ მოჰყოლია.
რას ცუღლუტობდა და ქვეყნის ბიუჯეტიდან რამდენს ახარჯავდა ბატონი სააკაშვილი დოქტორ დოტის და უფრო იაფფასიან დოტებს, ვიცით, მაგრამ რას ცუღლუტობდა იგივე სააკაშვილი, როცა სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციას ქმნიდა და კოდორის ხეობას ზემო აფხაზეთს არქმევდა, არ ვიცით!
კი, მაგრამ, არ უნდა ვიცოდეთ?
და თუ არ უნდა ვიცოდეთ, ის მაინც ხომ უნდა ვიცოდეთ, რატომ არ უნდა ვიცოდეთ?

მინაწერი: არა აზერბაიჯანი, არა რუსეთი, არამედ ისევ და ისევ „ნაციონალური მოძრაობა“ თავისი უგუნური და მოღალატებრივი განცხადებებით, ოღონდ მათი დანაშაული დაიფაროს და დღესაც იქითკენ მოგვიწოდებს, რომ საქართველომ უარი თქვას დავით გარეჯზე.
გესმით, რა მასშტაბის მოღალატეებთან და ავაზაკებთან გვაქვს საქმე?