ვახტანგ ხარჩილავა: ეს უკვე სრული ლუსტრაციაა!

ვახტანგ ხარჩილავა: ეს უკვე სრული ლუსტრაციაა!

.. გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთი მთავარი პოლიტიკური ფიგურის, ნინო ბურჯანაძის, მოსკოვში გამგზავრებამ კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ ის, რაც საქართველოში 20 ივნისის შემდეგ ხდება, თავიდან ბოლომდე რუსული სცენარია.
ეს ვითომ პროდასავლური ორიენტაციის, ეს ვითომ დემოკრატიისთვის და თავისუფლებისთვის მებრძოლი პოლიტიკოსები, რუსეთს და პუტინს რომ დედას აგინებენ, სინამდვილეში რუსული აგენტურაა და რუსეთის ხელისუფლებასთან სინქრონში მუშაობენ.
ეს ეჭვი მხოლოდ ბურჯანაძის მოსკოვში გამგზავრების შემდეგ არ გამჩენია - ეს ეჭვი გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან მომდევს როგორც, საშინელი, კოშმარული სიზმარი, რომელიც ყოველღამე მეორდება და იმდენად შეზრდილია ჩემს ყოველდღიურ ყოფასთან, რომ კარგა ხანია სიზმარი აღარ არის, რეალობა, ოღონდ სიზმრის ფორმა აქვს.
მახსენდება, დემოკრატიის სახელით, დასავლური ღირებულებების სახელით, როგორ ებრძოდნენ ზვიად გამსახურდიას, როგორ ეძახდნენ ჩაუშესკუს, დიქტატორს, უზურპატორს, დემოკრატიისთვის მებრძოლი ქართველები და გამსახურდიას ქვეყნიდან გაძევების შემდეგ როგორ ჩამოიყვანეს რუსეთიდან „დემოკრატი“ შევარდნაძე.
არა საფრანგეთიდან, არა გერმანიიდან, არა ინგლისიდან, არა ვაშინგტონიდან, არამედ რუსეთიდან ჩამოიყვანეს იმ ძალებმა, რომლებიც ვითომ საქართველოს ოკუპანტი რუსეთისგან გასანთავისუფლებლად იკლავდნენ თავს.
განსაკუთრებით გასაკვირი და გასაოცარი ის იყო, რომ ის ადამიანები, რომლებიც იარაღით ხელში იბრძოდნენ რუსეთის წინააღმდეგ ამ რუსულ-ქართული ომის დამთავრების შემდეგ, ყველასათვის მოულოდნელად რუსეთში აღმოჩნდნენ და რუსეთმა თავისი გუშინდელი მტრები სიყვარულით ჩაიხუტა გულში, თავშესაფარი მისცა, ბიზნესის კეთების საშუალება მისცა.
მარტო კიტოვანის მაგალითი რად ღირს, თუმცა მხოლოდ ერთი კიტოვანი კი არა ათასობით სხვა „კიტოვანი“ შეიფარა და შეივრდომა გულჩვილმა და გულმოწყალე „დერჟავამ“.
ბარტერული გაცვლა მოხდა - შევარდნაძე რუსეთიდან ჩამოვიდა, ესენი რუსეთში წავიდნენ.
წავიდნენ და დღემდე იქ არიან და მშვენივრად გრძნობენ თავს.
რამდენადაც ცნობილია, ნაწილი ამ ადამიანებისა, კარგა ხანს კგბ- კორპუსებში ცხოვრობდნენ, სანამ ფეხს მოიდგამდნენ და ცხოვრებას აიწყობდნენ.
რუსეთიდან საქართველოს საშველად და დასახსნელად ჩამოყვანილმა შევარდნაძემ, ცხადია, ყველა ნანინანატრი ოცნება შეუსრულა რუსებს, თუმცა ამას ხელი არ შეუშლია მისთვის, ბეიკერის მეგობარი ვარ, გენშერის მეგობარი ვარ, ბუშის მეგობარი ვარ, კოლის მეგობარი ვარო - ეძახა.
გასაკვირი ის არის, ისინიც რომ ემეგობრებოდნენ და ეძმაკაცობდნენ ამ წმინდაწყლის რუსული პოლიტიკის პროდუქტს.
ხანდახან ვფიქრობ: რუსეთის აგენტურული ქსელი დაწყებით რუსეთში კი იწყება, მაგრამ სად მთავრდება იგი? იქნებ არსადაც არ მთავრდება და მთელი დედამიწა ფოლადის ძაფებით ნაქსოვი მისი აბლაბუდით არის შეკრული და დაბლანდული.
არის ასეთი პარტია - „ევროპის სახალხო პარტია“, მთელ ევროკავშირში ყველაზე დიდი და მრავალრიცხოვანი პარტია.
გაგიკვირდებათ და ეს პარტია კრიზისულ სიტუაციებში ისეთ „პადდერჟკას“ უკეთებს რუსეთს, „ედინნაია როსიას“ ფილიალი გეგონება.
კიდევ უფრო გასაკვირი ის არის, რომ ეს „ევროპის სახალხო პარტია“ ნაცმოძრაობის პარტნიორი პარტიაა და მის კულისებში ისე დაშლიგინობენ ნაციონალები, თითქოს თავიანთ მშობლიურ ოფისში იყვნენ.
სად, ევროპის სახალხო პარტია, სად რუსეთი, სად ნაცმოძრაობა? რატომ იკვრება ასე კოხტად და ლამაზად ეს სამკუთხედი, როცა სიგრძე-სიგანით სამკუთხედის სამივე გვერდი სხვადასხვაა?
ერთ უცნაურ დეტალს გავიხსენებ, რომელიც დღეს ბევრს მიავიწყდა: - ვარდების რევოლუციამდე ცოტა ხნით ადრე უკრაინიდან მომავალი მიშა გზად მოსკოვში შეჩერდა და წითელი მოედნიდან გააკეთა მიმართვა მხარდამჭერებისადმი, რომლებიც მოუთმენლად ელოდნენ წინამძღოლის ბრძანებას.
ეს იყო ვიდეო მესიჯი, რომელიც დოკუმენტურად ადასტურებდა, რომ მოსკოვი მხარს უჭერდა საქართველოში აზვირთებულ „საპროტესტო ტალღას“ და „დაბროს“ აძლევდა შევარდნაძის ტახტიდან ჩამოგდებას.
რუსეთი რომ „ვარდების რევოლუციის“ ინკოგნიტო ავტორობისგან შორს არ იდგა, ეს იმითაც დადასტურდა, რომ მოსკოვმა რევოლუციის შედეგების ანგარიშის მისაღებად საგარეო საქმეთა მინისტრი იგორ ივანოვი მოავლინა თბილისშ, რომელმაც რეფერივით მარჯვენა აუწია გამარჯვებულ სააკაშვილს, შემდეგ კი ბათუმში გაფრინდა და ასლან აბაშიძე თან წაიყოლა.
მართალია, სააკაშვილი კი ბაქიბუქობს, ასლან აბაშიძე მე გავაქციე საქართველოდანო, მაგრამ ტყუილია ეს - აბაშიძე რუსებმა წაიყვანეს.
2003
წლის შემოდგომაზე, ფაქტობრივად, როტაცია მოხდა - რუსებმა ძველი, უკვე დაღლილი და გაცვეთილი კადრები ახალი კადრებით ჩაანაცვლეს.
სააკაშვილმა რუსების იმედები ნამდვილად გაამართლა და რისი გაკეთებაც კი შეიძლებოდა, ყველაფერი გაუკეთა რუსებს, ბოლოს კი 2008 წლის აგვისტოს ომით დააგვირგვინა და აფხაზეთი და .. სამხრეთ ოსეთი ხონჩით მიართვა.
ომის კი არა, ამ სისხლიანი სავაჭრო-კომერციული გარიგების ერთ-ერთი მთავარი ბროკერი ბოკერია დღეს ანტისაოკუპაციო აქციებს ხელმძღვანელობს და იმ ახალგაზრდებს აბრიყვებს, რომლებმაც არაფერი იციან იმ შემზარავი ღალატის და დანაშაულის შესახებ, რომლებიც სააკაშვილებს, ბოკერიებს და სხვა ნაციონალებს აქვთ ჩადენილი საქართველოს წინაშე.
ამ ახალგაზრდებმა რომ არ იცოდნენ, რა გასაკვირია - გაზეთებს ესენი არ კითხულობენ, ტელევიზიებს ესენი არ უყურებენ და მაქარაშვილ-გაგარინის საველე სემინარებზე აბა რა უნდა გაიგონ?
ასე რომ ამ ახალგაზრდებმა ბევრი არაფერი რომ არ იციან, ცხადია, მაგრამ ხომ დეტალურად, მისხალ-მისხალ იციან ყველაფერი ჩვენმა უცხოელმა პარტნიორებმა - ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა, აშშ და ..
იციან და მაინც არც აღშფოთებთ, არც უკვირთ, არც პროტესტის გრძნობა უჩნდებათ ეს თავისი სამშობლოს ბარიგობით გამდიდრებულ-გაყოყოჩებული კრიმინალები პოლიტიკოსობას რომ ჩემულობენ და ისევ უკან ხელისუფლებაში რომ აპირებენ მობრუნებას.
არ გაკვირვებია მათი ნახვა ოპოზიციის და ქართული ოცნების შეხვედრაზე კარლ ჰარცელს, ევროკავშირის ელჩს საქართველოში და არ უთქვამს: ამათ აქ რა უნდათ, ამათთან რა დიალოგი უნდა გაიმართოსო.
კარლ ჰარცელს კი არა, არავის არაფერი არ უთქვამს და არავის არ შეუფასებია ობიექტურად და მიუკერძოებლად უბედურებათა ის კასკადი, რაც გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან 2012 წლის 1 ოქტომბრამდე დემოკრატიის, გამოხატვის თავისუფლების, ადამიანის უფლებათა სახელით ხდებოდა საქართველოში.
არავის არ გაუანალიზებია, არავის არ შეუსწავლია სინამდვილეში რას წარმოადგენდნენ და რას აკეთებდნენ ეს .. პროდასავლური ორიენტაციის პოლიტიკური პარტიები და პოლიტიკოსები.
პროდასავლურობა იქცა იარლიყად, სპეკულაციის საგნად, წარმატების და ხელშეუხებლობის ფირმანად, რომელსაც ათასი ჯურის არამზადა ცხვირწინ უფრიალებს საქართველოს.
პროდასავლურობის იარლიყმიწებებულმა რუსულმა აგენტურამ შიგნიდან გამოხრა და გამოფიტა საქართველო.
პროდასავლურობის ნიღაბს ამოფარებულნი ისინი აშანტაჟებენ ქართველ ხალხს, აშანტაჟებენ პოლიტიკურ ოპონენტებს და იმ სახელს უწოდებენ მათ, რაც თვითონ არიან, დასავლეთი კი დუმს და შორიდან უყურებს ამ ტრაგიკომედიას.
დასავლეთი სათანადოდ ვერ რეაგირებს და ადექვატურ შეფასებებს ვერ აკეთებს იმ ფაქტზე, რომ სწორედ მათ, ამ ფსევდოდემოკრატებმა, ამ ფსევდომედასავლეთეებმა, თავიანთი მიზანმიმართული მავნებლური საქმიანობით აშშ- შეაძულეს ქართველ ხალხს, ევროპაც და იძულებული გახადეს ისევ რუსეთისკენ გაეხედა და ისევ იქ ეძებნა ხსნა და საშველი.
ნაცმოძრაობის და მისი განშტოებების ნაავკაცარი იმდენად ღიაა, რომ მათი აგენტურულ-რეზიდენტული საქმიანობის დასამტკიცებლად დიდი გამოძიება და გამოკვლევა სულაც არ არის აუცილებელი - ყველაფერი სახეზეა, ყველაფერი ზედაპირზე დევს, მაგრამ დასავლეთი მაინც დუმს და კომენტარს არ აკეთებს.
რუსეთთან ყველაფერი გასაგებია, მაგრამ დასავლეთს ისეთი რა სარგებელი აქვს ამათგან, რომ ამ აშკარად პრორუსულ ძალას ხშირად პროდასავლურს უწოდებს და დემოკრატიის პლაცდარმად მიიჩნევს, ხოლო სააკაშვილს ამ თეთრკანიან იდი ამინს, „დემოკრატიის შუქურას“ ეძახის?
სპეცსამსახურების სასტიკი და გააფთრებული ომია ეს ომი, რომელშიც ყველაზე მეტად საქართველო ზარალდება და იჭყლიტება, როგორც ამ ომის ასპარეზი და საბრძოლო ველი.
***
შენიღბვის და კონსპირაციის საუკეთესო საშუალებაა სხვას დაუძახო ის, რაც შენ თვითონ ხარ, სხვას გადააბრალო და სხვა „ამხილო“ იმაში, რასაც შენ თვითონ აკეთებ.
ეს ხერხი შესანიშნავად აქვთ ათვისებული ნაცმოძრაობას და მის განაყოფებს, რომლებიც ბიძინა ივანიშვილს „რუსულ პროექტს“, „რუსეთის კაცს“ უწოდებენ, რომელიც თურმე საქართელოს რუსულ ორბიტაზე დაბრუნებას ცდილობს.
აი, ამას ამბობს „ნაცმოძრაობა“, რომელმაც, როგორც ვთქვით, ხელისფლებაში ყოფნის ცხრა წლის განმავლობაში ქართული ეკონომიკის თითქმის ყველა მნიშვნელოვანი ბერკეტი რუსებს ჩაუგდო ხელში, ბოლოს კი საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტიც უფეშქაშა.
მოდით, გავყვეთ „ნაცმოძრაობის“ მიერ შემოთავაზებულ რიტორიკას და ერთი წუთით ვირწმუნოთ (დავიჯეროთ) რომ ბიძინა ივანიშვილი მართლაც რუსული პროექტია და რუსეთის კაცია.
ახლა ის გავიხსენოთ რამდენი მილიარდი აქვს დახარჯული და რა დიდებული საქმეები აქვს გაკეთებული ამ „რუსეთის კაცს“ საქართველოსთვის.
ამ ლოგიკის მიხედვით, რუსეთი „თავის კაცს“, თავის „პროექტს“, რომელსაც დიდი ფული აშოვნინა რუსეთში, ავალებდა და ავალდებულებდა: ეს ფული (მილიარდები) საქართველოს კეთილდღეობას უნდა მოახმაროო.
- გამოდის, რომ რუსეთი საქართველოს მტერი და ოკუპანტი კი არა გულმხურვალე მეგობარი და ჭირისუფალი ყოფილა.
აი, ამის თქმა გინდათ თქვენ, თქვე იდიოტო ნაცებო?
2012
წლის 1 ოქტომბრიდან დღემდე ვერავინ ვერ დაასახელებს თუნდაც ერთ ფაქტს, რომელიც იმის არგუმენტად გამოდგებოდა, რომ ბიძინა ივანიშვილი და „ქართული ოცნება“ საქართველოს რუსულ ორბიტაზე აბრუნებს.
ნაცმოძრაობა და მისი მოკავშირეები გამუდმებით უკიჟინებენ ივანიშვილს და ქართულ ოცნებას, რატომ არ დგამთ მკვეთრ ნაბიჯებს რუსეთის წინააღმდეგ, რატომ არ აკეთებთ მკვეთრ განცხადებს ანუ რატომ არ ახორციელებთ პროვოკაციულ ქმედებებს რუსეთის მიმართო, რაც ასე იშიფრება: რატომ არ აძლევთ რუსეთს საბაბს და მოტივს, რომ რადიკალური ზომები მიიღოს, თქვენ დაგამხოთ და მერე თქვენ ადგილას ჩვენ მოვიდეთო.
***
წარმოუდგენელი ამბები ხდება: როგორ ახერხებენ პროდასავლური პარტიები პრორუსულ ძალასთან, ნინო ბურჯანაძესთან ითანამშრომლონო - გაკვირვებულნი კითხულობენ პოლიტიკოსები, ექსპერტები, ანალიტიკოსები, რომლებსაც პრეტენზია აქვთ, რომ საღად აზროვნებენ.
კითხვის ამგვარი დასმაც კი შეცდომაა, ჩემო ღრმად მოაზროვნეებო, რადგან ესენი პროდასავლური კი არა, ჩვეულებრივი პრორუსული პარტიებია, პროდასავლურის ფსევდონომით და გარედან მიტყეპებული პროდასალურობის „დამადასტურებელი“ იარლიყით.
ეს .. გაერთიანებული ოპოზიცია პრორუსული პარტიების დიდი ოჯახია, რომელსაც მთავარ დიასახლისად და დედაბოძად კნეინა ნინო ანზოროვნა ჰყავთ.
არ ვიცი, რა გაუჭირდათ მათ ისეთი, რომ ფაქტობრივად, ნიღაბი ჩამოიხსნეს და საკუთარი თავი გაშიფრეს.
ეს უკვე სრული ლუსტრაციაა...
ამიერიდან, რეგვენი თუ დაიჯერებს გრუს ლაბორატორიებში შეთხზულ ზღაპრებს და ლეგენდებს ამათი პროდასავლურობის შესახებ.
დაბოლოს: არ მინდა მკითხველმა ისე გაიგოს ეს წერილი, თითქოს წინააღმდეგი ვიყო რუსეთ-საქართველოს შორის ნორმალური, ცივილიზებული ურთიერთობების აღდგენისა.
არა, ეს ნამდვილად არ არის ასე, თუმცა იმაშიც ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ამ ურთიერთობების აღდგენა ვერასოდეს მოხდება სხვადასხვა სახის დივერსიული ჯგუფებისა თუ აგენტურული ქსელების კონსპირაციული მეთოდებით, რაც საბოლოო ჯამში ნორმალური, პარტნიორული ურთიერთობის აღდგენას კი არა ქართული სახელმწიფოს დასუსტებას და დაძაბუნებას ისახავს მიზნად.

 

„საერთო გაზეთი“