თბილისის მერია ათი მეტროსადგურის რეაბილიტაციას გეგმავს

თბილისის მერია ათი მეტროსადგურის რეაბილიტაციას გეგმავს

თბილისის მერი, კახა კალაძე:


„ჩვენი სატრანსპორტო პოლიტიკის ერთ-ერთი აქტიური ნაწილია მეტროსადგურების რეაბილიტაცია. ვმუშაობთ რამდენიმე მიმართულებით. დაწყებული გვაქვს მეტროს ვაგონების განახლება-რეაბილიტაცია. წლის ბოლომდე უკვე ახალი განახლებული შემადგენლობები მომესახურება მოსახლეობას. არსებობს ამ შემადგენლობების გარკვეული რაოდენობა, რომელსაც ყველანაირი რესურსი ამოწურული აქვს. გამოცხადებული გვაქვს ტენდერი ახალი ვაგონების შესყიდვაზე, უახლოეს მომავალში კი გვეყოლება გამარჯვებული კომპანია. გარდა ამისა, აქტიურად  ვმუშაობთ მეტროსადგურების რეაბილიტაციის მიმართულებით. დაახლოებით, 40-50 წელია, კაპიტალური სარემონტო სამუშაოები მეტროსადგურებს არ ჩატარებია, ანუ დღიდან მათი გახსნისა. შეიძლება, კოსმეტიკური სამუშაოები იყო ჩატარებული, მაგრამ მასშტაბური კაპიტალური სამუშაოები არ ჩატარებულა. დაწყებულია სამუშაოები მეტროსადგურებზე: „გოცირიძე“, „ვარკეთილი“ და „ავლაბარი“. მეტროსადგურ „გოცირიძეზე“ უკვე მიმდინარეობს სარეკონსტრუქციო-სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომლის შედეგადაც, სრულად განახლდება და გადაიხურება მოსაცდელი ბაქანი, ასევე, გარემონტდება მეტროს გარე ფასადი, ვესტიბიული და სამეურნეო სათავსოები. რაც შეეხება მეტროსადგურ „ვარკეთილსა“ და „ავლაბარს“, გაფორმებულია ხელშეკრულებები სარეკონსტრუქციო-სარეაბილიტაციო სამუშაოების პროექტირებაზე. კონტრაქტორმა კომპანიებმა სადგურების განახლებული იერსახის წინასწარი ესკიზები უკვე წარმოადგინეს. ორივე სადგურზე დეტალური პროექტირება მიმდინარე წლის ნოემბერში დასრულდება, რის შემდეგაც, დაუყოვნებლივ გამოცხადდება ტენდერები აღნიშნული სადგურების სარეაბილიტაციო სამუშაოებზე.

ამ სამუშაოების პარალელურად, ჩვენ გვქონდა აქტიური მოლაპარაკებები ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან (EBRD) და მივაღწიეთ შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც, დაახლოებით, ათი მეტროსადგურის რეაბილიტაცია/განახლება განხორციელდება. ესენია: „გურამიშვილი“, „სადგურის მოედანი“, „სარაჯიშვილი“, „მარჯანიშვილი“, „თავისუფლების მოედანი“, „300 არაგველი“, „რუსთაველი“, „ისანი“, „წერეთლის გამზირი“ და „ნაძალადევი“. ამდენად, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი გამოგვიყოფს თანხებს, რომლითაც ჩავატარებთ ამ მეტროსადგურების კაპიტალური რეაბილიტაციის სამუშაოებს. იცით, რომ აღნიშნული მეტროსადგურების მდგომარეობა არ არის სახარბიელო და საჭიროებს რეაბილიტაციას. მინდა, მადლობა გადავუხადო საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებს, კონკრეტულად კი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს მხარდაჭერისა და თანამშრომლობისთვის. ვფიქრობთ, წლის ბოლომდე უკვე გვექნება პროექტები და შევძლებთ, უშუალოდ სამუშაოებზე ტენდერის გამოცხადებას“.