თორნიკე ზედელაშვილი: უნდა ველოდოთ მასშტაბურ კიბერშეტევებს

თორნიკე ზედელაშვილი: უნდა ველოდოთ მასშტაბურ კიბერშეტევებს

თორნიკე ზედელაშვილი (პოლიტიკის მეცნიერების დოქტორანტი):

დღეს ვიმყოფებით პირობებში, რომელიც გლობალურ ქაოსს გულისხმობს. გარკვეულ ქვეყნებში, მაგალითად საქართველოში, ეს ქაოსი კონტროლირებადია, მაგრამ ბევრ მოწინავე ქვეყანაში - თუნდაც აშშ-ში, იტალიაში, ესპანეთსა და საფრანგეთში კონტროლს აღარ ექვემდებარება, რადგან დაინფიცირებულთა რაოდენობა და მსხვერპლი ყოველდღიურად იზრდება.

Covid-19-მა, რომელმაც მთელი დედამიწის მოსახლეობაზე გავლენა იქონია და ადამიანების ცხოვრების დღის წესრიგი შეცვალა, საფრთხე შეუქმნა როგორც ადამიანის ჯანმრთელობას, ასევე ეკონომიკას. ვირუსი ძალიან სწრაფად გავრცელდა და გლობალურ ეკონომიკაზე დიდი ზეგავლენა მოახდინა, ჯერ-ჯერობით ჩვენ ამ შედეგებს ვერ ვგრძნობთ, მაგრამ რაც დრო გავა, უფრო მეტად მივხვდებით და დავითვლით იმ ზარალს, რაც ამ ვირუსმა გამოიწვია.

საფრთხე მრავალმხრივია - ჩაიკეტა საზღვრები, აიკრძალა ფრენები, მსოფლიო მასშტაბით უამრავ ქვეყანაში გამოცხადდა საყოველთაო კარანტინი, საგანგებო სიტუაცია, კომენდანტის საათი, გადაადგილების შეზღუდვა. დაიკეტა მაღაზიები, ქარხნები, შეჩერდა და შეფერხდა სწავლა-განათლება.

როგორც ამბობენ, მოვლენების ასე დრამატულად და სწრაფად განვითარებას არავინ ელოდა. სხვადასხვა გამოცემები მსოფლიო მასშტაბით, უამრავი პოლიტიკოსი და ექსპერტი თანხმდება იმაზე, რომ ვირუსმა შეცვალა ადამიანების ყოველდღიური ცხოვრება და ურთიერთობები. იმ აზრსაც მოისმენთ, რომ ეს ვირუსიც გაივლის, მაგრამ ცხოვრება ისეთი აღარასდროს იქნება, როგორიც Covid-19-ის გავრცელებამდე იყო. ამ მოსაზრებებს კი ნამდვილად უნდა დავეთანხმოთ. ცხოვრება აღარასდროს იქნება ისეთი, როგორიც იყო ვირუსამდე.

რეალურმა სამყარომ დიდი დოზით გადაინაცვლა ვირტუალურ სივრცეში, უამრავი კომპანია და სახელმწიფო უწყება გადავიდა დისტანციურ მუშაობაზე. ალბათ ეს არც არის გასაკვირი, მაგრამ ამ სიტუაციის ფონზე ძალიან დიდ სარგებელს იღებენ ჰაკერები, სპამერები, თაღლითები და ისეთი ადამიანები, რომლებიც ინტერნეტსივრცეს და სოციალურ ქსელებს ცუდი საქმიანობისთვის იყენებენ, ანუ მარტივად რომ ვთქვათ, - ჰაქტივისტები.

მაგალითად, კორონათი („ფიშინგით“) თაღლითობა აქტუალურად დაიწყო ვირუსის გავრცელების დღიდან. მავანნი ცდილობენ, უფრო მეტი შიში და დაბნეულობა დანერგონ ინტერნეტმომხმარებლებში. დაიწყო ჰაკერული თავდასხმები ჰოსპიტალებზე გამოსასყიდის სანაცვლოდ, რამაც ხელი შეუშალა კორონავირუსით დაინფიცირებული ხალხის სწრაფად გამოკვლევას და მოქმედებებს. ამ თავდასხმებმა შეაჩერა ოპერაციები და გამოიწვია მათი გადადება. ასეთი შეტევები უდიდეს საფრთხეს უქმნის პაციენტების ჯანმრთხელობას.  ასეთი კიბერთავდასხმები განსაკუთრებით საშიშია პანდემიის დროს, რომელიც მსოფლიო ჯანდაცვის სისტემას ახლა კისერზე აწევს.

კრიზისის დროს არავინ არის დაცული. ვითარება დიდი გამოწვევების წინაშე აყენებს ციფრტულ უსაფრთხოებას. მოვლენების კვალდაკვალ, „ვაშინგტონ პოსტმა“ გამოაქვეყნა სტატია სათაურით: „ჰაკერები კორონავირუსთან დაკავშირებულ შიშებს იყენებენ პირადი მონაცემების მოსაპარად“ - გაფრთხილება ექსპერტებისგან და აშშ-ის რეგულატორებისგან“. აღნიშნულ სტატიაში განხილულია კორონავირუსის შემდეგ ჰაკერული თავდასხმების ნაკადის მზარდი მატება, ამასთან დაკავშირებით ისრაელში მომუშავე კიბერუსაფრთხოების ორგანიზაციამ „Check Point“-მა გამოაქვეყნა ანგარიში, სადაც გამოკვეთილია ყველაზე დახვეწყილად მომუშავე ჰაკერული ჯგუფის წამოწყებული კამპანია, რომელსაც უწოდეს “Vicious Panda”, ანუ „მოწინავე საფრთხე“.  ანგარიშში ნათქვამია, რომ “Vicious Panda”-მ, ანუ ჰაკერულმა ორგანიზაციამ, გამოიყენა ყალბი დოკუმენტები, გაავრცელა ფეიკ-ინფორმაციები მონღოლეთის ჯანდაცვის მინისტრის სახელით, რომელიც კორონავირუსის ინფექსიის შესახებ სავალალო მდოგმარეობას ამცნობდა მსოფლიოს. ჰაკერებს მიზნად ჰქონდათ, რომ ბევრ ადამიანს გაეხსნა აღნიშნული ინფორმაცია, რის შედეგადაც მათ წვდომა ექნებოდათ მომხმარებლების პირად მონაცემებზე, ეს იქნებოდა სმარტოფნების თუ კომპიუტერების საშუალებით. ანგარიშში “Check Point”-ის თავდაცვის დაზვერვის უფროსის, ლატე ფინკლინტინის განცხადებაცაა მოცემული, სადაც ის აფრთხილებს ყველა საჯარო სექტორის სუბიექტს და სატელეკომუნიკაციო კომპანიებს:

Covid-19 წარმოადგენს არა მხოლოდ ფიზიკურ საფრთხეს, არამედ კიბერ საფრთხესაც, ყველა საჯარო სექტორის სუბიექტი და სატელეკომუნიკაციო კომპანია უნდა იყოს ფრთხილად კორონავირუსის გარშემო არსებული დოკუმენტაციასთან და ვებსაიტებთან“.

მსოფლიო მასშტაბით უამრავი ექსპერტის მოსაზრებას შეგვიძლია გავეცნოთ. მაგალითად,  კიბერუსაფრთხოების დამოუკიდებელი ექსპერტის, ლუკას ოლეჯინიკის თქმით, დღეს ამ მასშტაბური გლობალური კრიზისის დროს მსოფლიო სრულიად არის დაუცველი და შესაძლოა, ვითარება უფრო გაუარესდეს.

ამ შემთხვევაში არც საქართველოა გამონაკლისი, აქ უფრო მცირე დოზით, მაგრამ მაინც ხდება მსგავსი თავდასხმები, როგორც ჰაკერულ, ასევე ინფორმაციულ დონეზე. მაგალითად ჰაკერებმა საქართველოს 4,934,863 მოქალაქის (მათ შორის გარდაცვლილი პირების) პერსონალური ინფორმაცია გამოაქვეყნეს. ამის საკითხს ამერიკულმა ინტერნეტ-გამოცემამ - ZDNet-მა ვრცელი სტატია მიუძღვნა. რა საჭირო იყო პირადი მონაცემების მოპოვება-გავრცელება? ეს ადამიანების დაუცველობის სინდრომის გაღვივებას და პანიკის დათესვას ემსახურება. მით უმეტეს, როდესაც ქვეყანაში დეზინფორმაციული სააგენტოები და ტელეკომპანიები სჭარბობს, რომლებიც ამ მასალას უფრო მეტად მძაფრად აწვდიან მოსახლეობას, ვიდრე ეს რეალურადაა.  აღნიშნული ბაზების ლინკებზე მითითებული იყო, რომ ინფორმაციის წყაროს ცენტრალური საარჩევნო კომისიის სისტემა წარმოადგენდა, მაგრამ ეს ინფორმაცია არ დადასტურდა. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ გააკეთა განცხადება, სადაც ხაზგასმით წერია, რომ მონაცემთა ბაზა რადიკალურად განსხვავდება იმისგან, რაც მათ  სისტემაში ინახება.

ფაქტობრივად, ეს ბაზა არ შეიცავს ისეთ პირად მონაცემებს, რაც ჩვენს მოსახლეობას შეუქმნის საფრთხეს, მაგრამ ამ მონაცემების გავრცელება მაინც დანაშაულია. ისეთ ადამიანებზე, ვინც ტექნოლოგიებში ვერ ერკვევა, უჩნდება შიში და დაუცველობის განცდა, მიზანიც ზუსტად ეს არის.

ამ მიმართულებით დანაშაული ერთმანეთს თან სდევს, მაგალითად, საქართველოს მოსახლეობას ამ დღეების განმავლობაში მისდის მესიჯები, რომლებიც შეიცავს დეზინფორმაციას, რაც კიდვ უფრო ამყარებს ეჭვებს, რომ მიზანმიმართულად ხდება მოსახლეობაში პანიკის დათესვა. მოგეხსენებათ, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე არის საგანგებო მდგომარეობა, გამოცხადებულია კარანტინი, არის კომენდანტის საათი. იკრძალება გადაადგილება ტრანსპორტით და ფეხით საღამოს 21:00 საათიდან დილის 06:00 საათამდე. აღნიშნულის დარღვევა ითვალისწინებს ფიზიკურ პირებზე 3000-ლარიან ჯარიმას, ხოლო იურიდულ პირებზე 15000-ლარიან ჯარიმას. მოსახლეობის გარკვეულ ნაწილს დაეგზავნა მესიჯები სახელწოდებით - “UCKEBA”, რომლის შინაარსია: ,,თქვენ დაჯარიმდით კომენდანტის საათის დარღვევის გამო, ჯარიმის ოდენობა 3000 ლარი. R.M. police.ge".

შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ აღნიშნული მოკლე ტექსტური შეტყობინებები არ შეესაბამება სინამდვილეს და ის არ არის გაგზავნილი მათ მიერ. ამ და სხვა ანალოგიურ ფაქტებზე მიმდინარეობს შესწავლა, რომლებსაც საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული შესაბამისი რეაგირება მოჰყვება.

ინტერნეტსივრცეში გაჩნდა უამრავი ვებ-გვერდები და სტატისტიკური მონაცემები, რომლებიც რეალობას სცდება, ჰაკერები სხვადასხვა ვებ-გვერდების საშუალებით მანიპულირებენ კორონავირუსის სტატისტიკით. რიცხვებით თამაშმა კი საზოგადოებაში პანიკა გამოიწვია. ინტერნეტმომხმარებლები უნებურად ხდებიან ინტერნეტ ვირუსების მსხვერპლნი, ინფრომაციის მოძიებისას თავისთავად ხვდებიან ისეთ ვებ-გვერდებზე, რომელიც ავტომატურ რეჟიმში ახდენს დავირუსებული პროგრამის ჩამოტვირთვას. ჰაკერები აყალბებენ სხვადასხვა რუკებს, პროგრამებს, რომელიც უშუალოდ უკავშირდება კორონავირუსს. ისინი უნებართვო წვდომას იღებენ სხვადასხვა მანიპულაციების საშუალებით.  ასეთი მაგალითები უკვე გამოქვეყნდა და შესწავლაც აქტიურად მიმდინარეობს, ერთ-ერთი ასეთი ვიდეო გამოაქვეყნა GEORGIAN HACKERS COMMUNITY – GHC-მა. ვიდეოში ნაჩვენებია, Corona-virus-map.com.exe, რომლის ფაილიც შეიცავს თავისი შიგთავსით AZORult malware-ის, რომელიც წლების წინ შეიქმნა ინფორმაციის მოპარვისთვის. AZORult თქვენი ბრაუზერის cooki-ებიდან იპარავს მონაცემებს, ყველაფერი, რაც კი დამახსოვრებული აქვს ბრაუზერს თქვენს კომპიუტერში, პაროლები, პირადობის ნომერი და ა. შ. ეს აძლევს ჰაკერს წვდომას თქვენს მონაცემებზე. რაც რეალურად ძალიან დიდ საფრთხეს უქმნის პირადი მონაცემების დაცვას და მათ გამოყენებას უნებართვოდ.

დღეს ყველანაირი პირობაა შექმნილი, მასშტაბური კიბერშეტევების დასაწყებად. როგორც მსოფლიო მასშტაბით, ასევე საქართველოზეც, შეიძლება უახლოეს მომავალში ძლიერი კიბერშეტევა განხორციელდეს საქართველოს სხვადასხვა უწყებებზე და მათ შორის ეკონომიკის სამინისტროს სისტემაზე. ამ ვითარებაში გასათვალისწინებელია ის ფაქტორი, რომ ეკონომიკური კრიზისის დაძლევის პირობებში კონკურენცია მაღალია გლობალური მიმართულებით. ასევე, ამ პერიოდში მოსახლეობის უმეტესი ნაწილი მუშაობს სახლიდან, აქედან შეგვიძლია დავასკვნათ, რომ საფრთხე მაშტაბურად უფრო დიდია, სახლის პირობებში მოსახლეობას შიდა ქსელებზე უფრო ნაკლები თავდაცვითი მექანიზმები გააჩნია.

ყოველდღიურ ცხოვრებაში სწრაფი ცვლილებები მოხდა, ინტერნეტთან დამოკიდებულება უფრო მასშტაბური გახდა. ამიტომაც  დროულად უნდა მოხდეს გლობალურ დონეზე მორგებული თავდაცვითი მექანიზმების შემუშავება. წინააღმდეგ შემთხვევაში ახალი საფრთხისა და რისკების წინაშე დავდგებით.

უამრავი ეჭვი გამოითქვა Covid 19-თან დაკავშირებით. მაგალითად: უკუღმა წერის დროს Coronavirus – survan or oc - ნიშნავს მზის ამოსვლას და თვალს. მოგეხსენებათ, ეს მასონების ერთგვარი ემბლემაა. ასევე ციფრები, რომლებიც კორონას ეხება - რუსულად დაწერილ კორონავირუსს - Коронавирусы, ყველა ასოს თავისი ციფრი, რომ დავუწეროთ, ანბანის მიხედვით ვიღებთ რიცხვს - 666 666 666; ხოლო ინგლისურად - Corona გვაძლევს - 666 და ა.შ.

ასევე ეჭვები არის ფილმთან დაკავშირებით, რომლის სცენარიც ძალიან ჰგავს დღევანდელ სიტუაციას მსოფლიოში. ფილმი სახელწოდებით - „ინფიცირება“ 2011 წელს არის გადაღებული. სიუჟეტი ჩინეთში ვითარდება, სადაც ვირუსი სწრაფად ვრცდელდება. ვირუსის გამავრცელებელი აქაც ღამურაა. ეჭვები, რა თქმა უნდა, არსებობს. კორონა ხელოვნურად არის გავრცელებული თუ არა, დღეს ამას ვერავინ ადასტურებს და არც არავის სცალია ამისთვის. თუმცა ამ ყველაფრის ჩავლის შემდეგ აუცილებლად გამოიკვეთება ის ნიშნები, რაც აუცილებლად მოგვცემს ამ საკითხის გარკვევის საშუალებას.

და ბოლოს, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განცხადება გააკეთა, სადაც კორონა ჩინელების ვირუსად მოისხენია, ეს მკაფიო განაცხადია, თუ რა რეალობის წინაშე ვდგავართ დღეს.