ამირან სალუქვაძე: თქვენ იგონებთ საინფორმაციო საწამლავს და ებრძვით ხალხს!

ამირან სალუქვაძე: თქვენ იგონებთ საინფორმაციო საწამლავს და ებრძვით ხალხს!

ამირან სალუქვაძე (ანალიტიკოსი, უსაფრთხოების ექსპერტი):

სოციალური ქსელით ვიგებ ხოლმე ცრუ მედიების თავგასულობას. პანდემიასთან დაკავშირებით ცრუ სიუჟეტი, მკვდრებში ფულის გადახდასთან დაკავშირებით, ყველა ნორმას სცდება.

მიზანი ხომ გასაგებია, წინასაარჩევნოა?! ნახეს, მოიმატა მთავრობისადმი ხალხის ნდობამ და აღარ იციან, ღვედები შეიკრან თუ შეიხსნან.

რატომ მოიმატა, იმაზე არ ფიქრობენ. ადამიანს ცოტა ჰყოფნის, თუ დაანახებ, რომ მასზე ზრუნავ და მის სიცოცხლეს ფასს ადებ, დაგიფასებს.

ეს აღვირახსნილობაც, თითქოს მთავრობა მკვდრებში 10 ათას ლარს იხდიდა, მათი ფორმულის, "რეალობის და ფანტაზიის აღრევის" მორიგი გამოვლინებაა.

ან რა მახინჯი სულის უნდა იყო, მსგავსი სიცრუე გონებაში, უფრო სწორად, ტვინის სამყოფელში რომ მოგივიდეს?! თუმცა, სადაც მოდელირებული ქრონიკა მოტვინეს, მსგავსი აღარ უნდა გაგვიკვირდეს.

აბა, გავიხსენოთ პანდემიის ოპოზიციური ეტაპები:

- ჯერ იყო საყოველთაო ფსიქოზის შექმნა, ხალხის დაზაფრვა, პანიკის დათესვა, რაც უმართავი სიტუაციის შექმნას ემსახურებოდა. ფსიქოზი შეიქმნა, მაგრამ მთავრობამ სიტუაციის მშვიდად მოთოკვა შესძლო. ხალხიც მიყვა და კოვზი ნაცარში კი არა, ცოტა უფრო ბლანტ მასაში ჩაუვარდათ.

- შემდეგი ეტაპი იყო მთავრობაზე იერიშის მიტანა, ეპიდემიის მართვის კრიტიკა. ესეც ჩავარდა.

- ამ ეტაპის გაგრძელება იყო კლინიკებში მივარდნები, კლინიკებიდან პაციენტების მიერ "ლაივების" ჩართვა იქ არსებული, თითქოსდა საგანგაშო მდგომარეობის შესახებ. ასევე გემახსოვრებათ პირბადეების გარეშე სასწრაფო მანქანებში ჟურნალისტების შეჭრის მცდელობები და სხვა. ჩავარდა.

ამ პერიოდში გემახსოვრებათ ჩემი გაბრაზებული მოწოდებები, აკრიტიკეთ მთავრობა, მაგრამ ნუ ებრძვით-მეთქი ხალხს, მოვუწოდებდი დამდგარიყვნენ ვირუსის საპირისპირო მხარეს. ვინ მოგისმინა?!

- ხელისუფლებასთან ბრძოლის ცალკე ისტორია იყო ლუგარის ლაბორატორიის თემის მითვისება. რომ არ აგვეშენებია, რას იზამდითო?! ანუ, ცოცხლები რომ ხართ, ჩვენ გვიმადლოდეთო. წამგებიანი ქმედება იყო როგორც ხალხზე ზრუნვის, ასევე სიმართლის პოზიციიდან. ბოლოს ეს თემაც გაირკვა, ვინ ჩაუყარა საფუძველი, ვინ ააშენა (აქ დამსახურებული მადლობა) და ვინ შეიყვანა ექსპლოატაციაში. ეს ეტაპიც ჩავარდა.

- შემდეგი ეტაპი იყო ამირან გამყრელიძეზე შეტევა, რაც ბუმერანგის ეფექტით დაუბრუნდათ. გახსოვთ ხომ, შვილი ვერ დაიცვა, ჩვენ რას დაგვიცავსო?! ხალხის რეაქციაც დაინახეს. აქაც ჩაუვარდათ კოვზი.

- შეცვალეს ტაქტიკა, რადგან მიხვდნენ, რომ ექიმების გმირობას და, განსაკუთრებით, მათი გამოკვეთილი ნაწილის პროფესიონალიზმს ვერ გადაფარავდნენ. გვახსოვს შემდეგი ფაზა - "ბოდიში ამირან გამყრელიძეს". არ იმუშავა, არ ჩაუთვალეს, იმდენად მიუღებელი მეთოდებით უტევდნენ მანამდე. ბრბოდ კი თვლიან, მაგრამ ხალხი ბრძენია.

- "ბოდიშის" გაგრძელება იყო ინიციატივის ხელში ჩაგდების მცდელობა და დაიწყეს არა ჯანდაცვის მთელი სისტემის, არამედ ექიმების ქება და "ჩვენი გმირი ექიმების" ძახილში მთავრობასაც გადაუსწრეს და ხალხსაც. ესეც დაგვიანებული იყო. არც ხალხმა ჩაუთვალა, არც ექიმებზე მოუხდენია მათ ქებას ზეგავლენა.

ყველა კარგად მიხვდა, რა იყო ექიმების გადამეტებულად ქების მთავარი მიზანი, - დაეკნინებინათ მთავრობის როლი. მაგრამ დაავიწყდათ, რომ მოსახლეობას კი უჭირს, მაგრამ მატერიალურად უჭირს, ტვინის და აზროვნების მხრივ გასაჭირი არ აქვს.

ზოგადად, ეპიდემიის მართვა ორი კომპონენტისგან შედგება: ადმინისტრაციული ღონისძიებები და მკურნალობა. მთავრობა და ექიმები ერთმანეთის საქმეს ვერ გააკეთებენ. ექიმები ვერ შესძლებდნენ საკოორდინაციო საბჭოს შექმნას, შეზღუდვების დაწესებას, ტესტების შემოტანას, კარანტინების ორგანიზებას დასახლებული პუნქტების ჩაკეტვით, სადეზინფექციო სამუშაოებით, სურსათის მიწოდებით და სხვა ღონისძიებებით, ვერც ადგილობრივ სამკერვალოებში პირბადეების და კომბინიზონების შეკერვას, ვერც მოსახლეობის ორგანიზებას, ვერც კლინიკების მართვას, საწოლების მარაგების შექმნას, სასტუმროებში კარანტინების უზრუნველყოფას, კარანტინის და თვითიზოლირების მოთხოვნების კონტროლს პოლიციის მეშვეობით, ვერც საზღვრის კონტროლს, ვერც საველე სამხედრო ჰოსპიტლების გაშლას და ბევრ სხვა მასშტაბურ სამუშაოს. მთავრობა კი ვერ შესძლებდა ლაბორატორიებში მუშაობას, ანალიზების ჩატარებას, ვირუსის დენომის გაშიფრვას, დაინფიცირებული ავადმყოფების საკუთარი ჯანმრთელობის რისკის ფასად მკურნალობას.

რა თქმა უნდა, ექიმები, მედდები, ლაბორანტები, სასწრაფო დახმარების ეკიპაჟები, მათ შორის მძღოლები, ამ ბრძოლის წინა ხაზზე იყვნენ და კიდევ ერთხელ მადლობა მათ. ოღონდ გულრწფელი მადლობა და არა ისეთი, ცრუ ტელევიზიებს და ცრუ ოპოზიციას რომ მოგეხასიათებათ ხოლმე, ქულების დასაწერად.

მოკლედ, ისევ ჩაუვარდათ კოვზიც და ფეხიც... არ ჭამა ხალხმა ცრუ და არაგულრწფელი ქება-დიდება.

- ამის შემდეგ გადავიდნენ მოსახლეობასთან და მთავრობასთან ბრძოლის ახალ ეტაპზე, - საქმეში ჩართეს საზღვარგარეთ მყოფი ქართველი წარმომავლობის ექიმები. აღარ გავიხსენებ იმ ჭუჭყს, დაკვეთილ ფეისბუკ "პოსტებს", ზიზღით და არაპროფესიონალიზმით სავსე სატელევიზიო სიუჟეტებს. ეს ეტაპიც ჩავარდა. ვხედავთ რა ხდება მეზობელ სომხეთში, ან რუსეთში და რა ხდება საქართველოში. სად არიან ახლა ის ექიმები?!

ისინი არ ვიცი, სად არიან, მაგრამ გამყრელიძე, იმნაძე, ცერცვაძე, ეზუგბაია, რატიანი და ასობით, ათასობით სხვა თეთრხალათიანი, მიუხედავად მათი თანამდებობისა, სპეციალობისა და როლისა, ამაყად დადიან ჩვენს ქუჩებში.

ცოტა შეიძლება გადაგვავწყდნენ, მაგრამ ასე იცის, გადაიარა შიშმა და ადამიანები თავის საქმიანობას დაუბრუნდნენ. ომის დროს ჯარის იმედი გვაქვს,  კრიმინალის თარეშის დროს, - პოლიციის, ეპიდემიის დროს - ექიმების.

განა ჯანდაცვის სისტემაში ყველაფერი რიგზე გვაქვს, მაგრამ როცა ქვეყანას დასჭირდა, ყოველმა მათგანმა გმირობის ზღვარზე გაიარა. ზოგს კვირეების, თვეების მანძილზე მოუწია სამსახურიდან გაუსვლელად საკუთარი მოვალეობების შესრულება, არც ისე მაღალი ანაზღაურების ინტერესის გამო, არამედ მოქალაქეობრივი და პროფესიული მოვალეობებიდან გამომდინარე.

იგივე ფსიქოლოგიაა, როგორც ჯარში, შეიძლება ყველაფერი რიგზე არ იყოს, მაგრამ ქვეყანას როცა დასჭირდება, წავლენ და თავს დადებენ.

აი, ასე დადო თავი და გადადო პირადი ყოველმა ექიმმა, მედდამ, სანიტარმა, ლაბორანტმა,...

თქვენ, ზიხართ თქვენს სატელევიზიო ლაბორატორიებში, იღებთ ათიათასობით ლარს, ფლანგავთ ბიუჯეტიდან მოპარულ მილიონებს და იგონებთ საინფორმაციო საწამლავს, ებრძვით ხალხს, ცდილობთ დანერგოთ უიმედობა, დეპრესია, ზიზღი, სიძულვილი... ვერ გაგირჩევიათ, სად გადის ზღვარი პოლიტიკურ ბრძოლასა და ქვეყნის, საკუთარი ხალხის წინააღმდეგ ბრძოლას შორის...

ამიტომ მოგდით თავში ეს მახინჯი აზრები. ვერც ლოგიკა დაგილაგებიათ.

თქვენი ცრუ გვერდები და რეალური მომხრეები სოციალურ ქსელში ავრცელებდნენ მოსაზრებებს -  "ესენი ტესტებს არ ატარებენ, დაინფიცირებულებს არ ავლენენ, ამიტომაა მცირე რაოდენობაო."

მასე რომ ყოფილიყო, სად დამალავდნენ დაინფიცირებულებს, გარდაცვლილებს?! სომხეთში დღეში ინფიცირდება იმდენი, რამდენიც ჩვენთან ჯამში დაინფიცირდა და დღეში კვდება იმდენი, რამდენიც ჩვენთან მთლიანადაა გარდაცვლილი. თუ არაფერს აკეთებდა მთავრობა და ჯანდაცვა, სადაა გადავსებული საავადმყოფოები?

აქამდე ცრუ ტელევიზიები გადმოსცემდნენ, მალავენ გარდაცვლილებსო. ახლა გვითხრეს, კი არ მალავენ, თურმე 10 ათას ლარს იხდიან, რათა ვინმე დაითანხმონ, თითქოს კოვიდ-19-თ გარდაიცვალაო.

ჯერ ერთი, ლოგიკა სადაა, თუ მალავენ, მაშინ ფულს რატომ იხდიან და პირიქით? მეორე, 14 ოჯახის მეტი მსურველი ვერ იპოვეს, ვინც 10 ათასი ლარის აღებას დათანხმდებოდა?

ასეთი სიცრუე, ალბათ, მართლა გებელსის თავში თუ მოიხარშებოდა.

რა გითხრათ, რით შევაჯამო?! შესაჯამებელიც არაფერია. ეპიდემიის გამოყენებით საკუთარი ხალხის წინააღმდეგ, საინფორმაციო ომის ბოლო ეტაპი იყო, რომელიც ასევე ჩაუვარდათ.

ალბათ, ეპიდემიის მეორე ტალღის მოლოდინში არიან და თუ იფეთქა მეორედ, უნდა ველოდოთ მორიგ საინფორმაციო საწამლავებს.

ადამიანი ფუძეს, ფესვებს როცა მოსწყდება, ცოდოა...