იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილემ ნარკოდამოკიდებულ მსჯავრდებულთა რეაბილიტაციის თემაზე საერთაშორისო კონფერენცია გახსნა

იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილემ ნარკოდამოკიდებულ მსჯავრდებულთა რეაბილიტაციის თემაზე საერთაშორისო კონფერენცია გახსნა

იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილემ ნარკოდამოკიდებულ მსჯავრდებულთა რეაბილიტაციის საკითხებისადმი მიძღვნილი საერთაშორისო კონფერენცია გახსნა. ღონისძიების ორგანიზატორები არიან იუსტიციის სამინისტრო, როგორც ნარკომანიასთან ბრძოლის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ხელმძღვანელი უწყება, და ევროპის საბჭოს ნარკომანიასა და ნარკოტიკების უკანონო ბრუნვასთან ბრძოლის თანამშრომლობის ჯგუფი (Pompidou Group).
მიხეილ სარჯველაძემ სახელმწიფოს მიერ დაბალანსებული ნარკოპოლიტიკის მიმდინარე პროცესზე, იუსტიციის სამინისტროს ხელმძღვანელობით გატარებულ საკანონმდებლო და ინსტიტუციურ ღონისძიებებზე, მათ შორის, მტკიცებულებებზე დაფუძნებული მიდგომების დანერგვის მიზნით ნარკოვითარების მონიტორინგის ეროვნული ცენტრის დაფუძნების თაობაზე, ისაუბრა.
იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილემ ყურადღება გაამახვილა ახალი ინსტიტუციური მექანიზმის − ნარკოვითარების მონიტორინგის ეროვნული ცენტრის დაფუძნებაზე, რომელიც ერთი თვის წინ იუსტიციის მინისტრის ბრძანებით შეიქმნა. ცენტრის მიზანი საქართველოში ნარკოვითარებასთან დაკავშირებული ინფორმაციის შეგროვება და ანალიზი, სამეცნიერო-პრაქტიკული მეთოდოლოგიების დანერგვაა, რაც ხელს შეუწყობს ქვეყანაში თანამედროვე გამოწვევების საპასუხო მტკიცებულებებზე დაფუძნებული ანტინარკოტიკული პოლიტიკის განვითარებას.
მიხეილ სარჯველაძემ კონფერენციის მნიშვნელობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველოში ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის პროცესი დაფუძნებულია ოთხსვეტოვან პოლიტიკაზე − პრევენცია, მკურნალობა-რეაბილიტაცია, ზიანის შემცირება და მოთხოვნა/მიწოდებასთან ბრძოლა. მინისტრის პირველი მოადგილის თქმით, კონფერენციის მიზანი მკურნალობა-რეაბილიტაციის კომპონენტის გაძლიერებაა:
„საერთაშორისო გამოცდილების გაზიარების ეს პლატფორმა დაგვეხმარება ჩვენ, ყველას ერთად, კიდევ უფრო დავხვეწოთ და ეფექტიანი გავხადოთ დახურულ დაწესებულებებში მყოფი ნარკოდამოკიდებული პირების ჯანმრთელობის დაცვის მექანიზმები და ხელი შევუწყოთ ადამიანის უფლებათა დაცვაზე ორიენტირებული დაბალანსებული მიდგომების განვითარებას“.
ღონისძიების მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელმა კრისტიან ურსემ და პომპიდუს ჯგუფის აღმასრულებელმა მდივანმა დენის ჰუბერმა.
კონფერენციის მიზანი ნარკომანიასთან ბრძოლის სფეროში პარტნიორ და ევროსაბჭოს წევრ სახელმწიფოებს შორის საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებაა. საქართველოსთან ერთად, მასში მონაწილეობს გერმანიის, ესპანეთის, ჰოლანდიის, პოლონეთის, მოლდოვისა და უკრაინის სახელმწიფო და სამოქალაქო სექტორის 100-მდე წარმომადგენელი.