კახაბერ კორძაია: ჩვენ სტუდენტებსა და ლექტორებს უსაფრთხო გარემოს ვთავაზობთ

კახაბერ კორძაია: ჩვენ სტუდენტებსა და ლექტორებს უსაფრთხო გარემოს ვთავაზობთ
ბატონო კახაბერ, როგორ აპირებთ დისტანციურად შუალედური თუ საბოლოო გამოცდების ჩატარებას ან თუნდაც შეფასების განხორციელებას?

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი ერთ-ერთი პირველი ინსტიტუცია იყო, რომელმაც, 16 მარტიდან, 2019-2020 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრი დისტანციურად დაიწყო. ეს გადაწყვეტილება ეფუძნებოდა უნივერსიტეტში, ბოლო ორი წლის განმავლობაში, სწავლა-სწავლების პროცესში ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვის თანმიმდევრულ პოლიტიკას.

დისტანციური სწავლების დაწყებამდე უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ შექმნა ონლაინ სწავლების მართვის ჯგუფი და განისაზღვრა მათი მოქმედების გეგმა, ელექტრონული პლატფორმები, რომელთა გამოყენებითაც განხორციელდებოდა სწავლება, ამ პლატფორმების გამოსაყენებლად გადამზადდა ადმინისტრაცია და აკადემიური პერსონალი.

დღეისათვის უნივერსიტეტში ელექტრონულ სწავლებას, აკადემიური პერსონალიდან, 320 ადამიანი 550 სასწავლო კურსისთვის ახორციელებს.

ასევე, შემუშავებულია სწავლების ხარისხის შემოწმების მექანიზმები და მიმდინარეობს ონლაინ ლექციებისა და სემინარების მონიტორინგი.

უნივერსიტეტი რამდენიმე ელექტრონულ პლატფორმას იყენებს, ესენია: Camtasia – ლექციების მომზადებისა და აუდიოვიზუალური ჩაწერის პროგრამა, Cisco Webex და Zoom პლატფორმები, ასევე Moodle-ის სისტემა.

კსუ-ში ელექტრონული გამოცდების სისტემა 2019 წლიდან იყო დანერგილი, შესაბამისად, Moodle-ის სისტემის გამოყენების პრაქტიკა უკვე არსებობდა. დღეისათვის ყველა შუალედური გამოცდა ჩატარდა ამავე პლატფორმით. უნივერსიტეტს ელექტრონულ გამოცდაზე შესვლა და მიმდინარეობა შეზღუდული აქვს დროში. მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ მომზადებულია საგამოცდო საკითხების ბანკი თითოეულ საგანში, ამით უზრუნველვყოფთ ინდივიდუალური საგამოცდო ბილეთების გენერირებას თითოეული სტუდენტისთვის, კონკრეტულ მოცემულ საგამოცდო საათზე. საგამოცდო საკითხები შერეული ხასიათისაა, მოიცავს როგორც ღია, ასევე დახურულ კითხვებს, ეს კი საშუალებას იძლევა, სტუდენტი ობიექტურად შეფასდეს.

თამამად შეგვიძლია აღვნიშნოთ, რომ კმაყოფილები ვართ მიღებული შედეგებით და შუალედური გამოცდების ჩაბარება აკადემიურად მაღალი სტანდარტით შეგვიძლია შევაფასოთ. სწორედ ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვფიქრობთ, რომ ფინალური გამოცდებიც ჩატარდება ელექტრონულად, MOODLE-ის საშუალებით, ეს მოგვცემს შესაძლებლობას, დამატებითი საფრთხის წინაშე არ დავაყენოთ ჩვენი სტუდენტების ჯანმრთელობა.

➡ ხართ თუ არა მზად, რომ დააკმაყოფილოთ სამინისტროს რეკომენდაციები და, გაწერილი ვალდებულებების საფუძველზე, სტუდენტებსა და პედაგოგებს უსაფრთხო გარემო შეუქმნათ შეზღუდვების მოხსნის შემდეგ?

როგორც უკვე აღვნიშნეთ, კსუ 2020 წლის გაზაფხულის სემესტრის დასკვნით გამოცდებსაც ელექტრონულად, moodle-ის საშუალებით ჩაატარებს.

აღსანიშნავია, რომ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი, 2017 წლიდან, თანამშრომლობს ლიცენზირებულ კომპანიასთან, რომელიც წინასწარ შეთანხმებული გრაფიკით, წელიწადში რამდენჯერმე, ახორციელებს სადეზინფექციო, სადერატიზაციო და სადეზინექციო სამუშაოებს.

საქართველოში ახალი კორონავირუსის ინფექციის (COVID-19) შესაძლო გავრცელების პრევენციასთან დაკავშირებით, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ორივე სასწავლო კორპუსში, სველი წესით, სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა. გარდა ზემოთ აღნიშნული სამუშაოებისა, უნივერსიტეტის შენობებში დამონტაჟდა სპეციალური მოწყობილობები ხელის სადენზიფექციო ხსნარით დამუშავებისთვის. უნივერსიტეტის მარაგებშია ვირუსისგან თავდაცვის ყველა საჭირო საშუალება – სადენზიფექციო ხსნარები, დეზობარიერები, პირბადეები, ხელთათმანები.

კსუ მზადაა, საგამოცდო სივრცეებში მიიღოს სტუდენტები და სრულად აკმაყოფილებს სამინისტროს მიერ შემუშავებულ რეკომენდაციებს, გაწერილი ვალდებულებების გათვალისწინებით, შესაბამისად, სტუდენტებსა და ლექტორებს უსაფრთხო გარემოს სთავაზობს.

ზოგიერთ პროგრამაზე, სპეციალობების სპეციფიკიდან გამომდინარე, შესაძლებელია, დიპლომის დაცვები უნივერსიტეტში ჩატარდეს. გაწერილი იქნება გრაფიკი და სტუდენტებს ინდივიდუალურად მოუწევთ გამოცხადება გაწერილი გრაფიკის შესაბამისად, დაცვები კი ჩატარდება  უსაფრთხოების ყველა ნორმის დაცვით.

➡ რა მეთოდს სთავაზობს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი სტუდენტებს, სწავლის საფასურის გადასახდელად?

უნდა აღინიშნოს, რომ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში გადახდის სისტემა სრულადაა მორგებული სტუდენტებზე, მათ შესაძლებლობა აქვთ, სწავლის წლიური გადასახადი ექვს ეტაპად დაფარონ.

მიმდინარე სემესტრში, შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, სტუდენტებს შესაძლებლობა მიეცათ, მიემართათ დეკანატისთვის და შეემუშავებინათ მათთვის ხელსაყრელი გადახდის გრაფიკი, სადაც მათ სრული თავისუფლება ჰქონდათ. მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული შეღავათებით სტუდენტების საკმაოდ დიდმა ნაწილმა ისარგებლა და ისინი შეფერხების გარეშე ესწრებიან ონლაინ ლექცია/სემინარებსა და გამოცდებს.

ესაუბრა მაკა ყიფიანი

 ახალი განათლება