კახელები, ლაკალე ძია და ბიძინა ივანიშვილის კანაფის პლანტაციები

კახელები, ლაკალე ძია და ბიძინა ივანიშვილის კანაფის პლანტაციები

ამას წინებზე, ერთ-ერთ შაბათ დღეს ნოდარა მელაძემ „ჭუტავიზიის“ მეშვეობით და საშუალებით ისეთი ამბავი „გახეთქა“, მე და სამიოდე ტალიკა ბიჭი სამხრეთ ამერიკაში გადავფრინდით, კერძოდ ურუგვაიში. ბიძინა ივანიშვილმა დაგვავალა, ურუგვაი-ბრაზილიის საზღვარზე შარშან კანაფი დავთესე, წელს კაი მოსავალს ველოდებოდი, მაგრამ რაკი ნოდარამ გაიგო, აწი აღარაფერი გამოვა, უნდა ჩახვიდეთ და პლანტაციებს ცეცხლი წაუკიდოთო, კვალი უნდა წაშალოთო. ვუთხარი, ნოდარას კეთილებიც მოვტ...ან, ამოდონა ნაშრომს ცეცხლი რათ უნდა წავუკიდოთ-მეთქი? არაო, რაკი ნოდარამ გაიგო, ალბათ გვარამიასაც ეტყვის, გვარამია ელისო კილაძეს ეტყვის, გადაფრინდებიან ურუგვაიში და დაიწყებენ ექსპერიმენტების ჩატარებასო. გვარამიას ამბავი რომ ვიცი, შევარდება სადმე ტბაში, უცებ გამოჩნდება ნიანგი, გამოეკიდება, შეიძლება რამე მოაჭამოს და მერე აკრიახდება, ნიანგი ბიძინამ მომიგზავნაო, სპეციალურად გამოუშვაო.

აი, ეხლა მანდ გაჩერდით, ძალიან მაგრადა სცდებით-მეთქი, შევეპასუხე ბატონ ბიძინას.

ვითომ რათა ვცდებიო?

იმიტომ, რომ ჩაჯვი გვარამიას არც ერთი ნიანგი არ მიეკარება-მეთქი.

აჰა, მივხვდი, რასაც გულისხმობ, მაგრამ ზოგიერთი ნიანგი ისეთი აგრესიულია, ეგეთებსაც ერჩისო.

კარგი, ჯანდაბას, წავალთ და გადავბუგამთ იქაურობას, ნოუ პრობლემ-მეთქი.

ცა ჯერ არც კი იყო ხეირიანად გახსნილი, მივცვივდით აეროპორტში. ბიჭებმა ბენზინით სავსე კანისტრები  „ბაგაჟნიკში“ შეყარეს. პილოტმა გაგვაფრთხილა, პაპიროსებს არ მოუკიდოთ, თორემ ჩამოვცვივდებითო. აუ, ჩამოვცვივდებით და მიწას სად გავექცევით-მეთქი? - ვიხუმრე ჩემებურად. პილოტმა ჩაიცინა და საჭეს მიუჯდა. გოგია ეუბნება, ერთ-ერთი ჩვენთაგანი, წინ იყურე, ბიჭო, კავკასიონ არ შეგვახეთქოო.

ჰო, კინაღამ დამავიწყდა, ბიძინა ივანიშვილმა კანაფის გადასაბუგად  კახელები გაგვაგზავნა, თქვენ ყოველ შემოდგომით, მოსავლის აღების შემდეგ ალაზნის ველს ცეცხლს წაუკიდებთ ხოლმე, ეგ საქმე კარგად გამოგდით, პროფესიონალები ბრძანდებითო. მართლაც, ერთადერთი, რაც მაგრად ვიცით, ნაკვეთებში „პაჟრების“ გაჩენაა. მართალია, ერთი-ორჯერ შეგვეშალა და ცეცხლი ვენახებს წავუკიდეთ, მაგრამ ყველაფრი პრაქტიკით არი, ბოლო დროს შეცდომები აღარ მოგვდის. სხვათა შორის, რამოდენიმეჯერ კანაფიც გადავბუგეთ ალაზნის ველზე ჩვენივე ინიციატივით, არავის მითითებას არ დავლოდებივართ იმიტომ, რომ ხშირად ვპოულობდით დახეულ „ტრუსიკებს“ და ეს იყო აუტანელი. რამოდენიმეჯერ ვიპოვეთ ლიფებიც. მოდიოდნენ ბალღები სხვადასხვა სოფლებიდან, ეწეოდნენ შეკეთებულ პაპიროსსა და იწყებოდა „ლიფ-ტრუსიკების“ ფლეთვა.

რამდენი საათი უნდა ვიფრინოთო? - იკითხა ჯემალამ და შუბლზე სამი ნაოჭი გაუჩნდა. იცოდა, რომ 12 საათზე მეტი ცაში უნდა გაგვეტარებინა, უბრალოდ ჩვენ გვცდიდა, ნეტავ აზრზე თუ არიანო. ჩვენ მრავალმნიშვნელოვნად გადავხედეთ, ილომ ხელი აუქნია, ნუ ატრაკებო. კავკასიონი გადავიარეთ, თვითმფრინავმა რამდენიმე ადგილზე ჩაარტყა, წარბებიც არ შეგვიხრია, ისეთი დავიჭირეთ, გეგონება დღეგამოშვებით ურუგვაიში დავფრინავდით. მარტო ჯემალა შეჰყვირებდა ხოლმე: აცე, ვიროო!

ჩაგვძინებოდა. თვალები რომ გავახილეთ, ერთხმად ვიკითხეთ, რომელ განედზე ვიმყოფებითო? პილოტმა შეგვატყობინა, ატლანტის ოკეანის თავზე ვართ, მალე მონტევიდეოში შევალთ, ფაქტობრივად მოვედითო. ფანჯრებთან მივცვივდით, ქვემოთ უკიდეგანო წყალი ლივლივებდა. ჰორიზონტზე მაღალკორპუსებიანი ქალაქი მოჩანდა. გოგიამ თქვა, ცოტა ხანს აეროპორტში უნდა დამელოდოთ, პრეზიდენტ ლუის ალბერტო ლაკალე პოუსთან შევირბენ, საქმის კურსში ჩავაყენებ, აქ რომ ვართ და დავბრუნდები, ბარემ ვთხოვ, თუ ბენზინი დაგვაკლდა, ერთი-ორი კანისტრა გვასესხოსო.

დავფრინდით. პილოტმა გვითხრა, სანამ თქვენ პლანტაციებს გადაბუგავთ, მე წავუძინებ, გადავიღალეო. ჯემალამ გაუტრაკა, ავტოპილოტი ჩაურთე და დაიძინე, რა პრობლემააო? პილოტმა, ჩემ საქმეში ნუ ერევი, რა უნდა ჩავურთო, ძალიანაც კარგად ვიციო. გოგია პრეზიდენტთან წავიდა, ჩვენ აეროპორტის ეზოში ჩამოვსხედით, ცოტა ხანს ხალხის მიმოსვლას დავაკვირდით, ზოგი შავი იყო, ზოგი - თეთრი, ზოგი - ყვითელი, ზოგი კიდევ ბრიჯნაოსფერი. მრავალფეროვანი ქვეყანა ყოფილა. სხვათა შორის, ძალიან ჰგავს საქართველოს, ეგენიც 3 მილიონ „სჩემტა“ არიან და 2 მილიონზე მეტი ქალაქშია გამოქცეული. აქაურების დევიზია: „Libertad o Muerte“ („თავისუფლება ან სიკვდილი“).

გოგია საათნახევარში დაბრუნდა, ყველაფერი ხოშიანად არი, ლაკალე ძიამ კარგად მიმიღოო. ჩავეძიეთ, კარგად მიღება რაში გამოიხატებაო? რავი, თქვენი ვიზიტის მიზანი და ამოცანა არ მომწონს, მაგრამ რაკი არ იშლით, თქვენი საქმისა თქვენ იცითო. სხვათა შორისო, ნოდარა მელაძემ დამირეკა და მეუბნება, მანდ რა დღეში ხართ, რა მარიხუინობია გაგიჩაღებიათ, ბიძინა ივანიშვილს რეიზა დაათესინეთო?! კაცი გაგიჟებულია, შეკითხვები დამაყარა, თან ისეთი ხმა ჰქონდა, გეგონება ვირი აკუებსო, ბოლოში ცოტა წაგრძელებულიო.

ჯემალა კინაღამ გაგიჟდა, ესე იგი, პიდარასტმა ნოდარამ დაურეკა  ლაკალე ძიასაო?!

გოგიამ მხრები აიჩეჩა, რავი, პრეზიდენტმა ეგრე თქვა, ხო არ მოიტყუებოდაო? თურმე შეკითხვები დაუყრია: საიდანაო? რანაირადაო? როგორაო? ზემოდან თუ ქვემოდანაო? ჰორიზონტალურად თუ ვერტიკალურადაო? ლაკალე ძიასაც დაუსვამს ერთი შეკითხვა - შვილო, შენ შიგ ხო არა გაქვსო?!

ილოს თვალები ნორმაზე მეტად გაუფართოვდა, კინაღამ კაკლები გადმოსცვივდა, მერეო?!

გოგიამ მოკლედ მოუჭრა, რაღა მერე, პრეზიდენტს ყურმილი დაუხეთქებიაო.

წავედით, ილოს ურუგვაიელმა ნაცნობმა ჯიპით მოგვაკითხა, ტიპი ისე გახუხულიყო მზეზე, ვერ გავარკვიეთ, შავი იყო თუ თეთრი და მერე გაშავდა. ამან ესპანურად დაგვიწყო ლოაპარაკი. ჯემალამ გვითარგმნა, შარშანწინ უსწავლია, ესპანეთში სამუშაოდ იყო წათრეული და დაარეპორტეს. ეს კაცი ამბობს, რომ ბრაზილიის საზღვართან ახლოს მისვლა საშიშიაო, მაგათ ურუგვაის ერთი სოფელი და ერთი კუნძული აქვთ მიტაცებული და ფაქტობრივად კონფლიქტში არიანო. მე ვუთხარი, ჩვენ აქეთ მივდივართ, საზღვარი არ გვაინტერესებს-მეთქი.

საათნახევარი ვიარეთ. ცხელოდა. გზად ბიზონები და მაიმუნები გვხვდებოდნენ, ბეჰემოტებიც. გზის ორივე მხარეს ნაკვეთები დამუშავებული იყო. ერთი-ორგან მარიხუანას ნათესულობაც შევნიშნეთ. აქ თურმე ბრინჯიც მოჰყავთ და ალაოც. თქვენ წარმოიდგინეთ, სულ მქონდა შეგრძნება, რომ ვიღაცები გვითვალთვალებდნენ, მე ჩაჯვი გვარამიაზე ვიეჭვე. ჯემალამ თქვა, ასიანი ნოდარა იქნებაო. ილომ დაიჟინა, არც ერთია, არც მეორე, მელაძეს ყველა გადაცემაში ჭარბპომადიანი ქალი რომ დაჰყვება ძუნძულით, ეგ იქნებაო, თუმცა ფეხებზე მკიდიაო. მეც მკიდია, მაგრამ სანამ თავზე დაგვადგებიან, პლანტაციები უნდა დავწვათ, კვალი წასაშლელია-მეთქი. შოფერმა გვკითხა, პრობლემა გაქვთო? ამ დროს ერთი უცნაური აზრი მომივიდა თავში, მე მგონი, ეს ტიპი გადაცმული ნოდარა იყო. ილოს ჩუმად გავუზიარე. არა, ტოოო, რას მიჰქარავო?! კაი-მეთქი.

დაღამდა. დანიშნულების ადგილამდე, როგორც იქნა, მივედით. ილოს ჯიბეში ფანარი აღმოაჩნდა, მივანათეთ, რას ვხედავთ, იგეთი გადაჭიმული პლანტაციებია, პლანტაციების უნახავი გახდებოდით, დიდი ცოდვა იქნებოდა, ცეცხლი წაგვეკიდებინა, მაგრამ დავალება დავალებაა, ძმაო.

ჩავიცუცქეთ, რუკა ამოვიღეთ, გავშალეთ, დავაზუსტეთ, „პაჟარი“ საიდან უნდა გაგვეჩინა. გოგიამ თქვა, რუკაზე შუა ადგილია მითითებული, მაგრამ რაღაცნაირად არ მომწონს, ქარი ქვემოდან უბერამს, თანაბარი წვა არ ექნებაო. ჯემალა დაეთანხმა, მაგრამ იქვე დასძინა, გეგმას ვერ გადავუხვევთო. გადაწყდა, ორი კანისტრა უნდა დაგვეცალა პლანტაციების გულში. ილო და გოგია წავიდნენ. თხუთმეტ წუთში მობრუნდნენ, კი მოვაპკურეთ ბენზინი, მაგრამ ასანთის წაღება დაგვავიწყდა, ვერ წავუკიდეთო. აუუუ... აბა, ესენი არიან, რააა! მივეცით და თან გავაფრთხილეთ, რომ უნდა ერბინათ, რათა ბენზინი არ აორთქლებულიყო.

ჯერ აგიზგიზდა, ირგვლივ სასიამოვნო ტკაცა და ტკუცი ისმოდა. ცეცხლი ნელ-ნელა გაძლიერდა, ჰაერში კანაფის სურნელი დატრიალდა, მერე კი ჯანღივით თეთრი ბოლი წამოვიდა, ურუგვაის ცაზე ნისლი ჩამოწვა.

გოგიას ტელეფონზე ძალიან მკაცრი ზარი გაისმა. ამან უპასუხა. მეორე მხრიდან ვიღაცა ყვიროდა. ეს დამუნჯდასავით, მაგრამ როცა ის ყვირილს მორჩა, უთხრა, ეხლა აღარაფერი ეშველება, მაინც შაბათ-კვირაა, შეიძლება უკეთესიც კი იყოსო, კანაფის ბოლი სასარგებლოა ხანდახანო. იმან გათიშა. გოგიამ თქვა, ლაკალე ძია იყო, თურმე მთრლი ურუგვაი იცინის, ზოგს კიდე დორბლი ჩამოსდისო.

ჯემალამ, რათაო?

გოგიამ, რათა და ამდენი კანაფი რო დავახრჩოლეთ, ხალხმა ჩაისუნთქაო.

დილამდე ვისხედით მინდორში, ველოდებოდით, როდის ჩაიწვებოდა. ილომ, წყალი დავასხათ, თორემ ერთი კვირა ეგრე იხრჩოლებს, ალაზანზე რო წავუკიდებთ, კაიხანსა ხრჩოლამს ხოლმეო. სადაც ყველაზე მეტად ადიოდა ბოლი, წყალი დავასხით.

აეროპორტში დავბრუნდით. პილოტი თვითმფრინავთან ბოლთასა სცემდა, დაგვინახა თუ არა, ხელები გაშალა, სადა ჰყრიხართ ამდენ ხანსაო? უდიერად შევხედეთ, პირდაპირ ვაგრძნობინეთ, შიგ ხო არა გაქვსო? პილოტმა, სხვათა შორის, ერთი საბურავი დაეშვა და გამოვცვალეო. ჯემალამ, ჰაერში „პაკრეშკა“ რა ფეხებად გვინდაო? ერთმანეთს მრავალმნიშვნელოვნად გადავხედეთ და მხრები ავიჩეჩეთ.

როგორც იქნა, ჩამოვფრინდით საქართველოში. დავალება შესრულებულია, კვალი წაშლილია. შეიძლება ჩაჯვთა ბრიგადამ გადამწვარი მინდორი აღმოაჩინოს და ბერას კვალზეც გავიდნენ, მაგრამ მტკიცებულებას ვეღარ დადებენ.

ანგარიში ჩავაბარეთ, მადლობები გამოგვიცხადეს და დავიშალეთ. თუ რამე, მზად ვართ, ნებისმიერი კომპრომატი გავანადგუროთ, გადავწვათ და გადავბუგოთ. როცა მამული განსაცდელშია, არავის და არაფერს მოვერიდებით. ვემსახურებით საქართველოს!

 

P.S. მეგობრებო, ძვირფასო მკითხველებო, გამოცდილებამ მიჩვენა, რომ ზოგიერთი ხუმრობით დაწერილს სერიოზულად იღებს. ამიტომ ამჯერად საგანგებოდ გაფრთხილებთ, რაც ზემოთ დავწერე, ყველაფერი არის ხუმრობა, ანუ იუმორი, არ დაიჯეროთ გარდა ერთისა - ნოდარა მელაძემ მართლაც იბოდიალა ტელევიზორში, ბიძინა ივანიშვილს ურუგვაიში კანაფის პლანტაციები აქვს, წელს 40 ტონა მარიხუანას ელოდებაო. მოგვიანებით გაირკვა, რომ ურუგვაიში ნამდვილად არსებობს რაღაც პლანტაციები, რომელიც ეკუთვნის ბიზნესმენ თემურ უგულავას. ამბობენ, ეს პიროვნება ადრე „ნაცმოძრაობასთან“ იყო დაახლოებულიო. მე არ ვიცი, თავს ვერ დავდებ ამ ინფორმაციის უტყუარობაზე. მოკლედ, რაც უფრო ახლოვდება არჩევნები, ჩაჯვთა ბრიგადის წევრები ჭკუაზე აღარ არიან, ათას სისულელეს იგონებენ. მადლობა ყურადღებისთვის, კარგად ბრძანდებოდეთ.

გელა ზედელაშვილი

"საერთო გაზეთი"