კიბერუსაფრთხოების გამოწვევები და გავლენა საზოგადოებრივ განწყობებზე

კიბერუსაფრთხოების გამოწვევები და გავლენა საზოგადოებრივ განწყობებზე

კრემლის სასარგებლოდ ცნობიერების შეცვლა, პროდასავლური განწყობების შემცირება, პრორუსული ელიტის ფორმირება-გაძლიერება – ეს მხოლოდ მცირე ჩამონათვალია იმ მიზნებისა, რომელის მიღწევასაც პუტინის რუსეთი საკუთარი პორპაგანდისტული არხებით ცდილობს. ინტერნეტის საუკუნეში, რასაკვირველია, პროპაგანდის იარაღებმა ცვლილება განიცადეს და ტრადიციული მედიიდან ონლაინსივრცეში გადაინაცვლეს – არხები მრავალფეროვანია და მოიცავს სატელევიზიო და რადიო არხებს, ე.წ. ბოტებსა და ე.წ. ტროლებს სოციალურ მედიაში, ოპტიმიზირებულ საძიებელ სისტემებს, მოსყიდულ ჟურნალისტებს საზღვარგარეთის მედიაში და სხვა.

როგორ მუშაობს კრემლის ჰიბრიდული ომი, რა კიბერარხებით ვრცელდება პროპაგანდისტული კონტენტი საქართველოში და რა საინფორმაციო თუ ფსიქოლოგიური ეფექტის გამოწვევა შეუძლია მას – ამ და სხვა კითხვებს კიბერუსაფრთხოების საგანმანათლებლო ცენტრის – CYSEC დამფუძნებელი, ანდრია გოცირიძე პასუხობს.

_ საკითხს უფრო ფართო რაკურსში რომ შევხედოთ, უპირველეს ყოვლისა, ვისაუბროთ რუსეთის მხრიდან მომავალ კიბერსაფრთხეებსა და მათ შესაძლო შედეგებზე.
_ კრემლი საქართველოს მისი გავლენის სფეროდ მოიაზრებს, რის გამოც ჩვენი ქვეყანა რუსეთის ჰიბრიდული ომის სამიზნეა, ამ ომის არეალი კი, სხვა აქტივობებთან ერთად, როგორც ტექნიკურ, ასევე ფსიქოლოგიურ ეფექტზე ორიენტირებულ კიბეროპერაციებს აერთიანებს. რუსეთის მიერ განხორციელებულმა ან მხარდაჭერილმა საინფორმაციო-ტექნიკურ შედეგზე ორიენტირებულმა კიბერშეტევამ საქართველოში შესაძლოა, გამოიწვიოს მნიშვნელოვანი ზარალი და მსხვერპლიც კი. სუსტად დაცული ინფრასტრუქტურის პირობებში დაბალტექნოლოგიური კიბერშეტევაც კი შესაძლოა, არაპროპორციულად მაღალი ზარალის მიზეზი გახდეს.

კიბერარხებით გავრცელებულმა პროპაგანდისტულმა კონტენტმა შესაძლოა, გამოიწვიოს საინფორმაციო-ფსიქოლოგიური ეფექტი: კრემლის სასარგებლოდ ცნობიერების შეცვლა, პროდასავლური განწყობების შემცირება და პრორუსული ელიტის ფორმირება-გაძლიერება, რაც კონვენციური მოქმედებების წინაპირობა შეიძლება, გახდეს.
ამრიგად, რუსეთის კიბერაქტივობები საქართველოსათვის რეალური საფრთხის შემცველია, კიბერსაფრთხეების მასშტაბი კი მზარდია როგორც სირთულის, ისე – მრავალფეროვნების თვალსაზრისით.

_ ბოლო წლებში განსაკუთრებით გააქტიურდა რუსული პროპაგანდა და კრემლი სულ უფრო ეფექტიანად იყენებს მას, როგორც იარაღს სხვადასხვა ქვეყანაში საკუთარი ინტერესების გასატარებლად. რა მიზნის მიღწევას ცდილობს ამ ტიპის საინფორმაციო ომით პუტინის რუსეთი საქართველოში თუ, ზოგადად, სამხრეთ კავკასიის რეგიონში?
_ ინფორმაციული ომი კრემლისთვის მსოფლიო ასპარეზზე დომინირების მისაღწევი საკვანძო საშუალებაა. რუსეთი საინფორმაციო სფეროს განიხილავს, როგორც ახალი ტიპის სამხედრო კონფლიქტის სტრატეგიულად გადამწყვეტ, კრიტიკულად მნიშვნელოვან დომეინს, რომელიც შესაძლოა, გამოყენებულ იქნას, როგორც საკუთარ მოსახლეობაზე კონტროლის განსახორციელებლად, ისე – მოწინააღმდეგე ქვეყნებზე გავლენის მოსაპოვებლად.

პროპაგანდის მიზანი ყოველთვის რუსული თვალსაზრისის სისწორეში აუდიენციის დარწმუნება კი არ არის, არამედ, ხშირად მის მისიას წარმოადგენს სოციალური მედიის თუ საინფორმაციო არხების წალეკვა ყალბი კონტენტით, ეჭვის, შიშის, არასტაბილურობის განცდის შექმნა, ინტერნეტის, როგორც ინფორმაციის წყაროს დემოკრატიულ სივრცედ გამოყენების ხელისშეშლა, ძირგამომთხრელი საქმიანობა მეზობლებთან, ოკუპირებული რეგიონების მოსახლეობასთან ან პარტნიორებთან ურთიერთობაში, დემოკრატიული ინსტიტუტების გრძელვადიანი დისკრედიტაცია, მოწინააღმდეგე ქვეყნების მთავრობების ან ინსტიტუტების დელეგიტიმიზაცია, არშემდგარი სახელმწიფოს იმიჯის ჩამოყალიბება და სხვა სტრატეგიული მიზნები.

ნიჰილიზმი სახელმწიფოსადმი, უსაფრთხოების სისტემების მიმართ რწმენის მოშლა, გაღრმავებული პოლარიზაცია, განსაკუთრებით წინასაარჩევნოდ, თავისთავად, მოსახლეობის ფართო მასების გათიშვას იწვევს და აფერხებს კონცენტრაციას ისეთ სასიცოცხლო საკითხებზე, როგორიცაა დეოკუპაციის ისედაც ჩიხში შესული პროცესები.

ყოველივე ზემოთქმული კრემლის სასარგებლოდ ცნობიერების შეცვლას, პროდასავლური განწყობების შემცირებას, პრორუსული ელიტის ფორმირება-გაძლიერებას, როგორ კონვენციური მოქმედებების, ხელახალი სამხედრო თავდასხმის წინაპირობების შექმნას ემსახურება.

_ რას გულისხმობს “ინფორმაციული კონფრონტაცია” და როგორ იყენებს მას რუსეთი საქართველოში ანტიდასავლური განწყობების გასაღვივებლად?
_ ინფორმაციული კონფრონტაცია დასავლური საზოგადოების წინააღმდეგ ფსიქოლოგიური ომის საბჭოთა პერიოდის ტაქტიკას ემყარება და გულისხმობს დაპირისპირებას საინფორმაციო სფეროში, რომელიც მოიცავს კომპლექსურ დესტრუქციულ ზემოქმედებას მოწინააღმდეგე მხარის ინფორმაციაზე, საინფორმაციო სისტემებსა და ინფრასტრუქტურაზე, ამავდროულად, საკუთარი ინფორმაციის, საინფორმაციო სისტემებისა და ინფრასტრუქტურის დაცვის გათვალისწინებით. ინფორმაციული კონფრონტაციის საბოლოო მიზანს ინფორმაციული უპირატესობის მოპოვება წარმოადგენს.

ინფორმაციული უპირატესობა გულისხმობს ინფორმაციის მიღების, დამუშავებისა და გავრცელების შესაძლებლობას, რომელიც ხელს უშლის მოწინააღმდეგეს იმავე ფუნქციის განხორციელებაში. ინფორმაციული კონფრონტაციის ტექნიკურ საშუალებებს წარმოადგენს რუსული საინფორმაციო საიტები, სატელევიზიო და რადიოარხები, როგორიცაა – Russia Today და Sputnik News,  ე. წ. ბოტები, ე.წ. ტროლები, ოპტიმიზირებული საძიებო სისტემები და მოსყიდული ჟურნალისტები დასავლურ მედიაში.

_ როგორია საქართველოს კიბერუსაფრთხოების პოლიტიკა, რას ვუპირისპირებთ ჩვენ ამ ყველაფერს?
_ მიუხედავად იმისა, რომ გაერთიანებული ერების საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო ორგანიზაციის კიბერუსაფრთხოების ინდექსში საქართველო მსოფლიო მასშტაბით პრესტიჟულ პოზიციებზე იკავებს ადგილს, კიბერუსაფრთხოების სტრატეგიული და კონცეპტუალური დოკუმენტაცია, ისევე, როგორც საკანონმდებლო ბაზა საფუძვლიან განახლებას საჭიროებს. 2019 და 2020 წლებს საქართველო, სამწუხაროდ, კიბერუსაფრთხოების ეროვნული სტრატეგიის გარეშე შეხვდა: წინა სტრატეგია 2018 წლის ჩათვლით მოქმედებდა, ახლის შექმნაზე მუშაობა 2019 წელს კი დაიწყო და, სავარაუდოდ, ამ წლის ბოლომდეც გასტანს. საფუძვლიანადაა გადასახედი კრიტიკული ინფრასტრუქტურის განსაზღვრის პარადიგმა. დემოკრატიულ სახელმწიფოში კრიტიკული სერვისების უმეტესობა ბიზნესშია კონცენტრირებული, საქართველოს კანონმდებლობით კი კრიტიკული ინფორმაციული სისტემების სუბიექტთა ნუსხა მხოლოდ სამთავრობო ქსელების ერთ ნაწილს მოიცავს და არ ვრცელდება ბიზნესის საკუთრებაში არსებულ, სახელმწიფოსათვის კრიტიკულად მნიშვნელოვან დარგებზე.

რაც შეეხება მტრულ პროპაგანდასთან გამკლავებას, თუკი არსებული სტრატეგია და ნორმატიული ბაზა ნაწილობრივ მაინც არეგულირებს დესტრუქციული კიბეროპერაციების ტექნიკურ ეფექტს, კიბერარხებით გავრცელებული რუსული პროპაგანდისა და დეზინფორმაციის მავნე ზემოქმედება კონცეპტუალურ დოკუმენტაციაში განხილული საერთოდ არ არის.

აუცილებელია კიბერუსაფრთხოების არქიტექტურაში რუსული კიბეროპერაციების საინფორმაციო-ფსიქოლოგიური ეფექტის პრევენციაზე პასუხისმგებელი უწყებებისა და მათი როლების განსაზღვრა. საფრთხეთა იდენტიფიცირების, მათი წყაროების კვლევის, მოსალოდნელი საფრთხისა და დესტრუქციული აქტორების შესახებ მიზნობრივი ჯგუფების ინფორმირება, სწორი სტრატეგიული კომუნიკაციის განხორციელება რუსული პროპაგანდის სამიზნე აუდიტორიის მიმართ.

_ დიდი ხანია, საზოგადოებაზე ზემოქმედების მნიშვნელოვან იარაღად ონლაინსივრცე იქცა, რა შეიძლება ვთქვათ რუსულ პროპაგანდისტულ კონტენტზე – რა ტიპისაა, ძირითადად, ეს კონტენტი, რომელი არხებით ვრცელდება და რა საფრთხის მატარებელი შეიძლება, იყოს საქართველოსათვის ?
_ კონტენტი, რომლის გავრცელებასაც ემსახურება ზემოაღნიშნული საშუალებები, წარმოადგენს ცრუ და ნამდვილი ინფორმაციის ნაზავს, რომელიც მიმართულია სამიზნე აუდიტორიის დაბნევის, დემორალიზაციისა და მასზე გავლენის მოპოვებისკენ.

სამიზნე აუდიტორიას წარმოადგენს საკუთარი მოსახლეობა, სხვა ქვეყნების მოსახლეობის გარკვეული ჯგუფები, ქვეყნის შიდა და სამიზნე ქვეყნების პოლიტიკური ელიტა. პროპაგანდის გავრცელების არხები მრავალფეროვანია და მოიცავს სატელევიზიო და რადიო არხებს, ე. წ ბოტებსა და ე.წ ტროლებს სოციალურ მედიაში, ოპტიმიზირებულ საძიებელ სისტემებს, მოსყიდულ ჟურნალისტებს საზღვარგარეთის მედიაში და სხვა.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რუსეთის მიერ კიბეროპერაციების გამოყენებას არჩევნებში ჩარევის მიზნით. ამგვარი პრეცედენტი რუსეთმა ჯერ კიდევ უკრაინის კონფლიქტისას შექმნა, როდესაც 2014 წელს უკრაინის საარჩევნო ინფრასტრუქტურაზე განახორციელა მასირებული შეტევა. შემდგომ წლებში არაერთხელ განხორციელდა კიბეროპერაციები აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, გერმანიის, საფრანგეთის საარჩევნო თუ სარეფერენდუმო პროცესებში.

ზოგადად, არასასურველ კანდიდატთა მაკომპრომეტირებელი ინფორმაციის ან მათ საზიანოდ დეზინფორმაციის გავრცელება დაზვერვის წყაროების ან კონტროლირებადი მედიის საშუალებით სათავეს ჯერ კიდევ ცივი ომის დროიდან იღებს.

უნდა აღინიშნოს, რუსეთის მხრიდან არჩევნებში ჩარევა შესაძლოა, არც იყოს რომელიმე კანდიდატის მხარდასაჭერად განხორციელებული, არამედ, რაც უფრო სარწმუნოა, მიზნად ისახავდეს დემოკრატიული პროცესების და ზოგადად არჩევნების ინსტიტუტის დისკრედიტაციას, რაც რუსული გეოპოლიტიკური ინტერესების რეალიზაციას უწყობს ხელს.

_ გარდა ანტიდასავლური და პრორუსული იდეების გავრცელებისა, პუტინი ისტორიის გაყალბებითა და დეზინფორმაციის გავრცელებით ცდილობს საზოგადოებაში გარკვეული განწყობების შექმნას. როგორ შეიძლება დაიცვას თავი ინტერნეტის მომხმარებელმა, რომ არ გახდეს მანიპულაციის მსხვერპლი? არსებობს რაიმე დილეტანტური გზა იმის გასარკვევად, კონტენტი, რომელსაც მოვიხმართ შეესაბამება თუ არა სიმართლეს?
_ რუსული პროპაგანდისაგან თავის დაცვის საუკეთესო საშუალებაა მოსახლეობას ხელი მიუწვდებოდეს ნამდვილ ინფორმაციაზე. მნიშვნელოვან როლს თამაშობს მედიაწიგნიერება, ფაქტების გადამოწმების მექანიზმი, სტრატეგიული კომუნიკაციის გამართულობა სახელმწიფოს მხრიდან. მომხმარებლის დონეზე აუცილებელია გადამოწმდეს ინფორმაციის წყაროს ავთენტურობა, სანდოობა და თავად ინფორმაციის სიზუსტე სხვა ავტორიტეტულ წყაროებში.
_ რუსული ნარატივის მორიგი გამოვლინება 2020 წელს “გენოციდს 100 წლისთავის” აღნიშვნაა – დე-ფაქტო ცხინვალი რუსეთის “დუმას” მიმართავს თხოვნით, აღიაროს ქართველების მიერ ოსების გენოციდი, რომელიც, თითქოს, 1920 წელს მოხდა. როგორც იცით, ისტორიკოსებისა და მკვლევრებისაგან დაკომპლექტებული ჯგუფი აქტიურად მუშაობს 1920 წელს მომხდარი მოვლენის დოკუმენტურად წარმოჩენაზე. “ცხინვალი 1920” კი იქნება ფილმი, რომელიც მხოლოდ ისტორიულ სინამდვილეს ასახავს – რა მნიშვნელობა აქვს რუსეთის მიერ წარმოებული საინფორმაციო ომისა და პროპაგანდის პირობებში მსგავსი პროექტის განხორციელებას?
_ რუსული პროპაგანდის, ზოგადად, კრემლის პოლიტიკის ერთერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა სოციალური ქსელებისა თუ კიბერსივრცის სხვა სეგმენტის გამოყენება ძირგამომთხრელი საქმიანობისთვის, განსაკუთრებით  – მეზობლებთან ან ოკუპირებული ტერიტორიების მოსახლეობასთან ურთიერთობის კონტექსტში, რამაც შესაძლოა, შეაფერხოს ისედაც რთულად მიმდინარე სამშვიდობო პროცესები, დააზიანოს სტრატეგიულ პარტნიორებთან ან მეზობელ სახელმწიფოებთან ურთიერთობები და აგრესიის შემთხვევაში გაართულოს პოლიტიკური თუ სხვა სახის მხარდაჭერის მიღება.
ოკუპირებულ ტერიტორიების მოსახლეობასთან მიმართებაში ხდება ტრადიციული, ხშირად ყოფითი სამეზობლო დავის თითქოსდა სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობების კონტექსტში გადატანა, ან ერთაშორისი ურთიერთობის უკიდურესად ნეგატიურ ჭრილში წარმოჩენა, ტრადიციულად სენსიტიურ საკითხებზე აქცენტირება, ნეგატიურ პრიზმაში ნაჩვენები პრობლემატიკის ტირაჟირება სოციალური ქსელებით და შემდგომ ამაზე დისკუსიის გამართვა ტროლების, „სასარგებლო იდიოტების“, ლლ თუ სხვა საშუალებების ჩართულობით, რაც, საბოლოოდ, ერთაშორისი ან „სახელმწიფოთაშორისი“ ურთიერთობების რანგში აიყვანება. ცხადია, ამგვარ ზემოქმედებას შეუძლია საფუძველშივე ჩაკლას ოკუპირებულ ტერიტორიაზე მყოფ ჩვენს თანამოქალაქეებთან ისედაც ჩანასახოვან დონეზე მყოფი ინტეგრაციული პროცესები.
_ ბუნებრივია, მხოლოდ ერთი ფილმი ვერ იქნება საკმარისი პუტინის პროპაგანდისტულ მანქანასთან დასაპირისპირებლად, რადგან მათი კამპანია გაცილებით მრავალმხრივია – როგორია თქვენი მოსაზრება, რა უნდა დაუპირისპირდეს რუსეთიდან მომავალ მსგავსი ტიპის საფრთხეებს, როგორ სახელმწიფო, ასევე  – საზოგადოებრივ დონეზე?
მოსახლეობის დროული და კვალიფიციური ინფორმირება, რეალური ისტორიის გადმოცემა ნაცვლად მანიპულაციური სცენარებისა და სწორი სტრატეგიული კომუნიკაციის წარმართვა მნიშვნელოვანი გზაა რუსული პროპაგანდის წინააღმდეგ ბრძოლისა. ეს ფილმიც ამ კონტექსტში უნდა განვიხილოთ.
ცხადია, არც ერთი და არც ათი ფილმი  იქნება საკმარისი კრემლის პროპაგანდისტული მანქანის სრულად გასანეიტრალებლად, თუმცა კერძო-საჯარო თანამშრომლობის პლატფორმებისა და მოხალისეთა ინსტიტუტის წახალისების გზით მდგრადობის შესაბამისი ხარისხის მიღწევაა შესაძლებელი.
სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს მტრული პროპაგანდის ნეგატიური შედეგების მართვა: საზოგადოებაში პოლარიზაციის ხარისხის შემცირება, რისკენაც მუდმივად მიგვითითებენ ჩვენი სტარტეგიული პარტნიორები. დემოკრატიული ინსტიტუტების დისკრედიტაციის, მთავრობების ან ინსტიტუტების დელეგიტიმიზაციის, არშემდგარი სახელმწიფოს იმიჯის ჩამოყალიბებისკენ მიმართული რუსული საინფორმაციო აქტივობები სათანადოდ უნდა იქნეს შეფასებული სპეციალური სამსახურების მხრიდან თეორიულ თუ პრაქტიკულ დონეზე.
კონცენტრაცია და კონსოლიდაცია უნდა მოხდეს ისეთ სასიცოცხლო საკითხებზე, როგორიცაა დეოკუპაცია, დასავლური ინტეგრაცია, დემოკრატიული მმართველობა და სხვა უმნიშვნელოვანესი მიმართულებები, რომლებიც დღეს დაპირისპირებისა საბაბადაა ქცეული და სახელმწიფოს მიმართ ნიჰილიზმს, უსაფრთხოების სისტემების მიმართ რწმენის მოშლას და გაღრმავებულ პოლარიზაციას იწვევს.
სამოქალაქო საზოგადოების როლი მეტად მნიშვნელოვანია მოხალისეთა მოძრაობის გასაშლელად, ცნობიერების ამაღლების აქტივობებსა და პროპაგანდასთან ბრძოლის სამოქალაქო დონეზე დამკვიდრების სხვადასხვა მიმართულებებზე. საბედნიეროდ, სტრატეგიული პარტნიორების დახმარებით, ბოლო პერიოდში საქართველოში მრავალი სასიკეთო წამოწყება შეინიშნება, მხედველობაში მაქვს მედია და ინფორმაციული წიგნიერების ლაბორატორიის (MilLab) ონლაინ პლატფორმა, „საინფორმაციო თავდაცვის ლეგიონი“, „გენერალ მაზნიაშვილის სახელობის ახალგაზრდული ლეგიონი“, სხვა პატრიოტული ორგანიზაციები, რომლებიც მოხალისეობის კულტურას ამკვიდრებენ, მათ შორის რუსულ პროპაგანდასთან ბრძოლის მიმართულებაზეც. ამ დადებითი ტენდენციის ერთ ერთი გამოვლინებაა პროექტი „ცხინვალი 1920“ და მის გარშემო არსებული რუსული დეზინფორმაციის საწინააღმდეგო კამპანია.

 მედიაჰოლდინგი "კვირა"