ლევან მამალაძის დედა: ბატონო ბიძინა, გთხოვთ, დამეხმარეთ

ლევან მამალაძის დედა: ბატონო ბიძინა, გთხოვთ, დამეხმარეთ

მიხეილ სააკაშვილის მიერ საქართველოდან გაძევებული ლევან მამალაძის დედა, ვერიკო პაიჭაძე ბიძინა ივანიშვილს მიმართავს:

მე ვარ 80 წლის ქალი.

4 შვილის დედა, 11 შვილიშვილის და 9 შვილთაშვილის გამზრდელი ბებია, გთხოვთ თქვენს ყურადღებას და დახმარებას. ეს თხოვნა ეხება ჩემს შვილს - ლევან მამალაძეს.

მოგეხსენებათ, იმის გამო, რომ ლევანი არ იზიარებდა სააკაშვილის პოლიტიკურ შეხედულებებსა და გეგმებს, ლევანი და მთელი ჩვენი ოჯახი მოხვდა რეპრესირებულთა რიგში. ჩვენი ოჯახი იყო პირველი, რომელმაც გაიარა საკაშვილისა და ოქრუაშვილის პირსისხლიანი რეჟიმი.

2003 წლიდან ლევანი ოჯახით - 3 მცირეწლოვანი შვილით, იძულებული გახდა, საქართველოდან წასულიყო .უკვე 17 წელია ველოდებით რაიმე საშველს, უბრალოდ სამართლიანობის აღდგენას, მაგრამ ვერაფერს გავხდით და ლევანის ოჯახი საქართველოს ვერ დაუბრუნდა.

თქვენი ხელისუფლებაში მოსვლით უდიდესი იმედი გამიჩნდა. თქვენი პირველი პირობაც ხომ ეს იყო, რომ სამართლიანობა აღდგებოდა საქართველოში.

მე დღემდე ველოდები ამ დანაპირების ასრულებას...

და წარმოგიდგენიათ დედის მდგომარეობა?

ჩემი შვილი ვერ დავაბრუნე საქართველოს მიწაზე.

ჩვენი საქმე პროკურატურაში თაროზეა შემოდებული და გვეუბნებიან - პოლიტიკური ნებაა საჭირო, რომ განვიხილოთო და თქვენსკენ იშვერენ ხელს.

პრეზიდენტთანაც გვაქვს შეტანილი განცხადება შეწყალებაზე, მაგრამ ამაოდ.

ბატონო ბიძინა, აღარ მინდა თავი შეგაწყინოთ და მოვყვე ბევრი რამ, რაც ჩვენმა ოჯახმა გადაიტანა. იქნებ გადმოგვხედოთ და გულთან ახლოს მიიტანოთ ჩვენი ამდენი წლის დარდი და ტანჯვა.

გთხოვთ, დამეხმარეთ და ჩემი შვილი და შვილიშვილები ჩამომაყვანინეთ საქართველოში.

ქართველისთვის ხომ ყველაზე დიდი სასჯელი სამშობლოდან განდევნაა.

ან რა დავაშავეთ ასეთი მიუტევებელი?