მევენახეებს სააკაშვილის გულწრფელობის არ სჯერათ - „კარგად გვახსოვს, ვენახების გაჩეხვის სანაცვლოდ ფულს რომ გვთავაზობდნენ“

მევენახეებს სააკაშვილის გულწრფელობის არ სჯერათ - „კარგად გვახსოვს, ვენახების გაჩეხვის სანაცვლოდ ფულს რომ გვთავაზობდნენ“

კახელ მევენახეებს არ სჯერათ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გულწრფელობის და იმ პერიოდს იხსენებენ, როდესაც კახეთში გლეხებს ვენახის გაჩეხვის სანაცვლოდ ფულს უხდიდნენ.

„ალბათ ყოფელ პრეზედენტს არც თვითონ სჯერა, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი გახდება და იმიტომ იძლევა ასეთ დაპირებას. კარგად გვახსოვს, ვენახების გაჩეხვის სანაცვლოდ ფულს რომ გვთავაზობდნენ. ყურძენს რომ ვერ ვაბარებდით, რამდენჯერ მდინარეშიც ჩაგვიყრია მოსავალი, დღეების განმავლობაში რომ ვიდექით ქარხნებთან რიგში. გლეხები ვართ, მაგრამ ვიცით, ვკითხულობთ, რა დიდ წარმატებებს მიაღწია ბოლო წლებში ქართულმა ღვინომ. სად აღარ იყდება - ამერიკაში, იაპონიაში, ევროპაში. ძალიან ბევრ ჯილდოს იღებს ქართული ღვინოები და გვიხარია, როცა ამის შესახებ ვიგებთ. ძალიან ბევრი ახალი ვენახი შენდება, ამას არავინ გვაიძულებს. დიდი შრომა უნდა ვაზის მოვლას და ყურძნის მოყვანას, ყველას გვინდა რომ უფრო ძვირი ღირდეს, მაგრამ ვიცით, რომ მთელს მსოფლიოში პრობლემებია პანდემიის გამო და რაც დაგვეხმარა სახელმწიფო, ამაზეც მადლობელი ვართ წელს“ - აცხადებს მევენახე ზურაბ ხოსროშვილი თელავის მუნიციპალიტეტიდან.

მევენახე ყვარლის მუნიციპალიტეტიდან დათო ქიტესაშვილი მოუწოდებს ყოფილ პრეზიდენტს გაიხსენოს „ნაციონალური მოძრაობის“ დამოკიდებულება მეღვინეებისა და მევენახეების მიმართ.

„გაიხსენონ, ვისაც დიდ ფართობზე ჰქონდა ვენახები, მათ ნაციონალების ხელისუფლება „ფაშისტებს“ ეძახდა, ყურძენს ვერ ვაბარებდით. ფასს რომ აცხადებენ - რქაწითელი 1 ლარი ღირდაო, მხოლოდ თავის ახლობლებისგან იბარებდნენ, ერთი კვირაც გვიტარებია ყურძნით დატვირთული მანქანა და ვერ გვიპოვია ჩამბარებელი. ასეა თუ ისე, ჩაბარების პრობლემა ბოლო წლებში არ გვქონია და არც თანხის აღების,“ - აცხადებს მევენახე.

„წელს საერთოდ არ გვაქონდა ყურძნის ჩაბარების იმედი, ამ პანდემიის გამო ხომ გაჩერდა ეკონომიკა მთელს მსოფლიოში. სახელმწიფომ გამონახა რესურსი, რომ 80 თეთრი აგვეღო ჩვენს მოსავალში და ვის სჯერა ახლა სააკაშვილის, რომ 80 თეთრს დაგვიმატებს კიდევ, საიდან მოიტანს ამდენ ფულს? ბიუჯეტიდან? სხვას წაართმევს, თუ ბიუჯეტიდან სხვა პროგრამას მოაკლებს? აღარც სააკაშვილი გვახსოვს და აღარც მისი ზღაპრების გვჯერა,“ - აღნიშნავს ნანა მენთეშაშვილი სიღნაღიდან.

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სოციალური ქსელებით მიმართა მევენახეებს და შეპირდა, რომ შეინახონ სერტიფიკატები, როდესაც გახდება მთავრობის მეთაური, დამატებით გადაუხდის კიდევ 80 თეთრს.

წყარო: PIA