მამუკა არეშიძე: ოპოზიციას არჩევნებში გამარჯვების არანაირი შანსი არ აქვს!

მამუკა არეშიძე: ოპოზიციას არჩევნებში გამარჯვების არანაირი შანსი არ აქვს!

გვესაუბრება ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე:

- ბატონო მამუკა, რა ხდება ქართულ პოლიტიკურ საჭადრაკო დაფაზე?
- ძალიან ყოვლისმომცველი შეკითხვაა. რა გითხრა, პრაქტიკულად, პოლიტიკური ფიგურები გაშიშვლებულია, ყველაფერი ხელის გულზე დევს - ვინ რას წარმოადგენს, რა რესურსი აქვს და როგორ იბრძვის. რაც უფრო დრო გადის, ცხადი ხდება: ბრძოლა მიმდინარეობს არა ქვეყნის ხვალინდელი დღისთვის, არამედ ძალაუფლებისთვის, რაც არა მხოლოდ შიდა, არამედ საგარეო პოლიტიკის ნაწილადაც იქცა. უაღრესად სამარცხვინო ფაზაში შევედით. პოლიტიკური სპექტრის ერთი ნაწილი მუდმივად, პატარა ბავშვივით სხვადასხვა უცხოურ ინსტანციებში ჩივის და პრაქტიკულად, მართვისა და გადაწყვეტილების მიღების ბერკეტებს ჩვენს უცხოურ პარტნიორებს აძლევს ხელთ, რომლებიც პარტნიორობიდან ნელ-ნელა დამრიგებლების კატეგორიაში ინაცვლებენ. ასე, რომ როგორც აღვნიშნე, ძალიან სამარცხვინო ფაზაში შევაბიჯეთ. ხელისუფლების დანაშაული გახლავთ ის, რომ ოპოზიციას ამის კეთების საშუალებას აძლევს. ამას ემატება წლების განმავლობაში მმართველი გუნდის მხრიდან დაშვებული შეცდომებიც. დიახ, დანაშაულია ის, რომ ხელისუფლებამ ოპოზიციას საშუალება მისცა ქვეყანაში ასეთი კლიმატი შეექმნა. დღეს, ჩვენ, ვმსჯელობთ არა იმაზე, როგორ დავაყენოთ ქვეყანა სწორი განვითარების რელსებზე, ან რა ელის მას ხვალ, ან როგორი რეგიონალური პოლიტიკა უნდა ვაწარმოოთ, არამედ ვმსჯელობთ იმაზე: ვინ, სად რა თქვა, ლავროვი უნდა ჩამოვიდეს თუ არა და .. ანუ, ისეთ საკითხებზე, რომლებიც შესაძლოა მნიშვნელოვანია, მაგრამ თავისი მნიშვნელობით ვერ შეედრება ქვეყნის განვითარების პერსპექტივის ძირითად კომპონენტებს. დიახ, ბევრად უფრო მნიშვნელოვანი საკითხები გვაქვს გადასაწყვეტი, თუნდაც, გეო-პოლიტიკურ ჭრილში, ვიდრე ის, რაც დღეს აქტუალურია. აი ეს არის საერთო სურათი. როგორც გითხარით: ყველაფერი გაშიშვლებულია. რაც შეეხება ხალხს, მისთვის, ყოველივე, მოსაბეზრებელია. ეს აინტერესებს მხოლოდ სოციალური ქსელების მომხმარებლებს სანახაობის თვალსაზრისი . იმ ადამიანებს კი ვისაც შექმნილ ვითარებაზე გული შესტკივათ, სამწუხაროდ, ხელთ არ აქვთ ბერკეტები, რათა სიტუაცია, ერთი მხრივ, ნორმალურ კალაპოტში დააბრუნონ და მეორე მხრივ, რაღაცნაირად შეცვალონ.
- რა წარმონაქმნია თავად გაერთიანებული ოპოზიცია. მათი ლიდერებიდან, მუდმივად, ვისმენთ განცხადებებს, რასაც ხალხის სახელით აკეთებენ. ეს არის ძალა, რომელსაც ქართული საზოგადოება მხარს უჭერს?
- რასაკვირველია, გაერთიანებული ოპოზიცია არ არის ის ძალა, რომელსაც ქართული საზოგადოება მხარს უჭერს და ეს თავადაც ძალიან კარგად იციან. ამდენად, ოპოზიციის გადამწყვეტ ნაწილს, დღეს, ხალხის იმედი აღარ აქვს. ამიტომ, დასავლელი თუ ჩრდილოელი (უკვე აღარ ვიცი ვინ ვის მფარველობს) მფარველების მეშვეობით ცდილობს ქვეყანაში კრიზისული ვითარების გაღრმავებას, უკიდურეს შემთხვევაში სანქციების მეთოდის მიღწევას, მათ შორის, ეკონომიკურისაც, რათა ხალხი ხელისუფლებაზე კიდევ უფრო გაღიზიანდეს და ოპოზიციის სასარგებლო გადაწყვეტილება მიიღოს. მეთოდი რომელიც შევარდნაძის წინააღმდეგ იქნა გამოყენებული, კიდევ უფრო დაიხვეწა, ფუნქციონალური, მასშტაბური გახდა. დღესაც, იგივე მეთოდებია, უბრალოდ, ისტორია მეორდება - ერთხელ როგორც ტრაგედია, მეორედ როგორც ფარსი. ახლა, ჩვენ, ფარსის ეპოქაში ვცხოვრობთ. თქვენ, მეკითხებით: აქვს თუ არა ამ ოპოზიციას უფლება ხალხის სახელით ილაპარაკოს? რასაკვირველია, ბევრ მათგანს ამის უფლება არ აქვს, მაგრამ მაინც ლაპარაკობს იმიტომ, რომ მას ამის საშუალება ხელისუფლებამ მისცა. გავიხსენოთ, კოჰაბიტაციის მახინჯი ფორმა, რის გამოც ადამიანების დიდმა ნაწილმა ვინც ქართული ოცნების სათავეებთან იდგა, დღეს მას ზურგი შეაქცია, რის შედეგებსაც ახლა ვიმკით. ყველაფერს სამართლებრივი შეფასება რომ მისცემოდა და იმ ადამიანებს რომლებიც დღეს ისევ მაღალ თანამდებობებზე რჩებიან, საზოგადოებისა და ხალხის წინაშე პასუხი ეგოთ და პოლიტიკურ სივრცეს ჩამოშორებოდნენ, მაშინ სალაპარაკოც აღარაფერი იქნებოდა. კოჰაბიტაციამ, ასევე, არასწორმა შიდა პოლიტიკურმა ნაბიჯებმა მოიტანა ის, რასაც დღეს ვუყურებთ. ყველაფერში ოპოზიციას ნუ დავადანაშაულებთ. ხელისუფლებამ თავისი წილი პასუხისმგებლობა უნდა აიღოს.

- გაერთიანებული ოპოზიცია 4 აპრილს აქციას აწყობს. მოთხოვნები ასეთია: პროპორციული არჩევნები, პოლიტ.პატიმრების გათავისუფლება და საარჩევნო ადმინისტრირიების მთლიანად შეცვლა. როგორ შეიძლება მოვლენები განვითარდეს?
- ძალიან მძიმედ. თუ მდგომარეობა იგივე დარჩა, რაც დღეს გვაქვს, ქვეყანაში უაღრესად უარყოფითი ფონი შეიქმნება. გამორიცხული არ არის სექტემბერში ხალხმა, ორივე მხარის, თავიდან მოშორება მოინდომოს. მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლებას რესურსები შეეზღუდა, ბევრი რამ მაინც მის ხელშია - შეუძლია, თუნდაც, დღესვე, რადიკალური ნაბიჯები გადადგას. კოჰაბიტაციის პრინციპის შეცვლა, უკვე, ძალიან გართულდება იმიტომ, რომ ეს მთელი სისტემის რღვევას გამოიწვევს, თანაც, იმ ადამიანების პასუხისგებაში მიცემა, ვინც დანაშაული ჩაიდინა, გაჭირდება, რადგან ატყდება წივილ-კივილი: ისინი პოლიტ.პატიმრები არიანო. ნუ, გიგი უგულავას პოლიტ.პატიმრობა, ეს, უბრალოდ, სასაცილოა. ხელისუფლების არასწორი ნაბიჯებით საქმე იქამდე მივიდა, რომ ვიღაცას შეიძლება ეჭვი გაუჩნდეს: უგულავა მართლა პოლიტ.პატიმარი ხომ არ არისო. როგორ შეიძლება პოლიტ.პატიმარი ეძახო ადამიანს, რომელიც პრაქტიკულად, სხვა ტიპის დანაშაულშია მხილებული. ეს ყველაფერი ჩვენი თვალით ვნახეთ, თუნდაც, 20 ივნისის ღამეს. ასე, რომ ძალიან ცუდი პროგნოზი მაქვს იმაზე, რაც შეიძლება აპრილიდან დაწყებული სექტემბრით დამთავრებული მოხდეს იმ შემთხვევაში თუ მოცემულობა იგივე დარჩა, რაც დღეს არის.
- ხელისუფლებამ განა არ იცოდა უგულავას დაპატიმრებას რა მოჰყვებოდა. ეს რა სტრატეგია აირჩია?
- საზოგადოების გარკვეულმა ნაწილმა არ იცის, რომ საქმე ორ თემასთან დაკავშირებით იყო აღძრული: ერთი გახლდათ 5 მილიონის პირამიდა, მეორე - 48 მილიონის. 5 მილიონთან დაკავშირებით, მას, მაშინვე მიესაჯა. 48 მილიონთან დაკავშირებით კი პირველი ინსტანციის სასამართლომ და სააპელაციომ მტკიცებულებების არასაკმარისობა მოიმიზეზეს და ამ დანაშაულისთვის სასჯელი არ მიუსაჯეს. ახლაც, ეს გადაწყვეტილება, უზენაესმა სასამართლომ გამოიტანა. თქვენ, მეკითხებით: განა ხელისუფლებამ არ იცოდა ამას რა მოჰყვებოდაო? იცით, სად არის ძაღლის თავი დამარხული? - მტკიცებულებები არასწორად იქნა მიტანილი და გადაცემული. მახსენდება, კეზერაშვილის საქმე, რომელიც საფრანგეთის პოლიციამ დააპატიმრა. ფრანგი სამართალდამცავები, საქართველოს მხრიდან, შესაბამისი მტკიცებულებების გადაცემას ითხოვდნენ. ქართულმა მხარემ საფრანგეთში ერთი ფარატინა ფურცელი გაგზავნა, სადაც მტკიცებულებების შესახებ არაფერი ეწერა და კეზერაშვილი ფრანგულმა თემიდამ გაათავისუფლა. აქ, ზოგ-ზოგიერთი, გაკვირვებული იყო კეზერაშვილის გათავისუფლებით, მაგრამ მე ვიცოდი, რომ ეს საბოტაჟი იყო. პროკურატურის შესაბამისი სტრუქტურის წარმომადგენლებმა საფრანგეთში შეგნებულად გააგზავნეს ცარიელი ფურცელი, რათა კეზერაშვილი არ დასჯილიყო. ახლაც იგივე მოხდა უგულავას შემთხვევაში. მტკიცებულებების მოპოვება რატომ იყო ასეთი რთული მაშინ, როცა ყველაფერი ხელის გულზე იდო. პრინციპში, კოჰაბიტაციის შედეგია ის, რომ სამართალდამცავ სტრუქტურებში მყოფმა ადამიანებმა, რომლებიც სხვა პოლიტიკური ძალის ინტერესებზე მუშაობენ და არა ქვეყნისაზე, ადრე, ეს შედეგი დადეს. ამიტომ, ბუნებრივია, უგულავას დღევანდელ დაპატიმრებაში პოლიტიკური ნიშნები იკვეთება.
- ოპოზიცია ვიშვიშებს: ქვეყანაში რეპრესიები დაიწყოო.
- რომელ რეპრესიებზე საუბრობენ - დღედაღამ სატელევიზიო ეთერებში არიან გამოდებული, სამი ტელევიზია აქვთ, როცა უნდათ მიტინგს აწყობენ. რეპრესია რაში გამოიხატება? პარიზისა და თბილისის მოვლენები ერთიდაიგივეა? ამ დროს, პარიზის მოვლენების შეფასება, ევროპარლამენტის მხრიდან, აბსოლუტურად პასიურია, საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე კი, - გაგიჟდნენ. ეს არ არის რეპრესიები. რეპრესიები, მე, სრულიად სხვაგვარი მახსოვს. ადამიანს შედარების საშუალება ნამდვილად აქვს. სწორედ ამიტომაა, რომ ნაცმოძრაობისა და მისი განაყოფების წევრებმა საზოგადოებას გული ვერ მოუბრუნეს. რასაკვირველია, ის რაც დღეს ხდება, ხალხს არ მოსწონს. ადამიანების გარკვეული ნაწილი ხელისუფლებით უკმაყოფილონი არიან, მაგრამ შედარების შემთხვევაში, არჩევანს წინა ხელისუფლების სასარგებლოდ მაინც არ აკეთებენ. ისინი შეიძლება ლელოს, პატრიოტთა ალიანსის ან რომელიმე სხვა პოლიტიკური პარტიის გვერდით დადგნენ, მაგრამ წინა ხელისუფლების წარმომადგენლებს მხარს არ დაუჭერენ. მიუხედავად იმისა, ძალიან კარგად ხედავენ: გაერთიანებულ ოპოზიციაში არ არის ერთი პირი, ებრძვიან თავის ყოფილ ლიდერს, რომელმაც ისინი შექმნა როგორც პიროვნებები, ვგულისხმობ, მიხეილ სააკაშვილს. გაერთიანებულ ოპოზიციას არავითარი ხიბლი არ აქვს, რათა ამომრჩევლის გული მოინადიროს. ამიტომაც არის უფრო ქაოტური მდგომარეობა - მხარეები, საზოგადოებას, პოლიტიკური გემოვნების ჩამოყალიბების საშუალებას არ აძლევენ.
- ჩვენ მეტ-ნაკლებად ვიცით: რა უნდა „ნაცმოძრაობას“, მაგალითად, ქვეყნის აყირავება, მაგრამ ის თუ ვიცით „ქართულ ოცნებას“ რა უნდა?
- აი, ეს არის კითხვათა კითხვა, რაზეც პასუხი არ მაქვს. კატეგორიულად ვაცხადებ: მე, არ ვიცი რა უნდა ქართულ ოცნებას, არადა ეს ნამდვილად მაინტერესებს. თუ ქვეყანაში სტაბილურობის შენარჩუნება უნდა რასაც აცხადებს კიდეც, ეს ძალიან კარგია, მაგრამ ვერ ვხედავ ამისთვის რა კეთდება. ასევე, ვერ ვხედავ, რომ იგი ოპონენტებს პოლიტიკურ ბრძოლას უგებს; მეტიც, ვერ ვხედავ, რომ მას აქვს გააზრებული სტრატეგია ხვალინდელი პოლიტიკური დღის, თუ როგორ უნდა მივიდეს არჩევნებამდე. აქედან გამომიდნარე, თქვენს კითხვას ვერ ვუპასუხებ. არ ვიცი, რა უნდა. ოპოზიციას რა უნდა, გასაგებია - მას მარტო აყირავება კი არ უნდა, არამედ უკვე აყირავებული აქვს სიტუაცია. ოპოზიციას უნდა ამ საპროტესტო განწყობების შენარჩუნება, მას სხვა შანსი არ აქვს. იგი ხედავს, რომ საზოგადოების დიდი ნაწილის გულის მოგება ვერ მოახერხა, ამიტომ, ერთადერთი იმედი აქვს - დასავლეთის მხარდაჭერისა და პროცესის სანქციებამდე მიყვანის, რათა ქართული ოცნება თავად გახდეს იძულებული, ხელისუფლებიდან წავიდეს. სხვა გამოსავალი, გაერთიანებულ ოპოზიციას, არ აქვს. ეს არის ქვეყნისთვის დამანგრეველი. პრაქტიკულად, ჩვენ, ახლა, ქვეყნის დაღუპვის პროცესს ვუყურებთ. ახლა, ხელთ მაქვს მსოფლიო ბანკის დასკვნა საქართველოში ეკონომიკურ პროცესებთან დაკავშირებით. დასკვნა ყოველმხრივ დადებითია, მაგრამ ეს არავის აინტერესებს. ამ დასკვნით ეკონომიკის განვითარების გარკვეული პერსპექტივა იკვეთება. ახლა, ყველა პოლიტიკური ბრძოლით არის დაკავებული, რაც ქვიშაში ქარიშხალს ჰგავს. ეს არის ბრძოლა ძალაუფლებისთვის და როგორც ჩანს: გაერთიანებული ოპოზიცია არაფერზე უკან დამხევი არ არის, მათ შორის, ქვეყნის დანგრევაზეც. ქართულ ოცნებას კი არ უნდა იმ ძალის დემონსტრირება, რასაც ქვეყნის ნგრევის შეჩერება ჰქვია.

თამარ შველიძე

„საერთო გაზეთი“