ორი ვაშაძე, დათო აღმაშენებელი და ჩინელი კუანინი

ორი ვაშაძე, დათო აღმაშენებელი და ჩინელი კუანინი

(პოლიტიკური ნოველა)

მას შემდეგ, რაც კორონა ჩვენს წინააღმდეგაც გაავდა, ჯუნიორს თვალზე რული აღარ მიჰკარებია. არა, ხან თითქოს სძინავს, მაგრამ სინამდვილეში არ სძინავს, მამულზე ფიქრმა გულ-ღვიძლი ჯერ გაუსივა, შემდეგ კი დაუსერა. ათასნაირი პროექტი უტრიალებს თავში - ციფრები, ტესტები, ფული, თვითმფრინავები. მთავრობას კი მიმართა არაერთხელ, მაგრამ რათ გინდათ? ყველამ დაიკიდა!

ჯუნიორი დარწმუნებულია, რომ ახლა გაჩუმება დანაშაულის ტოლფასია, ყველა რომ დადუმდეს, ყველამ რომ ხმა ჩაიწყვიტოს, ის ვერ დადუმდება, ქვეყნის მოსახლეობას ამ ხელისუფლების ამარა ვერ მიატოვებს, ვერ ენდობა. ინფექციონისტი პაატა იმნაძე გამოვიდა ტელევიზორში და ყველამ თავის საქმეს მიხედოსო. ექიმმა ამირან გამყრელიძემ თქვა, ძალიან მომწონს ჯუნიორი, ხან ჭკვიანურ რაღაცებს ლაპარაკობს, ენერგიული ტიპია, მაგრამ კორონას საკითხში ვერ ერკვევაო. არადა, ყველაფერი პირიქითაა... როგორც დიდი ვასო სოფოკლე კი არა და... როგორც ვასო სოფრომაძე აცხადებს, ესენი გაგებაში არ არიან.

ჯუნიორი არ დათმობს, ეგღა აკლია, საკუთარი დედულ-მამული შემთხვევით ადამიანებს მიუგდოს საჯიჯგნად და საკუთარი მოსახლეობის ბედი სასწორზე შეაგდოს. არა და ვერა... ვერა და არა!  

ტელეფონის ზარი: „შენ ჩემი მზე ხარ ამომავალიიიი, მე გული მტკივა, მომეც წამალიიიიი“!

ჯუნიორი მობილურს დასწვდა. არ აპირებდა, ვინმესთვის ეპასუხა, მაგრამ გულში გაჰკენწლა, ეგებ და პრემიერი გახარიააო? გრიგოლი რეკავდა, ფართე ვაშაძე. უნდა უპასუხოს, ბოლო-ბოლო, ერთი გვარ-ტომისანი არიან.

- ჰო, გრიგოლ, რას შვრები, დაკავდი ისევ ბალეტით? - მიახალა ჯუნიორმა ეგრევე თანამოგვარეს.

- რა ბალეტი, ბიჭო, მაგ სფეროში დისტანციურობა ვის გაუგონია?! - მიუგო გრიგოლმა და ტელეფონში თავისებურად ჩაიხვიხვინა.

- ა, ჰო, ეგ სულ დამავიწყდა.

- რა ქნა ხელისუფლებამ, ბოლო-ბოლო, დაგაფასა?

- კი არ დამაფასა, დამაფსა!

- ეგრეც ვიცოდი!

- ბიჭო, ვეუბნები, ტესტებს და პირბადეებს იაფად გაშოვნინებთ-მეთქი და არაო, ჩვენ თვითონ ვიშოვითო!

- კი, მაგრამ მაგათ სად უნდა იშოვონ, ვის იცნობენ?

- აი, ამაშია საქმე!

- შეეშვი, თუ ძმა ხარ, კისრებს რო წეიტეხენ, მერე ვიცინოთ შორიდან, დისტანციურად.

- არა, ძმაო, ჩემ ხალხს ეგრე ვერ გავწირავ, თავი უკვე შიგნიდან მეფხანება და ჩემი მეორე „მე“ ჩამძახის, მიდი, ჯუნიორ, მიდიო! - აყვირდა ჯუნიორი.

- კაი, დამშვიდდი, ჩვენ ვიცით, რომ დიდი მამულიშვილი ხარ!

- მერე რაში იყენებს ეს ფსევდო ხელისუფლება ჩემს მამულიშვილობას?!

- პაწა კიდევ მოითმინე, მოვალთ ოქტომბერში და დავაფასებთ.

- ჰიჰ, მანამდე კი ჩაივლის ყველაფერი!

- შენა და... იცი, რაზე გირეკავ?

- რაზე?

- ბიჭო, ლექსი დავწერე და...

- რა ლექსი?

- აქტუალურ თემაზეა, კორონას ეხება, უფრო სწორად, დისტანციას, წაგიკითხო?

- მიდი, წამიკითხე.

- ესე იგი... გამარჯობა, ციური, ნუ იქნები ტყიური, იყავი ეკლესიური, ღვთიური, ამავე დროს - ელასტიური და დისტანციური. არ დაიდარდო, ციური, მალე ჩამოვა გიული და იქნება წრიული. პატივისცემით, იური.

- აუუუ... ძაან მაგარია!

- მართლა?

- მიმიქარავს ჯეკ ლონდონი!

- კაი, რააა!

- გრიგოლ, ადრეც გითხარი, შეეშვი პოლიტიკას და პოეზიას მიაწექი ბოლომდე. სხვათა შორის, მეც დავწერე ლექსი.

- აუუუ... წამიკითხე, რა!

- გამარჯობა, ჯემალი... წელს უცნაურად აყვავდა ნუში, ალუჩა, ტყემალი... გუშინწინ მოულოდნელად, „ჩაინიკს“ ასძვრა ემალი.

- ნუ, გეენიოსი ხარ, რააა, შენს პოეზიაში რითმათა ზეიმია!

- ეეჰ, ვინ გაფასებს, ძმაო?

- ჩვენ დაგაფასებთ-მეთქი, ოღონდ შემოდგომაზე... ისე, ვფიქრობ, ჩვენ უკვე გვჭირდება ფესვდონიმები, შენც ვაშაძე ხარ, მეც ვაშაძე, შეიძლება მოსახლეობას ერთმანეთში ავერიოთ. აი, როგორც გალაკტიონი და ტიციანი ერევათ ხოლმე, ორი ტაბიძე.

- არის სიმართლის მარცვალი მაგ ამბავში... არ დაგიმალავ და მაგაზე უკვე ვიფიქრე, ჯუნიორ პაპანდოპულო როგორ მოგწონს?

- რათა პაპანდოპულო, ბერძენი ხარ?

- არა, კარგადა ჟღერს... აბა, წარმოიდგინე, ტელევიზიით რო გააჟღერებენ: პოეტი და პოლიტიკოსი, ან პოლიტიკოსი და პოეტი ჯუნიორ პაპანდოპულოოოო!

- მაგარია, გენიოსი ხარ!

- ისე, შენი ამბავი რო ვიცი, შენც აუცილებლად გექნება რამე მოფიქრებული, ტყუილად არ ჩამომიგდებდი მაგ თემაზე სიტყვას.

- ნუ, როგორ გითხრა...

- მიდი, რა, ნუ გერიდება!

- ნუ, ბევრი ვიფიქრე და... გრიგოლ გრიგალი წავა?

- ოჰ, შენ გენაცვალე, გრიგალივით კაცი ხარ და სწორედაც რომ ზედგამოჭრილია!

- მადლობა, ჩემო ჯუნიორ.

- ბიჭო, ერთი საიდუმლოც უნდა გაგანდო... წუხელ დავით აღმაშენებელი მესიზმრა.

- ვააა, რა მინდაო, პატივცემულმა დავითმა?

- რა მინდაო და... ჩემო ჯუნიორ, ერთი შენ დამრჩი ბედკრულ საქართველოში ერთგული კაცი, მიხედე ქვეყანას, თორემ ეგენი არაფრის გამკეთებლები არ არიანო. თუ გინდაო, ტესტებს გამოგიგზავნი 10 დოლარში, ოღონდ არ გამცე, ვითომ ჩინეთის ყოფილმა იმპერატორმა ცინ სიხუანდიმ გადმოგცა საკუთარი ხელითო.

- და... როდის გამოგიგზავნიო?

- ამ დღეებშიო, მალეო, ოღონდ გახარიას მოელაპარაკე, საშარო არ გახდესო, სიხუანდის ვერ გადავაგდებო.

- ჰო, ვიცი, სიხუანდი ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია, საერთაშორისო ურთიერთობებს თვალის ჩინივით უნდა გავუფრთხილდეთ.

- თუმცა აქ ერთი პრობლემაა, როგორც სახელისუფლებო წრეებიდან გამოჟონა, ხო იცი, მე ყველგან მყავს ხალხი, ამათ ჩინეთის ერთ-ერთი ყოფილი იმპერატორი გამოუძებნიათ, ჯაო კუანინი, რომელიც ტესტებს თურმე 5 დოლარში იძლევა. ხაზგასმით უთქვამს, ამას პირბადეებსა და ტუალეტის ქაღალდს საჩუქრად მოვაყოლებო. წარმოგიდგენია?!

- ესე იგი, „პერეხვატსა“ აქვს ადგილი?

- ნუ, ეგრე გამოდის!

- შენც ადექი და დაურეკე მაგ კუანა კუანინს... თუ გინდა, მე დავურეკავ და გავხევ ნაკერავზე!

- სხვათა შორის, ეგ მეც ვიფიქრე... მოკლედ, ამაღამ დათო აღმაშენებელს კუანინის ტელეფონის ნომერს გამოვართმევ და დაურეკე, შენ უფრო გეხერხება ნაკერავზე გახევა.

- ბაზარი არ არი, მაგაზე მაგრებიც გამიხევია!

- ოღონდ ფრთხილად იყავი, ხო იცი, დისტანციურად უნდა გახიო.

- ჰო, ვიცი... მანდ შემიძლია, ბალეტის ილეთები გამოვიყენო, შეაგდე, შეათამაშე, გაფშიკე და ჰაერშივე გახიე!

- ვერ შეგედავები, მაგ საქმის პროფესიონალი ხარ.

- კაი, აბა, როგორც კი გაიღვიძებ, გადმომირეკე, დანარჩენი მე ვიცი.

ჯუნიორი ერთ ხანს გაშტერებული იდგა, ფიქრებმა ლამის მთლად წარიტაცა მისი ცინცხალი გონება. რატომღაც ვასილ სოფრომაძე დაუდგა თვალწინ, ხელისუფლების მიერ წალეკილი ბიზნესმენისა, რომელიც თავდაუზოგავად იბრძვის სამშობლოს გადასარჩენად. ერთი ხანობა, ახალმა აზრმაც კი გაჰკრა თავში, ხომ არ მოიწვიოს პარტიის საპატიო თავმჯდომარედ? კი ამბობენ, ძაან წუწურაქიაო, მაგრამ მაგისთანებისთვის დაუწერებია მაყუთი? მოკლედ, უნდა იფიქროს, ეხლა მამულია გადასარჩენი, ვისაც გული უძგერს და ტანში აჟრიალებს, ყველას დაელაპარაკება. ისე, ერთი კითხვის ნიშანი მაინც უტრიალებს თავში: სად არის ბიძინა ივანიშვილი? ჰმ... თითქოს პასუხიც უტივტივებს ტვინის უჯრედებში, მაგრამ მთლად დარწმუნებულიც არ არი. სად არი და... იმალება, სად უნდა იყოს? ალბათ ყოველ დილა-საღამოს უტარებს დეზინფექციას თავის შუშის სასახლეს. გუშინ ზალიკო უდუმაშვილმა დაურეკა, ბიძინას ისევ გადააქვს ხეებიო, მაინც არ ჩერდებაო, რა დროს ეგ არიო? ძაან აღშფოთებული იყო უდუმაშვილი, ეხლა წავალ გვარამიასთან, ინტერვიუს მივცემ და თლა გავაბანძებ რუს ოლიგარქსო. თან ექსკლუზივი მაქვს, ჩანაწერი მოვიპოვე, თუ როგორ ელაპარაკება ბიძინა პუტინს, შენ რუსეთში ამოხოცე ხალხი, მე საქართველოში ამოვხოცავ, ეხლა ჩვენი დროაო. სხვათა შორის, ჯუნიორმაც გაიგო კულუარებიდან და გიგა ბოკერიამაც დაუდასტურა, თურმე ბიძინა ივანიშვილს 60 მილიონი დოლარი გადაუხდია ჩინელებისთვის, ჩვენთანაც შემოიტანეთ ეგ ვირუსი, არჩევნებისთვის მჭირდებაო, სხვანაირად ვერ ვიგებო, წინასწარი მონაცემებით ჯუნიორ ვაშაძე იმარჯვებსო. აი, ხედავთ, სად არის ჩამარხული ძაღლის თავი? მაინც არ გამოუვა ბიძინას ეგეთი მაიმუნობები, ჯუნიორი აუცილებლად მოიგებს და გადაარჩენს არა მხოლოდ მამულს, დედულსაც, დეიდულსაც, მამიდულსაც და... ეხლა უნდა დაიძინოს, რომ დავით აღმაშენებელს კუანინის ტელეფონის ნომერი გამოართვას.

გელა ზედელაშვილი

„საერთო გაზეთი“