ვახტანგ მაისაია: აშშ-ის ოფიციალურ მხარეს მთავრობა და პრეზიდენტი წარმოადგენს და არა - ოთხი სენატორი

ვახტანგ მაისაია: აშშ-ის ოფიციალურ მხარეს მთავრობა და პრეზიდენტი წარმოადგენს და არა - ოთხი სენატორი

„ტრამპი თვითონ ბიზნესმენია, ბიზნესკორპორაციული ეთიკა კარგად იცის და ეს ვითარება კარგად იცის, რას ნიშნავს, ამის გამო ვფიქრობ, რომ მისი ადმინისტრაცია თითოეულ ქეისს დეტალურად განიხილავს", - ასე აფასებს „რეზონანსთან" ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში ვახტანგ მაისაია შეერთებული შტატების სენატორებისა და კონგრესმენების მიერ აშშ-ის სახელმწიფო მდივნისა და ხაზინის მდივნისთვის მიწერილ წერილს.

სენატორებმა, ტედ კრუზმა და ჯონ კორნინმა, კონგრესმენებმა, ჯუდ არინგტინმა და მარქვეინ მულინიმ სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოსა და ხაზინის მდივან სტივ მნუჩინს წერილით მიმართეს, რაშიც საქართველოში აშშ-ის კომპანიებისა და ბიზნესის შევიწროების გამო შეშფოთება გამოთქვეს.

ისინი ასევე მწუხარებას გამოთქვამენ „საქართველოს ამერიკის მტრებთან კავშირების გამო", რაც, მათი თქმით, აშშ-ის „გეოპოლიტიკური და ბიზნესინტერესების ხარჯზე ხდება". ამერიკელი პოლიტიკოსები კომპანია „ფრონტერას" საკითხზე ყურადღებას ამახვილებენ და აღნიშნავენ, რომ კომპანიას საქართველოდან გაძევება ემუქრება. ამასთანავე, ყურადღებას ამახვილებენ „კონტი ჯგუფზეც", რომელიც, მათი თქმით, ანაკლიის პორტის კონსორციუმიდან გააძევეს.

მაისაია მიიჩნევს, რომ, რეალურად, აშშ-ის ოფიციალურ პოზიციას მისი პრეზიდენტი და მთავრობა წარმოადგენს და არა - ოთხი სენატორი.

„სენატორებს თავიანთ სფეროში გავლენა კი აქვთ, მაგრამ რეალურად აშშ-ის ოფიციალურ მხარეს ამერიკის მთავრობა და პრეზიდენტი წარმოადგენს, ამიტომაც მოხდა, რომ ამ ოთხმა სენატორმა მაიკ პომპეოსა და ხაზინადარს მიმართეს, ანუ მთავრობის პოზიციაა მნიშვნელოვანი.

„შეერთებული შტატების მთავრობის პოზიციები გაცილებით უფრო ძლიერი, მნიშვნელოვანი და საყურადღებოა, ამერიკის მთავრობამ კი ამ წერილზე ასე ერთბაშად რეაგირება არ მოახდინა. როგორც ჩანს, ამ ყველაფერს ასე ხელაღებით არ ეკიდებიან და ამ ყველაფერს სწავლობენ.

„ფრონტერასთან" სერიოზული პრობლემები არსებობდა, საქართველოს მთავრობასთანაც კი წააგო საქმე შვედეთში სასამართლოზე. ბუნებრივია, ამერიკას კიდეც რომ ბიზნესინტერესები ჰქონდეს, ასე ხელაღებით ვერდიქტს ვერ გამოიტანს, თუმცა შეერთებული შტატების მთავრობას, რა თქმა უნდა, ამაზე რეაგირება აუცილებლად ექნება იმიტომ, რომ მაინც ეს ბიზნესის შემადგენელი ნაწილია.

„ტრამპი თვითონ ბიზნესმენია, ბიზნესკორპორაციული ეთიკა კარგად იცის და ეს ვითარება კარგად იცის, რას ნიშნავს. ამის გამო ვფიქრობ, რომ მისი ადმინისტრაცია თითოეულ ქეისს დეტალურად განიხილავს.

„ანაკლიის პორტთან დაკავშირებით კონსენსუსი არის როგორც აღმასრულებელ, ისე საკანონმდებლო დონეზე. კონსენსუსის მიღწევის ვარიანტში იქნება ორი საკითხი, ერთია „ფრონტერასთნ" არსებული სიტუაცია და რაც ყველაზე საინტერესოა, ირანის ქეისი.

„პირველად მოხდა, რომ ოთხმა ამერიკელმა სენატორმა ყურადღება ირანზე გაამახვილა. მე არ ვიცი და საქმის კურსში არ ვარ, რა საკითხს ეხება ირანის საქმე და სენატორების მოსაზრებები რას ეფუძნება, მაგრამ როგორც მე ვიცი, მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებამ პირიქით, ირანთან ლიბერალიზაცია მოახდინა, მათ შორის, როდესაც საქართველო-ირანს შორის უვიზო რეჟიმი დააწესა. როგორც კი მოვიდა არსებული ხელისუფლება 2013 წელს, ამ კუთხით საკმაოდ სერიოზული ზომები გაატარა, რომელიც ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის 2013-2014 წლების ანგარიშშიც აღინიშნა, ხოლო მერე რა მოხდა ამ კუთხით, არ ვიცი, რადგან მგონია, რომ სენატორები ასეთ განცხადებას ვერც გაბედავდნენ.

„კელი დეგნანმაც განცხადებაში გზავნილი ამაზე გააკეთა, ის ამერიკის მთავრობის ოფიციალური წარმომადგენელია და ბუნებრივია, როგორც ჩანს, ტრამპი შესაბამის სტრუქტურებს დაავალებს, რომ ეს ორი საკითხი დეტალურად შეისწავლონ, ანაკლიის საკითხზე კი ისინი ტენდერს დაელოდებიან და იმას, თუ სიტუაცია როგორ განვითარდება", - განაცხადა მან.

ამერიკელი პოლიტიკოსების ერთობლივ წერილს საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი კელი დეგნანი გამოეხმაურა. მისი თქმით, ნებისმიერი კომენტარი, რომელიც შეერთებული შტატებიდან მოდის, არის იმ ადამიანებისგან, რომლებსაც საქართველოს წარმატების ხილვა სურთ.

თამთა ჩაჩანიძე

გაზეთი "რეზონანსი"