კახა კალაძემ 26 ოჯახს საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტები გადასცა

კახა კალაძემ 26 ოჯახს საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტები გადასცა

თბილისის მერმა კახა კალაძემ გლდანში მცხოვრებ 26 ოჯახს საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტები გადასცა.

მისი თქმით, საცხოვრებელი ფართები უკვე 800-ზე მეტ ოჯახს დაუკანონდა.

„თქვენ იცით, რომ ეს პროგრამა უკვე დიდი ხანია მოქმედებს. მას შემდეგ, რაც ჩვენ ოფიციალურად შევუდექით ჩვენი უფლებამოსილების განხორციელებას. ეს იყო ჩემი დაპირება წინასაარჩევნოდ, რომ ასეთ ოჯახებს დავეხმარებოდით და ხელს შევუწყობდით. მათ წლების განმავლობაში ჰქონდათ გარკვეული პრობლემები, შეიძლება ბიუროკრატიულიც, შეიძლება საბუთების მოგროვების თვალსაზრისით. გამგეობებისა და მუნიციპალიტეტის ყველა სამსახურის ჩართულობით, 800-ზე მეტ ოჯახს უკვე მიეცა შესაძლებლობა, ის ბინები, სადაც ისინი ათეულობით წელი ცხოვრობენ, დაეკანონებინათ. დღეს 26 ოჯახს გადავეცით ფართების საკუთრების დამადასტურებელი მოწმობები. ვულოცავ ამ ადამიანებს , ძალიან დიდია სიხარული და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ 2020 წლის განმავლობაში ბევრი ასეთი სიხარული იყოს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ფართები დაუკანონდა გლდანის I მ/რ-ის N3ბ-ში 17 ოჯახს, რომელიც იქ დაახლოებით 20 წელია ცხოვრობს, ასევე, გმირი კურსანტების N1-ში 10 წელზე მეტია მცხოვრებ 9 ოჯახს. მათ საცხოვრებელი ფართები სიმბოლურ ფასად - ერთ ლარად მიიღეს.

ადგილზე იმყოფებოდნენ ქონების მართვის სააგენტოს უფროსი ირაკლი თავართქილაძე, გლდანის რაიონის გამგებელი ბექა მიქაუტაძე, გლდანის მაჟორიტარები თბილისის საკრებულოში - გულია გოცირიძე და ოთარ გრიგოლია.