შატილში ახალი სკოლა-პანსიონის მშენებლობაზე ტენდერი გამოცხადდა

შატილში ახალი სკოლა-პანსიონის მშენებლობაზე ტენდერი გამოცხადდა

დუშეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ შატილში სკოლა-პანსიონის მშენებლობაზე ტენდერი გამოცხადდა. ყოფილი სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე, 550 კვადრატულ მეტრზე 2-სართულიანი შენობა აშენდება, რომელიც 20 მოსწავლეზეა გათვლილი.

სკოლაში განთავსდება სასწავლო, საძინებელი და დამხმარე ოთახები, ასევე - სველი წერტილები, რომელიც დაკავშირებული იქნება საევაკუაციო გასასვლელთან.

უსაფრთხოების ნორმების დაცვით, ძირითადი ნაგებობის გარეთ, დამონტაჟდება მყარ საწვავაზე მომუშავე გათბობის სისტემა, ხოლო სკოლის მშენებლობისას გამოყენებული იქნება თანამედროვე სტანდარტების მასალა- მოწყობილობები

შენობა ადაპტირებული იქნება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის.

დაფინანსების წყაროა მთის განვითარების ფონდი, პროექტის სავარუდო ბიუჯეტი კი 1,5 მლნ ლარია.

შატილის სკოლა-პანსიონში შარშან ხანძარი გაჩნდა და შენობა მთლიანად დაიწვა. სკოლა-პანსიონი პირიქითა ხევსურეთში ასეთი პროფილის ერთადერთი სასწავლებელი იყო. პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ იმავე დღეს განაცხადა, რომ კლიმატური პირობების შესაბამისად, შეძლებისდაგვარად მოკლე ვადაში, შატილში ახალი სკოლა აშენდება, მანამდე კი მოსწავლეები ალტერნატიულ შენობაში განაგრძობენ სწავლას.