პოლიტიკური ჰარამხანა

პოლიტიკური ჰარამხანა

სწორედ ამ ოპოზიციაზეა ნათქვამი: მეზობელს ცოლ-ქმრის ჩხუბი მართალი ეგონაო.
ესენიც დღისით დასცხებენ ერთმანეთს, დაპორჭყნიან, დაფრჩხილავენ, ღამე კი ხან ნიკუტას, ხან - ეკას, ხან - ინგას პოლიტიკურ სპალნაში რიგდებიან.
გადის დრო და ისევ თავიდან იწყება ყველაფერი - იჩხუბებენ, შერიგდებიან! იჩხუბებენ, შერიგდებიან!
ან რატომ ჩხუბობენ, ან რატომ რიგდებიან, თუ ისევ უნდა იჩხუბონ?
ჩემი დაკვირვებით. ამათი ჩხუბისა თუ შერიგების მიზეზი ერთი კაცია, რომელიც შორეული კიევიდან დისტანციურად მართავს ამათ ვნებებს და განწყობებს, ესენი კი ვერ ხვდებიან მის ენერგეტიკულ ქსელში რომ არიან ჩართულები და ელემენტებზე მომუშავე თოჯინებივით ენას და ხელ-ფეხს ვერ აჩერებენ.
იტყვის ეს კაცი იქ - პარტიუკები და პოლიტიკანები ვის დაჰკარგვიაო, და დაერევიან ესენი აქ ერთმანეთს.
იტყვის ეს კაცი იქ - კოალიცია არ მჭირდება, ივანიშვილი მარტომ უნდა დავამარცხოო, და ატყდება გნიასი და ვაი-უშველებელი აქ - გვიღალატა, გაგვყიდა, ივანიშვილს შეეკრაო.
ის იქ არის, ესენი აქ არიან და, წესით და რიგით, ამათ აქ სულ ფეხებზე უნდა ეკიდოთ, რას იტყვის ის იქ, მაგრამ არა - ისე მტკივნეულად, ისე მყისიერად რეაგირებენ მის მიერ იქ გაჟღერებულ თითეულ ფრაზაზე, თითქოს მათი ყოფნა-არყოფნა ამ ფრაზაზე იყოს დამოკიდებული.
რა უხილავი ძაფებია მათ შორის გაბმული, ძაფი კი არა, რა ჯაჭვით არიან ერთმანეთზე გადაბმულ-გადაფსკვნილნი, ჩაგრეხილ-ჩაწნეხილნი, რომ ის იქ რაღაცას წამობოდავს და ამათ აქ გულის ფრიალი ემართებათ?
ფროიდი რომ ცოცხალი იყოს, ამ უცნაურ და აუხსნელ მოვლენას გაუცნობიერებელი სექსუალური ლტოლვით და სექსუალური ინსტინქტებით ახსნიდა.
პოლიტიკური გუნდი ხომ ზოგჯერ ძალიან ჰგავს ჰარამხანას, რომელსაც ერთი საერთო `მამალი~ ჰყავს, რომელსაც მთელი ჰარამხანის დაგრილება და დარწყულება ევალება. მაგრამ, როცა საერთო `მამალი~ გარე-გარე დარბის და ჰარამხანას მხოლოდ ყიყლიყოთი ეხმიანება შორიდან, ცხადია, ჰარამხანა უკმაყოფილო კრიახს და ქვითქვითს იწყებს.
სიმართლეს ვერ ამხელენ, თორემ, სინამდვილეში, ის მამალი მოენატრათ, კოკაინნაყნოსი და ვიაგრანაყლაპი რომ ჩამოურბენდა ხოლმე ამათ და თავისებურად რომ დააწიოკებდა.
სტოკჰოლმის სინდრომი ჰქვია იმას, რაც ამ თავგზაარეულ ჰარამხანას სჭირს - ცხრაწლიანი ბღლარძუნის შედეგად თავისი გამპაუტიურებელი და მოძალადე შეუყვარდათ. ის კი არ ჩამოდის - ზის სხვის ქანდარაზე, ხან ასე ყივის, ხან - ისე და შიგადაშიგ იმათ ასკინტლავს თავზე, ვინც ამ ქანდარაზე შემოსვა...
შე სულელო მამალო, შორიდან ყივილი და ყიყლიყო კი არა, დაჩინჩვლა უნდა ამ ცუდად ახუნტრუცებულ-აცეტებულ ჰარამხანას.
ჰოდა, ჰამოდი რა, ჰამოდი, თორემ დაწყდნენ და ჩამოიღვენთნენ ეს საბრალოები შენზე დარდით და შენი მონატრებით.

ვახტანგ ხარჩილავა

„საერთო გაზეთი“