ამირან სალუქვაძე: ჟურნალისტებო, იფიქრეთ ახალი ორგანიზაციის შექმნაზე

ამირან სალუქვაძე: ჟურნალისტებო, იფიქრეთ ახალი ორგანიზაციის შექმნაზე

ამირან სალუქვაძე (ანალიტიკოსი):

ჟურნალისტებო, ვინც ახლოს მიცნობთ, იცით როგორ პატივს ვცემ ამ პროფესიას და ბევრ თქვენგანს.
თუ მიიღებთ რჩევას, იქნებ იფიქროთ იმაზე, რა განწყობებია დღეს საზოგადოებაში ამ პროფესიის მიმართ და გამომწვევ მიზეზებზე.

დღეს ვერ გაიგებ, რომელი მედია ვის ებრძვის, - ზოგი ხელისუფლებას, ზოგი ხალხს, ზოგი მთელ ქვეყანას.

რატომღაც ჰგონიათ, ასე ამბობენ, ჟურნალისტი არ უნდა გააკრიტიკოო. თავადაც იცით, რატომ ჩამოყალიბდა ეს სტერეოტიპი? თუმცა, თუ მედიის გარკვეული ნაწილი თავს ყველაფრის უფლებას აძლევს, ჩვენ გვაქვს უფლება, შეფასება მივცეთ და თავისი სახელი დავარქვათ.

არ მოვყვები ღრმა ანალიზს. უბრალოდ, ჩვენ, ადამიანები, ვასხვავებთ ინფორმაციის მიწოდებას საინფორმაციო ომისგან.

ზოგიერთი ზღვარგადასული, საკუთარი ზღვარგადასულობის გასამართლებლად აცხადებს, თითქოს ვინმეს სურს, რომ მედიამ პრობლემებზე არ ისაუბროს.

სიცრუეა. ეს არავის სურს. მედიამ ყველაფერზე უნდა ისაუბროს, ყველაფერზე უნდა მოგვაწოდოს ინფორმაცია, ოღონდ მთავარია როგორ ისაუბრებს და როგორ მოგვაწვდის.

ეს მეთოდებიც მათი გადასაწყვეტია. ასევე მათი გადასაწყვეტია 100% სიმართლეს იტყვიან, თუ 99% სიცრუეს, სიძულვილს, უიმედობას და აგრესიას დასთესავენ, თუ საზოგადოების კონსოლიდაციასა და განვითარებაზე, ქვეყნის წინაშე არსებული მთავრი გამოწვევების გადალახვაზე იქნებიან ორიენტირებულნი.

უბრალოდ, ჩვენ შეფასების უფლებას ვიტოვებთ.

რამდენიმე წელია ვწერ და აღარ ავხსნი დეტალურად იმას, რომ მოსახლეობაზე საინფორმაციო ტერორი ხორციელდება და ეს ზეწოლა სულ უფრო და უფრო ძლიერდება.

დღეს კი არა, წლებია აღარ არსებობს ჯანსაღი სადისკუსიო გარემო. ამ პოლარიზებულ, აგრესიულ გარემოში ცდილობ, ნაკლებად კრიტიკული იყო, რადგან შენი ნათქვამი თუ დაწერილი პოლიტიკურმა ძალებმა საკუთარი ინტერესებისთვის არ გამოიყენონ. მთელი მედიარესურსი მიმართულია.მიმდინარე ვიწროპოლიტიკური ინტერესების გადაჭრაზე.

დრო კი მიჰქრის, ელვისებურად, მივდევთ ჩვენი პრობლემებით, ვერ ვეწევით. რამდენი სამსჯელო თემაა: ოკუპაცია, განათლება, ეკონომიკა, სოციალური პრობლემები, მათ შორის ახალგზარდებობა და ა.შ. ჩვენ კი დროს და ენერგიას რაზე ვხარჯავთ?!

ეს თვეები მოვისმენთ ზღაპრებს. ზოგი აღმაშენებელია, ზოგი თამარი, ზოგიც მგოსანი. ერთი ავლიპიღა გვჭირდება...

დასაბუთების ნაწილს დავასრულებ, თორემ გაცილებით ვრცლად შეიძლება, და მთავარ სათქმელზე გადავალ.

ტრიბუნაც გაქვთ, სოციალური ქსელიც იმისათვის, რომ თუ ამ რჩევას გაითვალისწინებთ, საკუთარი თავის, საკუთარი პროფესიული წრის ორგანიზება მოახდინოთ და გადახედოთ, ვინ და რა გაერთიანებთ, ვინ წარმოგადგენთ, ვინ გისაზღვრავთ სტანდარტებს, ვინ აფასებს თქვენს პროფესიულ საქმიანობას?

რამდენადაც ვიცი, არსებობს ჟურნალისტთა ასოციაცია, რომელშიც, ალბათ, 100-150 ჟირნალისტიც არ იქნება გაერთიანებული.

არსებობს ჟურნალისტური ქარტია, NGO, არ ვიცი, რამდენს აერთიანებს, რადგან ბევრმა დატოვა. კარგად ვიცით, რომ პარტიული არასამთავრობოა.

არ ვიცი, კიდევ თუ რა ორგანიზაციებია. ვიცი, რომ სიახლეა საჭირო და პირველ რიგში თავად ჟურნალისტები უნდა დაინტერესდეთ ამ საკითხით.

იფიქრეთ საკუთარ პრობლემებზე, იფიქრეთ ხალხის განწყობებზე, იფიქრეთ ან ახალი ორგანიზაციის შექმნაზე, ან მოქმედის გააქტიურებაზე. ქმედითი და დამოუკიდებელი ორგანიზაცია გჭირდებათ, რომელიც არც ხელისუფლების და არც ოპოზიციის, არამედ ჟურნალისტების და საზოგადოების სამსახურში იქნება.