გიორგი გახარია: როგორ წარმოგიდგენიათ, ეს სერიოზულია?!

გიორგი გახარია: როგორ წარმოგიდგენიათ, ეს სერიოზულია?!

ვიღაც პოლიტიკური მოღვაწეების მოთხოვნის გამო, როგორ წარმოგიდგენიათ, ეს სერიოზულია? - არასერიოზულია! - ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, სამოქალაქო საზოგადოების და ოპოზიციის ნაწილის მოთხოვნას, შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობიდან გადაყენების შესახებ.

როგორც გახარიამ ჟურნალისტებს შესაბამისი კითხვის საპასუხოდ განუცხადა, შინაგან საქმეთა მინისტრის ამოცანაა გამოძიების ბოლომდე მიყვანა და დასრულება.

„არანაირი კითხვის ნიშნები ამასთან დაკავშირებით არ არსებობს. დარწმუნებული ვარ, ერთი საქმეც და მეორეც სრულფასოვნად იქნება გამოძიებული და ბოლომდე იქნება მიყვანილი. ვიღაც პოლიტიკური მოღვაწეების მოთხოვნის გამო, როგორ წარმოგიდგენიათ, ეს სერიოზულია? - არასერიოზულია!“ - განაცხადა გახარიამ.

პრემიერ-მინისტრმა ასევე განმარტა გუშინ, მთავრობის სხდომის დაწყებისას გაკეთებული საკუთარი განცხადება და აღნიშნა, რომ საქართველოს მართლმსაჯულების სისტემას გარკვეული რეფორმირებები სჭირდება.

„გამოძიებაზე ვთქვი ის, რასაც აქამდე ვამბობდი, როცა შინაგან საქმეთა მინისტრი ვიყავი. საქართველოს მართლმსაჯულების სისტემას გარკვეული რეფორმირებები სჭირდება. ეს ვთქვი და კიდევ ერთხელ გავიმეორებ. ამას ვაკეთებდი შინაგან საქმეთა სამინისტროშიც. სისტემური განახლება რაც იყო, ეს იყო სწორედ ის რეფორმების მიმართულება, რომელიც უნდა გაგრძელდეს. მოგეხსენებათ, ქვეყანაში ეპიდემიური კრიზისი, გლობალური ეკონომიკური კრიზისი და ყველაფერი ერთად დაემთხვა. ეს ყველაფერი გასაგრძელებელია. რა თქმა უნდა, გამოძიების ფუნქციის გამიჯვნა აუცილებელია იმისთვის, რომ გამოძიების ხარისხი გაძლიერდეს. კიდევ ბევრი რამ არის გასაკეთებელი მართლმსაჯულების სისტემაში. ეს ჩვენ ძალიან კარგად ვიცით. საკანონმდებლო გეგმებიც გვაქვს, ცვლილებები მომზადებულია და ეს ყველაფერი განხორციელდება. მე სხვა რამე ვთქვი და აქ ინტერპრეტაციები არ უნდა შევცვალოთ. მე ვთქვი ის, რომ კომუნიკაცია მაშინ, როდესაც მძაფრ პოლიტიკურ პროცესში ვართ, მაშინ, როდესაც ზოგიერთი პოლიტიკური ძალა იყენებს კონკრეტული ოჯახების ტრაგედიას, იყენებს პოლიტიკური პროცესისთვის. ვთქვი, რომ ასეთი სივრცეები არ უნდა დარჩეს და მაქსიმალურად მეტი ინფორმაცია უნდა მივაწოდოთ მედიასაც და ჩვენს მოქალაქეებსაც იმისთვის, რომ სივრცე არ დავტოვოთ ინტერპრეტირებისთვის. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც გამოძიება მიმდინარეობს და პროცესი დასრულებული არ არის. ეს ვუთხარი მე და გამოსწორდება. მაშინ, როდესაც გამოძიებისგან საზოგადოებას ინფორმაცია არ ჰყოფნის, მედიაც ამას იყენებს და შემდგომ უკვე ტრაგედიის მსხვერპლთა გამოყენება ხდება გარკვეული ვერსიების განვითარებაში. ეს გამოძიების ნაწილია. მაშინ, როდესაც გამოძიება დასრულებული არ არის, მსგავსი სახის პოზიციონირება ამორალურია“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.