ვახტანგ მაისაია: რუსეთმა შეიძლება გამოიყენოს ჩვენი ტერიტორია

ვახტანგ მაისაია: რუსეთმა შეიძლება გამოიყენოს ჩვენი ტერიტორია

კონფლიქტი ყარაბაღისგან მოშორებით თოვუზის რეგიონში 12 ივლისს განახლდა. ეპიცენტრიდან საქართველოს საზღვრამდე 55 კილომეტრია. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მოუწოდებს მხარეებს, რომ დაუყოვნებლივ შეწყვიტონ საომარი მოქმედებები სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე, რომ პროცესები სამშვიდობო შეთანხმებისკენ წავიდეს. სომხეთ-აზერბაიჯანს შორის ურთიერთობა პერიოდულად მწვავდება, თუმცა საყურადღებო ფაქტია ის, რომ კონფლიქტი პირველად გასცდა მთიანი ყარაბაღის გეოგრაფიას და ამჟამად უშუალოდ სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვრის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარეობს.

სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე, თოვუზის რეგიონში დაპირისპირება 12 ივლისს გამწვავდა. საბრძოლო მოქმედებების განახლებაში სომხეთი და აზერბაიჯანი ერთმანეთს ადანაშაულებენ. სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, აზერბაიჯანის არმიის 100-კაციანმა ჯგუფმა სომხეთში დივერსიული შეღწევა უშედეგოდ სცადა. სომხეთის არმიის სამხედროებმა მოწინააღმდეგის გადაადგილება შეამჩნიეს და საპასუხო ზომების მიღების შემდეგ აზერბაიჯანელმა სამხედროებმა უკან დაიხიეს.

ექსპერტი, უსაფრთხოების საკითხებში, ვახტანგ მაისაია ფიქრობს, რომ სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე მიმდინარე მოვლენებმა, შესაძლოა, მთელი რეგიონის უსაფრთხოებაზე მოახდინოს ზეგავლენა. შესაბამისად, ექსპერტი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, რომ უზრუნველყოს ნიკოლ ფაშინიანის და ილჰამ ალიევის შეხვედრა თბილისში, საერთასორისო ორგანიზაციების მედიაციის მეშევობით. როგორ შეიძლება განვითარდეს პროცესები მეზობელ რეგიონში და როგორია საქართველოს როლი? ამ საკითხებთან დაკავშირებით for.ge ვახტანგ მაისაიას ესაუბრა.

სომხეთი და აზერბაიჯანი საომარი მოქმედების ზღვარზე არიან. სომხური მხარე ამტკიცებს, რომ აზერბაიჯანმა დაკარკა 4-ვე სიმაღლე და გადავიდა სომხეთის კონტროლქვეშ. საბრძოლო შეტაკებები, რომელიც ახლა მიმდინარეობს, შეიძლება გადაიზარდოს ფართო მასშტაბიან საომარ მოქმედებებში, არის ამის საფრთხე?

ვახტანგ მაისაია: ვითარება უკვე გადავიდა დაბალი ინტენსიური სამხედრო კონფლიქტის განსაზღვრებაში. ფაქტიურად, ინტენსიური შეტაკებები ხორციელდება არა მარტო ერთი ლოკალური ტიპის სასაზღვრო ზონის ფარგლებში, არამედ ეს უკვე მოიცავს ყველა სასაზღვრო ზოლის მიმართულებას. ბოლო ინფორმაციით, ნახიჩევანის მიმართულებითაც შეიმჩნევა საბრძოლო მოქმედებების ინტენსიფიკაცია.

მხარეები იყენებენ ზალპური საარტირელიო სისტემებს. შესაბამისად, შეიძლება ითქვას, რომ ეს უკვე აღარ არის მარტო ლოკალური შეტაკებები, არამედ ეს უკვე წარმოადგენს საბრძოლო მოქმედებების სერიოზულ საფრთხეს. ახალი ტექნოლოგია არის დრონების გამოყენება, რომელიც არის ტაქტიკური ავიაცია.

რომელი მხარე იყენებს დრონებს?

- ორივე მხრიდან ხდება დრონების გამოყენება. რაც ყველაზე საინტერესოა, ტოტალურად მიმდინარეობს ფსიქოლოგიური და კიბერ ომი, ისეთ დონეზე, რომ ფერხდება საინფორმაციო სააგენტოების მუშაობა. ფაქტიურად ხდება მათი სერვერების განადგურება. ეს უკვე არის კლასიკური ინტენსიური სამხედრო კონფლიქტი, რომელიც მიმდინარეობს საარმიო კორპუსების დონეზე. ორივე მხრიდან ჩართულია მთელი საარმიო კორპუსი. იმედია, რომ ეს კონფლიქტი არ გადაიზრდება კიდევ უფრო მაღალი დონის შეტაკებებამდე, ანუ ლოკალურ ომამდე. იმიტომ, რომ ლოკალური ომი უკვე იქნება სახელმწიფოებს შორის კლასიკური ომის მაგალითი.

ლოკალური ომის წინაპირობები არსებობს?

- რა თქმა უნდა. თანდათან ხდება საბრძოლო ავიაციის და რეზერვების მობილიზაცია. აზერაიჯანის პირველი საარტილერიო ბრიგადა გადაისროლეს კონფლიქტური ზონის მიმართულებით. ბრიგადის გადასროლა საკმაოდ სერიოზული ფაქტია. იმიტომ, რომ იქ უკვე არის 30 საარტილერიო ზალპური შენაერთების კომპლექსები, რომლებსაც ფაქტიურად შეუძლიათ 20-დან 25 კილომეტრის მანძილზე განახორციელონ საარტილერიო დარტყმების მიყენება. პრინციპში, არ არის გამორიცხული, რომ გადავიდეს ოპერატიული დივერსიული ჯგუფების და დაზვერვის შეტაკებების დონეზე და უკვე, შემდგარ ფაქტად მივიღოთ სახმელეთო შენაერთების შეტაკებები. იმედია, რომ ვითარება აქამდე არ მივა. თუმცა სამწუხაროდ, ამის ყველა წინაპირობა არსებობს.

სამხედრო დაპირისპირება მიმდინარეობს, მაგრამ თითქოსდა, ორივე სახელმწიფოს პოლიტიკური ხელმძღვანელობა იძულებულით არის ჩართული ამ პროცესში...

- 14 ივლისს ბაქოში დაახლოებით 100 ათასი ადამიანი გამოვიდა, თავდაცვისა და შს მინისტრებმაც კი ვერ მოახერხეს მიტინგის დაშლა. აქციის მონაწილეები მოითხოვდნენ ხელისუფლებისგან რეაგირებას. მოსახლეობის ამ პოზიციამ შეიძლება გამოიწვიოს ხელმღვანელობის მიერ კონკრეტული ნაბიჯების გადადგმაც კი. უკვე აზერბაიჯანში გარკვეული პოლიტიკური ხელმძღვანელობა პირდაპირ მოითხოვს, რომ დროა სომხეთს ჭკუა ასწავლონ და მზად არიან, რომ ომი გამოუცადონ სომხეთს. ამაში ჩართული არიან აზებაიჯანის პარლამენტის წევრები და ზოგიერთი მაღალი თანამდებობის პირები.

ამ ეტაპზე, რასაც ვაკვირდებით სომხეთი პოზიცია უფრო მყარია, ეს იმ ფონზე, როდესაც ფაშინიანი არ არის გავლენიანი ფიგურა, მით უფრო სამხედრო მიმართულებით ის არის სუსტი, პოლიტიკური მოწინააღმდეგეები ჰყავს თავდაცვის სფეროში...

- ფაშინიანი არის სახელმწიფოს ახალი მეთაური. წინამორბედებისგან განსხვავებით, მას აკლია გამოცდილება და განსაკუთრებით კრიზისულ მდგომარეობაში არ გააჩნია გამოცდილება. ალიევს ეს გამოცდილება აქვს. მას საკმაოდ დიდი გამოცდილება დაუგროვდა ამ მიმართულებით. კერძოდ, აზერბაიჯანი-სომხეთის ხუთდღიანი ომის ფარგლებში. შესაბამისად, ალიევი უფრო კარგად მართავს სიტუაციას, ვიდრე ნიკოლ ფაშინიანი. თუ ალიევმა მოახერხა უშიშროების საბჭოს შეკრება, ნიკოლ ფაშინიანმა თავდაცვისა და უსაფრთხოების საბჭოს შეკრებაც ვერ მოახრხა.

ალიევს ამ კონფლიქტში მხარს უჭრს თურქეთი და მათ შორის რუსეთიც...

- მთლად ასეც ვერ ვიტყვით. თურქეთი მხარს უჭერს აზერბაიჯანს, იმიტომ, რომ მათ შორის არსებობს სპეციალური სამხედრო შეთანხმება და ორმხრივი ალიანსი, რომელიც გულისხმობს შემდეგს - თუ აზერბაიჯანი გახდა მესამე სახელმწიფოს მსხვერპლი, ასეთ შემთხვევაში თურქეთი აღმოუჩენს სამხედრო დახმარებას. ყველა წინა კონფლიქტებისგან განსხვავებით, დღეს პირველად ხორციელდება სახელმწიფოთაშორისი საომარი მოქმედებების ინსპირანცია. ეს არ არის მთიანი ყარაბახის გამო დაწყებული საბრძოლო მოქმედებები, როგორც თქვენ ახსენეთ, ეს უკვე არის ორ სახელმწიფოს შორის პირდაპირი დაპირისპირების კონფლიქტი.

ანუ, თუ აქამდე ამ დაპირისპირებას ვიღებდით, როგორც დაპირისპირებას მთიანი ყარაბახის თავდაცვის ძალებსა და აზერბაიჯანის შეიარაღებულ ძალებს შორის ისე, რომ სომხეთის შეიარაღებული ძალები ფორმალურად არ მონაწილეობდნენ, იყვნენ ნეიტრალურები და მთიანი ყარაბახის შეიარაღებული ძალები, თითქოსდა სომხეთის უშუალო ჩარევის გარეშე ახერხებდნენ აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების შეკავებას და წინააღმდეგობის გაწევას, დღეს, ეს უკვე არის ორი სუვერენული სახელმწიფოს შორის შეტაკება.

სამწუხაროდ, კავკასიაში 2008 წლის ომის მერე ისეთი ტენდენცია შემოვიდა, რომ სახელმწიფოთაშორისი კონვენციური სრულმასშტაბიანი ომი გახდა რეალობა. ავიღოთ რუსეთის აგრესია საქართველოს წინააღმდეგ. 2008 წლის აგვისტო იყო ორი სუვერენული სახელმწიფოს შორის პირდაპირი ომი. რა თქმა უნდა, ომი საქართველოს არ დაუწყია, რუსეთმა დაიწყო, მაგრამ ეს იყო ორ სახელმწიფოს შორის ომი. რუსები შემოვიდნენ, დაიკავეს ჩვენი ტერიტორია და ერთი ნაბიჯი იყო, რომ შეეცვალათ ხელისუფლება. აქაც იგივე სიტუაციაა.

სახელმწიფოთაშორისი ომების აჩრდილი საკმაოდ მყარად იმკვიდრებს ფეხს კავკასიაში...

- ძალიან ცუდი ტენდენციაა. სირიის კონფლიქტმა გვიჩვენა ლოკალური ომი, რომელიც ვითარდებოდა სირიასა და თურქეთს შორის, გადაიზარდა რეგიონალური ომის ფორმატში და მიიღო კოალიციური ომის ფორმატი. დღეს არის ლოკალური ომის რეალური პერსპექტივები. თვითონ ნიკოლ ფაშინიანს აქვს საკმაო სირთულეები სამხედრო ხელმძღვანელობასთან. რატომ? - იმიტომ, რომ მან ვერ მოახერხა ძველი, სერგ სარქისიანის ყარაბახის დაჯგუფების მიერ შედგენილი შეიარაღებული ძალების გაწმენდა. მან მოახერხა სასამართლოს და საპოლიციო ძალების გაწმენდა, მაგრამ თავდაცვის ძალების მიმართულებით ეს ვერ შეძლო.

ფაშინიანის წინააღმდეგ ჩამოყალიბდა სერიზული ოპოზიციური ძალა. საკმაოდ მარალი რეიტინგი ჰქონდა, მაგრამ კორონავირუსთან არაეფექტურმა ბრძოლამ, მძიმე ეკონომიკურმა და სოციალურმა მდგომარეობამ შეიწირა მისი რეიტინგი. გარდა ამისა, არასისტემური მიდგომა გააჩნია საგარეო პოლიტიკური მიმართულებით. ხან პროდასავლურ მიდგომას ანვითარებს, ხან რუსეთთან არის. ბუნებრივია, რუსეთს ასეთი ქმედებები ხელს არ აძლევს და ეს გამოჩნდა კიდევაც, როდესაც სომხეთის თხოვნა, რომ შეკრებილიყო კოლექტიური უსაფრათხოების ორგანიზაციის არაგეგმიური სამიტი, რუსეთმა არ მოიწვია.

ამ შემთხვევაშიც რუსეთმა დაიკავა ნეიტრალური პოზიცია, მხარეებს მოუწოდებს შეწყვიტონ სამხედრო მოქმედებები, რაც რუსეთისთვის ნამდვილად უჩვეულო ნაბიჯია...

- გეთანხმებით, ორჭოფული პოზიციით გამოვიდა მოსკოვი. აშკარად ჩანს, რომ პუტინი, რომელიც არასოდეს არ პატიობს შეცდომას არავის, ცდილობს დასაჯოს ფაშინიანი, რომელსაც სთხოვა, რომ ხელი არ ეხლო კოლექტიური უსაფრთხოების საბჭოს გენერალური მდივნისთვის, გენერალ-პოლკოვნიკ ხაჩატურიანისთვის. ეს თხოვნა არ შეუსრულა ფაშინიანმა და ხაჩატურიანი ციხეში გაუშვა. ჯერ გამოიძახა გენერალური მდივნის თანამდებობიდან და მერე ციხეში გაუშვა. წარმოიდგინეთ, ტრამპმა რომ ნატოს გენერალური მდივანი გამოიძახოს და მერე ციხეში გაუშვას, როგორი არასასიამოვნო ფაქტი იქნება.

კოლექტიური უსაფრთხოების ორგანიზაცია რუსეთისთვის არის ყველაზე მნიშვნელოვანი თავდაცვითი ბლოკი, რომელიც უპირისპირდება ნატოს და ითვლება ერთგვარი სერიოზული ტიპის სამხედრო პოლიტიკურ ალიანსად, რომ რუსეთმა ევრაზიის სივრცეში გააძლიეროს სამხედრო პოტენციალი და დაუპირისპირდეს ნატოს და აშშ-ს. ფაქტიურად, ასეთი ორგანიზაციის ფორმატს და სტატუსს ეჭვის ქვეშ აყენებს ნიკოლ ფაშინიანი და იგნორს უკეთებს. აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, ფაშინიანის ეს ქმედება პუტინის მხრიდან არ დარჩებოდა რეაქციის გარეშე.

ასევე, სომხეთში იქმნება საკმაოდ ძლიერი, პრორუსული კოალიცია დაშნაკცუთუნის და გარიკ ცარუთუნიანის „კეთილდღეობის პარტიის“ ალიანსი - „სამშობლო“, რომელიც მიმართულია ფაშინიანის წინააღმდეგ. ეს იმ ფონზე, როცა ფაშინიანმა დაიწყო „კეთილდღეობის პარტიის“ წევრების პოლიტიკური რეპრესიები. ამ დროს, ეს პარტია საკმაოდ სეიროზულია, გააჩნია საკმაოდ ძლიერი საპარლამენტო ფრაქცია და როგორც გითხარით, ეს არის პრორუსული მიმართულების ძალა. არ არის გამორიცხული, მოსკოვმა ეს მომენტები გამოიყენოს ფაშინიანის ხელისუფლებიდან გადაყენების სცენარის გადასათამაშებლად.

შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ეს კონფლიქტი, რომელსაც ახლა ვაკვირდებით ფაშინიანის წინააღმდეგ მიმართული გეგმის ნაწილი იყოს? მით უფრო, რომ რუსეთის ხელწერაში არის სამხედრო დაპირისპირების ფონზე ხელისუფლების შეცვლა...

- არ არის გამორცხული. რუსეთი ყოველთვის იყენებდა ასეთ სცენარებს. საქართველოს შემთხვევაში კარგად გამოიყენა მაშინდელი ოპოზიციის და მმართველი პოლიტიკურ ძალას შორის დაპირისპირება. რუსეთს ასეთი გადატრიალების მოწყობის 500-წლიანი გამოცდილება გააჩნია. აქედან გამომდინარე, არ არის გამორიცხული, რომ ფაშინიანის წინააღმდეგ რუსეთმა გამოიყენოს ეს ტალღა და მოახდინოს სომხეთში ხელისუფლების კორექტირება.

დღეს, თურქეთი ღიად ამბობს, რომ თუ კონფლიქტი მიიღებს უფრო რთულ სახეს, ისინი ჩაერთვებიან აზერბაიჯანის მხარდასაჭერად. თუ თურქეთი ჩაერთო, ცხადია, რომ კონფლიქტში ჩაერთვება რუსეთიც. ამ შემთხვევაში, საქართველოს როლი როგორია, გახდება საქართველო კორიდორი?

- ეს ვითარება ლიბანიზაციას მაგონებს, როდესაც ლიბანი იყო კორიდორი, მაგრამ აქ არის ერთი ნიუანსი - 2012 წლიდან საქართველო ჩაერთო სამმხრივ კავკასიურ ფორმატში. ანუ, ეს არის თურქეთი, აზერბაიჯანი და საქართველო, სადაც მოქმედებს პრეზიდენტების სამიტი და თავდაცვის მინისტრების საბჭო - ერთგვარ სამხედრო ელემენტსაც შეიცვას. აქედან გამომდინარე, შემთხვევით არ იყო, რომ თურქეთის გენშტაბის უფროსმა და თავდაცვის მინისტრმა გააკეთეს განცხადება, რომ თურქეთი ხმელეთით გაუწევს დახმარებას აზერბაიჯანს. ეს იყო მინიშნება, რომ თურქეთმა შეიძლება საქართველოს მოსთხოვოს სამმხრივ ფორმატში მოახდინოს აზერბაიჯანისათვის სამხედრო დახმარების გაწევა.

მიუხედავად იმისა, რომ არაფორმალური ფორმატია, შეიძლება თურქეთმა მოსთხოვოს საქართველოს კორიდორის ფუნქციის შესრულება?

- გასაგებია, რომ არაფორმალურია, მაგრამ ეს ფორმატი მოქმედებს. 4 შეხვედრა ჩატარდა თავდაცვის მინისტრების დონეზე, 3 შეხვედრა პრეზიდენტების დონეზე. პოლიტიკურ დონეზე კეთდებოდა განცხადება, რომ თურქეთის და აზერბაიჯანის სახით ჩვენ გვყავდა სტრატეგიული მოკავშირე და, რომ ეს ფორმატი წარმოადგენს მნიშვნელოვან ფორმატს რუსული აგრესიის შესაკავებლად.

აქ კიდევ მეორე უკიდურესობაში გადავდივართ, 2011 წელს მიხეილ სააკაშვილმა რუსეთის ფედერაციასთან გააფორმა სამხედრო ტრანზიტის ხელშეკრულება, რომელიც ითვალისწინებს რუსეთის გიუმრის ბაზისათვის საქართველოს ტერიტორიის გამოყენებას, მართალია არა საბრძოლო, მაგრამ შეიარაღებული ძალების და არასაბრძოლო მასალების უპრობლემოდ გადაადგილებას.

ამ შეთანხმებას გააჩნია იურიდიული საფუძველი?

- კი, რა თქმა უნდა. თუ სიტუაცია დაიძაბა, რუსეთმა შეიძლება ამ ხელშეკრულების საფუძველზე მოახდინოს ჩვენი ტერიტორიის გამოყენება. რუსეთს ექნება არგუმენტი, რომ მიმდინარეობს საომარი მოქმედებები და ვალდებული ვარ გადავისროლო სამხედრო შენაერთი და ამისთვის გამოვიყენო საქართველო. შეიძლება არც-კი შეეკითხოს ჩვენს ხელისუფლებას და ამ შეთანხმების ფორმატში დაიწყოს შეიარაღების და ცოცხალი ძალის გადაყვანა შესაბამისი დისლოკაციის მიმართულებით. იმედია, რომ საქმე აქამდე არ მივა, მაგრამ საფრთხე რეალურია. რაც ყველაზე საინტერესოა, ამ ორი შეთანხმების კუთხით, საქართველომ თავისი თავი ერთგვარი დილემის წინაშე დააყენა.

თურქეთი და რუსეთი არიან რეგიონული ჰეგემონები, მათ განუსაზღვრელად ძლიერი სამხედრო პოტენციალი გააჩნიათ. რეგიონის მასშტაბით თურქეთის შეიარაღებული ძალები ნამდვილად არ ჩამორჩება რუსეთის შეიარაღებულ ძალებს. სომხეთის მიმართულებით მიმართულია მეორე და მესამე საველე არმია. რუსეთზე არ მაქვს ლაპარაკი, რომელსაც ოკუპირებული აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონში განთავსებული ჰყავს 15 ათასი სამხედრო მოსამსახურე, რომ არაფერი ვთქვათ ჩრდილოთ კავკასიაში განთავსებულ 58-ე არმიაზე, ახალი შექმნილი მე-8 არმია ებჯინება სწორედ დაღესტნის მიმართულებას.

ამასთან ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ ჩვენთვის მობჯენილი კადიროვის კერძო არმია, რომელიც მოიცავს 20-დან 25 ათასამდე ადამიანს, რომელიც ისე კარგად არის აღჭურვილი, რომ მათ არ გაუჭირდებათ იგივე საქართველოს ტერიტორიაზე ინფლიტრაცია და აქედან შეტევაზე გადასვლა. მით უმტეს, რომ 2018 წელს ჩეჩნეთში შეიქმნა სპციალური ძალების უნივერსიტეტი და ამ უნივერსიტეტის კურსანტების ერთ-ერთი დავალებაა სასაწვალო წვრთნების ფარგლებში საქართველოს ტერიტორიაზე ჩუმად გადმოსვლა და უკან დაბრუნება.

ანუ, რა პოზიციაც არ უნდა დავიკავოთ ჩვენი ლიბანიზაცია გარდაუვალია?

- ეს იმ შემთხვევაში, თუ სიტუაცია გადავიდა რეგიონალური ომის დონეზე. მაგრამ ჩვენ არ უნდა დავუშვათ, რომ ეს გადავიდეს ლოკალური ომის დონეზე და მით უმეტეს რეგიონალური ომის დონეზე. მივმართავ საქართველოს პრეზიდენტს და პრემიერ-მინისტრს, რომ აზერბაიჯანის და სომხეთის პოლიტიკური ხელმძღვანელობის მონაწილეობით თბილისში ჩატარდეს სამშვიდობო კონფერენცია და უზრუნველყონ კონფლიქტის დარეგულირება საქართველოს და საერთასორისო ორგანიზაციების მედიაციის მეშევობით. ამის გამოცდილება საქართველოს აქვს. 1919 წელს, როდესაც დაიწყო აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ომი, საქართველოს მაშინდელი მთავრობის მეთაურმა ნოე ჟორდანიამ მოუწოდა ორივე მხარეს, რომ თბილისში ჩაეტარებინათ სამშვიდო კონფერენცია, რაც ჩატარდა კიდევაც და მაშინ ქართულმა მხარემ შეაჩერა ეს ომი.

წყარო: https://for.ge