ამირან სალუქვაძე: საგამოძიებო ჟურნალისტიკა?!

ამირან სალუქვაძე: საგამოძიებო ჟურნალისტიკა?!

ამირან სალუქვაძე (ანალიტიკოსი, სამხედრო ექსპერტი):

საგამაძიებო ჟურნალისტიკა არსებობდა ოდესღაც და ჩარჩა იმ დეკადაში, რომელშიც დაიბადა და არც თუ ისე ცუდად განვითარდა. დამოუკიდებლობის შემდგომმა პერიოდმა კი საგამოძიებო ჟურნალისტიკა ჩაკლა.

საგამოძიებო ჟურნალისტიკა ჟურნალისტიკის ერთ-ერთი სახეობაა და აბსოლუტურად სხვა ჟანრია.

წლების განმავლობაში მიწევდა ღია წყაროების ანალიზი და მის საფუძველზე ანალიტიკური საქმიანობა.

ღია წყაროების (ტვ, რადიო, ბეჭდვური მედია, სოციალური ქსელები) კვალიფიციური ანალიზი შეუძლებელია, თუ მის ანატომიას ღრმად არ შეისწავლი: როგორ იქმნება ინფორმაცია, ვინ ქმნის, რა ამოძრავებთ მათ?

მერწმუნეთ, ამ კითხვებზე პასუხების გასაცემად ზღვა ინფორმაცია (წიგნები, სტატიები) მაქვს გადაკითხული, შესწავლილი. შემდეგ ლექციებსაც ვკითხულობდი, ვასწავლიდი ღია წყაროებთან მუშაობის საფუძვლებს.

ამას სატრაბახოდ არ ვწერ. მინდა აგიხსნათ, რომ ღია წყაროებიდან სადაზვერვო ინფორმაციის მოსაპოვებლად საგამოძიებო ჟურნალისტიკის მასალები ერთ-ერთი დაკვირვების მიმართულებაა, რადგან კარგად ჩატარებულ ჟურნალისტურ გამოძიებაში ინტერესის ობიექტის, ან რაიმე დარგის, სფეროს, სტრუქტურის შესახებ, ძალიან ბევრი სასარგებლო ინფორმაციის ამოღებაა შესაძლებელი.

ამიტომ ვიცი როგორი ხარისხის, სიღრმის, მოცულობის და, რაც მთავარია, მტკიცებულებების შემცველი უნდა იყოს ჟურნალისტური გამოძიება.

ჟურნალისტური გამოძიების ერთ-ერთი მთავარი მახასიათებელია კონკრეტულ თემაზე ხანგრძლივი მუშაობა, თვეების, შესაძლოა წლების მანძილზე.

ეს არაა ყვითელი პრესა, როცა ჩინოვნიკს სადმე მოუწესრიგებელ მდგომარეობაში ან არასასურველ ვითარებაში გამოიჭერ.

გამომძიებელი ჟურნალისტი იმას არ იკადრებს, რასაც კადრულობს პაპარაცი. გამოძიების დროს, მას შეიძლება ხელში ჩაუვარდეს "ყვითელი" მასალები, ანუ ვინმეს ჭუჭყიანი საცვალი, თუმცა ის ამას მხოლოდ დასკვნებისთვის, გამოძიებისთვის გამოიყენებს და არა გამოსაჭრელებლად.

გამომძიებელი ჟურნალისტი მუშაობს იგივე მეთოდებით, როგორც, დავუშვათ, პოლიციის გამომძიებელი, ან კერძო დეტექტივი.

მისი საქმიანობა უფრო კერძო დეტექტივის საქმიანობას წააგავს, რადგან ძალოვან უწყებებს ხელი მიუწვდებათ დახურულ მასალებზე. დეტექტივს ან ჟურნალისტს არა. დახურული, ან ისეთი ინფორმაციების გარეშე, რომლებიც ღია სივრცეში არ მოიპოვება, ჟურნალისტური გამოძიება აღარაა.

საგამოძიებო ჟურნალისტიკის ამოცანა არაა რაიმე ფრაგმენტული სკანდალის გამოვლენა. ამ ამოცანას ჩვეულებრივი ჟურნალისტი წყვეტს, რომელიც თემატურად მუშაობს გარკვეულ მიმართულებებზე, მოიპოვებს მასალას და აკეთებს მოკლე სიუჟეტს ან წერს სტატიას.

მაგალითად, თუ ჩბეულებრივი ჟურნალისტი მოიპოვებს მასალას კონკრეტულ ქალაქში საბიუჯეტო სახსრების გაფლანგვის შესახებ, მაგალითად, სკოლის შენებისას, საგამოძიებო ჟურნალისტიკა მუშაობს იმ კონკრეტულ ქალაქში მთელი კორუფციული სქემის გაშიფრვაზე.

იგივე პროკურატურამ, შესაძლოა გამოიძიოს ერთი სამართალდარღვევა და გადასცეს სასამართლოს. გამომძიებელ ჟურნალისტს ეს არ აკმაყოფილებს. კონკრეტული ს/ს საქმე მისთვის ჯაჭვის მხოლოდ ერთი რგოლი იქნება და ის შეეცდება მთელი ჯაჭვი, მთელი სქემა, სინდიკატი გამოავლინოს და ამ ყველაფრის დამადასტურებელი მტკიჩებულებებიც დადოს.

გამომძიებელი ჟურნალისტის მიერ დასრულებული გამოძიება, როგორც წესი, შესაძლოა საკმარისი აღმოჩნდეს ს/ს საქმის აღსაძვრავად.

ამიტომ გამომძიებელი ჟურნალისტი სკანდალური მეთოდებით, როგორიცაა მიკროფონებით მივარდნა, ხმაური, ზედმეტი ყურადღების მიქცევა, არ მუშაობს. ის უფრო მეძებარი ძაღლივითაა (კარგი გაგებით).

საგამოძიებო ჟურნალისტიკას არ სჭირდება ხმოვანი და შუქური ეფექტები, ხმის ტემბრის პასაჟები, დაზაფრვა და სხვა. საგამოძიებო ფილმი ან სტატია, როგორც კარგი დეტექტივი, თავად უნდა გიტაცებდეს.

როცა მთელი სიუჟეტი აგებული საჯარო რეესტრის ერთ ფურცელზე, რომლის ამოღებაც შეუძლია ჩვეულებრივ ჟურნალისტს, რამდენიც არ უნდა ატრიალო, გააფერადო, გახაზო, გადახაზო, შუქები ჩაუქრო, მაინც არაა გამოძიება. პატარა მოკვლევას ქაჩავს.

რაზეც შეიძლება 2-3 წუთიანი სიუჟეტის გაკეთება და საინფორმაციო გამოშვებაში გაშვება, მაგალითად, ვინმე ჩინოვნიკს არადეკლარირებული ბინა აღმოაჩნდა, ამ ინფორმაციის გაწელვა 15 წუთიან სიუჟეტამდე, მას ჟურნალისტური გამოძიების ჟანრის რანგში ვერ აიყვანს.

არ ვარ წინააღმდეგი საგამოძიებო ჟურნალისტიკის. პირიქით, ვთვლი, რომ მისი განვითარება აუცილებელია საზოგადოების კეთიკდღეობისთვის.

ჯერ ამის ნიშანწყალს ვერ ვხედავ. რაც ახლა ხდება გათვლილია ვიწროპოლიტიკური, მოკლევადიანი ინტერესების მიღწევაზე.

რამდენად მოსაწონია, მგონი ორმა ჟურნალისტმა, რომლებიც არ გამოირჩეოდნენ ხელისუფლების ლოიალობით, გასცეს პასუხი და გასაგებად შეაფასეს. ამიტომ მე ამ მიმართულებით არ გავაგრძელებ.

ერთს ვიტყვი, ვერ ვიხსენებ პრეცედენტს, რომ მხოლოდ სკანდალებით, რომელიმე ტელევიზიამ მსოფლიოში ან რეიტინგი აიწია, ან რევოლუცია მოახდინა. პირიქით კი...

კიდევ ერთი, რის გამოც არ მჯერა საგამოძიებო ჟურნალისტიკის არსებობის. მათ არა მხოლოდ მოქმედ ჩინოვნიკებს უნდა შეუქმნან დისკომფორტი, არამედ ყოფილებსაც.

შენ თუ ყოფილ ბიუჯეტის ხარჯზე გამდიდრებულ ჩინოვნიკ(ებ)ს ემსახურები და მხოლოდ მოქმედ ხელისუფლებას უტევ, მაშინ უბრალოდ პოლიტიკური ინსტრუმენტი ხარ.

უამრავჯერ მაქვს დაფიქსირებული და არ მოსწონებიათ ჩემს მეგობრებს, რომ ძალიან მიყვარს ეს პროფესია, ჟურნალისტიკა და ჟურნალისტები. ამ პროფესიის ბევრი მეგობარი მყავს და მათ უაღრესად დიდ პატივს ვცემ. რაც არ უნდა შეეშალოს ვინმე ერთ ჟურნალისტს, ან.ჟურნალისტთა ჯგუფს, ან რაიმე ტელევიზიას ჩემთან მინართებაში, პირადულიდან გამომდინარე არასდროს ვისაუბრებ.

რაც შეეხება ჩინოვნიკებს, პოლიტიკოსებს, იცხოვრეთ წესიერად, ემსახურეთ საზოგადოებას, რა ქონებითაც მოხვედით, იმ ქონებით წადით და გამომძიებელი ჟურნალისტი ვერაფერს დაგაკლებთ, არც ძილი გაგიტყდებათ, ხალხსაც ეყვარებით.

გგონიათ, ასე არ შეიძლება, ჩინოვნიკი ან პოლიტიკოსი იყო და ხალხს უყვარდე? შეიძლება!