ლაშა გვასალია: სამეგრელოში ნაცი „ჯოყლივირები“ ვერ გაიმარჯვებენ!

ლაშა გვასალია: სამეგრელოში ნაცი „ჯოყლივირები“ ვერ გაიმარჯვებენ!

გვესაუბრება
სამეგრელო-ზემო სვანეთის
გუბერნატორის
ადმინისტრაციის
უფროსი, მწერალი
ლაშა გვასალია:

- ბატონო ლაშა, ოპოზიციამ უკვე დაასახელა კანდიდატურები სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში. რას იტყვით, აქვთ მათ მორალური უფლება არჩევნებში მონაწილეობის მიღების?
- ეს ვითომ ოპოზიციონერები 9 წელი რომ იყვნენ ხელისუფლებაში, ახლა ჰგონიათ, ხელისუფლებაში ყოფნა მუდმივია. ვერ ელევიან იმ 9 წელიწადს, რომ დაპარპაშობდნენ და ყველაფერი ფეხებზე ეკიდათ.
არჩევნები დემოკრატიული პროცესია, ყველას აქვს უფლება, მიიღოს მონაწილეობა. ნებისმიერ პოლიტიკურ პარტიას, ჯგუფს, პირს აქვს უფლება, იყაროს კენჭი, მაგრამ რაც შეეხება .. „გაევროპელებულებს“, იგივე ევროპელ ნაცებს - ყველას კარგად გვახსოვს, რას წარმოადგენდნენ ისინი. ავადმოსაგონარი 9-წლიანი მმართველობისას როგორ არბევდნენ და ანგრევდნენ ეკლესიებს, სპობდნენ ყველაფერს ეროვნულს.
გლდანში მამა ბასილის ეკლესიის დარბევა იყო სამარცხვინო ფაქტი - ეკლესიის ჭიშკარი ჩამოიღეს, ტაძრის შესასვლელი შელეწეს, მრევლს სცემეს, მოძღვარი წვერით ათრიეს და მერე ციხეში აყურყუტეს 6 წელიწადი. ვინ უარყოფს ამას?! - ახალაიები? რომელთა გვერდით იდგნენ ბოკერია-მერაბიშვილ-ბარამიძე? ეს ადამიანები აპირებენ ისევ ხელისუფლებაში მოსვლას?
- ეკლესიას რატომ ებრძოდნენ, თქვენი აზრით?
- კარგად მახსოვს „ევრონაცების“ ლიდერის ნათქვამი: უღირს მამაოებს დავიჭერთ კი არა, გავპარსავთო.
ვისი გამპარსავები იყვნენ ეს ნაძირლები, ესენი.
რა დამავიწყებს უგულავას, ამ უტიფარის საქციელი, ამბიონზე რომ ავარდა და პატრიარქს შეურაცხყოფა მიაყენა.
თქვენ მკითხეთ, რატომ ებრძოდნენ ეკლესიასო. გიპასუხებთ და დასკვნა თავად გამოიტანეთ: დამისახელეთ ერთი ეკლესია, რომელიც მათი შემოწირულობებით ან ინიციატივით აშენდა საქართველოში 2003-დან 2012 წლამდე.
ისინი ანგრევდნენ ეკლესიებს და ამასთანავე, ყოველივე ტრადიციულს და ეროვნულს და ამ ბრძოლით და ეროვნულობის ნგრევით არსებობდნენ ისინი მაშინდელ ქართულ რეალობაში. ახლაც უნდათ იგივე დრო დაგვიყენონ.
ამასწინათ მეზობელი შემხვდა ხობში. პატიოსანი, გლეხი კაცია. პოლიტიკაზე ჩამოვარდა ლაპარაკი და შეკითხვასავით შემომაპარა: რას ფიქრობ, რა პირით უნდათ არჩევნებში მონაწილეობა და გამარჯვება ნაცებს და ყოფილ ნაცებს, როცა ჩვენი ჭირი და ლხინი არასდროს გაუზიარებიათ, ერთი მიცვალებულის სამძიმარზეც არ ყოფილა არც ერთი მათგანი არასოდეს. ამას იმიტომ გეკითხებიო, არჩევნების დროს რომ ვახსენდებით, სხვა დროს რატომ არავის ახსოვს ჩვენი არსებობაო. თანაც ამბობენ, მეგრელები ვართო, ხოდა, მეგრელებმაო, საწუხილო მომენტში უფრო ვიცით გვერდით დგომა და ესენი რა ჯიშის ხალხია, ხომ არ იციო?!
ასე ფიქრობს ხალხი. ჩვენ ვირჩევთ იმას, ვინც ჩვენ ცუდს და კარგს იზიარებდა წლების განმავლობაში, არჩევნები სულ რომ არ იყო, ისეთ დროს გვედგნენ მხარში, გვამხნევებდნენ და გვაძლიერებდნენ.
- ბატონო ლაშა, იქნება შეიცვალნენ. ევროპული საქართველო დაარქვეს პარტიას და უფრო დემოკრატიულ პოლიტიკას აპირებენ, ალბათ.
- მომისმინე, ჩემო კარგო, უგულავას და ბოკერიას ევროპელობა არ გაიშვას არსად.
ევროპა მე ვიცი ბაირონით. ესენი უეროვნებო, უღირებულებო, უარაფრო ადამიანები არიან. ერთი ქართული ანდაზაა ასეთი: რაც სოფლის ნახირს, ის ბებრის ხბოსაო.
რაც „ნაცმოძრაობას“, ის ბოკერია-უგულავა-ქებურიას და სხვებს და მიიღებენ კიდევაც პასუხს სამეგრელოს მოსახლეობისგან. ყველამ ვიცით, არავითარი გადასხვაფერება მათი არ მომხდარა, იგივე არიან, არიან ერთი გუნდი, ერთი მიზნის და „კულტურის“ ხალხი. ჩვენ ვიცით, რას წარმოადგენდა მათი ღირებულებები, ფასეულობები, ისინი საკმაოდ სცდება ყოველივე ქართულს და ეროვნულს.
სამეგრელო, მოგეხსენებათ, სხვა ურთიერთობების მატარებელი სივრცეა. ამიტომ უგულავა-ბოკერიასნაირი ადამიანები ჩვენთან ფეხს ვერ მოიკიდებენ, ისინი შორს არიან ჩვენი კულტურული ტრადიციებისგან და ზოგადეროვნული ფენომენისგან, რომელსაც ვუფრთხილდებით არა მხოლოდ წლების, არამედ საუკუნეების განმავლობაში.
- ბატონო ლაშა, უგულავა, ბოკერია, ქებურია და მისთანები, ამ ღირებულებებს ნაზიარები თუ არ არიან, არ სმენიათ მაინც?
- ესენი პოლიტიკაში ეწევიან, .. დაჟინების მეთოდს, ატივტივონ თავიანთი თავი, რომ ამომრჩეველს, თითქოსდა, გაუხედნონ ყური. ჩვენი ეროვნული, კულტურული სივრცე სურთ რომ გახლიჩონ, შუაში თვითონ ჩასახლდნენ და მხატვრულად რომ ვთქვა, ირგვლივ ყველაფრის ლპობა და ხრწნა დაიწყონ, ანუ იმ ღირებულებების მოსპობა-გადაგვარება, რომელზეც ჩვენ ვართ აღმოცენებული და დამყარებული.
- ხალხი რას ფიქრობს, ბატონო ლაშა, როგორია განწყობა მოსახლეობაში?
- ხალხის განწყობა მათ მიმართ ცალსახაა. თუ ჰგონიათ, რომ სამეგრელოს მოსახლეობა მხარს უჭერს, ამოეწერონ პარტიული სიებიდან და დამოუკიდებლად, მაჟორიტარებად იყარონ კენჭი, მაგრამ მშვენივრად იციან, არავითარი შანსი რომ არ აქვთ.
- მე ვიცი, სამეგრელოში მოსახლეობის გარკვეული ნაწილი ოპოზიციის პოლიტიკას ემხრობა. ვინ არიან ეს ადამიანები და რატომ ვერ მოიგეთ მათი გულები ამ ხნის განმავლობაში?
- მათ ჰყავთ მომხრეები, მაგრამ ესენი არიან ის ადამიანები, რომლებიც 9 წლის განმავლობაში ნაციონალების დანაშაულებრივ საქმიანობაში იღებდნენ მონაწილეობას - არეკეტებდნენ მოსახლეობას, აპატიმრებდნენ უკანონოდ და .. ეს ის ადამიანები არიან, რომლებიც სახელმწიფო სამსახურებში იყვნენ დასაქმებული და გათავისუფლდნენ იმის გამო, რომ გადაამეტეს თავიანთ სამსახურებრივ უფლებამოსილებებს. განსაკუთრებით პენიტენციარული სამსახურების თანამშრომლებს ვგულისხმობ. მოგეხსენებათ, პენიტენციარულ სამსახურს დავით ჭაკუა ხელმძღვანელობდა, რომელსაც კურირებდნენ ძმები დათა და ბაჩო ახალაიები. სამეგრელოს რეგიონის ახალგაზრდების 80% ამ სამსახურებში იყო დასაქმებული. როცა ხელისუფლება შეიცვალა, ის ადამიანები, რომლებსაც, ნებსით თუ უნებლიედ, ხელისუფალთა დავალებით, დანაშაულებრივი ქმედებები ჰქონდა განხორციელებული, ზოგნი დარჩნენ თამაშგარეთ, ზოგნი - საბრალდებო სკამზე. ახლა ისინი და მათი ნათესავ-მეგობრები, ცხადია, ლამობენ, ხელისუფლებაში კვლავ ყოფილი მთავრობის წარმომადგენლები მოვიდნენ, რათა ძველი, უკანონო საქმიანობა გააგრძელონ.
- რა პირით შეხვდებიან კანდიდატები მოსახლეობას, რა აქვთ სათქმელი, თქვენი აზრით?
- ყველა დაინახავს, რომ ზურგს შეაქცევს სამეგრელოს მოსახლეობა გამყიდველებს, ჯალათებს, ეკლესიების დამრბევებს. მაგათნაირად ქვებით არავინ არავის გაეკიდება, მაგრამ ლანძღვა-გინებას, სავარაუდოდ, ბევრს იწვნევენ.
ეს .. ოპოზიცია თითიდან გამოწოვილი არგუმენტებით რომ ლანძღავს ხელისუფლებას, რას უნდა მიაღწიოს ასეთმა ოპოზიციამ?!
9
წლის მანძილზე საქართველოს მოსახლეობა ჰყავდათ დაშინებული, ღირსებაშელახული, უფლება და ნებააყრილები სახლებში იმალებოდა ხალხი, მთელი 9 წელი სამგრელო ჰგავდა მიცვალებულების პანთეონს, რა უნდა ესაუბრონ ახლა მათ სამეგრელოს მოსახლეობას? - ტყუილები, ფანტაზიები, დემაგოგია - ამას მეგრელი კაცი არ მიიღებს და არ მოტყუვდება.
- ქართული ოცნების კანდიდატებს რა აქვთ სალაპარკო სამეგრელოს მოსახლეობასთან?
- ზუგდიდის მაჟორიტარობის კანდიდატი ირაკლი ჩიქოვანი გახლავთ. მას დიდი ხანია ვიცნობ. მისი დახასიათება შორს წაგვიყვანს და მოკლედ ვიტყვი: ბატონი ირაკლი არის უნიკალური ადამიანი, ოჯახიშვილობით, განათლებით, ადამიანობით გამორჩეული. ზუგდიდში არის დაბადებული და გაზრდილი, დედ-მამაც ზუგდიდში ცხოვრობს. ის არის იდეური კაცი, პრინციპების მქონე პიროვნება. სხვათა შორის, ირაკლი ჩიქოვანის მოწინააღმდეგეს ზუგდიდში - გიგი უგულავას, ნაცრეჟიმის დროს სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორს, მეგრელებმა საინტერესო სახელი „ჯოყლივირი“ შეარქვეს. ამ ერთ ზედსახელში ჩაატიეს ყველაფერი, რაც არის უგულავას ხასიათის და გარეგნობის პირდაპირი მახასიათებელი. ამ სახელის დარქმევით კარგად ჩანს, როგორ უყურებს უგულავას სამეგრელოში ხალხი და საზოგადოება.
- ბატონო ლაშა, ჯოყლივირი რას ნიშნავს?
- „ჯოყლივირი“ ნიშნავს მარად ვირუკელას, რომელიც არ იზრდება, არის განუვითარებელი, მისი გონება პატარა ვირის გონებაზე შორს ვერ მიდის.
თავად ირაკლი ჩიქოვანს კი ხალხმა „მახა“ შეარქვა, რაც მეგრულად საიმედო შვილს ნიშნავს.
აქ კარგად ჩანს, ხალხის დამოკიდებულება კანდიდატებისადმი.
რაც შეეხება ხობის, ფოთისა და სენაკის მაჟორიტარობის კანდიდატს ირაკლი ხახუბიას. ის წლების განმავლობაში ბიზნესით იყო დაკავებული, დასაქმებული ჰყავს უამრავი ადამიანი სამეგრელოს სხვადასხვა კუთხეებიდან. შეიძლება ვინმეს გაუკვირდეს, მაგრამ ირაკლი ხახუბია კულტურტრეგერია თავისი შინაგანი განწყობით. წლების განმავლობაში იგი აფინანსებდა რეგიონში მოღვაწე არაერთი მწერლის წიგნს, ხელს უწყობდა ჟურნალ-გაზეთების გამოცემას, ბევრ კულტურულ ღონისძიებას მაშინ, როცა საერთოდ არ იყო პოლიტიკაში. ირაკლი დღემდე გვერდით უდგას სამეგრელოს კულტურულ ინტელიგენციას, უფრთხილდება ჩვენს ტრადიციებს და ეროვნულ თვითშეგნებას.
სხვათა შორის, ირაკლი ხახუბიას ბაბუა კოწია ხახუბია იყო კაცი, რომელმაც პირველი კაფე გახსნა ფოთში. კოწია ხახუბიამ შექმნა ასევე პირველი საფეხბურთო გუნდი სამეგრელოში.
აქვე მინდა ვისაუბრო სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორზე ალექსანდრე მოწერელიაზე, ეს არის მართლაც არაჩვეულებრივი პიროვნება. რეგიონის იმედი, სული და გული.
აღსანიშნავია, რომ ის არის შესანიშნავი მეღვინე და ცდილობს ქართული ღვინის პოპულარიზაციის საზღვრები რაც შეიძლება გააფართოვოს.
მისი თაოსნობით ჩატარდა მეგრული ჯიშის ყურძნის ღვინოების პირველი ფესტივალი. მან დიდი შრომა გასწია, რომ უნიკალური ენდემური ჯიშები აღმოჩენილიყო და არ დაკარგულიყო სამეგრელოში.
ამ კაცს დიდი წვლილი მიუძღვის სამეგრელოში ფაროსანას დამარცხების საქმეში. სასხლავით და საწამლი მანქანით ხელში დადიოდა თხილის პლანტაციებში და ქუჩა-ქუჩა, ეზო-ეზო ეხმარებოდა მოსახლეობას.
ამათ ეპაექრება ოთხ მუნიციპალიტეტში: აბაშაში, მარტვილში, ჩხოროწყუსა და წალენჯიხაში ქალბატონი ბელა ქებურია, რომელმაც საზოგადოებას თავი დაამახსოვრა იმით, რომ პარლამენტში გაურკვეველი შემადგენლობის აყროლებული სითხე მოასხა.
რით მოიწონებს თავს ხელისუფლება ხალხთან შეხვედრისას წინასაარჩევნოდო? მკითხეთ. რაც ჩამოვთვალე, ამას გარდა უამრავი სასიკეთო პროექტი არის განხორციელებული რეგიონში. ზუგდიდში საუკუნით ნანატრი კანალიზაციის პროექტი დასრულდა. წყალმომარაგების საკითხები გადაიჭრა, გზების ძირითადი ნაწილი მოწესრიგდა და ახლაც მიმდინარეობს სამუშაოები - ბეტონის და ასფალტის საფარის დაგება. შეუჩერებელი პროცესია ზუგდიდში. ხალხი ხუმრობს, ზუგდიდი „რემონტზეა შეყენებულიო“. ყველა ხედავს, რა ხდებოდა ადრე და რა ხდება ახლა.
რეგიონში თავისუფლების თამასა არის ძალიან მაღალი. არავის ეშინია, რომ ვიღაც დაიჭერს, ვიღაც ავტომატს, ან ნარკოტიკს ჩაუდებს ჯიბეში.
ამიტომაც, მე დღეს არ მინდა, რომ ადამიანურ სიყალბესთან ერთად გამოჩნდეს ჩვენი კულტურის არარეალური, ჰიპერბოლიზებული სახე. ამ არარეალურ სიყალბეს სთავაზობს ჩვენს მოსახლეობას .. ოპოზიცია ყოფილი ნაციონალების სახით. ისინი ყველაფერზე მიდიან.
კრიზისშია ჩვენი ფასეულობები, ეროვნული კულტურა და ჩვენი ცნობიერება, რაზეც, სამწუხაროდ, იმოქმედა უტიფრების და ნაძირლების წარსულმა იდეოლოგიამ. ახალგაზრდებს, ჩვენს მომავალ თაობას, ძალიან ცუდ რამეებს უბეჭდავდნენ გონებაში. ყველაფრის მოსპობა ჰქონდათ განზრახული.
ახლა ჯერი საზოგადოებაზეა. სწორი არჩევანი უნდა გაკეთდეს.
ჩვენ დარწმუნებული ვართ გამარჯვებაში და ასეც იქნება. ქართველ კაცს ყოველთვის სწორი არჩევანი გაუკეთებია, მაგრამ ახლა ჩვენი მოტყუებული ხალხი და ახალგაზრდობა უნდა დავარწმუნოთ, რომ არავითარი მხარდაჭერა არ ჰქონდეს .. ოპოზიციას სამეგრელოში, რომ მიხვდნენ, მათი ადგილი არაა პოლიტიკაში, იმ საზოგადოებრივ სივრცეში, რომელშიც ვიმყოფებით ჩვენ და ჩვენი მართლაც ღირსეული საზოგადოება. ხალხი, რომლებიც დღემდე ცოცხლობენ `ვეფხისტყაოსნის~ ტრადიციებით, ვაჟას, აკაკის, ილიას, კონსტანტინე გამსახურდიას ღირებულებებით.
დარწმუნებული ვარ, ჩვენი ხალხი მიიღებს სწორ გადაწყვეტილებას.
არ მინდა, რომ ზოგიერთი გულნატკენი ადამიანი გახდეს დასაყრდენი იმ ცრუ პოლიტიკოსების, რომლებიც სულიერად და ხორციელად წაბილწულები აპირებენ წარსდგნენ ჩვენი ამომრჩევლების წინაშე.
აქვე მინდა ერთი მიმართვა გავაკეთო ჩვენი მოსახლეობისადმი: არჩევნებისთვის გონივრულად მოვემზადოთ, სწორად განვსაზღვროთ, რა გადაგვარჩენს და რა დაგვღუპავს - აღმშენებლობით ვიაროთ წინ თუ ისევ სატანისეულ გზას დავუბრუნდეთ. ეკლესია-მონასტრების ამშენებლებს დავუჭიროთ მხარი თუ დამანგრეველებს და უფლის უარმყოფელებს.
ყველაფერი ჩვენს ხელთაა - ტრადიციული და ძლიერი ქვეყნის ასაშენებლად წინ უნდა ვიაროთ ერთად, ერთგულოვნებით და უფლისმიერად.
მოსახლეობა სააკაშვილის მთავრობამ 9 წლის განმავლობაში ამყოფა სამოქალაქო ფუნქციის გარეშე. ვინც მხარს არ უჭერდა მათ იჭერდა და ციხეებში ყრიდა.
ხელოვნური პოლიტიკური სელექცია ყველაზე საფრთხილო და საშიშია ყოველ დროში. სწორედ ყურით მოთრეულმა .. პოლიტიკოსებმა დაღუპეს ის მთავრობა და ქვეყანაც კინაღამ დააქციეს. დაუმსახურებლად რომ ანიჭებდა სააკაშვილი გენერლის და ღირსების ორდენებს ადამიანებს, იმათ დაანგრიეს ყველაფერი, რაც ხალხს გვქონდა ნაშენები ათეული წლების მანძილზე, ჩარეცხეს ჩვენი ღირსეული ინტელიგენცია. დღეს სააკაშვილის ბანდის მიერ ჩარეცხილი საზოგადოება დგას წინა ხაზზე და ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ მსგავსი უბედურება აღარ განმეორდეს. ეს მხცოვანი ადამიანები დღეს ახალგაზრდებთან ერთად დგანან. სწორედ ეს ხალხი კეთილად იძიებს შურს ოქტომბერში და საბოლოოდ ვეტყვით უარს რეგრესს და დაქცევას, დიდ წუნწუხეთს "ნაცმოძრაობის" და მისი განაყოფების სახით, რომელთაც არაფერი ეშველებათ, გარდა საბოლოოდ მოკვეთისა.

ირანდა კალანდაძე

„საერთო გაზეთი“