მარინა კალიურანდი: საქართველოს წარმატება შთამბეჭდავია

მარინა კალიურანდი: საქართველოს წარმატება შთამბეჭდავია

საქართველოს წარმატება კიდევ უფრო შთამბეჭდავია მის წინაშე არსებული გეოპოლიტიკური გამოწვევების ფონზე - საქართველო-ევროკავშირის საპარალამენტო ასოცირების კომიტეტის სხდომის თავმჯდომარე, ევროპარლამენტარი, მარინა კალიურანდი

„საქართველოს მომავალთან დაკავშირებული საკითხები და საქართველოში მიმდინარე მოვლენები ყოველთვის გულთან ახლოს მიმაქვს. როგორც ესტონელ დიპლომატს, კარგად წარმომიდგენია საქართველოს დემოკრატიული რეფორმებისა და ევროპული ინტეგრაციის გზა, თავისი ბენეფიტებითა და გამოწვევებით, რადგან ჩემმა ქვეყანამ იგივე გზა გაიარა. გასულ წელს აღინიშნა აღმოსავლეთ პარტნიორობის 10 წლისთავი. ჩვენ უნდა გამოვყოთ საქართველოს მნიშვნელოვანი წვლილი აღმოსავლეთ პარტნიორობაში, როგორც რაოდენობრივი, ისე ხარისხობრივი თვალსაზრისით. ბოლო გამოკითხვების მიხედვით, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას სარეკორდოდ ბევრი, 82% უჭერს მხარს. აღნიშნული წარმატება კიდევ უფრო შთამბეჭდავია საქართველოს წინაშე არსებული გეოპოლიტიკური გამოწვევების ფონზე. კიდევ ერთხელ მსურს გავიმეორო, რომ ჩვენი პარლამენტი რჩება საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდამჭერი. ჩვენ ვაფასებთ საქართველოს მთავრობის მზადყოფნას დიალოგისთვის, რაც გამოიხატება სამშვიდობო ინიციატივაში „ნაბიჯი ახალი მომავლისკენ“, – განაცხადა საქართველო-ევროკავშირის საპარალამენტო ასოცირების კომიტეტის სხდომაზე ევროპარლამენტარმა და სხდომის თავმჯდომარემ, მარინა კალიურანდმა.

ევროპარლამენტარმა აღნიშნა, რომ ყველაფერს გააკეთებს ყველა პოლიტიკურ მხარეს შორის ახლო, გულწრფელი, მეგობრული და დაბალანსებული თანამშრომლობის ხელშესაწყობად. ესტონელ პარლამენტარს ასოცირების შეთანხმების შესრულების საპარლამენტო ზედამხედველობის გაგრძელება მნიშვნელოვნად მიაჩნია და მადლობას უხდის ამ პროცესის ყველა მონაწილეს.

ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობებზე საუბრისას, კალიურანდმა გაიხსენა საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის ბოლო სხდომის შემდგომ განვითარებული მოვლენები – მარტში გამოქვეყნებულ ასოცირების შესრულების მესამე ანგარიშის გამოქვეყნება და მასში აღნიშნული საკუთარი ვალდებულებების განხორციელების მიმართულებით საქართველოს მხრიდან გადადგმული ნაბიჯები, ასევე ქართული მხარის მიერ ამბიციური საგზაო რუკის წარმოდგენა.

„2018 წლის ნოემბერში ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია საქართველოსთან ასოცირების შეთანხმების განხორციელების შესახებ. ჩვენმა წინამორბედებმა შეაფასეს საქართველოს რეფორმები ასოცირების შეთანხმების შესრულების კუთხით. მათ ასევე ხაზი გაუსვეს პარლამენტთაშორისი დიალოგის და სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის მნიშვნელობას. შემდგომი დაახლოების ნაბიჯები მოითხოვენ პოლიტიკურ ნებას და გაძლიერებულ ადმინისტრაციულ შესაძლებლობებს საქართველოს რეზონანსული სამოქალაქო საზოგადოების ზედამხედველობის ქვეშ. რა თქმა უნდა, ევროკავშირის ტექნიკურ და ფინანსურ მხარდაჭერას უზარმაზარი მნიშვნელობა ექნება ჩვენი მიზნების მისაღწევად. წელს პარლამენტი კვლავ მიიღებს რეზოლუციას, რომელიც დაეფუძნება ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის მიერ მომზადებულ დოკუმენტებს, რომელიც თავის მხრივ მხედველობაში მიიღებს ჩვენი საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის დასკვნებს“ – აღნიშნა მარინა კალიურანდმა.

წყარო: https://1tv.ge/