სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადება

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადება

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური კატეგორიულად უარყოფს წყალტუბოს საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარის, გრიგოლ ივანეიშვილის ბრალდებებს, რომელიც ერთ-ერთი მედიასაშუალებით გავრცელდა. აღნიშნული ბრალდებები მოკლებულია ყოველგვარ სამართლებლივ საფუძველს, რასაც საქმეზე გამოტანილი სასამართლოს გადაწყვეტილება ადასტურებს.

თბილისის საქალაქო სასამართლომ წყალტუბოს საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე გრიგოლ ივანეიშვილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებაში დამნაშავედ სცნო და მას 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გრიგოლ ივანეიშვილის წინააღმდეგ გამოძიება უცხოელი ბიზნესმენის მიმართვის საფუძველზე დაიწყო. გამოძიებამ დაადგინა, რომ გრიგოლ ივანეიშვილი უცხოელ ბიზნესმენს ქალაქ წყალტუბოში მდებარე საკრებულოს ყოფილი შენობის წინასწარ შეთანხმებულ ფასად აუქციონზე გატანას და აღნიშნული აუქციონის გზით ხსენებული ქონების შესყიდვაში დახმარებას დაჰპირდა, რის სანაცვლოდაც ქრთამის სახით 250 000 ლარის გადახდა მოსთხოვა.

მას შემდეგ, რაც უცხოელი ბიზნესმენი მიხვდა, რომ აუქციონის ოფიციალური გადასახადის გარდა, დახმარების სანაცვლოდ, თავისი საკუთარი მიზნებისთვის მოთხოვნილი 250 000 ლარის დამატებით მიცემა, შესაძლოა ყოფილიყო საქართველოს კანონმდებლობით დასჯადი, განცხადებით მიმართა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულ სააგენტოს და გამოთქვა თანამშრომლობის სურვილი.

ამასთან, გრიგოლ ივანეიშვილის ინიციატივით, ქრთამის სახით მოთხოვნილი თანხის გადახდის გარანტად უცხოელმა ბიზნესმენმა მისი კუთვნილი ფირმის 16%-იანი წილი გადაუფორმა ივანეიშვილის ნდობით აღჭურვილ პირს. დანაშაულის შენიღბვის მიზნით, გრიგოლ ივანეიშვილმა უცხოელ ბიზნესმენთან გააფორმა ფიქტიური სესხის ხელშეკრულება და ამ უკანასკნელს 250 000 ლარი თავისი შვილის ანგარიშზე ჩაარიცხინა. აღნიშნული გადარიცხვის შემდეგ, 2019 წლის 25 იანვარს, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გრიგოლ ივანეიშვილი სუს-ის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა დააკავეს.

აღსანიშნავია, რომ გრიგოლ ივანეიშვილის საქმეზე დაკავებულმა კიდევ ერთმა პირმა, ვაკის გამგებლის მოადგილე თეიმურაზ ჩოჩუამ, რომელსაც ქრთამის აღებაში დახმარება ედებოდა ბრალად, მის მიმართ წარდგენილი ბრალდება სრულად აღიარა.