სომხეთში სამხედრო მდგომარეობა გამოცხადდა

სომხეთში სამხედრო მდგომარეობა გამოცხადდა

სომხეთში სამხედრო მდგომარეობა გამოცხადდა. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა სოციალურ ქსელში დაწერა.

„მთავრობის გადაწყვეტილებით, სომხეთის რესპუბლიკაში გამოცხადდა სამხედრო მდგომარეობა და საყოველთაო სამხედრო შეკრება. გადაწყვეტილება ძალაში მისი გამოქვეყნებისთანავე შედის. მოვუწოდებ შეიარაღებული ძალების პირად შემადგენლობას, გამოცხადდნენ სამხედრო კომისარიატებში. ჩვენი სამშობლოს, ჩვენი გამარჯვებისთვის“,- წერს ფაშინიანი.

სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე ვითარება უკიდურესად დაიძაბა. მხარეები სამხედრო შეტაკებების და მსხვერპლის შესახებ იუწყებიან. აზერბაიჯანული მედიის ცნობით, სომხეთის მხრიდან დღეს დილით ფართომასშტაბიანი შეტევა განხორციელდა. შედეგად არის მსხვერპლი. მათ შორის მშვიდობიანი მოქალაქეების მხრიდან. აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, აზერბაიჯანის არმიამ კონტრშეტევა დაიწყო.სომხეთში აცხადებენ, რომ აზერბაიჯანის მხრიდან დაწყებულია შეტევა მთიანი ყარაბაღის მიმართულებით. სომხეთის თავდაცვის სამინისტრო იტყობინება, რომ სომეხმა სამხედროებმა ორი აზერბაიჯანული ვერტმფრენი და უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს. მათივე ცნობით, სროლის ხმა ისმის სტეპანაკერტშიც.

ამასთან, სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, აზერბაიჯანულმა მხარემ მთიან ყარაბაღში დაშორიშორების ხაზთან სარაკეტო დარტყმები მიიტანა.

წყარო: "პირველი არხი"