ვახტანგ მაისაია: სრულად ვიზიარებ ამერიკული დაზვერვის შეშფოთებას

ვახტანგ მაისაია: სრულად ვიზიარებ ამერიკული დაზვერვის შეშფოთებას

როგორც აზერბაიჯანული გამოცემა „Зеркало“ წერს, უცხოურ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბირთვული იარაღის შეძენის კიდევ ერთი კანდიდატი, საუდის არაბეთი, გამოვლინდა. ამერიკულმა დაზვერვამ გაარკვია, რომ წლების განმავლობაში ეს სამეფო ცდილობს ურანის დამუშავებას უდაბნოში, საიდუმლო საწარმოში. საინტერესოა, რა შეიძლება გამოიწვიოს კიდევ ერთი ატომური ქვეყნის გაჩენამ ცენტრალურ აღმოსავლეთში?

ამ თემაზე უცხოელი ექსპერტები კომენტარებს აკეთებენ, რომელთა შორის გახლავთ პოლიტიკურ და სამხედრო მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ვახტანგ მაისაია საქართველოდან:

„მე ვიზიარებ ამერიკული დაზვერვის შეშფოთებას. ბირთვული ტექნოლოგიების მოპოვების ტენდენცია, თუნდაც მშვიდობიანი ხასიათის, შეიძლება იქცეს ახლო აღმოსავლეთში უსაფრთხოების ახალ პრობლემად. საუდის არაბეთის სურვილი, ჰქონდეს ბირთვული იარაღი, შეიძლება აიხსნას იმით, რომ ირანს აქვს საკუთარი ბირთვული პროგრამა და, ამრიგად, შეიძლება მალე გაჩნდეს ახალი რეგიონალური ბირთვული უსაფრთხოების დილემა. ანუ საუდის არაბეთი ირანის წინააღმდეგ - იმავე კონტექსტში, რაც ხდება პაკისტანსა და ინდოეთს შორის. ეს პირველი ფაქტორია.

მეორე ფაქტორი განპირობებულია საუდის არაბეთის თანამშრომლობით ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან. მოგეხსენებათ, პაკისტანმა ბირთვული ტექნოლოგია მიიღო ჩინეთიდან. 1982 წელს პაკისტანსა და საუდის არაბეთს შორის ხელი მოეწერა სპეციალურ ხელშეკრულებას ურთიერთდახმარებისა და კოლექტიური თავდაცვის შესახებ. შემდეგ მათ ჩამოაყალიბეს ორმხრივი პაქტი. ასე რომ, ამ კონტექსტში, პაკისტანის საშუალებით საუდის არაბეთმა მიაღწია ჩინეთამდე და სურს მიიღოს ჩინური ბირთვული ტექნოლოგია. პეკინს აქვს საკუთარი გეოპოლიტიკური, გეოსტრატეგიული ამბიციები - მას სურს, დაამყაროს თავისი რეგიონალური ჰეგემონია ცენტრალურ აღმოსავლეთში.

შეერთებულ შტატებში, რომლიც გლობალურ დონეზე ჩინეთის ამბიციებს ეწინააღმდეგება, ძალიან ეჭვიანობენ პეკინისა და საუდის არაბეთის ურთიერთობის განვითარების გამო. ამ კონტექსტში, აშშ-სა და საუდის არაბეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობა საფრთხის ქვეშაა.

მეჩვენება, რომ ამერიკელები არ დაუშვებენ შეცდომას და, სავარაუდოდ, ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ არ გაერთიანდნენ ბოროტი მტრები. ამრიგად, ჩვენი რეგიონალური უსაფრთხოების დაუცველობა ასეთი ტენდენციებით უფრო აშკარა ხდება“.

იხილეთ ლინკი: https://m.zerkalo.az/ten-kitaya