ირაკლი გოგავა: ტრამპი ჭაობს აშრობს!

ირაკლი გოგავა: ტრამპი ჭაობს აშრობს!

ირაკლი გოგავა (საერთაშორისო ურთიერთობების მცოდნე, პოლიტოლოგი):

ვაშინგტონის კულუარებში საუბრობენ, რომ გაზაფხულზე აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტში დონალდ ტრამპი "დიდ წმენდას" დაიწყებს. "წმენდა" შეეხება ანტიტრამპისტულ ფიგურებს, რომლებიც იქ დიდი ხანია მუშაობენ და აშშ-ს პრეზიდენტს ძირს უთხრიდნენ. რესპუბლიკურ პარტიაში მიიჩნევენ, რომ იმპიჩმენტის პროცედურა სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა იყო და სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსნები მასში მონაწილეობდნენ. სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოს სენატორობა სურს, მის ერთ-ერთ შემცვლელად კი დონალდ ტრამპის პირადი ადვოკატი რუდი ჯულიანი მოიაზრება, თუმცა არიან სხვა კანდიდატებიც. "წმენდა" უკვე დაწყებულია, პრეზიდენტთან არსებული უშიშროების საბჭოდან დაითხოვეს უკრაინული წარმოშობის პოლკოვნიკი ვინდმანი, მისი ძმა და კიდევ 70 ადამიანი, სახელმწიფო დეპარტამენტი დატოვა აშშ-ს ელჩმა უკრაინაში მარია იოვანოვიჩმა, აშშ-ს სპეციალურმა წარმომადგენელმა უკრაინაში კურტ ვოლკერმა, აშშ-ს ელჩმა ევროკავშირში გორდონ სონდლენდმა. ელოდებიან, რომ შემდეგი, ვინც დატოვებს სტრუქტურას, სახელმწიფო მდივნის მოადგილე ევრაზიის საკითხებში ჯორჯ კენტი იქნება. "წმენდა" შეეხება სახელმწიფო დეპარტამენტის შვილობილ სტრუქტურას "იუსეიდ"-საც, რასაც პრეზიდენტ ტრამპის წარმომადგენელი ქ-ნი ბონი ლაურა გლიკი ამზადებს. ტრამპი დაჰპირდა ხალხს ვაშინგტონის "ჭაობის" დაშრობას და როგორც ჩანს, სიტყვას შეასრულებს. ეს პროცესები უდავოდ მოახდენენ გავლენას ჩვენს რეგიონზე და საქართველოზე.