ვახტანგ ხარჩილავა: უკუღმაა ეს ყველაფერი, ასინეთა, უკუღმა!

ვახტანგ ხარჩილავა: უკუღმაა ეს ყველაფერი, ასინეთა, უკუღმა!

კოლექტიურ წერილებს, ცხადია, კოლექტიურად არ წერენ. მას ერთი წერს, დანარჩენები კი ხელს აწერენ.

ილფი და პეტროვი ხომ გსმენიათ? ორივე ერთად კი არ წერდა - წერდა მხოლოდ ერთი, მეორე კი რედაქციებსა და გამომცემლობებში დარბოდა.

ამ 13 ამერიკელი კონგრესმენის კოლექტიური წერილის შემთხვევაშიც უსათუოდ ასე იქნებოდა - ერთმა დაწერა, დანარჩენებმა კი ხელი მოაწერეს და, როგორც ჩანს, ზოგიერთმა ისე მოაწერა ხელი, არც კი წაუკითხავს, რა ეწერა შიგ.

კოლექტიური წერილების სპეციფიკაა ეს, რომელიც ფსიქოლოგიურ მომენტებთან არის პირდაპირ კავშირში - როცა კოლექტივში ხარ გათქვეფილი და მის ნაწილს წარმოადგენ, ინდივიდუალური პასუხისმგებლობის გრძნობა გიჩლუნგდება და ჯოგური ინსტინქტებით მოქმედებ.

როცა კოლექტიური წერილები პოსტსაბჭოთა რესპუბლიკების ტერიტორიაზე იწერება, ეს საბჭოთა გადმონაშთად და ავტორიტარული რეჟიმებიდან გადმოყოლილ ინსტინქტებად ითვლება, მაგრამ, როცა კოლექტიური წერილები ამერიკის კონგრესში ან ევროპარლამენტში ითხზვება, ეს დემოკრატიაა თურმე.

არა, ბატონებო, აქაც და იქაც ერთი და იგივე უბედურებაა ეს და აქაც და იქაც ერთი და იგივე სახელი ჰქვია.

როცა რაღაცას ამბობ, ან რაღაცას წერ, იმაზეც ხომ უნდა დაფიქრდე, შენმა ოპონენტმა როგორ შეიძლება გაშიფროს ეს შენი ნათქვამი თუ ნაწერი და შენი ნააზრევი შენს საწინააღმდეგოდ უკან არ შემოგიტრიალოს ბუმერანგივით.

როგორც ვთქვით, როცა კოლექტიური წერილები იწერება, ეს პერსონალური პასუხისმგებლობის გრძნობა ჩლუნგდება და ადამიანი სიფრთხილის და წინდახედულების გრძნობას კარგავს.

დარწმუნებული ვარ, იმ 13 კონგრესმენს ერთად,  "კოლექტიურად" კი არა, ცალ-ცალკე რომ დაეწერა ეს წერილი, არავითარ შემთხვევაში არ ჩაწერდა იმ ავატურისტულ, მაპატიეთ გამოთქმისთვის და, იმ სულელურ ფრაზას, რომელიც ამ ჯგუფურ თხზულებაში წერია: "ბიძინა ივანიშვილი, საქართველოს უმდიდრესი ადამიანი, ვლადიმირ პუტინის ახლო მოკავშირეა და რუსეთის მხრიდან საქართველოს დესტაბილიზაციაშია ჩართული".

ცხადია, რამდენი სიტყვაც არის ამ წინადადებაში, იმდენი ტყუილია, მაგრამ, მოდით, თავი დავანებოთ დასკვნის წინასწარ გამოტანას და დეტალურად გავშიფროთ და გავაანალიზოთ ამ წინადადების შინაარსი და ქვეტექსტი.

როცა ამას გავაკეთებთ, აუცილებლად მივალთ საოცარ აღმოჩენამდე _ პუტინი საქართველოს მტერი კი არა საქართველოს ერთგული მეგობარი, მისი კეთილისმყოფელი და ფარული გულშემატკივარია თურმე და ვინ გვეუბნება ამას? ვინ გვეუბნება და ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის აშშ-ს კონგრესის 13 წევრი.

სანამ პუტინამდე მივალთ, მოდით, ჯერ ის გავარკვიოთ: ვინ არის და რას წარმოადგენს პუტინის "ახლო მოკავშირე" ბიძინა ივანიშვილი?

ვინ არის და უდიდესი ქველმოქმედი, რომლის ბადალი საქართველოს თავისი არსებობის მანძილზე არ ჰყოლია.

სამმილიარდნახევარი დოლარი აქვს საქართველოში საქველმოქმედოდ დახარჯულიდა იმ 13 კონგრესმენის ლოგიკას თუ მივყვებით, ბიძინა ივანიშვილს ეს ყველაფერი თავის "ახლო მოკავშირესთან", პუტინთან ხომ უნდა შეეთანხმებინა და მასთან ერთად, პუნქტობრივად, ხომ უნდა გაეწერა სად და რაში უნდა დაეხარჯა ეს მილიარდები?

და აქ ჩნდება ძალზე საჩოთირო და უხერხული კითხვები: ის საქმეები, ის პროექტები, რომელთა განხორციელებაზეც დაიხარჯა ეს მილიარდები, რაში უნდა აინტერესებდეს პუტინს?

მათი მოლანდებით, ალბათ, პუტინი ურეკავდა ივანიშვილს და დირექტივებს და დავალებებს აძლევდა: ბრატან, ერთი სამების ეკლესია აუშენე ქართველებს, თუ კაცი ხარ. ჩემი ხათრით იმ 600 ეკლესია-მონასტერსაც ჩაუტარე რესტავრაცია - არ დაინგრეს და არ გაცამტვერდეს ეს უძველესი კულტურის ძეგლები და სირცხვილი არ ვაჭამოთ. თეატრებსაც მიმიხედე, განსაკუთრებით ოპერის თეატრის ბედი მაღელვებს. მწერლებს, მსახიობებს, მხატვრებს, სპორტსმენებს, მუსიკოსებს, ტექნიკური და შემოქმედებითი ინტელიგენციის წარმომადგენლებს სტიპენდიები დაუნიშნე უნივერსიტეტის 1@კორპუსი არ გამოგრჩეს. საავადმყოფოები, სკოლები, სტადიონებია ასაშენებელი და ფული არ დაიშურო, აუცილებლად ააშენე. გზადაგზა კიდევ სხვა დავალებებს მოგცემთ და აბა, შენ იცი, არ შემარცხვინო. ტყუილად ხომ არ ვართ ახლო მოკავშირეები?

წერილის დამწერები და ხელისმომწერები, ალბათ, დასაშვებად მიიჩნევენ, რომ ივანიშვილსა და პუტინს შორის ასეთი საიდუმლო "პერეგავორები" ხშირ-ხშირად იმართება და ივანიშვილის მიერ საქართველოსთვის და მისი მოქალაქეებისთვის გაკეთებული უამრავი სიკეთე სწორედ პუტინის დასტურით და თანხმობით ხდება (აბა, ივანიშვილი "უახლოეს მოკავშირესთან" დათათბირების გარეშე ხომ არ იმოქმედებდა) თუმცა აქვე ჩნდება ძალზე საჩოთირო და უხერხული კითხვები: რაში უნდა აინტერესებდეს პირადად პუტინს ივანიშვილი საქართველოში ტაძრებს, თეატრებს, უმაღლეს სასწავლებლებს, სტადიონებს და საავადმყოფოებს ააშენებს თუ საქართველოს მოქალაქეებს სტიპენდიას დაუნიშნავს? რა სარგებელი ამით პუტინს და ოკუპანტ რუსეთს?

ცხადია, არაფერი!

ამასაც რომ თავი დავანებოთ, ივანიშვილი საქართველოში ქველმოქმედებას და მეცენატობას იმ დროსაც ეწეოდა, როცა პუტინი რუსეთის პრეზიდენტი კი არა უშიშროების სამსახურის რიგითი ოფიცერი იყო.

ივანიშვილის მიერ განხორციელებული უამრავი პროექტიდან არც ერთი, ვიმეორებ, არც ერთი არ არის ისეთი სახის, რომელსაც შეიძლება რაიმე შეხება ჰქონდეს რუსეთის სახელმწიფო ინტერესებთან.

უფრო მეტიც, ამ რვა წლის განმავლობაში, რაც "ქართული ოცნება" ხელისუფლებაშია, რუსეთთან მიმართებაში, არ გაფორმებულა არც ერთი ისეთი დოკუმენტი, რომელიც რაღაცით დააზიანებდა ქართულ სახელმწიფოს და ახეირებდა რუსეთს.

"ქართული ოცნების" ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში საქართველო ევროკავშირის ასოცირებული ქვეყანა გახდა და კიდევ უფრო გააძლიერა სწრაფვა ჩრდილო ატლანტიკურ ალიანსში გაერთიანებისკენ.

მოკლედ რომ ვთქვათ, არანაირი ნიშანი, არანაირი საფუძველი იმისა, რომ საქართველომ თუნდაც ოდნავ გადაუხვია პროდასავლურ კურსს, ბუნებაში არ არსებობს, ისე, როგორც არ არსებობს პუტინ-ივანიშვილის ახლო მოკავშირეობის და თანამშრომლობის არანაირი დამამატკიცებელი საბუთი.

რაც შეეხება იგავმიუწვდომელ სიბრიყვეს, რომ ივანიშვილი საკუთარ თავს და მის მიერვე სიმწრით ნაშენებ ქვეყანას თვითონ უწყობს დესტაბილიზაციას, ეს უკვე გონიერებისა და საღად აზროვნების ყოველგვარ ზღვარს გადადის.

როგორ შეიძლებოდა ეს აბსურდი ივანიშვილ-პუტინის მოკავშირეობისა და ივანიშვილის მიერ "თვითდესტაბილიზაციის" მცდელობის შესახებ ისეთი ავტორიტეტული სტრუქტურის, როგორიცაა აშშ-ის კონგრესის წარმომადგენლობითი პალატის რესპუბლიკური კვლევის კომიტეტის ანგარიშში მოხვედრილიყო?

რას ემსახურება იგი? აშშ-ს გლობალური საფრთხეების პრევენციას თუ სტრატეგიული პარტნიორების, აშშ-ს და საქართველოს შორის ეჭვისა და უნდობლობის ჩამოგდებას, რაც თავისთავად ცხადია, სწორედ რომ რუსეთის წისქვილზე ასხამს წყალს.

ეს, სინამდვილეში, ბომბია, რომლის აფეთქება ორივე სახელმწიფოს დიდად დააზიანებს.

გამოითქვა ვარაუდი, რომ ეს ბომბი ამ ანგარიშში "ნაცმოძრაობის" ამერიკელმა ლობისტებმა ჩადეს, ასე ვთქვათ, შეაპარეს თუ გააპარეს…

ბომბთან დაკავშირებით ერთი ანეკდოტი გამახსენდა…

გურული ქალბატონი ეკითხება გურულ ქალბატონს. ქმარი რომ გიდობს, ხელს კიდობ?

პასუხი: ვკიდობ, აბა, რა ვკიდობ? ეგება ბომბს მიდობს…

ჰოდა, ამ ანგარიშში ვინ რას დობს და რატომ, ვიღაცამ ხომ უნდა გააკონტროლოს?

იქნებ მართლა ბომბს გიდობენ, თქვე დალოცვილებო.

ბარემ აქვე ისიც ვიკითხოთ: ეს ნაცმოძრაობის ლობისტები შემთხვევით პუტინის ლობისტებიც ხომ არ არიან?

სულაც არ არის ეს გამორიცხული, მით უმეტეს, რომ პუტინს თუ ვინმე ჰყოლია ახლო მოკავშირე, სააკაშვილისნაირი ნამდვილად არ ჰყოლია, რომელმაც წინასწარ დაწერილი სცენარის მიხედვით, ხონჩით მიართვა საქართველოს ტერიტორიების 20 პროცენტი და ყველა ნანინანატრი სურვილი შეუსრულა.

თუ დესტაბილიზაციაზე მიდგება საქმე, აი, ის იყო რუსეთთან ერთად დაგეგმილი ნამდვილი დესტაბილიზაცია, 2008 წლის აგვისტოში სააკაშვილმა და მისმა ბანდამ რომ მოუწყო საკუთარ სახელმწიფოს.

ნუთუ ეს არ იციან ამერიკელმა კონგრესმენებმა?

ნუთუ ის მაინც არ იციან, რა საშინელებები დაატრიალა "ნაცმოძრაობამ" ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში?

არც ის იციან, ვინ არის ჟორიკა რურუა?

აკი, ყველაფერი იციან, ყველაფრის საქმის კურსში არიანო, გვიმტკიცებს გუბაზ სანიკიძე, ბრძენკაცის როლს რომ თამაშობს და სინამდვილეში ბრიყვი და ყეყეჩი რომ არის?!

ვერ გეტყვით, რა იციან და რა არ იციან ამერიკელებმა, მაგრამ ქართველმა ხალხმა ზედმიწევნით ზუსტად რომ იცის, ვინ ვინ არის, ეს წყალგაუვალი სიმართლეა.

ჰოდა, როცა ხალხს თვალში ნაცარს ვაყრით და შავზე თეთრიაო რომ ვუმტკიცებთ, არ არის ეს ხალხის შეურაცხყოფა და აბუჩად აგდება?

რას ითხოვენ და რა უნდათ საქართველოსგან - კიდევ ერთხელ შეასკდეს რუსეთს, გაწყდეს, განადგურდეს, აოხრდეს?

აი, პროვოკაციასა და ავანტიურაზე რომ არ მიდის, ეს ეთვლება ბიძინა ივანიშვილს და `ქართულ ოცნებას~ დანაშაულად?

- სამაგიეროდ, ჩვენ ვართ ყველაფერზე თანახმა… ოღონდ ხელი შეგვიწყვეთ, ხელისუფლებაში დავბრუნდეთ და ყველანაირ პროვოკაციაზე წავალთ, ყველაფერს ვიკადრებთო. აი, ამას ხომ არ ჰპირდებიან ვიღაც-ვიღაცებს ნაციონალები და მათი პოლიტიკური ნაბიჭვრები.

კი მაგრამ, ვის შეიძლება მოვლენათა ასეთი განვითარება ხელს აძლევდეს.

ამერიკის შეერთებულ შტატებს? - არა, გამორიცხულია!

რუსეთს? რუსეთს კი, რადგან ახალი ომი რუსეთს საშუალებას მისცემს ბოლომდე მიიყვანოს 2008 წელს წარმატებით დაწყებული საქმე და დროში უსაშველოდ გაწელილი პრობლემა საბოლოოდ გადაწყვიტოს.

რატომ ეთვლება დანაშაულად საქართველოს ამჟამინდელ ხელისუფლებას, გნებავთ, ბიძინა ივანიშვილს, თუ ის ფრთხილად, გონივრულად და წინდახედულად მოქმედებს და აგრესორს აგრესიის საბაბს და მოტივს არ აძლევს?

***

ადამიანის ბუნება ასეა მოწყობილი - როცა გცემენ, მათრახს გირტყამენ, უდანაშაულოს ციხეში გამწყვდევენ, ქონებას გართმევენ, გკლავენ, გაწამებენ - ეს ყველაფერი თითქოს ნორმაა, ეს ყველაფერი გასაგებია, მაგრამ, აი, სიკეთეს რომ გიკეთებენ, ამან შეიძლება დაგაეჭვოს და საგონებელში ჩაგაგდოს.

ბიძინა ივანიშვილს იმდენი სიკეთე აქვს გაკეთებული ამ ქვეყნისთვის, დაეჭვებულთა და საგონებელში ჩავარდნილთა რაოდენობა, ალბათ, საკმაოდ ბევრია, როგორც საქართველოში, ასევე მის საზღვრებს გარეთაც…

როგორც ვთქვით, ბიძინა ივანიშვილის მასშტაბების მეცენატი და ქველმოქმედი საქართველოს თავისი არსებობის მანძილზე არ ჰყოლია, თუმცა თუ კარგად დააკვირდებით ივანიშვილის მიერ განხორციელებული პროექტების თანმიმდევრობას, დარწმუნდებით, რომ ეს არ არის მხოლოდ ქველმოქმედება - ეს არის ქვეყნის განვითარების კარგად გააზრებული და დაგეგმილი კონცეფცია, ქვეყნის წინსვლის სტრატეგიული გეგმა.

მე ერთ-ერთ წერილში ასეთი კითხვა დავსვი: რა დარჩება საქართველოსგან, თუ მას იმ საქმეებს გამოვაკლებთ, რაც მისთვის ბიძინა ივანიშვილს გაუკეთებია-მეთქი?

"გამოვაკელი" და ძალიან სავალალო სურათი მივიღე…

მაქვს გონივრული ეჭვი, რომ ის ძალა, რომელიც ამერიკელ კონგრესმენებს თუ ევროპარლამენტარებს არწმუნებს, რომ ბიძინა ივანიშვილი პუტინის მოკავშირეა, თავად არის პუტინის მოკავშირე და აგენტი, ანუ სულწაწყმედილი არქიფოსი არ იყოს: უკუღმაა ეს ყველაფერი, ასინეთა, უკუღმა!