მერაბ კაჭახიძე: უცნაურობები ამით არ მთავრდება

მერაბ კაჭახიძე: უცნაურობები ამით არ მთავრდება

მერაბ კაჭახიძე (ყოფილი პარლამენტარი):

რატომ ექცევიან ახალგაზრდები ასე დაუნდობლად ერთმანეთს და რამ გააბოროტათ ასე?!
პერიოდულად გაისმოდა და გაისმის ეს და ამ სტილში დასმული შეკითხვები სოციალურ ქსელში.
რა თქმა უნდა, ყველა ამ გააქტიურებას საფუძვლად ედო და უდევს კონკრეტული ტრაგიკული თუ ფატალურად დამთავრებული შემთხვევა.
ყოველ ჯერზე ვიშვიშებთ მსხვერპლზე და ჯვარს ვაცვამთ დამნაშავეთ. მაგრამ ამის იქეთ არც მსჯელობა მიდის უბედურების მიზეზებზე და არც პასუხისმგებლობას ვიზიარებთ მომხდარისა გამო.
სამაგიეროდ ყოველი მეორე შერლოკ ჰოლმსებად ვიქცევით და ჩვენ წილ გამოძიებას ვატარებთ ისე, რომ მნიშვნელობა არ აქვს, რა პროფესიას ვფლობთ.
უცნაურობები ამით არ მთავრდება.
ბევრ შემთხვევაში ისეთი პოზიციიდან ვსაუბრობთ, თითქოს ეს ამბები ან სხვა ქვეყანაში ხდებოდეს, ანდა ტერიტორიულად იმდენად დიდი ვიყოთ, რომ სადღაც ასეულობით კილომეტრის დაშორებით მომხდარი ტრაგედიას ჩვენად ვერ აღვიქვამთ.
არადა, რეალურად ერთი ციცქნა ქვეყანა ვართ და მოსახლეობაც იმდენად ცოტა, რომ თითქმის ყველა ყველას ვიცნობთ.
მე პირადად საქართველოს "ერთ დიდ საბიძაშვილოს" ვეძახი და მართლაც ასეა, რაც უნდა უცნობს გადავაწყდეთ, გაცნობა - მიკითხვ - მოკითხვის შემდეგ აღმოჩნდება, რომ ერთი-ორი საერთო კარგი მეგობარი თუ არა, ნაცნობი მაინც აღმოგვაჩნდება.
ამ ფონზე კიდევ უფრო მანცვიფრებს იმ ადამიანთა შემდეგი ხასიათის შეცხადებები - სად გაიზარდეთ?!
ვინ გაგზარდათ?! და ა.შ.
თან იმ ტონით და იმ კონტექსტით, თითქოს ჩვენ, უფროსი,(მამების) თაობა არაფერ შუაში ვიყოთ.
ასეა, კი?!
მოდით, თავი დავანებოთ "კომუნისტური ჯოჯოხეთის" წარსულს და უცებ თვალი გადავლოთ ჩვენი ქვეყნის ბოლო 30 წლის ისტორიას. იგივე ჩვენი ცხოვრების ბოლო 30 წელს და იგივე ჩვენს კოლექტიურ ნამოქმედარს.
1. "ბოროტების იმპერიის" დანგრევა. მასთან დაკავშირებული ფასეულობების, განურჩევლად ავისა და კარგისა უარყოფა და დაგმობა.
2. ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა. ავტორთა ხელისუფლებაში მოყვანა, დამოუკიდებლობის გამოცხადება, საყოველთაო ზეიმი და ამ ზეიმის წელიწადის თავზე დედაქალაქის მთავარ პროსპექტზე ქართველთა ძმათამკვლელი სასაკლაოს მოწყობა.
3. ნამოქმედარის სიშლეგიდან შეშინებულნი თუ აღტყინებულნი იგივე ერთ წელიწადში ყველაფერს ხაზს ვუსვამთ და ქვეყნის მართვას ვაბარებთ დამოუკიდებლობის იდეის ანტიპოდ პიროვნებას.
4. აქედან მოყოლებული იწყება, ყველანაირი გაგებით, მართლაც ბნელი 6 - 7 წლიანი პერიოდი, როცა უხეში ძალა, იარაღი გახდა მოსამართლეც, მსაჯულიც, ჯამაგირიც და სახელიც ამ ქვეყანაში.
ერთმანეთზე ამხედრებული, დაწიოკებული და გავერანებული ქვეყნის კუთხეები. თავისი მსხვერპლითა და შაოსანი დედებით.
5. ქვეყნის პირველ პირთა და მმართველ ძალათა არჩევა არა ხარისხზე და ქვეყნის უკეთეს პერსპექტივაზე გათვლით, არამედ არჩევა წინამორბედის ჯინაზე და პირად კეთილდღეობაზე გათვლით.
6. თავზეხელაღებულ მმართველთა პერიოდი, როცა ქუჩაში მოკლული ახალგაზრდებიც, კასტილიანი კაციც და წაგებული ომის ზეიმიც ერთნაირად უნამუსოდ "პრავდებოდა".
7. "განსაცვიფრებელი დემოკრატია". მისი ნაყოფი კოჰაბიტაცია, სახე და სინდის დაკარგული ამორალური პოლიტიკური ისტებლიშმენტი, მედია და ე.წ. "საზოგადოებრივი აზრი".
აი პატივცემულებო მოკლედ ჩვენი სამშობლოს, იგივე ჩვენს მიერ განვლილი ბოლო 30 წელი.

ახლა გეკითხებით - ვის გასაგონად ვსვამთ ზემოთ ნახსენებ შეკითხვებს ახალგაზრდების დაუნდობლობაზე და ვისგან ვითხოვთ პასუხებს?!
გმადლობთ და უკაცრავად.