ფართომასშტაბიანი ბნედა „ნაციონალებში“

ფართომასშტაბიანი ბნედა „ნაციონალებში“

ხშირად ვამბობ, ბიძინა ივანიშვილს ბევრი ისეთი სიკეთე აქვს ჩადენილი, რომლის შესახებაც არაფერი ვიცით-მეთქი. იქვე ისიც დავამატე, მომავალში რა საოცრებებს ჩაიდენს, არც ამის თაობაზე გვაქვს ინფორმაცია, რადგან ზოგიერთი სიკეთე შეიძლება არც კი დაგვესიზმროს-მეთქი. მაგალითად, მე ასეთ საოცრებად მიმაჩნია სამება, დენდროლოგიური პარკი, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი.

და აი!

სანამ მივიხედ-მოვიხედავდი, სანამ მომდევნო სტატიის წერას შევუდგებოდი, სულ რაღაც ერთ კვირაში ისეთი ამბავი გასკდა,  „ნაცებს“, „შმაცებს“, „გნაცებსა“ და მათთან გათანაბრებულ პირებს ბნედა დაეცათ.

დიახ, ეს გახლდათ (გახლავთ) ფართომასშტაბიანი ბნედა!

მიხეილ სააკაშვილის მმართველობის პერიოდში კაპიკებად გაყიდული იპოდრომი ბიძინა ივანიშვილმა კერძო პირებისგან 52 მილიონად გამოისყიდა და თბილისის მერიას უსასყიდლოდ გადასცა, ანუ თბილისელებს აჩუქა. ამ ადგილზე  ცენტრალური პარკი აშენდება და ამ ყველაფერს დააფინანსებს ფონდი „ქართუ“, ანუ ბიძინა ივანიშვილი.

წარმოგიდგენიათ?!

გაპარტახებული იპოდრომის ნაცვლად გვექნება თანამედროვე ტიპის ცენტრალური პარკი, დასასვენებელი, გასართობი და რამე. მე და ჩემნაირებს გვიხარია, თქვენც გიხარიათ, მაგრამ არიან ბრიყვები, რომლებსაც არ უხარიათ. მეტიც, ისინი ათასგვარ სიბინძურეს იგონებენ. აი, მაგალითად, ვითომ პოლიტიკოსი ირაკლი ოქრუაშვილი „სიხარულს“ ასე გამოხატავს:

ორი კვირის წინ იპოდრომის თემა წამოვწიე, დღეს ბატონ ივანიშვილს გონება გაეხსნა და დაუბრუნა ქალაქს“.

ესე იგი, ამან თემა წამოსწია, ტელევიზორში ილაპარაკა, ივანიშვილს უცებ გონება გაეხსნა და იპოდრომი ქალაქს დაუბრუნა. დაუკვირდით, მიტაცებული ჰქონდა, დაუბრუნა, განა აჩუქა? თანაც მას შემდეგ, რაც ირაკლამ გაახმაურა, თორემ არ აპირებდა.

მადლობა ვის, ჩემო ძვირფასებო? რა თქმა უნდა, ირაკლი ოქრუაშვილს!

თუმცა რატომ მხოლოდ ირაკლას? ამ საქმეში თურმე, ასევე, უდიდესი წვლილი მიუძღვის ალექსანდრე მაკედონელს კი არა და... ალექსანდრე (ალეკო) ელისაშვილს (სტილი დაცულია):

ყოველგვარი მორიდების გარეშე ვამბობ - იციან რომ მათ კანდიდატს შანსი არ აქვს პირველ ტურში გაიმარჯვოს და ამიტომაც მსოფლიოში ყველაზე წუწურაქ ივანიშვილს მოუწია ამ ნაბიჯის გადადგმა. კი, ასეა სწორედ საბურთალოელების სიყოჩაღის და ოცნებისადმი ზურგისშექცევის შედეგია ის რომ იპოდრომი ჩვენია დღეიდან! მივაწვებით ამ ბედოვლათ ოცნებას, შევცვლით და ჩვენი ცხოვრებაც უკეთესობისკენ შეიცვლება! უკეთეს საბურთალოს ვიმსახურებთ“!

გაიგონეთ?!

ვინაიდან დავით სერგეენკოს საბურთალოზე გამარჯვების შანსი არ აქვს, ბიძინა ივანიშვილმა იფიქრა, საბურთალოელებს გულს მოვულბობო და იპოდრომი აჩუქა. თუმცა, როგორც ალეკო ამტკიცებს, სერგეენკოს არც ეს უშველის, მიაწვებიან ნატა ფერაძესთან ერთად „ოცნებას“, დაამარცხებენ, გაათავისუფლებენ საბურთალოს და ეგრევე გამოიდარებს, ეგრევე იქმნება ნათელი. სხვათა შორის, იგივე ალეკო უბნობდა ამას წინებზე „ტვ უბორნიის“ ეთერში, ბიზინა ივანიშვილი საბურთალოს დაბომბვას აპირებს, თუ ხელი არ შევუშალეთ, ძაან ცუდი ამბები დატრიალდებაო. კინაღამ მოვკვდი სიცილით, მაგრამ როცა წარმოვიდგინე, როგორ ბომბავდა ივანიშვილი საბურთალოს ბაზარს და სპორტის სასახლეს, შემეშინდა. არა, არ მინდა ბომბები და ყუმბარები, ჩვენ უკეთეს საბურთალოს ვიმსახურებთ - მშვიდს, გაცისკროვნებულსა და გალაღებულს.

მადლობა ვის, ჩემო სამართლიანო ხალხო? რა თქმა უნდა, ალექსანდრე მაკედონელს კი არა და... ალექსანდრე (ალეკო) ელისაშვილს!

თუმცა... მოიცადეთ, როგორც ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი (რომელმაც ერთ დროს ცხოვრება გაგვიკუპონა) რომან გოცირიძე აცხადებს საკუთარი პირით, ამ საქმეში  მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის ანიტა რაჭველიშვილს (სტილი დაცულია):

„იპოდრომის გავერანებას დიდი ხანია აპროტესტებს ხალხი. პირველად იქ პარკის გაშენების მოთხოვნით აქცია წამოიწყო სოციალურ ქსელში ჩვენმა საამაყო მომღერალმა ანიტა რაჭველიშვილმა. ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი მთავარი დაპირება თბილისის მერის არჩევნების დროს იყო ამ ტერიტორიის გამოსყიდვა და ქალაქის ცენტრალური პარკის აშენება. ამას ითხოვდა მთელი საზოგადოება. იქ არავინ გააბედვინებდა ვინმეს კორპუსების აშენებას. ადრე თუ გვიან, მანდ პარკი გაშენდებოდა“.

ააა... ხედავთ, რაში ყოფილა საქმე? ჯერ ერთი, ხალხი დიდიხანია აპროტესტებს, იპოდრომი გავერანებული ნუ არიო და მეორეც, მანდ პარკი ადრე თუ გვიან მაინც გაშენდებოდა, ბიძინა ივანიშვილი არაფერ შუაშია. აბა, ვინ გააშენებდა? რას ლაპარაკობთ, რას ჰქვია, ვინ? საქართველოს ქველმოქმედი ბიზნესმენები აკლია? მაგალითად, მამუკა ხაზარაძე, თემურ ჭყონია, ბადრი ჯაფარიძე, დავით კეზერაშვილი, იმანო ამანოშვილი, ამანო იმანოშვილი... ბოლო-ბოლო, გიორგი (ჯუნიორა) ვაშაძე რომ გახდება პრემიერ-მინისტრი, ის გააშენებს, რა პრობლემაა? მართალია, მისი საქმე აშენებაა და არა გაშენება, მაგრამ არაუშავს, ერთ გამონაკლისს დაუშვებს. ბატონებო და ქალბატონებო, ამ საქმეში ყველაზე საინტერესო ის გახლავთ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მთავარი დაპირება თბილისის მერის არჩევნების დროს სწორედ ეს იყო, განა ცოტაა? ან კიდევ ის, რომ მომღერალმა ანიტა რაჭველიშვილმა სოციალურ ქსელში იპოდრომის გადასარჩენად აქცია წამოიწყო, განა არ არის დასაფასებელი?

ამიტომ... მადლობა ვის? რა თქმა უნდა, ანიტა რაჭველიშვილს, რომან გოცირიძეს და მთელ „ნაციონალურ მოძრაობას“!

თუმცა!

აქ ცოტაოდენ ხელს გვიშლის „ქართუს“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ნიკოლოზ ჩხეტიანი, რომელიც აცხადებს, იპოდრომის ტერიტორია 2010 წელს კერძო პირებისგან 52 მილიონ დოლარად არის ნაყიდი და ეს კერძო პირები წინა ხელისუფლებასთან არიან დაკავშირებულნიო. ამასთანავეო, ცენტრალური პარკის გაშენება 15-20 მილიონი დოლარი დაჯდებაო. არ დაგავიწყდეთ, ეს ტერიტორია, დაახლოებით 36 ჰექტარია.

თბილისის მერობის ყოფილი კანდიდატი ზაალ უდუმაშვილი იძახის, თუ მერი გავხდებოდი, ამ ტერიტორიას ბიძინა ივანიშვილისგან გამოვისყიდდი და წელიწადნახევარში მოცეკვავე შადრევანს გავაკეთებდიო, პროექტში უცხოელებსაც ჩავრთავდიო.

ხედავთ? თურმე უდუმაშვილიც გეგმავდა, ივანიშვილისგან გამოვისყიდიდიო, შადრევანს გავაკეთებდიო, წყალი აასხამდა და მერე შხეფებად წამოვიდოდაო, ოღონდ მუსიკალურადაო, ქორეოგრაფიულადაო.

აბა, მეგობრებო, მადლობა ვის? რა თქმა უნდა, ზაალ უდუმაშვილს და ნატა ფერაძეს, რომელიც თურმე ერთ-ერთია იმ აქტივისტებს შორის, რომელიც სხვადასხვა დროს იპოდრომის ტერიტორიაზე მშებებლობების წინააღმდეგ გამოდიოდა. ის დღესაც მიიჩნევს, რომ ქალაქის მთავრობა ცუდად იქცევა, როცა მოსახლოების ჩართულობის გარეშე უკვეთავს ჰოლანდიურ კომპანიას პარკის დიზაინს ისე, რომ არ ეკითხება თბილისელებს.

ჰმ... ეგრე როგორ შეიძლება? რით ვერ გაიგეთ, რომ თბილისში ნატა ძალოს დაუკითხავად არაფრის გაკეთება არ შეიძლება? ა, ნახეთ, რას ამბობს:

პარკი უნდა გაკეთდეს, რა თქმა უნდა, მაგრამ არა ისე, როგორც ამას ივანიშვილი აკეთებს. მიწა ჩემია და ვისაც მინდა იმას შევუკვეთავ, როგორც მინდა ისეთ დიზაინს - არ კეთდება არსად ასე, ცივილიზებულ სამყაროში, დემოკრატიულ საზოგადოებებში ასეთი მნიშვნელოვანი პარკები. ეს არ არის დემოკრატიული ნაბიჯები“.

მე დავინტერესდი, ექსპერტებს ვკითხე: ნეტავ როგორია დემოკრატიული ნაბიჯები? განიერი? შედარებით ვიწრო? ამ დროს შარვლის როგორი ტოტებია საჭირო? ტრაპეცია თუ წოწროპინა? აი, ხომ ხედავთ, რამდენი პასუხგაუცემელი შეკითხვა დაგროვდა? იმედია, ნიკა (ჩაჯვი) გვარამია და ნოდარ (ჩაჯვი) მელაძე თავიანთ საავტორო გადაცემებში ამომწურავად გამოიძიებენ ყველა დეტალსა და წვრილმანს. მოკლედ, ნატა ძალოს თქმით, პარკი უნდა გაკეთდეს, მაგრამ არა ისე, როგორც ბიძინა ივანიშვილი აკეთებს. მართალია, მან არ იცის, ბიძინა ივანიშვილი როგორ აკეთებს, მაგრამ მაინც. ერთი კი ცხადია, მილიარდერის ნაბიჯები არ არის დემოკრატიული. სხვათა შორის, ნატა ძალომ კიდევ ერთი „ჩეპე“ აღმოაჩინა (სტილი დაცულია):

ივანიშვილს ბევრი წელია აქვს ეს ტერიტორია, ვერ გაანაშენიანა და ახლა გამოკითხვის შედეგების შემდეგ, როცა დაინახა რომ თბილისშიოცნების რეიტინგი არც ისე კარგად გამოიყურება, გამოაჩინა მისი ერთ-ერთი შენახული კოზირი. ეს არის ცალსახად ამომრჩევლის მოსყიდვა წინასაარჩევნოდ“.

აჰა, პირდაპირ გენიოსია ეს ქალი, რომელიც 2012 წლამდე ტყ...აურობდა. რავი, ეგრე თქვა თვითონ ტელევიზორში და მადლობა მას ამ ყველაფრისთვის, ძალიან დაგვეხმარა ცნობიერების ამაღლებაში!

რაღა დაგიმალოთ და... ჩვენი ცნობიერება მართლა დაიხვეწა, „ჭუტავიზიის“ ერთ-ერთ გადაცემაში ინტერაქტივის სახით დასვეს ასეთი შეკითხვა: „უნდა გვაჩუქოს თუ არა ბიძინა ივანიშვილმა „ლაგუნა ვერეც“? ამის მომფიქრებელი ჭუტა გენიოსია და მადლობა მას ამისთვის. არ დაგავიწყდეთ, თუ უახლოეს ხანში ივანიშვილმა „ლაგუნა ვერეც“ გვაჩუქა, იცოდეთ, რომ ეს იქნება „ჭუტავიზიის“ უდიდესი დამსახურება. მერე არ დაიწყოთ ზოგიერთებმა, ჩემი შეეშინდაო, ჩემი ხათრით გვაჩუქაო, მე ვაიძულეო და ასე შემდეგ. ვიმეორებ: ეს იქნება მეთუთუნე ავთოს დამსახურება და ჩვენ ისღა დაგვრჩება, „ლაგუნა ვერეს“ მიმდებარედ დავუდგათ ძეგლი თუ არა... „ფეჩი“ მაინც.

ამ სტატიის წერისას ჩემამდე მოაღწია ინფორმაციამ, რომ ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორია ყოფილა მამუკა ხაზარაძისა. ამას, ამ ხაზარაძეს უთქვამს, თხა თხაზე ნაკლები მგელმა შეჭამოსო, განა მე ვერ ვაჩუქებდი ლისის ტბას თბილისელებსო? თუმცაო, ბადრი ჯაფარიძეა სასტიკი წინაარმდეგი და რა ვქნა, ერთი საჭყმპალაო ადგილის გამო ძმაკაცს ხომ არ მოვიმდურებო? აი, კაცობა... აი, მეგობრობა გზებსა და გზაჯვარედინებზე... აი, ძმობა გზად და ხიდად. თქვენ კიდე იძახით, მევახშეო. რათა? იმათა, რომ გშურთ მამუკა ხაზარაძის მამულიშვილობა, იბოღმებით და აღარ იცით, გული როგორ ატკინოთ!

ამ სტატიის წერისას ასევე მაცნობეს, კუს ტბა ბუბა კიკაბიძისააო. მხცოვანი მუსიკოსი ღრმად ჩაფიქრებულა, უფიქრია, უფიქრია, უფიქრია და ბოლოს ხელი ჩაუქნევია, ვერაო, მე საკუთარ მამულს ვერ გავაჩუქებო, მოღალატის იარლიყს ვერ ჩამოვიკიდებ კისერზეო.

აი, მამულიშვოილობა! მადლობა ბატონ ბუბას და საქვეყნოდ ვაცხადებ: ჩვენ მას კუს ტბის მიმდებარედ აუცილებლად უნდა დავუდგათ ძეგლი და იქვე, ღობეზე დავკიდოთ საპატიო დაფა, სადაც ოქროს ასოებით ამოიტვიფრება: „დიდება გმირებს“!

და ბოლოს... გინდათ, გითხრათ, რამდენად გაყიდა გიგოლო უგულავამ მერობის პერიოდში იპოდრომი? 710 ათასად და თან მშენებლობის ნებართვაც გაუცია. შემდეგ მოვიდა ბიძინა ივანიშვილი, 52 მილიონად გამოისყიდა და ქალაქს გადასცა.

ჰოდა, მადლობა ვის? რა თქმა უნდა, გიგის!

***  

მეგობრებო, ალბათ მიხვდით, რომ ამ მაიმუნებს მადლობას ვუხდი ირონიულად, სარკასტულად... ანუ ვაშაყირებ.

მე ნამდვილ მადლობას ვუხდი ბიძინა ივანიშვილს არა მხოლოდ გაკეთებული საქმეებისთვის, არამედ იმისთვისაც, რომ ეს დუპლეტები ბოლომდე გააშიშვლა. ეს ნაცარქექიები მზად არიან, დაიბრალონ ყველაფერი, მიიწერონ ყველაფერი, ოღონდ ე.წ. პოლიტიკაში იტივტივონ და სარგებელი ნახონ. თუმცა ვფიქრობ, ქართველი ხალხი ისე გაიზარდა, ამ ჯოგის მიერ გადმოყრილ საკენკს არ აკენკავს.

გელა ზედელაშვილი

"საერთო გაზეთი"