ფონდ „ქართუს“ დაფინანსებით, სიღნაღის წმინდა გიორგის ეკლესიის რეაბილიტაცია დასრულდა

ფონდ „ქართუს“ დაფინანსებით, სიღნაღის წმინდა გიორგის ეკლესიის რეაბილიტაცია დასრულდა

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ორგანიზებითა და ფონდი „ქართუს“ დაფინანსებით, სიღნაღის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის რეაბილიტაცია განხორციელდა

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ეკლესიას დაზიანებული ჰქონდა სახურავი, მძიმე მდგომარეობაში იყო იატაკი, სარესტავრაციო იყო ტაძრის ოთხივე ფასადი.

„სარესტავრაციო პროცესის ფარგლებში შესრულებული სამუშაოების შედეგად, მთლიანად შეიცვალა დაზიანებული სახურავი და დაიგო ახალი კრამიტის სახურავი, აიყარა ძველი დაზიანებული იატაკი და დაიგო სრულიად ახალი აგურის იატაკი, გაიწმინდა ტაძრის ოთხივე ფასადი და გაკეთდა ბზარების ინექტირება“ ,- აღნიშნულია სააგენტოს ინფორმაციაში.

ტაძარი, ქალაქ სიღნაღის ციხე-გალავნის შიგნით მდებარეობს და XVIII საუკუნის ქართული ხუროთმოძღვრების ერთ-ერთი ულამაზეს ძეგლს წარმოადგენს.

ეკლესიის სარეაბილიტაციო სამუშაოები ა(ა)იპ „წმინდა სტეფანე ხირსელის მამათა მონასტრის აღორძინების კავშირმა“ განახორციელა.