“ქართულო ოცნებავ”, არც ერთი ნაბიჯი უკან, თქვენს უკან საქართველოა!

“ქართულო ოცნებავ”, არც ერთი ნაბიჯი უკან, თქვენს უკან საქართველოა!

თავიდანვე ვიტყვი: ქართული ოცნების კოალიციურ მთავრობაზე ფიქრიც კი ქვეყნის ღალატია!
არათუ რაღაც ნაბიჯების გადადგმა ამ მიმართულებით, არათუ კომპრომისული ვარიანტების ძებნა და ამ თემაზე დისკუსიების და დისპუტების გამართვა, არათუ ამ თემის ფართოდ გაშლილი პროპაგანდა, არამედ, როგორც ვთქვი, ქართული ოცნების კოალიციურ მთავრობაზე ფიქრი და თუნდაც თეორიულ დონეზე ამის დაშვებაც კი ქვეყნის ღალატია, რადგან მოცემულ პოლიტიკურ, სოციალურ, ეკონომიკურ ვითარებაში კოალიციური მთავრობის დაკომპლექტება ოპოზიციური პარტიების მიერ ნიშნავს გარდაუვალ დესტაბილიზაციას, კრიზისს, არასტაბილურობას, გამწვავებულ ურთიერთობებს პოლიტიკურ პარტიებსა თუ სხვადასხვა ჯგუფებს შორის, სახელმწიფო ინსტიტუციების დასუსტებას, კრიმინალის გაძლიერებას, მთავრობის მუდმივ ცვლას, ახალ-ახალი საპარლამენტო არჩევნების აუცილებლობას და ..
ჩვენ არც გერმანია ვართ, არც ინგლისი, რომლებიც მყარ სახელმწიფოებრივ ფუნდამენტზე დგანან და დემოკრატიული ღირებულებების მიხედვით ცხოვრების საუკუნოვანი გამოცდილება აქვთ. ისინი, პოლიტიკურად თუ ეკონომიკურად, მაღალი სეისმოლოგიური მდგრადობის ქვეყნები არიან და, ცხადია, შედარებით ადვილად შეუძლიათ გადაიტანონ მძლავრი ბიძგები. ჩვენ კი ჯერ კიდევ სუსტი და მყიფე სახელმწიფო ვართ, რომელიც მკვეთრ რყევებს ვერ გაუძლებს.
არც ის დაგვავიწყდეს, რომ საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტი საოკუპაციო ჯარებს აქვთ დაკავებული, ხოლო თუ კარგად მიმოვიხედავთ გარშემო, აღმოვაჩენთ, რომ ოთხივე მხრიდან გამოთოფილი ვართ.
აი, ასეთ მდგომარეობაში მყოფი სახელმწიფოსთვის ოპოზიციური პარტიების მიერ შეკოწიწებული კოალიციური მთავრობა და ის სირთულეები, რაც ასეთი მთავრობის არსებობას მოსდევს თან, შეიძლება, დამღუპველი აღმოჩნდეს და ოცდაათი წლით უკან, გასული საუკუნის 90-იან წლებში, გადაგვისროლოს.
თუ იმასაც გავიხსენებთ, რა სიტუაციაა დღეს კოვიდ-ეპიდემიასთან დაკავშირებით არა მარტო საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში, აუცილებლად მივალთ იმ დასკვნამდე, რომ დღეს საქართველოსთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია სტაბილურობა, ეროვნულობა თანხმობა, ერთიანობა, რაც კოალიციური ხელისუფლების პირობებში თითქმის გამორიცხულია.
ქართულ სინამდვილეში, სხვადასხვა სპეციფიკური ფაქტორების გათვალისწინებით, თუნდაც ქართული ხასიათის თავისებურებებიდან გამომდინარე, სხვადასხვა ჯგუფების ერთ გუნდად შეკვრა რომ უტოპიაა, ეს სულ ახლახან ოპოზიციის თავს გადახდენილმა მწუხარე თავგადასავალმაც დაადასტურა, როცა გაერთიანებულ ოპოზიციად მობლანდული ერთობა, კოალიციური ხელისუფლების მინი-მოდელი, დროის მცირე მონაკვეთში, ფაჩიკოს გარმონივით დაიშალა და ამ ერთობაში შემავალი სუბიექტები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ.
დავუშვათ, მოხდა სასწაული - ქართულმა ოცნებამ ვერ გაიმარჯვა და ამ ოპოზიციურმა პარტიებმა კოალიციური ხელისუფლების ჩამოყალიბება შეძლეს.
მერე როგორ წარმოგიდგენიათ ამათი თანამშრომლობა, როცა ასე არ უყვართ ერთმანეთი, როცა ასე სძულთ ერთმანეთი?
ახლა ვერ მოუხერხებიათ ერთი საერთო მიზნის გარშემო გაერთიანება და ხელისუფლებაში ყოფნის დროს, როცა ბევრი რამ იქნება გასანაწილებელი და გასაყოფი, დასათრევი და წასაგლეჯი, როგორ მოახერხებენ უარი თქვან ძვალ-რბილში გამჯდარ მგლურ ინსტინქტებზე?
ესენი ახლა, არჩევნების წინ, ამომრჩევლების გულის მოსაგებად და საცთუნებლადაა ენას რომ იჩლექენ და ქვეყნის და ხალხის თავდადებულ მსახურებად წარმოაჩენენ თავს, თორემ, სინამდვილეში, მათ უმრავლესობას ხაზინის ქურდობის, ყაჩაღობის, კორუფციის, სახელმწიფო ინტერესების ღალატის, ქვეყნის გაყიდვის უმძიმესი ცოდვები აწევთ მხრებზე და ხვალაც იგივეს გააკეთებენ, რაც გუშინ თუ გუშინწინ უკეთებიათ.
მართალია, ისინი ლაპარაკით ბევრს ლაპარაკობენ კოალიციაზე და კოალიციური ხელისუფლების სიკეთებზე, თუმცა ეს ყველაფერი მათ იმიტომ კი არ აინტერესებთ, რომ ეს სიკეთეები ქართული სახელმწიფოსთვის იქნება ხელსაყრელი, არამედ იმიტომ, რომ კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბების პროცესში თითოეულ ხმას ოქროს ფასი ედება, სარფიანი ვაჭრობის და აღებ-მიცემობის დიდ შესაძლებლობას იძლევა.
ისინი კატეგორიულად აცხადებენ, რომ არავითარ შემთხვევაში არ ითანამშრომლებენ ქართულ ოცნებასთან და მასთან კოალიციაში არ შევლენ, თუმცა შესანიშნავად იციან, რომ ქართული ოცნების გარეშე კოალიცია მაქსიმუმ, ორ-სამ თვეზე მეტ ხანს ვერ გასტანს. ეს ვარიანტი ყველაზე მეტად ერთ-ერთ პოლიტიკურ სუბიექტს - ნაცმოძრაობას, რომელსაც კოალიციური იწილო-ბიწილო მხოლოდ და მხოლოდ იმისთვის ჭირდება, რომ კოალიციის მეშვეობით ქართული ოცნება გააძევოს პოლიტიკური ასპარეზიდან, შემდეგ კი კოალიცია დაშალოს და კვლავ დაბრუნდეს ხელისუფლებაში, როგორც ქვეყნის ნომერ პირველი პოლიტიკური ძალა.
ვერ გეტყვით, ხვდებიან თუ არა `ნაცმოძრაობის~ ამ მზაკვრულ ჩანაფიქრს ის წვრილ-წვრილი პარტიები, რომლებიც გზადაგზა შესაჭმელად ჰყავს შეამხანაგებული და დამგზავრებული შორი მიზნისკენ შორი გზით მიმავალ ნაცმოძრაობას.
არის კიდევ ერთი ვარიანტი კოალიციური მთავრობის შესაქმნელად _ ნაცმოძრაობას პლუს ევროპული საქართველო, რაც, ჯამში, ნაცმოძრაობის სრულ რეანიმაციას უდრის თავის მკვდრებიან- ცოცხლებიანად.
რა კუთხითაც არ უნდა შევხედოთ, როგორც არ უნდა გადავატრიალ-გადმოვატრიალოთ, კოალიციური მთავრობა ქართული ოცნების გარეშე ეს არის ნაცმოძრაობის დაბრუნება ხელისუფლებაში.
ეს გინდათ? ამას უწევს გამალებულ პროპაგანდას ქართული მედიის ერთი ნაწილი, არასამთავრობოები, ფსევდო-ექსპერტები, ფსევდო-ანალიტიკოსები, ფსევდო-პოლიტოლოგები, ფსევდო-პოლიტიკოსები?
კოალიციურ მთავრობაზე, როგორც უკვე შემდგარ ფაქტზე, უკვე მომხდარ ამბავზე, ისე ლაპარაკობენ ოპოზიციური პარტიები და პორტფელებს აქიდანვე იყოფენ და ინაწილებენ.
უკვე რამდენიმე პრემიერ-მინისტრი გვყავს, რამდენიმე მინისტრი, პარლამენტის თავმჯდომარეებიც ბლომად არიან.
მთავარი, ფორმულა, ტვ პირველი, კავკასია და მათ მარაქას მეცამეტე გოჭივით ადევნებული რუსთავი 2 დილიდან დილამდე სულ იმას უჩიჩინებენ მაყურებელს, რომ ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში ვერც ერთი პოლიტიკური ძალა ვერ შეძლებს ორმოცდაათპროცენტიანი ბარიერის გადალახვას და, აქედან გამომდინარე, კოალიციური მთავრობის შექმნა გარდაუვალია.
ამ პროგნოზის დასადასტურებლად და განსამტკიცებლად მოჰყავთ გაურკვეველი წარმომავლობის კომპანიების სოციოლოგიური კვლევების შედეგები ურთიერთგამომრიცხავი მაჩვენებლებით, აბსურდული და დემაგოგიური კითხვებით.
მართალია, ეს კვლევები დიდი ხანია გასცდა სერიოზული კვლევების ჩარჩოებს და ამომრჩეველზე ფსიქოლოგიური ზეწოლის, მანიპულაციის და სპეკულაციის ინსტრუმენტად იქცა, თუმცა საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაზე ის მაინც ახდენს გარკვეულ ზეგავლენას.
ვის შეიძლება ყველაზე მეტად ხელს აძლევდეს რეალობის გაყალბება და საქმის ისე წარმოჩენა, თითქოს ქართული ოცნება ვერ შეძლებს არჩევნებში გამარჯვებას და დღის წესრიგში გარდაუვალად დადგება კოალიციური ხელისუფლების შექმნის საკითხი?
რა თქმა უნდა, მოვლენათა მსგავსი განვითარება ყველაზე მეტად ოპოზიციურ პარტიებს აწყობთ და ამაში გასაკვირი არაფერია, თუმცა გასაკვირი ის არის, რომ კოალიციური მთავრობის შექმნის იდეას, პირდაპირ და ღიად არა, მაგრამ მინიშნებებით, ბილინგვური მესიჯებით და დიპლომატიურად შენიღბული ქვეტექსტებით, საერთაშორისო დემოკრატიული თანამეგობრობის თუ პარტნიორი სახელმწიფოების ადმინისტრაციების წარმომადგენელთა ერთი ნაწილიც უჭერს მხარს, რომლებმაც არ შეიძლება არ იცოდნენ, თუ რა საბედისწერო საფრთხეების შემცველია მოცემულ პოლიტიკურ ვითარებაში ერთმანეთს დაპირისპირებული პოლიტიკური ძალებისგან შეკოწიწებული კოალიციური ხელისუფლების მოსვლა ქვეყნის მართვის სათავეში.
ხელისუფლების ცვლილების ერთ-ერთ მთავარ მოტივად სახელდება ის გარემოება, რომ `ქართული ოცნება~ უკვე რვა წელია ხელისუფლებაშია და, აქედან გამომდინარე, მაღალი დემოკრატიული სტანდარტების მიხედვით, უფრო კანონზომიერი იქნება, თუ მას სხვა პოლიტიკური ძალა ჩაენაცვლება.
გასაგებია, მისაღებია, მაგრამ რატომ არ ვითვალისწინებთ იმ ამბავს, რომ ძალა, რომელიც ქართული ოცნების ჩასანაცვლებლად ემზადება, რვა წელი კი არა 25 წელია ხელისუფლებაშია სხვადასხვა სტატუსით და ამ ხნის განმავლობაში ამ ძალას უამრავი მძიმე დანაშაული აქვს ჩადენილი.
ქართულ ოცნებას შეიძლება შეცდომებიც ბევრი ჰქონდა, მაგრამ ამ ბოროტ ძალასთან შედარებით, ქართული ოცნება ანგელოზთა კრებულია, რომელსაც სამჯერ, ოთხჯერ მეტი საქმე აქვს გაკეთებული, ვიდრე ამ პოტიომკინის შთამომავალ ბაქიბუქა და ცრუქაქუნა ძალას.
რომელია უფრო სწორი დემოკრატია - ის, რომ დამნაშავეები უკან, ხელისუფლებაში დავაბრუნოთ იმის გამო, რომ რიგმა მოუწიათ, თუ ის - დამნაშავეები განსასჯელის სკამზე დავსვათ და მათ მიერ ოკუპირებული პოლიტიკური სივრცე გამოვათავისუფლოთ, რათა დანარჩენმა ოპოზიციურმა სპექტრმა არსებობა და განვითარება შეძლოს?
განა საიდუმლოს წარმოადგენს ვინმესთვის, რომ ის სასიცოცხლო სივრცე, ის ასპარეზი, სადაც პოლიტიკოსთა ახალი თაობები უნდა გაიზარდოს, `ნაცმოძრაობას~ და მის განაყოფებს აქვთ მოკავებული.
ისეთი დაჟინებით მოგვიწოდებენ, რომ არჩევნები სამართლიანად, დემოკრატიულად, ობიექტურად ჩავატაროთო, თითქოს ვინმე აპირებდეს არჩევნების არასამართლიანად, არადემოკრატიულად, არაობიექტურად ჩატარებას.
ქართულ ოცნებას დღეს ყველაზე მაღალი რეიტინგი აქვს და, ცხადია, მას არჩევნების გაყალბება და სხვადასხვა აკრძალული მეთოდების გამოყენება არჩევნების მოსაგებად, უბრალოდ, არ სჭირდება.
მაშინ რას უნდა ნიშნავდეს ეს ხაზგასმულად მრავალგზის განმეორებული მოწოდება არჩევნების სამართლიანად ჩატარების შესახებ?
იმას ხომ არა, რომ არჩევნები სამართლიანად კი არა, ისე უნდა ჩატარდეს, რომ, ჯამში, კოალიციური ხელისუფლების შექმნის აუცილებლობა დადგეს.
თუ ასე მოხდება, არჩევნები სამართლიანად ჩატარებულად ჩაითვლება, მაგრამ თუ ქართული ოცნება ყოველგვარი გაყალბების გარეშე დამსახურებულად გაიმარჯვებს, არჩევნების შედეგების ლეგიტიმურობა მაინც ეჭვქვეშ დადგება?
სამწუხაროდ, მსგავსი პრეცედენტები მსოფლიოში უკვე არსებობს და სულაც არ არის გამორიცხული, ასეთი ექსპერიმენტის ჩატარება საქართველოშიც მოინდომონ.
რატომაც არა? ჩვენ ხომ განვითარებადი ქვეყანა ვართ და დემოკრატიაც და სხვა სიკეთეებიც სხვებმა უნდა გვასწავლონ, თორემ დამოუკიდებლად, აბა, რას მივხვდებით, რა უნდა ვაკეთოთ და როგორ უნდა მოვიქცეთ?
საქართველო, უძველესი კულტურისა და ცივილიზაციის ქვეყანა შევარდნაძემ შესვა განვითარებადი ქვეყნის სტატუსზე, როგორც ნარკოტიკზე. მისი მემკვიდრე, მის მიერ დატოვებული პრინცი - სააკაშვილი და მისი უცხოელი კნეინა, ამ აზრს კიდევ უფრო ამყარებდნენ და მთელ მსოფლიოს უმტკიცებდნენ, რომ ქართველები ერთი კეპკიანი, ნახევრად ველური ერია, რომელსაც ვერაფერს შეაგნებინებ თუ მკაცრად არ მოექცევი, რომ ამით გაემართლებინათ ის სადისტური მეთოდები, რომლებსაც ნაცმოძრაობა ქართველების აღსაზრდელად და გასაწვრთნელად იყენებდა.
ყოველივე ამის შემდეგ რატომ გვიკვირს, ვიღაც-ვიღაცები, ჩვენ, უბირებს და უწიგნურებს, დემოკრატიას რაღაც ახალი რედაქციით ახალი, გადაკეთებული ვარიანტით რომ გვასწავლიან, სადაც სააკაშვილი დემოკრატიის შუქურაა, ბოკერია - დემოკრატიის ჩირაღდანი, განგსტერი ჟორიკა რურუა კი, პოლიტპატიმარი.
როგორც წერილის დასაწყისში ვთქვი, ქართული ოცნების გარეშე კოალიციურ მთავრობაზე ფიქრიც კი ქვეყნის ღალატია!
კი, მაგრამ, ამდენი მოღალატე ჰყავს ამ ქვეყანას, ათი კაციდან სამი მაინც კოალიციაზე რომ ტიკტიკებს?
ცხადია, ამ სამიდან სამივე მოღალატე არ არის, მაგრამ ფაქტია, რომ ამ სამიდან სამივეს სახელმწიფოებრივად აზროვნება და იმის გაცნობიერება უჭირს, რას რა შეიძლება მოჰყვეს?
ჩვენ ერთი ცუდი ზნე გვჭირს - ჯერ გადაწყვეტილებას ვიღებთ, შემდეგ კი ფიქრს ვიწყებთ, რაც უკან მიდევნებულ ლამპარს ჰგავს, ხოლო უკან მიდევნებული ლამპარი წინ ვერ გაგინათებს გზას.
ამიტომაცაა ჩვენი ცხოვრება ასე მოწყობილი - უკან სინათლეა, წინ სიბნელე.
იქ, სიბნელეში სხედან ახალი დროის განმანათლებლები: ვაშაძეები, ბაქრაძეები, ბოკერიები, სამადაშვილები, ხოშტარიები, ნათელაშვილები, სანიკიძეები, გვარამიები, კვესიტაძეები, გრიგოლიები და ერს არწმუნებენ, რომ ქვეყნის ხსნა და შველა კოალიციურ მთავრობაშია. ეს იმ დროს, როცა პირიქითაა ყველაფერი.
გასაოცარი ის არის, რომ პოლიტიკური ძალები თუ ცალკეული სუბიექტები, რომლებიც კოალიციური იდეის გამალებულ პროპაგანდას ეწევიან, თავს პროდასავლელებად წარმოაჩენენ და პირდაპირ მიანიშნებენ, რომ იქ, დასავლეთში, ერთპარტიული მმართველობის დასრულებას და ხელისუფლებაში კოალიციური გაერთიანების მოსვლას მიესალმებიან.
მოდით, კიდევ ერთხელ დავსვათ კითხვა, რომელიც წერილში ერთხელ უკვე დავსვით - ქვეყნის შიგნით, გასაგებია, მაგრამ ქვეყნის გარეთ, ვის აწყობს ყველაზე მეტად საქართველოში სიტუაცია აიჭრას და არასტაბილური ფეთქებადსაშიში ვითარება შეიქმნას?
პასუხი ამ კითხვაზე ცალსახაა - ვის აწყობს და რუსეთს, ამის მისაღწევად კი ქართული ოცნების თამაშიდან გამოთიშვა და ჭრელი, ამორფული კოალიციური `ერთობის~ ხელისუფლებაში მოსვლა რუსეთისთვის უაღრესად ხელსაყრელი და მომგებიანი იქნება, რადგან, ამ შემთხვევაში, რუსეთს პროცესების მართვის და მათი მიმართულებების განსაზღვრის მეტი ბერკეტი უჩნდება.
ოპოზიციას თუ დავჯერებთ, დასავლეთი ხელისუფლების ცვლილებას და კოალიციური მთავრობის შექმნას მიესალმება.
კი, მაგრამ, რატომ მიესალმება დასავლეთი იმას, რაც ყველაზე მეტად ხელსაყრელია რუსეთისთვის?
რატომ აიჭრა ბოლო ხანებში ასე უცნაურად ერთმანეთში დასავლეთი და რუსეთი?
რატომ გრძელდება და რატომ განივრცობა ეს ისედაც ვრცელი და უკიდეგანო რუსეთი დასავლეთშიც და რატომ გვიღერებს ხოლმე მუშტს და რატომ გვიქნევს უხილავ თითს ხან აშშ- კონგრესიდან, ხან - ევროპარლამენტიდან, ხან - რომელიმე ცნობილი და ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციის ტრიბუნიდან?
როგორ და რანაირად ხდება, რომ ზოგიერთი კონგრესმენის თუ ევროპარლამენტარის პოზიცია პირდაპირ რუსულ წისქვილზე ასხამს წყალს?
ამავე წისქვილზე რატომ ასხამს წყალს ადგილობრივი წარმოების .. პროდასავლური ორიენტაციის ქართული ოპოზიციის წარმომადგენელთა ქმედებები, მათი სიტყვა და საქმე?
დაბოლოს, რატომ იწოდება პროდასავლურად ის პოლიტიკური ძალა, რომელმაც საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტი რუსებს უფეშქაშა და რაც გვქონდა ღირებული და სტრატეგიულად მნიშვნელოვანი - რუსებს გადაულოცა.
აი, ეს ძალა და მისი ბელადი, სააკაშვილი, პროდასავლური ძალაა და ჩვენ, დანარჩენმა საქართველომ, ისე სამართლიანად და დემოკრატიულად უნდა ჩავატაროთ არჩევნები, რომ ეს ძალა როგორმე კვლავ მობრუნდეს ხელისუფლებაში და კოალიციური მთავრობა ჩამოაყალიბოს?
რამდენიმე როტად დაყოფილი ნაცმოძრაობა კვლავ უტევს საქართველოს და თუ საწადელს მიაღწია, დარწმუნებული ვარ, პირველი, რასაც გააკეთებს, მოსკოვში დეპეშას აფრენს: მოსკოვი, კრემლი, ვლადიმერ პუტინს! თბილისის თავზე რუსეთის დროშა ფრიალებს! გილოცავთ!
რევკომის სახელით - მიხეილ სააკაშვილი.

 

***
ქართულო ოცნებავ, არც ერთი ნაბიჯი უკან! თქვენს უკან საქართველოა! - ჩემი ნება რომ იყოს ასეთ პლაკატს გავაკრავდი ყველგან, რომ იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ამ არჩევნებში ქართული ოცნების სახელით მონაწილეობენ, კიდევ ერთხელ შემეხსენებინა, თუ რა გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ამ არჩევნებს და რა დიდი პასუხისმგებლობა აწევს თითეულ მათგანს ქართველი ხალხის წინაშე, საქართველოს წინაშე
თუმცა მხოლოდ ქართულ ოცნებას არ აწევს ცალმხრივად პასუხისმგებლობა საქართველოს წინაშე.
ეს პასუხისმგებლობა თანაბრად ნაწილდება მთელ ქართველ ხალხზე, თითეულ ქართველზე, რომლისთვისაც ძვირფასია თავისი ქვეყნის ბედი.
შეიძლება მხარს არ უჭერდე ქართულ ოცნებას, მაგრამ როგორ შეიძლება მხარს უჭერდე მიხეილ სააკაშვილს და ნაცმოძრაობას, რომელსაც უამრავი უმძიმესი დანაშაული აქვს ჩადენილი?
როგორ შეიძლება ვერ ხვდებოდე, რომ როცა ამას აკეთებ, შენც თანამონაწილე ხარ ამ დანაშაულისა, შენც დამნაშავე ხარ!
შენც დამნაშავე ხარ და შენც მზად ხარ, მოკლა, აწამო, დაამცირო, იძალადო, წაართვა, დააყაჩაღო, ქვეყანას უღალატო, ქვეყანა გაყიდო და გაასხვისო.
და როცა 500 000-მდე ასეთი ადამიანი ჰყავს ქვეყანას, იმას რა უნდა ეშველოს, იმან როგორ უნდა მოითქვას სული, როგორ უნდა დალაგდეს, როგორ უნდა განვითარდეს?
როცა ამაზე ვფიქრობ, სისხლი მეყინება ძარღვებში და სიცოცხლე არ მინდა უღონობის და უილაჯობის გამო, იმის გამო, რომ შეიძლება ვერაფერი გავაგებინოთ, ვერაფერი შევასმინოთ ამ ადამიანებს.
ასე იყო 28 წლის წინათაც, როცა ვერაფერი გავაგებინეთ იმ ადამიანებს, რომლებმაც დემოკრატიის გადასარჩენად დიქტატორ ზვიად გამსახურდიას დამარცხება დაისახეს მთავარ მიზნად და დაამარცხეს კიდევაც, თუმცა მასთან ერთად საქართველოც დაამარცხეს.
ახლა ბიძინა ივანიშვილის დამარცხებისკენ მოგვიწოდებენ ვიღაც-ვიღაცები და, ღმერთმა ნუ ქნას და ეს რომ მოახერხონ, საქართველოში გაცილებით უარესი ამბები მოხდება, ვიდრე გამსახურდიას დამარცხების შემდეგ მოხდა.
რატომ შეიძლება ეს მოხდეს ამის შესახებ უფრო დაწვრილებით `საერთო გაზეთის~ მომდევნო ნომერში მოგახსენებთ, ახლა კი კიდევ ერთხელ გავიმეორებ: ქართულო ოცნებავ, არც ერთი ნაბიჯი უკან! თქვენს უკან საქართველოა!

ვახტანგ ხარჩილავა

საერთო გაზეთი“