ირაკლი გოგავა: შოვინის მიერ ფლოიდის მოკვდინება "საჩუქარი" იყო ტრამპის ოპონენტებისთვის

ირაკლი გოგავა: შოვინის მიერ ფლოიდის მოკვდინება "საჩუქარი" იყო ტრამპის ოპონენტებისთვის

ირაკლი გოგავა (საერთაშორისო ურთიერთობების მცოდნე, პოლიტოლოგი):

ნიკოლა შოვინი (Nicolas Chauvin) ნაპოლეონის ერთგული ჯარისკაცი იყო. ის რესპუბლიკის პირველ არმიაში, ხოლო შემდეგ ნაპოლეონის დიად არმიაში («La Grande Armée») მსახურობდა. სხვადასხვა ბრძოლებში ორი ათეული ჭრილობა მიიღო, არცერთი ზურგში - ყველა მკერდის არეში. ნაპოლეონის მარცხის და განდევნის შემდეგ შოვინი იას ატარებდა, რაც იმპერატორის ერთგულების სიმბოლო იყო. თავის გამოსვლებში საფრანგეთს და ნაპოლეონს ადიდებდა. მოგვიანებით ნიკოლა შოვინი გახდა ერთგვარი სიმბოლო და მისი გვარისგან მოდის შოვინიზმი. შოვინიზმი რადიკალური ნაციონალიზმის ფორმაა, რომელიც საკუთარი ერის სხვებზე უპირატესობას ქადაგებს და ასაბუთებს სხვების ექსპლუატაციის, დისკრიმინაციის და ჩაგვრის აუცილებლობას.

მინეაპოლისში პოლიციელ დერეკ შოვინის მიერ ჯორჯ ფლოიდის მოკვდინება ნამდვილი "საჩუქარი" იყო პრეზიდენტ ტრამპის ოპონენტებისთვის. ასეთი გვარის მოძალადე ხელიდან გასაშვები არ იყო და აქციეს კიდეც ტოპ ნიუსად. ამერიკულმა მედიამ, რომლის დიდი ნაწილი ტრამპის წინააღმდეგ არის, ტემპერატურა იმ ზომამდე ასწია, რომ ათეულობით ქალაქში მასობრივი აქციები, ვანდალიზმი, ქაოსი და შეტაკებები დაიწყო. სიეტლში კი რადიკალებმა მთელი უბანი დაიკავეს და ავტონომია გამოაცხადეს.

გამოცდილი პოლიტიკოსები ძირითადად ემოციებისგან დაცლილი ხალხია - ისინი მხოლოდ პრაგმატული მოსაზრებებით მოქმედებენ. პრაგმატულობაში მათ პოლიტიკური ტექნოლოგები და კონსულტანტები ჯობნიან. ისმის კითხვა: რატომ დასჭირდათ ტრამპის ოპონენტებს ასეთი ესკალაცია?

საქმე შემდეგშია: შავკანიანები ამერიკაში მოსახლეობის 13%-ს (43 მილიონი) შეადგენენ. 2016 წელს საპრეზიდენტო არჩევნებში ტრამპმა შავკანიანების მხოლოდ 8% მიიღო. გამარჯვების შემდეგ ტრამპმა შავკანიან მოსახლეობასთან აქტიური მუშაობა დაიწყო: გახსნა 15 ოფისი კონკრეტულად ამ საქმისთვის, ეკონომიკის უპრეცედენტო ზრდამ შავკანიანებზეც პოზიტიური გავლენა იქონია, მიაღწიეს რეკორდულად დაბალ უმუშევრობას, მოიმატა კრედიტების გაცემამ და სხვა სიკეთეებმა... შედეგად შავკანიანთა(განსაკუთრებით მამაკაცები) შორის ტრამპის მომხრეების რიცხვმა იმატა და 20%-ს მიაღწია. თითოეული შავკანიანის ხმა ტრამპის სასარგებლოდ ოპონენტებისთვის "მინუს 2"-ს ნიშნავდა, რადგან შავკანიანები დემოკრატების ტრადიციულ ამომრჩევლად ითვლებოდა ყოველთვის და რესპუბლიკელების მაქსიმუმი 10%-ს იშვიათად ასცდენია. რამდენად ეფექტური გამოდგა ეს საარჩევნო შეტევა უახლოესი კვლევები გვაჩვენებს. ამასობაში კი ტრამპმა საჰაერო ძალების შტაბის უფროსად შავკანიანი გენერალი ჩარლზ ბრაუნი დანიშნა. თავად ტრამპი კი აცხადებს, რომ აბრაამ ლინკოლნის შემდეგ არცერთ პრეზიდენტს არ გაუკეთებია შავკანიანებისთვის მასზე მეტი. ლინკოლნმა კი შავკანიანები მონობისგან გაანთავისუფლა.

როგორც ჩანს, შავკანიანების ხმები ერთ-ერთი გადამწყვეტი ფაქტორია ე.წ. "მერყევ შტატებში" გამარჯვებულის გამოსავლენად (ვისკონსინი, მიჩიგანი, ფლორიდა...) "მერყევ შტატებში" გამარჯვებული კი ოვალურ კაბინეტს 4 წლით დაიკავებს.