ამირან სალუქვაძე: ხალხის დაპანიკება, როცა მსოფლიო დარაზმულია, არაა ჟურნალისტიკა!

ამირან სალუქვაძე: ხალხის დაპანიკება, როცა მსოფლიო დარაზმულია, არაა ჟურნალისტიკა!

ამირან სალუქვაძე (ექსპერტი სამხედრო და უსაფრთხოების საკითხებში):

როგორ ვერ ხვდებით, რომ ხალხის დაპანიკება, როცა მთელი მსოფლიო დარაზმულია, არაა ჟურნალისტიკა და უკან გიტრიალდებათ?!
რა უსუსურობაა (რბილად ვაფასებ) ყველა თემის შიდა პოლიტიკისთვის გამოყენება.

რაც შეეხება რესპუბლიკური საავადმყოფოს გათავისუფლებას, ეს აბსოლუტურად ლოგიკური და გამართლებული გადაწყვეტილებაა. დაწერას ვგეგმავდი, რომ მსგავსი გადაწყვეტილება მიეღოთ.

ძალიან კარგად იცის მოსახლეობამ, რომ როგორც თბილისში, ასევე მთელ ქვეყანაში უამრავი კლინიკაა, რომლებიც დაახლოებით 50% დატვირთვით მუშაობენ, მაგრამ ამ კლინიკების აბსოლუტური უმრავლესობა კერძოა. რესპუბლიკური საავადმყოფო კი სახელმწიფო საკუთრებაშია.

ასეც რომ არ იყოს, საავადმყოფოების რაოდენობა და მათი დატვირთვა საშუალებას იძლევა თუნდაც ყოველი მე-3 ან მე-4 კლინიკა გამოთავისუფლდეს ავადმყოფთა გადანაწილების ხარჯზე.

როცა იზრდება იმ ადამიანთა რიცხოვნობა, რომელთა კარანტინში ყოფნაა აუცილებელი, ნუთუ რთულია იმის გაანალიზება, რომ ბოქსირებული პალატების რაოდენობა საკმარისი არაა?!

საიდან მოგაქვთ, რომ ეპიდემიის ან პანდემიის საშიშროებაა? ვინმე ოფიციალურმა პირმა ეს გამიაცხადა?

მოქალაქეები მოძრაობენ, ჩამოდიან იმ ქვეყნებიდან, რომლებშიც ყველაზე მეტადაა გავრცელებული. ხდება წინასწარ ზომების მიღება.

ნუთუ არ გესმით, რომ ყველა ადამიანს თანაბარი მდგრადი ფსიქიკა არ აქვს?! მე მომიწია უამრავი ადამიანის დამშვიდება. წარმომიდგენია ქვეყნის მასშტაბით რამდენს აქვს შიშის შეგრძნება და ამ დროს ეძებენ არა დავარცხნილ, არამედ ნეგატიურ ინფორმაციას.

ამ დროს თქვენ უარეს დღეში აგდებთ და ამ ყველაფერს აკეთებთ ერთი მიზეზით, - ხელისუფლება მოუმზადებლობაში დაადანაშაულოთ. თითქოს თქვენ აფრქვევდეთ პროფესიონალიზმს.

ერთ-ერთ სიუჟეთში ისეთი მენტორული ტონით თქვეს, "ახალი ვირუსი სახელწოდებით კორონა". სხვას აკრიტიკებთ და ისიც არ იცით, რომ კორონა ვირუსების ჯგუფს ჰქვია, რომელიც 40-ზე მეტ ვირუსს აერთიანებს და ყველას თავისი სახელი ჰქვია. 2 თვე ფიქრობდნენ, სანამ კოვიდ19-ს დაარქმევდნენ.

რა თქმა უნდა, კრიტიკა უნდა იყოს და მედიამ უნდა მიუთითოს, ოღონდ პანიკის დათესვა ასეთ დროს ნიშნავს, რომ ყოველ ჩვენთაგანს ებრძვით.

იმის კვალიფიკაცია არ გყოფნით, რომ სპეციალისტების დახმარებით, საინტერესო სიუჟეტები მოამზადოთ და მიუთითოთ ჯანდაცვის სისტემას რა გამოცდილება შეიძლება გადმოვიღოთ სხვადასხვა ქვეყნებისგან, განსაკუთრებით ჩინეთისგან, როგორ აწყობენ ისინი იგივე ბოქსირებულ პალატებს და კლინიკებს და ა.შ.

იშვიათმა არხმა გამოყო საეთერო დრო სოციალური რეკლამისთვის. ნუთუ რთულია დღეში 5 წუთი გამოჰყოთ რეკლამის სახით, რათა მოსახლეობას პრაქტიკული რჩევები მისცეთ?!

არაფერი გეშველებათ. ბოიკოტი გიკვირთ. თქვენნაირი მედიებისგან არ მიკვირს შავ სიაში რომ გყავართ ორი წელია. არ გამოვდგები მოსახლეობის საინფორმაციო და ფსიქოლიგიური ტერორისთვის. არ დავწერდი ყველას რომ არ გვეხებოდეს.

სიცრუე იყო, როცა ითქვა, თითქოს ჩინეთთან რეისების აკრძალვა 2 კვირით დაგვიანდა. თან ეს ითქვა აზერბაიჯანის გავლით ირანიდან შემოსულ დაინფიცირებულ მოქალაქესთან დაკავშირებით. რა შუაშია ჩინეთთან ავიამიმოსვლასთან?

კიდევ გავიმეორებ, ხელისუფლებას ებრძოლეთ, ვინ გიშლით, მოსახლეობას ნუვატერორებთ და ნუ იყენებთ როგორც საცდელ მასას.

მოსახლეობას მოგმართავთ. ხარვეზები არსებობს და არც უნდა იყოს გასაკვირი, მაგრამ პანიკის საფუძველი არ არსებობს.

მერწმუნეთ, რომ არ მქონდეს შინაგანი რწმენა, არ მოგმართავდით ასე. თუ იქნება საშიში ტენდენცია, არ დაგიმალავთ. სახელმწიფო აკეთებს ყველაფერს. გამოცდილებასაც იღებენ. ეტყობა გადაწყვეტილებებზე.

თურქეთ-სირიასთან დაკავშირებითაც ნუ აყვებით პანიკური სცენარების გამავრცელებლებს. ხვალ დავწერ მოკლე ინფორმაციას.